საკითხავისასარგებლო

კურტ კობეინი, გასროლა „REMINGTON M-11“–დან


ყველაფერი კურტ კობეინის სიკვდილის შესახებ …

1994 წლის 1 მარტს როკ–ჯგუფმა „ნირვანამ“ გერმანიის ქალაქ მიუნჰენში თავისი უკანასკნელი კონცერტი გამართა.ევროპის სხვა დიდ ქალაქებში დაგეგმილი გამოსვლები გაუქმდა.ცოტა ხანში ჯგუფის სოლისტი კურტ კობეინი თვითმკვლელობის მორიგი მცდელობის გამო (ძილის საშუალებების ზედმეტი დოზა მიიღო და შამპანიურიც მიაყოლა) რომის ერთ–ერთ ჰოსპიტალში მოხვდა.შემდეგ ლოს–ანჯელესის ნარკოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანეს.4 აპრილს კლინიკიდან გაიქცა და შინ,სიეტლში ჩაფრინდა.სურდა აუტანელი დეპრესიისა და მუცლის მრავალწლიანი გაუსაძლისი ტკივილისთვის ბოლო მოეღო…“რასაც ახლა მოგწერ,ვიცი გამიგებ.მუსიკას ვწერ,მუსიკას ვისმენ – ვერაფერს ვგრძნობ.ფანებს ვუყვარვარ,მათ შეძახილს ყურთასმენა მიაქვს – არ მაღელვებს.ამის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობ.ალბათ ერთ–ერთი იმ ნარცისთაგანი ვარ,ვინც შვებას მარტოობაში პოულობს…საკმაოდ გაუწონასწორებელი,საკუთარ განწყობაზე დამოკიდებული ადამიანი აღმოვჩნდი.დაიმახსოვრე – სჯობს უცბად ჩაიფერფლო,ვიდრე თანდათან გამოხმე. მშვიდობა,სიყვარული და საუკეთესო სურვილები…“ – ეს წერილი კურტ კობეინმა თავის ცოლს,კორტნი ლავს წითელი ფერის მელნით მისწერა.შემდეგ თავისი სახლის ორანჟერიაში შევიდა,ახლადშეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი „REMINGTON M-11“ გადატენა და მშვენიერი ორქიდეების „თანდასწრებით“ თავი მოიკლა.

