საკითხავისასარგებლოუცნაური

მწვანე სხივი


მწვანე სხივი ლეგენდა არ არის, ეს რეალური მოვლენაა!

გინახავთ თუ არა როდესმე ზღვის ჰორიზონტზე ჩამავალი მზე? — კი, უეჭველია გინახავთ. გიდევნებიათ თუ არა მისთვის თვალყური იმ მომენტამდე, როდესაც დისკოს ზედა კიდე ჰორიზონტის ხაზს ეხება და მერე ჰქრება?–ალბათ. მაგრამ,შეგიმჩნევიათ თუ არა მოვლენა, რომელსაც ადგილი აქვს — სრულიად უღრუბლო და სავსებით გამჭირვალე ცაზე — იმ წამში, როდესაც შერავანდედით მოსილი მნათობი თავის უკანასკნელ სხივს ისვრის? — შესაძლოა — არა. მაშ, ნუ გაუშვებთ ამგვარი დაკვირვების შემთხვევას და თქვენ დაინახავთ არა წითელ სხივს, არამედ მწვანეს, ისეთი საუცხოო მწვანე ფერის სხივს, როგორის მიღებასაც ვერ შესძლებს ვერც ერთი მხატვარი თავის პალიტრაზე და, როგორსაც თვით ბუნებაც ვერ წარმოშობს ვერც მცენარეულობათა ნაირ-ნაირ ელფერში და ვერც თვით გამჭირვალე ზღვის ფერში”.

ერთ ინგლისურ გაზეთში მოთავსებულმა ამგვარმა შენიშვნამ აღტაცებაში მოიყვანა ჟიულ ვერნის რომანის “მწვანე სხივის”-ს ახალგაზრდა გმირი ქალი და სურვილი აღუძრა შესდგომოდა მოგზაურობას ერთადერთი მიზნით — საკუთარი თვალით ენახა მწვანე სხივი. როგორც რომანისტი გადმოგვცემს, ახალგაზრდა შოტლანდიელმა ქალმა ვერ მოახერხა ბუნების ამ ლამაზი მოვლენის ნახვა, მაგრამ, იგი არსებობს. მწვანე სხივი ლეგენდა არ არის, თუმცა მასთან მრავალი ლეგენდარული რამ არის დაკავშირებული. ეს არის მოვლენა, რომელსაც შეუძლია ბუნების ყოველი მოყვარული მოხიბლოს, თუ კი ის ჯეროვანი მოთმინებით აღჭურვილი შეუდგება მის ძებნას.

რატომ ჩნდება მწვანე სხივი?

ამ მოვლენის მიზეზი თქვენთვის გასაგები გახდება, თუ გაიხსენებთ რა სახით წარმოგვიდგება საგნები, როცა მათ მინის პრიზმაში ვხედავთ. თუ პრიზმა მოგეძევებათ, შეგიძლიათ შეასრულოთ ასეთი ცდა: თარაზულად, განიერი გვერდით ძირს მიიტანეთ თვალთან პრიზმა და შეხედეთ კედელზე მიკრულ ქაღალდის ფურცელს. თქვენ შეამჩნევთ, ჯერ ერთი, რომ ფურცელი თავის ნამდვილ მდებარეობაზე გაცილებით მაღლა აიწევს და მეორეც — ზემოდან მას იისფერ-ლურჯი არშია მოევლება, ქვემოთ კი — ყვითელ-წითელი. ქაღალდის მაღლა აწევა დამოკიდებულია სინათლის გარდატეხაზე, ფერადი არშიები კი — შუქთგანბნევაზე, ე.ი. მინის თვისებაზე არაერთნაირად გარდატეხოს სხვადასხვა ფერის სხივები. იისფერი და ლურჯი სხივები სხვებზე უფრო მეტად გარდაიტეხება, ამიტომაც იისფერ-ლურჯ არშიას დაინახავთ ზევით; წითელი სხივების გარდატეხა უფრო სუსტია, ამიტომაც ქაღალდის ფურცელს ქვედა კიდეზე წითელი არშია უკეთდება.

შემდგომ უკეთ გასაგებად, საჭიროა შევჩერდეთ ამ ფერადი არშიების წარმოშებაზე. პრიზმა შლის ქაღალდის თეთრ ფერს სპექტრის ყველა ფერებად და იძლევა ქაღალდის ფურცლის გამოსახულებას მრავალ ფერებში, რომლებიც განლაგებული არიან გარდატეხადობის რიგზე და ნაწილობრივად ერთმანეთს ემთხვევიან. ერთიერთმანეთზე დამთხვეულ ფერებად გამოსახულებათა ერთდროული მოქმედებით თვალი ღებულობს თეთრი ფერის შეგრძნებას (სპექტრული ფერების შეკრება), ზევით და ქვევით კი გამოისახება შეურეველი ფერების არშიები. სახელოვანმა პოეტმა გოეთემ ეს ცდა შეასრულა, ვერ მიხვდა მის აზრს და წარმოიდგინა რა, რომ მან გამოამჟღავნა სიყალბე ნიუტონის მოძღვრებისა ფერების შესახებ, თვით დასწერა საკუთარი “მეცნიერება ფერების შესახებ”, რომელიც თითქმის მთლიანად დამახინჯებულ ცნებებზეა დამყარებული.(იმედია მკითხველი არ დაუშვებს დიდი პოეტის შეცდომებს და არ ეგონება,რომ მათთვის საგნებს პრიზმა ხელახლა დაგაღებავს ხოლმე :) )

