გიგანტური ადამიანები, ანუ ჯორჯ ჰალის პროტოტიპები XXI საუკუნეში
ფოტო, რომელსაც 2 წამის წინ შეხედეთ, რამდენიმე წლის წინ გავრცელდა ინტერნეტში და მისი მეშვეობით მილიონობით ადამიანმა ირწმუნა, რომ ოდესღაც დედამიწაზე გიგანტები სახლობდნენ. შეთქმულების თეორიის მომხრეთა აზრი საკმაოდ სწრაფად გავრცელდა და დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანმა იცის (რადგან ვინც აქამდე არ იცოდა, პოსტის პირველ წინადადებაში წაიკითხა). მაგრამ ვნახოთ რას ამბობს მეცნიერული მხარე, ამ შემთხვევაში National Geographic Society.
2002 წელს შექმნილ (დიახ, შექმნილ და არა გადაღებულ) ფოტოზე ჩანს არქეოლოგი, რომელიც უზარმაზარი ზომის ჰუმანოიდის ჩონჩხთან საქმიანობს. ინფორმაციის გავრცელების ბუმი იყო ძირითადად 2004-2007 წლები. 2004 წლიდან ეს და მსგავსი ფოტოები გამოქვეყნდა ვიდეოპორტალებზე, უამრავ ბლოგსა და გასართობ საიტზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სათაური ძირითადად ერთი და იგივე იყო: “გიგანტური ჩონჩხი ამოთხარეს!”
ის, რომ ფოტო ყალბია, წესით ძნელი მისახვედრი არ უნდა ყოფილიყო, თუნდაც იმიტომ, რომ მისი რეალურობის შემთხვევაში მთელ მეცნიერულ სამყაროს სენსაცია მოიცავდა. მაგრამ როგორც წესი, ადამიანი იმას იჯერებს, რაც სურს და ამ მითმაც დიდხანს იარსება. უფრო მეტიც, დღემდე არის საკმაოდ დიდი რაოდენობა ხალხისა, რომელსაც ეჭვი არ ეპარება შორეულ წარსულში 12-15 მეტრიანი რასის არსებობაში.
ვინც ცოტა ეჭვებში ჩავარდა, მიმართა National Geographic-ს. ელექტრონული წერილების (e-mail) ნამდვილი ბუმი იყო National Geographic News-ის მისამართით. ათი ათასობით ადამიანი პორტუგალიიდან, ინდოეთიდან, სალვადორიდან, მალაიზიიდან, დომენიკის რესპუბლიკიდან, საბერძნეთიდან, ეგვიპტიდან, სამხრეთ აფრიკიდან, კენიიდან სვამდა მხოლოდ ერთ კითხვას – მართალია თუ არა ეს?
მითის გაძლიერება
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამ ამბავმა ღრმად გაიდგა ფესვები, იყო ზერელე დამოკიდებულება მედიის მხრიდან – ჟურნალისტების ნაწილმა ეს ფოტოები რეალურად გამოაცხადა (მარტო ჩვენ არ გვყავს გენიოსი ჟურნალისტები).
2007 წელს ინდური გამოცემის “Hindu Voice”-ის მარტის სტატიაში ეწერა, რომ National Geographic Society-ის ჯგუფმა ინდურ მხარესთან თანამშრომლობის საფუძველზე მათ ქვეყანაში გათხრები ჩაატარა და გიგანტური ჩონჩხი აღმოაჩინა.
“ინდოეთის ჩრდილო რეგიონში ჩატარებულმა კვლევებმა მიაგნო ფენომენური ზომის ადამიანის ნარჩენებს” , ვკითხულობთ ზემოთხსენებულ სტატიაში. შემდეგ კი ეწერა, რომ National Geographic-ის ჯგუფმა ინდურ არმიასთან გააფორმა ხელშეკრულება, რათა მოკვლევა ეწარმოებინა, გამომდინარე იქიდან, რომ ოფიციალურად ეს ტერიტორია ინდოეთის არმიის იურისდიქციაში შედიოდა.