ოთახში პოლიციელები შემოვარდნენ.კორტნი მაშინვე ყველაფერს მიხვდა და შეშინებულმა იკითხა:
– როგორ მოხდა ?!
– თავი იარაღით მოიკლა.შინ.გვამი ორი დღის შემდეგ ორანჟერეაში იპოვეს.
რამდენიმე საათში კორტნი ლოს–ანჯელესიდან სიეტლში გადაფრინდა.გზა აეროპორტიდან სახლამდე უსაშველოდ გაიწელა.გაზეთის გამყიდველი პატარა ბიჭები მთელი ხმით გაჰყვიროდნენ:“ახალი ამბები!ახალი ამბები!კურტ კობეინმა სიცოცხლე გასროლით დაასრულა!“მათი სახლი პოლიციელთა კორდონს ალყაში მოექცია.კორტნიმ ალყა „გაარღვია“ და პირდაპირ ორანჟერეაში შევარდა.იქ სისხლის გუბე იდგა.ამის დანახვაზე თვალთ დაუბნელდა,ყურებში მხურვალება იგრძნო და უგონოდ დაეცა.
ორი დღე–ღამის განმავლობაში კორტნი ლავი გონს ვერ მოეგო.ჩაიძინებდა,შემდეგ უცბად გამოიღვიძებდა და კურტთან ხმამაღლა საუბარს იწყებდა.ეჩხუბებოდა,ტიროდა, მოსვლას სთხოვდა:“ეს არ უნდა მომხდარიყო!ეს არ უნდა ჩაგედინა!ვიცი,ცხოვრებისგან დაიღალე.ყოველ ნაბიჯზე ჩასაფრებულმა ფანებმა და ჟურნალისტებმა მოსვენება დაგიკარგეს.გასტროლებმა ძალა გამოგაცალა.ბრონჰიტმა და მუცლის გამუდმებულმა ტკივილმა შენი სიცოცხლე აუტანელი გახადა.ჰეროინმა ადამიანის სახე დაგაკარგვინა, მაგრამ მაინც არ უნდა წასულიყავი“.
კობეინს ოდესღაც საკუთარი დეპრესია უყვარდა კიდეც – მუსიკის წერა მას მხოლოდ ამ მდგომარეობაში შეეძლო.გიტარაზე დაკვრა შვებას ჰგვრიდა.ერთხელ დაწერა:“მძულს საკუთარი თავი და მინდა მოვკვდე“.ამ სიმღერის შექმნის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში ბედნიერად ცხოვრობდა,არაფერი აწუხებდა.საყვარელ ქალიშვილთან, ფრენსისთან ერთად სეირნობდა,საყვარელ ცოლს ყვავილებს ჩუქნიდა და კერძებსაც თვითონ ამზადებდა.საუბედუროდ,მის მიერ ნამღერი ფრაზა თინეიჯერებმა აიტაცეს:როცა გოგონა გტოვებს,როცა მშობლები გტუქსავენ,საუკეთესო მეგობარი გღალატობს,საკუთარი გარეგნობა გულს გირევს,გამოსავალი ერთია – კობეინის რეცეპტი!გაზეთებში დაბეჭდილ სტატიას იმის შესახებ,თუ როგორ იხსნიდენ ვენებს „ნირვანას“ სიმღერებით „შთაგონებული“ ახალგაზრდები,მომღერალი ხშირად კითხულობდა და საკუთარი თვალით ხედავდა,როგორ იღუპებოდნენ მოზარდები,რომლებიც ჯგუფის კონცერტის დროს დარბაზშივე იღებდნენ ნარკოტიკს.კობეინმა ჩათვალა,რომ მის არსებობას აღარაფერი ამართლებდა,მისი მუსიკალური შემოქმედება თაობებს განადგურებით ემუქრებოდა. ცხოვრებამ აზრი დაკარგა.
გზააბნეული ქმარი კორტნის ძალიან უყვარდა.თვითონაც ასეთი იყო.ისინი შეშლილი სამყაროს ნაწილი იყვნენ.ერთმანეთი უცნაურად გაიცნეს – კორტნი ლავი „ნირვანას“ კონცერტზე წავიდა.გამოსვლა ძალიან არ მოეწონა და გადაწყვიტა კონცერტის შემდეგ ჯგუფის პატივსაცემად გამართულ წვეულებაზე მათი სოლისტისთვის ეს პირადად ეთქვა. სოლისტს,მოდურად გაუპარსავ,ცისფერთვალება და თმადაუვარცხნელ სიმპათიურ ყმაწვილს,კურტ კობეინი ერქვა.

