გასართობიმისტიკაუცნაური

ნოსტრადამუსის კატრენები გაშიფრეს

XVI საუკუნეში მოღვაწე მიშელ დე ნოტრდამმა, რომელიც დღეს ნოსტრადამუსის ფსევდონიმითაა ცნობილი, კაცობრიობას ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავსატეხი დაუტოვა – ამ ადამიანმა თავის 10 ცენტურიაში გაერთიანებულ, 942 პოეტურ კატრენში უახლოესი ათასწლეულების ყველა ეპოქალური მოვლენა იწინასწარმეტყველა, მაგრამ იმის გამო, რომ ეკლესიის მხრიდან დევნის ეშინოდა, იძულებული გახდა, თარიღები და მოვლენები საგანგებოდ დაეშიფრა.

ნოსტრადამუსის კატრენების გასაშიფრად დღემდე ათობით მკვლევარი იმტვრევს თავს და თან, ყოველი მათგანი ჯიუტად ირწმუნება, რომ სწორედ მისი ვერსიაა ჭეშმარიტი. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, არანაირი შიფრი და წინასწარმეტყველება არ არსებობს. ამ ვერსიის მომხრეების აზრით, ნოსტრადამუსის ცენტურიები უბრალოდ, პოეზიაა, მიშელ დე ნოტრდამი კი მხოლოდ და მხოლოდ პოეტი იყო, რომელმაც სახელი, ძირითადად, იმის წყალობით გაითქვა, რომ XVI საუკუნეში არნახულად აყვავებულ თეატრს, ფერწერასა და ლიტერატურას მხოლოდ ორაკულების (წინასწარმეტყველთა) ინსტიტუტიღა აკლდა…

