კულტურა

XXI საუკუნის დრაკონი !!!

4eb6d4a8cbfc

დრაკონები მარტო ქართულ არმიაში!!!

სამღერძიანი თურქული ჯავშანტრანსპორტიორი EJDER-ი ქართველ მებრძოლებს მეტ უსაფრთხოებას ჰპირდება, ვიდრე საბჭოთა БТР-80

უცნაური ფორმის ჯავშანტრანსპორტიორები ქართულ პოლიგონზე ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე გამოჩნდნენ, მაგრამ მაშინ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამის გამხელის ნება თავს არ მივეცით.

დღეს უკვე შეიძლება მასზე ლაპარაკი, რადგან უკვე იმდენია, რომ დამალვას აზრი აღარ აქვს.

სამღერძიანი თურქული ჯავშანტრანსპორტიორი EJDER-ი ჩვენებურად ”დრაკონს” ნიშნავს. მისი შექმნა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ახლა, შეიძლება სრული პასუხისმგებლობით ვთქვათ, რომ ქართული არმია მართლაც 21-ე საუკუნის ჯავშანტრანსპორტიორითაა შეიარაღებული.

მეტიც: ჯერჯერობით ქართული არმია ერთადერთია, რომელიც ”დრაკონებით” იარაღდება. თვით თურქეთიც მხოლოდ ახლა იწყებს ფიქრს მათ არსენალში მიღებაზე.

”დრაკონი”, ისევე როგორც თითქმის ყველა სხვა ჯავშანტრანსპორტიორი, არ არის განკუთვნილი უშუალოდ ბრძოლებში მონაწილეობისთვის. მისი მთავარი ამოცანაა, ქვეითების ბრძოლის ველამდე უსაფრთხოდ მიყვანა.

დღემდე ქართული ბრიგადების ბატალიონები მსუბუქ ქვეითად იწოდებოდა და საბრძოლო მოქმედებების რაიონებამდე სატვირთო ”კრაზებით”, ”კამაზებითა” და ”ჰაი-ლუქსის” პიკაპებით მიჰყავდათ.

შესაბამისად, სამხედროები აბსოლუტურად დაუცველები იყვნენ; ამის ტრაგიკული შედეგი აგვისტოს ომის დროს არაერთხელ ვიწვნიეთ, მათ შორის სოფელ შინდისთან, როდესაც რკინიგზის გვერდით მოწინააღმდეგის მოიერიშე თვითმფრინავმა ქართული ”ჰაი-ლუქსების” კოლონა გაგვინადგურა…

თავისი ჯავშნითა და დაცულობის ხარისხით თურქული ”დრაკონი” აღემატება საბჭოთა წარმოების БТР-80-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორს, რომლებიც ჯერ კიდევ არის ქართული არმიის შეიარაღებაში.

”დრაკონს” ლათინური V-ს მაგვარი ძირი აქვს, რაც ფანტავს ბორბლის ქვეშ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის აფეთქებებისას წარმოქმნილი კუმულაციური ჭავლის ნაკადს. შესაბამისად, ”დრაკონში” მყოფ ეკიპაჟის ორ წევრს და ათ მედესანტეს უფრო მეტი შანსი აქვთ გადასარჩენად, მით უმეტეს, რომ ისინი ჭერზე ჩამოკიდებულ ამორტიზატორიან რბილ სავარძლებში სხედან.

საბჭოთა БТР-80-ის ეკიპაჟსა და დესანტს (”დრაკონისგან” განსხვავებით მასში მხოლოდ 9 კაცი – ეკიპაჟის 3 წევრი და 6 მედესანტე ჯდება) გადარჩენის ნაკლები შანსი აქვთ ჯავშანტრანსპორტიორის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქების შემთხვევაში. ამიტომაც, ავღანეთის ომიდან მოყოლებული, დესანტი, როგორც წესი, БТР-80-ის შიგნით კი არ ჯდება, არამედ ზემოდან. მართალია, ასეთ დროს იზრდება მოწინააღმდეგის სნაიპერებისგან დესანტის დაღუპვის ალბათობაც, მაგრამ მებრძოლებს ეს ურჩევნიათ, БТР-80-80-ის შიგნით დაღუპვას, რადგან ტანკსაწინააღმდეგო ნაღმით აფეთქების შემდეგ საბჭოთა ჯავშანტრანსპორტიორი გახსნილი კონსერვის ქილას ემსგავსება.