– საშინლად მღერით! – მიახალა კორტნიმ.
კურტი დაღლილი ჩანდა.კონცერტმა ენერგია სრულიად გამოაცალა,მაგრამ ქერა, ვულგარულმა არსებამ უცბად გამოაფხიზლა:
– ამის დედაც!რა ხდება? – კორტნის ლუდის კათხა ხელიდან გამოგლიჯა და მოიყუდა. შემდეგ გინება დაიწყო,არ ცხრებოდა – დაღლილი ვარ და ასეთი ბოდვის მოსმენას არ ვაპირებ.ჩემი გოგონა გასასვლელთან მელოდება.
– ის ხომ ძალიამ მსუქანია, – გაიცინა კორტნიმ.
ამ სიტყვების გამგონე კობეინი სიბრაზისგან გაცოფდა.უცნობ,თავხედ ქალს ეცა და სავარძლიდან გადმოაგდო.კორტნი სწრაფად წამოდგა და კობეინს სილა გააწნა.ხელჩართულ ბრძოლაში ხალხი ჩაერია და მოჩხუბრები გააშველა.კობეინი მეგობრებს იმავე საღამოს გამოუტყდა:
– იმ გოგონას ახლოს გაცნობა მსურს.
– ვფიქრობთ,მას შემდეგ,რაც წვეულებაზე მოხდა,საკმაოდ ახლოს იცნობ.
იმ საღამოს შემდეგ ლავიც ბევრს ფიქრობდა კობეინზე.მის კონცერტებზეც ხშირად დადიოდა.კურტი სცენაზე საოცრად მომხიბლავი იყო.ისე იქცეოდა,თითქოს დარბაზში თითოეულ მაყურებელს პირადად იცნობდა:
– გაუმარჯოს!აი,ერთი–ორი ახალი სიმღერა დავწერე და ნახეთ…
„ნირვანას“ ბიჭები პომპეზურ როკერებს არ გავდნენ.ტყავის მოტკეცილი შარვლების ნაცვლად ჯინსი და უხეში ქსოვილის კუბოკრული პერანგებ ეცვათ.ისინი საოცრად ბუნებრივები იყვნენ და გაქცეულ შეყვარებულებზე,ვისკით გამოთრობის სურვილზე, გულგატეხილობაზე მღეროდნენ.კორტნი გრძნობდა,რომ ამ თმადაუვარცხნელ ტიპთან ბევრი საერთო ჰქონდა:“როგორც ჩანს,ტკბილი ცხოვრება არც კურტს ჰქონია.დედიკოს ბიჭს არ ჰგავს.მგონი,ბავშვობა სულაც ქუჩაში გაატარა“.
„შთამბეჭდავი“ გაცნობის შემდეგ ერთმანეთს მეორედ წლინახევრის შემდეგ შეხვდნენ. “ნირვანა“ სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭდა.კობეინი თაყვანისმცემელი იყო გოგონებით გარშემოტყმული,მაგრამ ნუგეშს სხვაგან ეძებდა.
– მინდა ისეთ გოგონას შევხვდე,ვისთანაც ერთადაც იდილიაში არაერთ წელიწადს ვიცხოვრებ.სიმშვიდე და მყარი ურთერთობა მენატრება.ინტრიგები და ერთთვიანი რომანები მომბეზრდა.ასეთი „მსუბუქი“ კავშირები არ მხიბლავს.ძალიან ძველმოდური ადამიანი ვარ.რატომ არ გჯერათ?
კორტნისთან შეხვედრით კურტმა თითქოს იპოვა,რასაც ეძებდა.ამ უცნაურ,გიჟ ქალზე საუბრით მეგობრები შეაწუხა.როცა კორტნიმ მის მიმართ კობეინის სიმპათიის შესახებ შეიტყო,სიხარულისგან ტაში შემოჰკრა,შემდეგ კეთილ მაცნეს – „ნირვანას“ ერთ–ერთ მუსიკოსს ეცა,მაგრად აკოცა და კურტისთვის განსაკუთრებული საჩუქრის შესარჩევად მაღაზიებში გაქანდა.გულის ფორმის ვიქტორიანული ზარდახშა იყიდა და ზღვის ნიჟარებით, ჩაის ვარდის გამხმარი ფოთელებით და ათასი ასეთი წვრილმანით გაავსო.ზარდახშას სუნამო დააპკურა,აბრეშუმის ბაფთით შეკრა,ჩაილაპარაკა „მსურს ჩემი გახდე“ და კობეინს გაუგზავნა.კობეინმა არ უპასუხა.
ისინი ერთმანერთს კონცერტებზე ხვდებოდნენ,ჩხუბობდნენ,ილანძღ
ებოდნენ და ნიძლავს დებდნენ:
– კორტნი,ნახავ,მე შენზე უფრო პოპულარული გავხდები,მილიონებს ვიშოვი და ჩემს ცოლს ბრილიანტებით ავავსებ.
– შენ გგონია,რომ ვინმე გამოგყვება?!ჰა–ჰა–ჰა!
კურტის და კორტნის რომანი მხურვალე,ემოციური და ხმაურიანი „გამოვიდა“.ლანძღვა–გინებისა და შეხლა–შემოხლის შემდეგ ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდნენ.
– ნუთუ მართლა გიყვარვარ? – გულაჩუყებული კორტნი ხმამაღლა მოთქვამდა და ცრემლებად იღვრებოდა. – ასე მგონია,არასოდეს არავინ შემიყვარებს.
ახლადგაღვიძებულმა კურტმა მისი დამშვიდება სცადა,მაგრამ სიტყვები ვერ მოძებნა და ბოლოს უთხრა:
– მეც მეგონა,რომ არავინ შემიყვარებდა.
– მართლა?
ერთმანეთს შეხედეს და… მას შემდეგ აღარასოდეს დაშორებულან.

