ალბათ გახსოვთ ბუუ, პატარა ძაღლი, მე რომ ძალიან მიყვარს და უკვე ფეისბუქის ვარსკვლავი როა : ) მაგრამ თქვენ კიდევ უნდა მოგიყვეთ ერთი ცხოველის შესახებ.
მართალია შესახედაობით ბუზე საყვარელი არაა, მაგრამ გემოვნებაზე არ დაობენ. ეს არსებაც ძალიან მესაყვარლა რატომღაც. საუბარია ელამ ოპოსუმზე, რომელიც ეს ბოლო ხანებია გერმანელ ვარსკვლავად გადაიქცა და მედიის შემოტევის მოგერიებაც უწევს. მას ჰეიდი ჰქვია და ორ-წლი-ნახევრისაა. ამჟამად ლაიფციგში, გერმანიის ზოოპარკში იმყოფება თავის დასთან, ნაირასთან ერთად.
საზოგადოებას ჯერჯერობით ჰეიდის ხილვის ბედნიერება არ აქვს, ვიდრე ზოოპარკი ივლისში ტროპიკულ, ველურ გამოფენას არ გახსნის. სამაგიეროდ მანამდე ხალხი ფეისბუქზე ტკბება მისი ელამი თვალების ცქერით.
ზოოპარკის წარმომადგენლები აცხადებენ,რომ ჰეიდის სიელმის მიზეზი სავარაუდოდ ახალგაზრდობაში ცუდად დანიშნული დიეტა გახლდათ. ზოგიერთი დიეტა იწვევს ცხიმის დაგროვებას თვალების უკან, რასაც შემდეგ სიელმე მოსდევს.
ცუდი მხედველობა არც ისე დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს ოპოსუმისთვის. როგორც ღამის ცხოველი, იგი უფრო მეტად, მძაფრად განვითარებულ ყნოსვას იყენებს, ვიდრე მხედველობას.
ოპოსუმით უკვე ისეთი ცნობილი გაზეთები და ინტერნეტ-საიტები დაინტერესდნენ, როგორიცაა ფოქსნიუსი, ვოშინგტონპოსტი, დეილიმეილი და ა.შ.
ამ ნაცრისფერ არსებას ფეისბუქზე უკვე 200 000-ზე მეტი ფანი ჰყავს. ზოოპარკის წარმომადგენლებისთვის ჰეიდის ერთობ სწრაფი გაპოპულარება თურმე მოულოდნელი იყო, მაგრამ ისინი გახარებულები არიან ასეთი დიდი ყურადღებით. თუმცა ხალხს ძალიან უნდა ივლისამდე შეხვდეს ოპოსუმს, მაგრამ ზოოპარკი თავის გადაწყვეტილებას არ ცვლის და სულწასულებს გამოფენამდე მოუწევთ ლოდინი.
ჰეიდის ფეისბუქზე შეგიძლიათ მოხვდეთ ამ ლინკზე დაკლიკებით
…………………………………………………………………………………………………………………..