დედამიწის ატმოსფერო ჩვენი თვალისათვის წარმოადგენს უზარმაზარ ჰაერის პრიზმას, მოქცეულს ფუძით ქვევითკენ. როდესაც ჰორიზონტთან მზეს მივჩერებივართ, ჩვენ მას გაზის პრიზმაში ვხედავთ. მზის დისკო ზევით იკეთებს ლურჯ და მწვანე ფერის არშიას, ქვევით კი — წითელ-ყვითელს. სანამ მზე ჰორიზონტზე მაღლა დგას, დისკოს სინათლე თავის სიკაშკაშით ახშობს გაცილებით უფრო ნაკლებად კაშკაშა ფერად ზოლებს და ჩვენ იმათ სრულიად ვეღარ ვამჩნევთ, მაგრამ მზის ამოსვლისა და ჩასვლის მომენტებში, როდესაც თითქმის მთელი მისი დისკო ჰორიზონტსაა ამოფარებული, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ზედა კიდეს ლურჯი არშია. იგი ორფერია: ზევითა ლურჯი ზოლი, ცოტა ქვევით — ღია ცისფერი, რომელიც ლურჯი და მწვანე სხივების შერევისაგან მიიღება. როდესაც ჰაერი ჰორიზონტის ახლოს სავსებით სუფთაა და გამჭირვალე, ჩვენ ლურჯ არშიას ვხედავთ — “ლურჯი სხივს”. მაგრამ უფრო ხშირად ლურჯი სხივები ატმოსფეროს მიერ განიბნევა და რჩება მარტო მწვანე არშია — ეს იქნება “მწვანე სხივის” გამოჩენა. დაბოლოს, უსუფთაო, მღვრიე ატმოსფეროს მიერ უმეტეს შემთხვევაში განიბნევა ლურჯი და მწვანე სხივებიც და მაშინ არავითარი არშია არ ემჩნევა: მზე ჩადის მუქი წითელი ბურთივით.

პულკოვის ასტრონომი გ.ა. ტიხოვი, რომელმაც “მწვანე სხივს” სპეციალური გამოკვლევა მიუძღვნა, იძლევა ცნობებს ამ მოვლენის ხილულობის ზოგიერთი ნიშნების შესახებ. “თუ მზე ჩასვლის დროს წითელი ფერისაა და თვალსაც არა სჭრის, მაშინ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მწვანე სხივს ადგილი არ ექნება”. მიზეზი გასაგებია: მზის დისკოს წითელი ფერი იმის მაჩვენებელია, რომ ატმოსფეროს მიერ ხდება ლურჯი და მწვანე სხივების, ე.ი. დისკოს მთელი ზედა არშიის ძლიერი განბნევა. “პირიქით, — თუ მზე თავის ჩვეულებრივს მოთეთრო — ყვითელ ფერს ძალიან არ იცვლის და ჩასვლისას ძლიერ კაშკაშებს (ე.ი. თუ ატმოსფეროს მიერ სინათლის შთანთქმა დიდი არ არის), მაშინ კი მწვანე სხივი უთუოდ მოსალოდნელი არის. მხოლოდ, აქ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჰორიზონტი მკვეთრად გამოსახულ ხაზს წარმოადგენს, ყოველი უსწორ მასწორობის გარეშე, რასაც შეიძლება ჰქმნიდეს მახლობელი ტყე, შენობები და სხვ. ამგვ. ეს პირობები ყველაზე უკეთ ზღვაზე სრულდება; აი რატომაა, რომ მწვანე სხივს მეზღვაურები ასე კარგად იცნობენ.”

ამნაირად, იმისათვის რომ “მწვანე სხივი” დაინახოთ, საჭიროა მზეს ჩასვლის ან ამოსვლის მომენტში დააკვირდეთ, თუ ცა ძალიან მოწმენდილია. სამხრეთ ქვეყნებში ცა ჰორიზონტთან უფრო გამჭირვალეა, ვიდრე ჩრდილო მხარეებში, ამიტომ მწვანე სხივის მოვლენას იქ უფრო ხშირად აქვს ადგილი. მაგრამ ჩვენშიც, არცთუ ისე იშვიათია იგი, როგორც ეს ბევრსა ჰგონია, ალბათ, ჟიულ ვერნის რომანის ზეგავლენით. “მწვანე სხივის” დაჟინებითი ძებნა ადრე თუ გვიან წარმატებით მთავრდებოდა. ყოფილა შემთხვევა, რომ ეს ლამაზი მოვლენა დურბინდიდიც კი შეუმჩნევიათ. ორი ელზასელი ასტრონომი ამგვარ დაკვირებას ასე აგვიწერს:

