საკითხავისასარგებლო

ტერაკოტის არმია


1974 წელს ჩინეთის ქალაქ ლინტონგთან ახლოს, გლეხები ჭას თხრიდნენ, როდესაც მოულოდნელად ერთ-ერთის წერაქვი ცხენისა და ადამიანის ფიგურებს მოხვდა. ამ შემთხვევითი აღმოჩენის წყალობით დედამიწას ტერაკოტის ათასობით ჯარისკაცი „მოევლინა“. ჯარს, რომელიც ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობის ინიციატორის, იმპერატორ ცინ ში ხუანდის სამარხთან იყო აღმოჩენილი, მასთან ერთად სიკვდილის სამეფოშიც უნდა „ებრძოლა“.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნის შუა წლებში, ცინის სამეფო საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა. ინ ჩჟენი (შემდგომში ცინ ში ხუანდად წოდებული) ტახტზე ძალიან პატარა, 13 წლის ასაკში ავიდა. თანდათანობით ახალგაზრდა მმართველმა სხვადასხვა სამეფოები (ჩჟაოს, იანის, ბეის და სხვა) შემოიერთა და ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 221 წელს ცინის სამეფომ ქვეყნის გაერთიანებისთვის წარმოებული ხანგრძლივი ბრძოლა წარმატებით დაასრულა. ინ ჩჟენი კი ამ გაერთიანებული იმპერიის პირველი იმპერატორი გახდა და მისი ბრძანებით მისთვის შუ ხუანდი ანუ პირველი უმაღლესი იმპერატორი უნდა ეწოდებინათ. ახალი იმპერატორის ძალაუფლების ქვეშ გაერთიანდა ადმინისტრაციული, აღმასრულებელი და უმაღლესი სასამართლო ხელისუფლება. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 210 წელს ში ხუანდი გარდაიცვალა. შთამომავლობის ხსოვნაში იგი ყოველთვის იმ დიდ რეფორმატორად დარჩა, რომელმაც დაქუცმაცებული ჩინეთი სუსტად დაცულ იმპერიად, მაგრამ მაინც გაერთიანებულ სამეფოდ აქცია.