V-ს მაგვარი ძირის გამო ”დრაკონი” БТР-80-80-ზე ბევრად მაღალი გამოვიდა, რაც, ბუნებრივია, ზრდის მის კორპუსზე ყუმბარსატყორცნიდან ნასროლი რაკეტის მოხვედრის ალბათობას. თუმცა, ”დრაკონს” დახრილი გვერდების (ისევე, როგორც ”კობრას”) გამო მეტი შანსი აქვს, აისხლიტოს კუმულაციურქობინიანი ჭავლი. გარედან ”დრაკონის” დახრილი გვერდები არ მოჩანს, რადგან წყალში ტივტივის გასაზრდელი სპეციალური პანელებით არის დაფარული.

”დრაკონს” 402 ცხ.ძალის სიმძლავრის დიზელის ძრავა უყენია. მისი სრული მასა 17 ტონაზე მეტია და მოასფალტებულ გზაზე 110კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია (წყალში 8კმ/სთ სიჩქარით დაცურავს). შეიძლება ჩვენი რომელიმე მკითხველი თავად შესწრებია, თუ როგორ გაუსწრია ”დრაკონების” კოლონას ”ბე-ემ-ვესთვის” თბილისის აეროპორტის ტრასაზე.

”დრაკონს” ავტომატურ გადაცემათა კოლოფი აქვს, რაც აადვილებს მის მართვას. ჯავშანტრანსპორტიორის წინ და უკან ვიდეოკამერებია დაყენებული, რაც ეკიპაჟსა და დესანტს საშუალებას აძლევს, მონიტორებზე ნახონ, რა ხდება ჯავშანტრანსპორტიორის გარშემო და რამდენად უსაფრთხოა მისი დატოვება. БТР-80-80-ისგან განსხვავებით, დესანტი ”დრაკონს” უკანა აპარელიდან ტოვებს, რაც ბევრად უსაფრთხოა, ვიდრე გვერდითა კარებიდან გამოსვლა და პირდაპირ მოწინააღმდეგის ცეცხლში აღმოჩენა.

”დრაკონის” მთავარი ღირსება მაინც მისი შეიარაღებაა. სინგაპურული 40 მმ-იანი ავტომატური ყუმბარსატყორცნი ჯავშანტრანსპორტიორის თავზე სპეციალურ მოდულშია განთავსებული და მას მსროლელი მანქანის შიგნიდან დისტანციურად მართავს სპეციალური ჯოისტიკებისა და კომპიუტერული მონიტორის საშუალებით. საჭიროების შემთხვევაში ყუმბარსატყორცნის შეცვლა მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევითაც შეიძლება. მოდულს, იარაღის გარდა, უყენია ვიდეოკამერა და თბოვიზორი, რომლებიც, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, ზუსტად დამიზნებისა და სროლის საშუალებას იძლევიან.

”დრაკონი”, რა თქმა უნდა, იდეალური ჯავშანტრანსპორტიორი არ არის, მას აქვს გარკვეული ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრაზე თურქული და სხვა ქვეყნის ფირმების წარმომადგენლები თბილისში მუშაობენ.

თანამედროვე ჯავშანტრანსპორტიორი შედარებით რთული რადიოელექტრონული აპარატურითაა აღჭურვილი, რაც ქართველი სამხედროებისგან მეტ ცოდნას, ყურადღებასა და გაფრთხილებას მოითხოვს.

ბოლოს, უთუოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ რამდენიმე ათეული ”დრაკონის” შეძენაზე ხელშეკრულება ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე გაფორმდა, როდესაც ქართულ არმიას ძირითადად შემტევი ოპერაციებისთვის ამზადებდნენ. დღეს მთელი არმია თავდაცვითი პოზიციური ბრძოლებისთვის სანგრებს თხრის. ახალი კონტრაქტით კიდევ ჯავშანტრანსპორტიორების შეძენას ისევ საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების ყიდვა აჯობებდა.

წყარო: www.kvirispalitra.ge/military/

ესეც სურათები და ვიდეოები :

1b2c6e612d8c

9fc63ff0ad37

fed3dc9ea4f9

მსგავსი ამბები

Back to top button