“…უკანასკნელ წუთში, სანამ მზე ჩავიდოდეს, როდესაც, მაშასადამე, ჯერ კიდევ მისი შესამჩნევი ნაწილი მოსჩანს, დისკო, რომელსაც ტალღისებური მოძრავი, მაგრამ მკვეთრად მოხაზული საზღვრები აქვს, —გარშემოვლებულია მწვანე რკალურათი. სანამ მზე სავსებით არ ჩავა, ეს რკალურა უბრალო თვალით არ ჩანს, იგი მხოლოდ იმ მომენტში ჩნდება, როდესაც მზე ჰორიზონტს იქით სრულიად ჩაესვენება. ხოლო, თუ საკმაოდ ძლიერი (დაახლოებით 100 ჯერადი) გამადიდებლობის დურბინდით დაუწყებთ ცქერას, მაშინ შეგიძლია მთელი ეს მოვლენა დაწვრილებით ვიხილოთ: მწვანე არშია შესამჩნევი ხდება სულ უკანასკნელი 10 წუთით ადრე მზის ჩასვლამდე; იგი დისკოს ზედა ნაწილს საზღვრავს, იმ დროს, როდესაც ქვედა ნაწილთან წითელ არშიას ვამჩნევთ. არშიის სიფართე დასაწყისში ძალიან მცირეა (რკალის სულ რამდენიმე სეკუნდი) და მზის ჩასვლასთან ერთად მატულობს; იგი ხანდახან რკალის ნახევარი მინუტის სიდიდეს აღწევს. მწვანე რკალურას ზემოთ ხშირად გაირჩევა მწვანე ნაზარდები, რომლებიც მზის თანდათანობითი ჩასვლის დროს მის კიდეზე უმაღლეს წერტილამდე თითქოს სრიალებენ; ხანდახან ისინი კიდეც მოსწყდემიან ხოლმე რკალურას და რამდენიმე წამის განმავლობაში ცალკე ანათებენ, სანამ არ ჩაჰქრებიან (ნახ.1.1. )”.

ნახ.1.1.  . “მწვანე სხივის” ხანგრძლივი დაკვირება; დამკვირებელი ხედავს “მწვანე სხივს” მთის ქედის იქით 5 წუთის განმავლობაში, — ზემოთ მარჯვნივ-დურბინდში ხილული “მწვანე სხივი”. მზის დისკოს აქვს უსწორო მოხაზულობა, 1-ლ მდგომარეობაში მზის დისკოს ბრწყინვა თვალსა სჭრის და ხელს უშლის მწვანე არშიის უბრალო თვალით დანახვას მე-2 მდგომარეობაში, როდესაც მზის დისკო თითქმის აღარა სჩანს, “მწვანე სხივის” დანახვა უბრალო თვალითაც შესაძლებელი ხდება.

ჩვეულებრივ ეს მოვლენა ერთ-ორ წამს გრძელდება, მაგრამ განსაკუთრებულ პირობებში მისი ხილვადობა შესამჩნევად მატულობს. აღსანიშნავია შემთხვევა, როდესაც “მწვანე სხივი” 5 წუთზე მეტს მოსჩანდა! მზე შორეული მთის იქით ჩადიოდა და ჩქარი ნაბიჯით მიმავალი დამკვირებელი ხედავდა მწვანე არშიას მზის დისკოზე, რომელიც თითქოს მისრიალებდა მთის ფერდობზე (ნახ.1.1. ).

მეტად საყურადღებოა “მწვანე სხივის” დაკვირვების შემთხვევა მზის ამოსვლის დროს, როდესაც მნათობი ისაა წვერს ამოჰყოფს ჰორიზონტიდან. იგი არღვევს იმ მოსაზრებას, რომელსაც ხშირად გამოსთქვამენ ხოლმე, თითქოს “მწვანე სხივი” ახლად ჩასული მზის ნათელი ბრწყინვით დაღლილი თვალის ოპტიკური ცდომილება იყოს.

მზე ერთადერთი მნათობი როდია, რომელიც „მწვანე სხივს” წარმოქმნის. ყოფილა შემთხვევა, რომ ჩამავალ ასპიროზის (პლანეტა ვენერა) მიერ წარმოშობილი “მწვანე სხივიც” უნახავთ. ცნობილია ორი ამგვარი დაკვირება.

ისე, როგორც ატმოსფერული ოპტიკის ზოგიერთი სხვა მოვლენაც, “მწვანე სხივი” ყოველმხრივ და დაწვრილებით განმარტებული როდი არის. ამის მიზეზი ისაა, რომ, შედარებით, ჯერ კიდევ დიდი ხანი არ არის, რაც მან ფიზიკოსების ყურადღება მიიპყრო და არც დაკვირებათა საკმაო რიცხვია ცნობილი. იმის მნახველთა დაწვრილებითი ცნობები მეცნიერებას უეჭველია სარგებლობას მოუტანენ. ფიზიკის მოყვარულთა კეთილსინდისიერად შესრულებული დაკვირებანი ამ მხრივ ფრიად სასურველია.

წყარო:წიგნი სახალისო ფიზიკა

პს:”1st post”-ია (შესწორებები მიიღება რჩევების სახით! :D )

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close