სტატიის ავტორი ამას არ დასჯერდა და ისიც დააყოლა, რომ ჩონჩხთან ერთად იპოვეს აბები, რომელსაც თან ახლდა აღწერები. მათი მიხედვით, ჩონჩხი ეკუთვნოდა გიგანტური რასის წარმომადგენელს, იყო ერთ-ერთი იმ სუპერადამიანებიდან, რომლებიც ნახსენები იყვნენ მაჰაბჰარატაში, ინდურ ეპიკურ პოემაში ქრ.შ.-მდე 200 წელს.
“ისინი ძალიან მაღლები იყვნენ, დიდები და ღონიერები. შეეძლოთ ხელები შემოეხვიათ ხისთვის და ძირფესვიანად ამოეძირკვათ.” – არ ნებდებოდა ინდოელი ჟურნალისტი. რედაქტორმა პ.დეივამუთუმ მოგვიანებით National Geographic News-სთან საუბარში აღიარა, რომ ეს სტატია აგებული იყო ცრუ ხმებსა და ჭორებზე.
მას შემდეგ, რაც ინდოეთში სიმართლე გაირკვა და დეივამუთუ დაადანაშაულეს ხალხის გასულელებაში, “Hindu Voice”-მა გამოუშვა პუბლიკაცია, სადაც დაშვებული შეცდომა აღიარეს. რედაქტორი აცხადებდა:
– ჩვენ ვეწინააღმდეგებით ტყუილებისა და ჭორების გავრცელებას. მითუმეტეს, რომ ამ ჟურნალს ინტელექტუალი ხალხი კითხულობს და სისულელის რეალობად გასაღებას არ მოითმენენ.
ერთ-ერთ პოპულარულ ინგლისურენოვან ბლოგზე გამოქვეყნდა მსგავსი პოსტი, სადაც ავტორს წყაროდ მოჰყავდა “The Times of India”-ს 2004 წლის 22 აპრილის გამოცემა. მაგრამ მსგავსი რამ გაზეთში არ გამოქვეყნებულა (აქვე უნდა დავძინო, რომ ყოველთვის მაოცებდა ის ხალხი, ვისაც ამ სურათში მინიმუმ იარაღის რეალურობის სჯეროდა).
არაბული გიგანტი
დროთა განმავლობაში ამ ტრიუკმა სახე იცვალა, რამდენიმე მიმართულება მიეცა და ხშირად ერთსა და იმავე ფოტოს სხვადასხვა ინფორმაციას მიაწერდნენ. მაგალითად, რამდენჯერმე გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ საუდის არაბეთში 18-24 მეტრი სიგრძის ჩონჩხი აღმოაჩინეს. როგორც წესი, ამტკიცებდნენ, რომ აღმოჩენა სრულიად შემთხვევით მოხდა მაშინ, როცა ტარდებოდა გათხრები ნავთობის ჭაბურღილებისთვის.
ამ შემთხვევაში გიგანტების წარმოშობას ისლამურ ისტორიებსა და გადმოცემებში არსებულ ამბებს უკავშირებდნენ.
სიცრუის გამომჟღავნება
რამდენიმე პოპულარულმა საიტმა ხელი მიჰყო ფოტოების წარმომავლობის კვლევა-ძიებას. Snopes.com-მა განაცხადა, რომ ისინი აღებული უნდა ყოფილიყო საიტ Worth1000-დან, სადაც სისტემატურად თავსდება ფოტო-მანიპულაციები და მათ შორის კონკურსი იმართება. 2002 წელს ჩემპიონატში “Archaeological Anomalies 2” ამ ფოტომ მესამე ადგილი დაიკავა.
ფოტოს ავტორია კანადელი იუსერი ნიკით “IronKite”. ის National Geographic News-ს დაუკავშირდა და განუცხადა, რომ ამ ფარსის გავრცელებაში მისი ხელი არ ერია და ფოტოს გამოყენებაც მისი ნებართვის გარეშე მოხდა.
IronKite-მა ანონიმურად დარჩენა არჩია. მან ასევე დაამატა, რომ სხვადასხვა ფორუმებზე ნახა დებატები და უმეტესწილად სურათების რეალურობის არგუმენტად რელიგიური მიზეზები მოჰყავდათ, ძირითადად ყურანისა და ბიბლიის ამბები ღვთისშვილებზე.