მიუხედავად ამისა, ნოსტრადამუსის კატრენების გასაღების ძებნა დღემდე გულმოდგინედ გრძელდება. XX საუკუნეში, მისი შემოქმედების ყველაზე ცნობილ მკვლევართა შორის იყვნენ: მანფრედ დიმდე, მამა-შვილი ფორბრიუნები, ჯონ ჰოუგი და რუსი ასტროლოგი ცოლ-ქმარი – ზიმა. ახლა კი ასპარეზზე კიდევ ერთი რუსი მკვლევარი, პროფესიით ეკონომისტი ვიქტორ გროზოვი გამოვიდა და განაცხადა, რომ ბოლოს და ბოლოს, მიხვდა, თუ რა არის დიდი წინასწარმეტყველის გზავნილის არსი. მეტიც, თავისი წინამორბედებისგან განსხვავებით, გროზოვი იმაშიც მტკიცედაა დარწმუნებული, რომ მან არა მარტო ნოსტრადამუსის მიერ აღწერილი, 242 მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენის სიის შედგენა, არამედ იმ ბედუკუღმართი კოდის გახსნაც შეძლო, რომლითაც წინასწარმეტყველი საკუთარ ნაშრომებს შიფრავდა.
როგორც ვიქტორ გროზოვი ირწმუნება, “წინასწარმეტყველის ცენტურიებში, რომელიმე მოვლენის აღწერისას, 20 კატრენზე მეტი მაინცაა ჩართული და, ერთი შეხედვით, ისინი სრულიად უწესრიგოდაა მიმოფანტული. მეტიც, 4-ტაეპიან ლექსში შეიძლება, 20-მდე მსოფლიო მოვლენაც იყოს მოხსენიებული”. აღმოჩენის ავტორი ირწმუნება, – ნოსტრადამუსის შემოქმედების ადრინდელ მკვლევრებს ხელი იმიტომ მოეცარათ, რომ კატრენებს თანამიმდევრობით – ერთიმეორის მიყოლებით სწავლობდნენო.
ვიქტორ გროზოვი ნოსტრადამუსის ნაშრომებს მხოლოდ და მხოლოდ მათემატიკური პოზიციიდან მიუდგა და იმაშიც მალევე დარწმუნდა, რომ 4-ტაეპიან ლექსებში რაღაც სისტემა იმალებოდა, რომელიც ასევე მალე აღმოაჩინა. შემოწმებისას ყველაფერი იმაზე ბევრად გამჭვირვალე აღმოჩნდა, ვიდრე ეს ადრე მიიჩნეოდა. თანაც, შიფრის გასაღები ნოსტრადამუსის ბიბლიოთეკაში დაცულ უამრავ უძველეს წიგნში ან მრავალრიცხოვანი ადეპტისადმი მიწერილ წერილებში კი არა, თავად კატრენებში იმალებოდა.
გროზოვს არც ის გარემოება გამორჩენია მხედველობიდან, რომ ნოსტრადამუსი ასტროლოგიაში ღრმად ჩახედული იყო. “მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენების დროის გასაშიფრად ზოდიაქოს 12-ვე ნიშანი იყო გამოყენებული და თითოეულ მათგანს საკუთარი მუდმივი ნომერიც ჰქონდა მინიჭებული, – ამბობს მკვლევარი, – გარდა ამისა, ნოსტრადამუსმა მზის სისტემის ყველა პლანეტა (თავად მზის ჩათვლით) და ტრიგონები (თანამიმდევრობით – ცეცხლი, მიწა, ჰაერი და წყალი) დანომრა”. ყველა ეს მუდმივი ნომერი გროზოვმა განსაკუთრებულ ცხრილში – თავისებურ მაგიურ კვადრატში მოათავსა და შემდეგ, მისი დახმარებით, ცენტურიების ახლებურად წაკითხვა სცადა.
როგორც მკვლევარი ირწმუნება, “ამის შემდეგ შეგვიძლია, ნებისმიერი კატრენი ავიღოთ და ცხრილის ჰორიზონტალური სტრიქონის მიხედვით გავიგოთ, შემდეგი რომელი იქნება”. ყველა ცენტურიაში გაბნეული, ერთი მოვლენისადმი მიძღვნილი 4-ტაეპიანი ლექსების გამოყოფის შემდეგ, ამ მოვლენის დასაწყისისა და დასასრულის გაგებაც საკმაოდ ადვილია, ანუ “შედეგად, მთელი ისტორია სიმღერასავით მოედინება!”
გამოდის, რომ ვიქტორ გროზოვმა 1501 წლიდან 7021 წლის ჩათვლით მომხდარი თუ მოსალოდნელი, ჭეშმარიტად მსოფლიო მნიშვნელობის 242 მოვლენის შემცველი ცხრილის შედგენა შეძლო. თანაც, თუ მკვლევარს დავუჯერებთ, მან ექსპერიმენტის აბსოლუტური სიწმინდისა და უზადობისთვის, ყველა ენციკლოპედია თუ უბრალო ისტორიის სახელმძღვანელოც კი შორს გადამალა, ხოლო როდესაც მოვლენების ქრონოლოგია მხოლოდ და მხოლოდ ნოსტრადამუსის ნაშრომებსა და საკუთარ ცხრილზე დაყრდნობით შეადგინა, შემდეგ კი ის ოფიციალურ დოკუმენტებს შეადარა, აღმოჩნდა, რომ წინასწარმეტყველის მიერ ჩვენს დრომდე აღწერილი ყველა მოვლენა ისტორიის სახელმძღვანელოში დაფიქსირებული ფაქტების ანალოგია.
გროზოვის მიერ შედგენილ ქრონოლოგიურ ცხრილში მითითებულ ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს შორის ნახსენებია: რუსეთის 1917 წლის რევოლუცია, პოლიტიკურ არენაზე ჰიტლერის გამოჩენა, ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობაზე შეტევა და 1918 წელს, რუსეთის მეფის ოჯახის დახვრეტაც…
რა თქმა უნდა, წარსულის მოვლენების ამოცნობა საინტერესოა, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა მომავლის განჭვრეტა. გროზოვმა აქაც არაერთი გასაოცარი რამ აღმოაჩინა. ამ მხრივ, თუნდაც, მხოლოდ უახლოესი “პროგნოზები” – სამოქალაქო ომები იტალიასა (2012 წ.) და საფრანგეთში (2023 წ.) – რად ღირს. თუ ვიქტორ გროზოვის ცხრილს დავუჯერებთ, 2016 წელს რუსეთში გადატრიალება მოხდება, რომლის შედეგადაც, ხელისუფლებაში 3 თვით კომუნისტები მოვლენ. მკვლევრის მტკიცებით, ნოსტრადამუსმა 2070 წლისთვის მუსლიმანურ და ქრისტიანულ სამყაროებს შორის III მსოფლიო ომის დაწყება იწინასწარმეტყველა, ხოლო 2085 წელს – ერთგვარი “ჰიპნოზის გამაძლიერებლის” გაჩენა, რომლის წყალობითაც, რუსეთი მტრებს მუსრს გაავლებს. მორიგი წარღვნა, ანუ პრაქტიკულად, სამყაროს დასასრული 4158 წლისთვისაა “დაგეგმილი”, მაგრამ როგორც ვიქტორ გროზოვი ირწმუნება, ეს ადამიანური ცივილიზაციის დასასრული როდი იქნება. ჩვენი ცივილიზაცია 7021 წელს, ანუ მაშინ აღორძინდება, როცა ჩვენი შთამომავლები ახალ სიცოცხლეს დაიწყებენ.
ვიქტორ გროზოვის მტკიცებით, მის მიერ ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებების სრული გაშიფვრის შემდეგ, მსოფლიო ისტორიაში არანაირი საიდუმლო აღარ დარჩება, რაც, ცოტა არ იყოს, შემაშფოთებლადაც კი ჟღერს. ახალმოვლენილი მკვლევრის დასკვნების სისწორეში მალე დავრწმუნდებით – ნოსტრადამუსმა ხომ 2012 წლისთვის, იტალიაში სერიოზული უწესრიგობა “დაგეგმა”. ვინ იცის რა ხდება.მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.

წყარო: ჟურნალი ”გზა”

თეგები
Booking.com

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close