კობეინი ჰეროინს ხველების საწინააღმდეგო სიროფში ურევდა და ისე იღებდა.სიროფი ბრონჰიტის შემოტევას და მუცლის ტკივილს სხნიდა,ხოლო ჰეროინი დეპრესიას „შველოდა“.გაუჩერებლად ეწეოდა სიგარეტს.ძალიან ფერმკრთალი იყო,ავადმყოფ ბავშვს ჰგავდა და შუასაუკუნეების მჭმუნვარე არისტოკრატის გამომეტყველება ჰქონდა. წარმოუდგენლად მტანჯველი,ერთთვიანი დიეტის მიუხედავად,კორტნი კობეინზე ათი კილოგრამით მეტს იწონიდა.ფუმფულა გოგონას თავი კურტის დედას წარმოედგინა. “ბავშვს“ უვლიდა,სასთუმალთან ეჯდა,მის გახალისებას ცდილობდა.წლინახევრის შემდეგ, 1992 წლის 24 თებერვალს დაქორწინდნენ.ეს ჰავაიზე მოხდა.კურტს მწვანე პიჟამა ეცვა, კორტნი კი სიეტლელი მსახიობი ქალის,ფრენსის ფარმერის ძველ კაბაში გამოწყობილიყო. ნეფეს გრანდიოზული ხალხმრავალი ცერემონიის ჩატარება არ სურდა,ეშინოდა ბედნიერებისგან გულაყუჩებულს ტირილი არ დაეწყო.ამერიკაში დაბრუნებულმა ჟურნალისტებს უთხრა:
– სიყვარულით მოცული ვარ.ზოგჯერ ისიც კი მავიწყდება,რომ ჯგუფი მყავს. გაინტერესებთ,კორტნის გამო მუსიკას მივატოვებდი თუ არა?არც დავფიქრდებოდი! – კორტნი იქვე იდგა და მეუღლის სიტყვებს გაღიმებული ისმენდა.
ახლადდაქორწინებულები დღეებს ოცნებაში ატარებდნენ.დიდი და ძველებური სახლის ყიდვა სურდათ – ეზოს ჩაის ვარდებით დაამშვენებდნენ,ბაღში ფარშევანგებს გაუშვებდნენ,ხოლო მათ პატარას,რომელიც საცაა დაიბადებოდა,ოჯახურ სითბოს და მზრუნველობას არასოდეს მოაკლებდნენ.
გოგონას დაბადებას შიშით ელოდნენ:
– ჩვენმა არანომრმალური ცხოვრების სტილმა ხომ შეიძლება ბავშვზე იმოქმედოს?ორივე ჰეროინის მომხმარებელი ვიყავით,ვისკით ვთრვრებოდით,ღამეებს სიგიჯეში ვატარებდით, ასეთი რეჟიმი ნაყოფს არ დააზიანებდა? – კურტი დამფრთხალი ჩანდა.ექიმებმა ახალშობილს არაერთი გამოკვლევა ჩაუტარეს და დედ–მამას ახარეს:
– ბავშვი სრულიად ჯანმრთელია.ახლა ყველაფერი თქვენზეა.