გარდაცვლილი პირველი იმპერატორის მავზოლეუმის მშენებლობას 37 წელი და 700 ათასი მონა, ჯარისკაცი და გლეხი დასჭირდა.
სამარხი კომპლექსი სასახლის მსგავსად იყო აშენებული და მოიცავდა აკლდამას, სადაც იმპერატორი განისვენებდა და ას დამხმარე ნაგებობას. გამაოგნებელია მთავარი დარბაზის ინტერიერი. იატაკი დედამიწის რელიეფის მსგავსად – მთებით, ხეობებით, მდინარეებითა და ტბებითაა მოხატული, ჭერი კი ცის კამარის სიმბოლოა და ძვირფასი ქვებისგან გაკეთებული ვარსკვლავებითაა მოჭედილი. აკლდამაში იმპერატორთან ერთად სხვადასხვა რანგის მქონე ჩინოვნიკების გარდა, მრავალი მსახური, მონა, იმპერატორისა ხასა და, ასევე, ათასობით დაღუპული მშენებლის ნეშტი განისვენებს, რომელთაც იმპერატორის აკლდამის საიდუმლო კარისკენ მიმავალი გზა იცოდნენ. იმპერატორის განსასვენებელი ადგილი კი ყოველთვის საიდუმლოს წარმოადგენდა, რადგან მასში აურიცხელი სიმდიდრე და ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშები ინახებოდა. ცინების მიწისქვეშა სამეფოში შეღწევა არცთუ ადვილი ადვილი აღმოჩნდა და არქეოლოგებს დიდი შრომა დასჭირდათ, რადგან აკლდამასთან მისასვლელი, ჭკვიანურად მოფიქრებული, სასიკვდილო ხაფანგებით იყო დაცული. რომ არც ერთ მოკვდავს სიმდიდრით გაძეძგილ სამფლობელოში ფეხი არ შეედგა და არ გაეტანა ის განძი, რომელთან განშორებაც ში ხუანდის სიკვდილის შემდგაც არ უნდოდა. მავზოლეუმის მთავარი დარბაზი, ვეშაპის ქონისგან დამზადებული ათასობით ჩირაღდნით იყო განათებული.
ცინ ში ხუანდის გულწრფელად, სჯეროდა, რომ თავისი იმპერიის მართვას საიქიოდანაც შეძლებდა, რისთვისაც ჯარი აუცილებელი იყო. სწორედ ამ მიძნით მან თან ათასობით ჯარისკაცი „წაიყვანა“ და სჯეროდა, რომ საჭიროების დროს მათში იმპერიის ჯარისკაცების სული ჩასახლდებოდა. არქეოლოგებმა მიწისქვეშა დარბაზებში 8 000 მეომარი აღმოაჩნიეს. თითოეული ქვეითი ჯარისკაცის სიმაღლე 1,75 დან 1.85-მდეა, ოფიცერთა სიმაღლე კი მათ ჩინა და რანგს შეესაბამება. თიხისგან შექმნილი ჯარისკაცები სახით აღმოსავლეთისკენ დგანან. ზოგიერთ მათგანს სამხედრო მუნდირი აცვია, ზოგიერთს კი ტუნიკი, რომელზეც ქამარი აქვთ შემორტყმული. ხმალი, მშვილდი და შუბი ნამდვილი იარაღია. ქვეით ჯარისკაცებს თმა თხემზე აქვთ განასკული, კავალერისტებს კი თავზე მუზარადი ახურავთ, რომელიც ნიკაპთან თასმით აქვთ შეკრული. თიხის ჯარისკაცების დამზადების ტექნოლოგია შშემდეგი იყო: სკულპტორი თავდაპირველად ტანს ძერწავდა. მეომრის ქვედა ნაწილი მონოლითური იყო და ერთმანეთს წააგავდა. თავი და ხელები ტანს ღუმელში გამოწვის შემდეგ უმაგრდებოდა. საბოლოოდ კი სკუულპტორი თავს, თიხის დამატებითი თხელი ფენით ფარავდა და სახის ნაკვთების ინდივიდუალურ გამომეტყველებას აძლევდა. ამიტომ ყველა ჯარისკაცი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, როგორც გამომეტყველებით, ასევე ჩაცმულობითა და ამუნაციით. თმის ვარცხნილობაც, რომელსაც იმ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, განსხვავებული იყო. თავდაპირველად ფიგურები წითელი ფერებით შეღებეს, მაგრამ დროთა განმავლობაში ფერები გადავიდა. ფიგურების გამოწევა რამდენიმე დღის განმავლობაში 1 000 გრადუს ცელსიუსზე მიმდინარეობდა და, საბოლოოდ, თიხა რომლითაც ჯარისკაცები იყო გამოძერწილი, მაგრდებოდა და გრანიტს ემსგავსებოდა.

ის დარბაზი, სადაც მეომრები იმყოფებიან, ტურისტებისთვის ღიაა. აქვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია გათხრების მიმდინარეობის ჩანაწერების ყურებაც. დროის მიუხედავად შესანიშნავად არის შენახული ხმლები, რომელთა პირი ახლაც ისეთი ბასრია, რომ ხელის მოკიდებაც კი საშიშია

აღსანიშნავია, რომ გათხრები ამჟამადაც მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ დიდხანს არ დამთავრდება. ამის მიზეზი არა მარტო ნაკრძალის სიდიდე ან სახელმწიფოს მწირი დაფინანსებაა, არამედ ჩინელთა ცრურწმენა და გარდაცვლილითა სამყაროსადმი შიშია. დღემდე ჩინელები დიდი თრთოლვით ეკიდებიან ნეშტს და შიშობენ, რომ მას თავიანთი შეხებით წაბილწავენ. ასე რომ, როგორც ერთ-ერთმა პროფესორმა სწორად შენიშნა: „გათხრების დასრულებამდე კიდევ მრავალი წელი უნდა გავიდეს“.

:yes:

წყარო(წიგნი):მსოფლიოს ყველაზე საინტერესო და საოცარი მოვლენები :boli:

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close