როგორ შეიქმნა ფოტო
IronKite-მა დაიწყო მასტოდონტის ნარჩენების ამოთხრის სურათით, რომელიც გადაიღეს ჰაიდ პარკში, ნიუ-იორკის შტატში 2000 წელს. უძველესი მხეცის ნარჩენებს მოხერხებულმა მანიპულატორმა ადამიანის ჩონჩხის გადიდებული ფოტო დაადო.
“თუ დააკვირდებით, არქეოლოგს ყვითელსახელურიანი ნიჩაბი უჭირავს, რომელსაც პირი (რითიც თხრიან) არ აქვს. ორიგინალ სურათში, საიდანაც ამოვჭერი, ჰქონდა, მაგრამ გიგანტთან რომ დავაყენე, ზედმეტად ყალბი გამოჩნდა, ასე კი უფრო შეუმჩნეველი იყო. ისე ჩანს, თითქოს ჯოხი უჭირავს, ხალხმა კი ეს ვერ შენიშნა. სასაცილოა.”
IronKite-მა ასევე შეცვალა მამაკაცის ტანისამოსის ფერი, რათა არქეოლოგს დამსგავსებოდა.
“გუნებაში მეცინება, როცა ვინმე ამ სურათის შესახებ მიმტკიცებს, რომ იცნობს ვიღაცას, ვინც ამ გათხრებს დაესწრო და საკუთარი თვალით იხილა. ზოგი უფრო შორსაც მიდის და აცხადებს, რომ თავად იყო იქ.”
“ზოგჯერ ადამიანებს ისე უნდათ, რაღაც დაიჯერონ, რომ საკუთარ თავსაც კი ატყუებენ, ან რამეს აზვიადებენ, რომ ვითომდა ძლიერი არგუმენტი შექმნან.”
დაჯერების სურვილი
Snopes.Com-ის დამაარსებლის, დევიდ მიკელსონის თქმით, ასეთი ფარსები მაშინ აღწევს წარმატებას, როცა დამატებით არგუმენტს მატებს იმ თეორიას, რაც ადამიანებს ღრმად სწამთ ან უნდათ რომ დაიჯერონ. ესენია ცრურწმენები, პოლიტიკური პოზიციები და რელიგიური შეხედულებები. ამასთან, ამ ფარსს უნდა ჰქონდეს დამაჯერებლობის კარკასი. “უძველეს გიგანტს” კი ორივე მათგანი აქვს, ამიტომაც გავრცელდა სწრაფად.
“მისი მეშვეობით სამყარო სულ სხვა კუთხით წარმოგვიდგება, არა ისეთად, როგორსაც მეცნიერები გვთავაზობენ.”
“ხოლო ვინც შეგნებულად ავრცელებდა მას, ქმედებით იმ ბავშვებს ემსგავსებიან, რომლებიც მეზობლის კარზე ზარს რეკავენ და გარბიან, შემდეგ კი იმალებიან და მათ რეაქციაზე ხალისობენ.”
ვებსაიტ The Hoax Museum Blog-ის ხელმძღვანელი ალექს ბოისი ამბობს, რომ მსგავსი ტიპის ფარსები დასაბამს ჯერ კიდევ 1700-იანი წლებიდან იღებენ.
ამ ფარსმა ბევრს მოაგონა კარდიფის გიგანტის მითი, 3 მეტრიანი ქვის ფიგურა, რომელიც 1869 წელს კარდიფში ამოთხარეს. მაშინ ბევრს ეგონა, რომ ეს გაქვავებული ადამიანი იყო და ბიბლიაში, “დაბადების” წიგნში სწორედ ასეთ ხალხზე იყო საუბარი.
“ამის მსგავსად, გიგანტის ფარსმა გააღვივა ადამიანთა მიდრეკილება მისტიური ამბების დაჯერებისკენ და რელიგიური ამბებისთვის არგუმენტების მონახვისკენ.”
მომზადებულია National Geographic-ის მიხედვით თქვენი მონა-მორჩილის მიერ.