თუმცა იქამდე,კორტნიმ და კურტმა ცხოვრების რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტეს და კერძო კლინიკას მიმართეს.კორტნი სამშობიაროში დაწვა,კურტი – ნარკოლოგიურ განყოფილებაში.გადაწყვეტილებები მტკიცე და ურყევი იყო:“ჰეროინზე დამოკიდებული აღარ ვიქნები.ეს კოშმარი სამუდამოდ დასრულდება“.კურტი მთელ სხეულში აუტანელ ტკივილს გრძნობდა,ითმენდა.ზოგჯერ თავს ძალას ატანდა და ცოლის პალატისკენ მილასლასებდა, მის სასთუმალთან ჯდებოდა და ტკივილისგან ტირილს იწყებდა.როცა კორტნის მშობიარობა დაეწყო,ექიმებს სთხოვა:
– ჩემი ქმრის პალატასთან მიმიყვანეთ!
თხოვნა შეუსრულეს.კურტს საბანი გადახადა და დაუყვირა:
– აბა,სწრაფად წამოდექი და გამომყევი,უშენოდ ბავშვის გაჩენას არ ვაპირებ!
კობეინი ძლივს წამოდგა და სამშობიარო განყოფილებაში გაჰყვა.გზაში დაეცა,გონება დაკარგა… მეორე დღესვე მან პისტოლეტით თავის მოკვლა სცადა,იარაღი სასწრაფოდ ჩამოართვეს,ის განწირული ხმით გაიძახოდა:
– გაიგეთ,ამ ჯოჯოხეთს,ამ ტკივილს ვერ ვუძლებ.რაც მთავარია,შვილი მყავს,სიცოცხლე გრძელდება.მე კი გამიშვით.
კორტნი სასორწარკვეთილ ქმარს თავზე ედგა:
– იცოდე,თუკი ოდესმე ამას კიდევ გადაწყვეტ,მე გავიგებ და დაგასწრებ.პირველი წავალ!
როცა დარწმუნდნენ,რომ “გადარჩნენ” და პატარა ფრენსისი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო,ახალი ცხოვრება დაიწყეს!სახლი იყიდეს.ორანჟერეაში ორქიდეები მოაშენეს,გოგონას არაფერს აკლებდნენ.ფრენსისს ძალიან ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა – მშობლები მისთვის სიმღერებს წერდნენ,მის ყოველ მოძრაობას ვიდეოკამერით იღებდნენ, ყველგან თან დაჰყავდათ,ძიძებს ბავშვს არ ანდობდნენ,თვითონ ზრდიდნენ.ცნობილი ჟურნალ-გაზეთების პირველ გვერდებზე კობეინ-ლავის ბედნიერი,ჯანმრთელი ოჯახის ფოტოსურათები იბეჭდებოდა.
ერთ თვეში კურტი ნარკოტიკს დაუბრუნდა.

ახლა ცხოვრება ბრძოლის ველად იქცა,კორტნი ლავი ოჯახის და სიყვარულის შესანარჩუნებას თავგანწირვით ცდილობდა – ქმარს ყოველგვარი უსიამოვნებისგან იცავდა,ფულის გარეშე ტოვებდა,რომ ჰეროინის ყიდვა არ შეძლებოდა.ერთხელ თაყვანისმცემელთა წერილების მთელი დასტა გადასცა.ისინი კერპს ნარკოტიკის მოხმარებაზე უარის თქმას თხოვდნენ:”თქვენ თუ აღარ იქნებით,ჩვენ როგორ ვიცხოვრებთ?”შემდეგ “ნირვანას” წევრები მოიწვია.ახლა მეგობრები ცდილობდნენ დაეყოლიებინათ ნორმალურ ცხოვრებას დაბრუნებოდა.”მოლაპარაკება” ხუთ საათს გაგრძელდა.თხოვნა ზოგჯერ მუქარაშიც გადადიოდა:
– თუკი თავს ხელში არ აიყვან,ჯგუფიდან წასვლა მოგიწევს!დაგივიწყებთ და არასოდეს გნახავთ.
ყოველი მცდელობა ამაო იყო.კურტი ჩუმად იჯდა და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა,თუ როგორ იხელთებდა დროს,როგორ შეიკეტებოდა აბაზანაში და მორიგ დოზას გაიკეთებდა… მთელი კვირა გავიდოდა ისე,რომ საწოლში არ წვებოდა,ოთახში ბოლთას სცემდა, ნერვიული,სწრაფი ნაბიჯით აქეთ-იქით დადიოდა,მონადირის სამოსი ეცვა,მხარზე თოფი ჰქონდა გადაკიდებული,გონება არეული ჰქონდა,სრულიად არაადექვატური იყო.ბოლო დროს მთელ ფულს ნარკოტიკზე და იარაღზე ხარჯავდა.ახალ ახალ პისტოლეტებს,თოფებს ყიდულობდა.კორტნის იმედი დაეწურა.მიხვდა,ქმარს ვეღარ შველოდა.
ხანგრძლივი თხოვნა-მუდარის შემდეგ კობეინი ლოს-ანჯელესის სპეციალიზირებულ კლინიკაში დაწოლაზე დაიყოლიეს.კორტნი ლოს-ანჯელესში ქმართან ერთად გაფრინდა. კლინიკასთან ახლომდებარე სასტუმროში ნომერი აიღო და კურტთან მოილაპარაკა,რომ პირველივე სატელეფონო ზარზე მის გვერდით გაჩნდებოდა.რამდენიმე დღის შემდეგ კობენმა ცოლს დაურეკა და უთხრა:
– რაც არ უნდა მოხდეს,იცოდე,რომ მიყვარხარ.
ამ სიტყვების გაგონებაზე კორტნი გაქვავდა.მიხვდა,რაღაც მოხდებოდა.სურდა კურტისთვის ეპასუხა,ყურმილთან მისი დაყოვნება სცადა,მაგრამ კობეინმა ტელეფონი გათიშა.მომვლელ ქალს უთხრა:”სიგარეტის მოსაწევად გავალ”,საავადმყოფოდან ჩუმად გავიდა და სიეტლში გაფრინდა.
შეშინებულმა კორტნიმ კურტის ძებნაში მთელი ლოს-ანჯელესი “გადააბრუნა”.მისი საკრედიტო ანგარიშის ნომერი დაბლოკა – ნარკოტიკის შესაძენი ყველა გზა გადაუკეტა.ხან ნარკოდილერებთან,ხანაც მეგობრებთან ეძებდა.სად იპოვიდა?ამასობაში კურტ კობეინი ორანჟერეაში შევიდა და ჩახმახა გამოჰკრა…
კობეინის სიკვდილით მისი ორი უსაყვარლესი ქალის,ცოლისა და შვილის ცხოვრებაც დაინგრა.მიუხედავად იმისა,რომ დაქვრივებულმა კორტნი ლავმა ჯერ პრემია “გრემი” მიიღო,შემდეგ მილიონტირაჟიანი დისკები გაყიდა და ფილმში “ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ” საუკეთესოდ შესრულებული როლისთვის არაერთი ჯილდო მოიპოვა – წარსულისგან მაინც ვერ გათავისუფლდა.სიეტლის სახლი გაყიდა და ლოს-ანჯელესში გადაბარგდა,მაგრამ მოგონებებს თავი მაინც ვერ დააღწია.
ნარკოტიკმა კორტნი ლავის ცხოვრებაც “წაიღო”.ფრენსისი მშობლების გარეშე დარჩა. გამომწვევი ქცევით,ვულგარულობით სახელგატეხილი კორტნისთვის დედობის უფლების ჩამორთმევა არაერთხელ სცადეს.დღეს მისი გოგონა ბებიასთან ცხოვრობს.მშობლების სიყვარულის ტრაგიკული ისტორიიის შესახებ მან ჯერ არაფერი იცის.ზოგჯერ ტელეეკრანზე მისი პოპულარული დედიკო გამოჩნდება:პოლიციელს მისთვის ხელკავი აქვს გამოდებული და განყოფილებაში მიჰყავს.ის კი რაღაცას ყვირის,ილანძღება… გაჩეჩილი ქერა თმა აქვს,ხასხასა წითელი ფერის პომადა უსვია და მოხდილი კაბა აცვია – საცოდავად გამოიყურება…

წყარო: join.ge

” It’s better to be hated for what you are, than to be loved for what you’re not ..”
– Kurt Cobain

The Man Who Sold The World by robdastreete

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close