არქივი

მორალური დილემები #2

o3dbw

რა არის კარგი და რა ცუდი, ამაზე ხშირად კამათობენ ადამიანები, თუმცა ზოგჯერ პასუხი ბუნდოვანია. არსებობს სიტუაციები, რომლებსაც მორალურ დილემებს (ასევე ეთიკურ პარადოქსებს) უწოდებენ. გაგრძელებაში წარმოგიდგენთ მორიგ რამდენიმე დილემას, პასუხი კი თქვენი პოზიციის შესახებ კომენტარებში დაწერეთ.

2k9zl
საკონცენტრაციო ბანაკი

თქვენ ხართ საკონცენტრაციო ბანაკის “მობინადრე”. ერთხელ თქვენმა შვილმა სცადა გაქცევა, მაგრამ მცველმა დაიჭირა და ჩამოხრჩობას უპირებს. მანამდე კი მოდის თქვენთან და გეუბნებათ, რომ ფეხებიდან სკამის გამოცლა თქვენზეა. თუ ამას არ იზამთ, თქვენს შვილთან ერთად სხვა უდანაშაულო ადამიანსაც ჩამოახრჩობს. მცველი ყველა ვარიანტში შეასრულებს თავის ნათქვამს. როგორ მოიქცევით?


ავარია

თქვენ ხართ ‘სასწრაფო’-ს ექიმი და გაგაგზავნეს შემთხვევის ადგილზე. მისვლისას ნახეთ, რომ ავარიაში მოყოლილი მანქანა თქვენს მეუღლეს ეკუთვნის, მაგრამ მანქანაში მარტო არაა – იქ საყვარელიც უზის. თქვენი მეუღლე მხოლოდ იმას ახერხებს, შემოგხედოთ და გითხრათ: “მაპატიე!” თუკი მას არ უშველით, დიდი შანსია რომ დაიღუპოს, რადგან გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება. მისი საყვარელი კი კისრის არეშია შუშის ნამსხვრევებით დაჭრილი და მასაც ასევე სჭირდება დახმარება. თუკი თქვენს მეუღლეზე დაიწყებთ ზრუნვას, მისი საყვარელი მოკვდება და პირიქით. როგორ მოიქცევით?

9rta2
სპამი

თქვენ ხართ ქსელის ადმინისტრატორი ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში. ოჯახში მხოლოდ თქვენ მუშაობთ. სამსახურში თქვენი ერთ-ერთი ფუნქციაა ელ.ფოსტაზე თვალყურის დევნება. კონკრეტულად კი, ზოგჯერ ამოწმებთ თანამშრომლების იმეილებს, რათა დარწმუნდეთ, რომ სპამი არ მოდის მათ სახელზე. ერთხელაც დაგჭირდათ შემოწმება და ნახულობთ ერთ-ერთი თანამშრომლის წერილს, რომელიც თქვენი ახლო მეგობრის მეუღლეა. წაკითხვის შემდეგ ხვდებით, რომ ეს წერილი საყვარლისგან მიუვიდა. თქვენ შეგიძლიათ უთხრათ თქვენს მეგობარს ეს ამბავი, მაგრამ სანაცვლოდ სამსახურს დაკარგავთ, რადგან კოლეგის მნიშვნელოვანი პირადი ინფორმაცია კომპანიის გარეთ გაიტანეთ. როგორ მოიქცევით?

18t62
მეზობელი

თქვენ გყავთ შვილი, 8 წლის გოგონა, რომელიც ერთხელ გააუპატიურეს. ის ამის შემდეგ აღარ ლაპარაკობს, მაგრამ მიგახვედრათ, რომ ამაში დამნაშავე თქვენი მეზობელია. თქვენ არ გაქვთ საკმარისი საბუთი, რათა სასამართლოს გზით დაუმტკიცოთ, რომ ეს მან ჩაიდინა. ერთხელ ოჯახთან ერთად კაფეში ჯდომისას ამჩნევთ ამ მეზობელს, რომელიც მარტო ზის და ილოღნება. მეორე დღეს მას პოლიცია აკავებს და ბრალად ცოლის მკვლელობას უყენებს. პოლიციის განცხადებით, შემთხვევა ქურდობის მცდელობას ჰგავდა, მაგრამ ქმრის გარდა სხვა ეჭვმიტანილი არ ჰყავთ და ამასთან, ფაქტების უმეტესობა მის საწინააღმდეგოდ მეტყველებს. თუმცა მკვლელობის მომენტში ის კაფეში იჯდა და თქვენ ამის მოწმე ხართ. თუკი არ დაიცავთ, დიდი ხნით ჩაჯდება ციხეში იმ დანაშაულისთვის, რომელშიც დიდი ალბათობით მისი ხელი არ ურევია. თუკი მოწმედ გახვალთ, თავისუფლად ივლის და თქვენი შვილის გაუპატიურება შერჩება. როგორ მოიქცევით?

m4iza
ორსული ქალი

ორსული ქალი, რომელიც მოგზაურთა ჯგუფს ახლავს, სანაპიროსთან მდებარე გამოქვაბულის გამოსასვლელში გაიჭედა. მალე გამოქვაბული წყლით აივსება და ჯგუფის ყველა წევრი რომ არ დაიხრჩოს, საჭიროა, ორსული ქალი სასწრაფოდ გამოვიდეს იქიდან, თუმცა ამას ვერავინ ახერხებს. ამ დროს ვიღაცას აღმოაჩნდა დინამიტების შეკვრა. თუკი გამოსავლელთან რაღაც მანძილზე აფეთქდება დინამიტები, ორსული ქალი მაშინვე დაიღუპება, სხვები კი არ დაშავდებიან და გამოვლენ, თუ არადა ყველა დაიხოცება. შველის სხვა ვარიანტიც არ ჩანს. როგორ მოიქცევით?


ზღვა

ვიკენდზე მიდიხართ თქვენ და თქვენი 7 წლის გოგონა. მისი თხოვნით, თან მიგყავთ ძმისშვილი (დისშვილი), რომელიც ასევე 7-ისაა. სააგარაკო სახლი, სადაც მიდიხართ, პლაჟთან ახლოსაა. მანქანას რომ აჩერებთ, გოგონები გთხოვენ ნებართვას, პლაჟზე ითამაშონ და ზღვაში შესცურონ. თქვენ პლაჟზე თამაშის ნებას აძლევთ, ცურვისას – არა. მანქანიდან ბარგის ამოლაგებას რომ იწყებთ, გესმით კივილი. გარბიხართ და ხედავთ, რომ გოგონებს არ დაუჯერებიათ თქვენთვის, ღრმად შესულან წყალში და იხრჩობიან. პლაჟზე მეტი არავინაა, რომ დაგეხმაროთ. წყალში რომ შედიხართ, იაზრებთ, რომ ორივეს ერთად ვერ დაეხმარებით და ერთი უნდა აარჩიოთ, მაგრამ ერთს რომ გადაარჩენთ და მიბრუნდებით, მეორე უკვე დამხრჩვალი იქნება. თქვენი გოგონა უფრო ძლიერია, მაგრამ არ ხართ დარწმუნებული, რომ დიდხანს გაძლებს. თქვენს ძმისშვილს (დისშვილს) კი უკვე სუნთქვა უჭირს. როგორ მოიქცევით?

iw6cp
დარტყმა და გაქცევა

მიდიხართ სამსახურში მანქანით და გამომდინარე იქიდან, რომ ცოტა დრო გაქვთ, სწრაფად მოძრაობთ. ცოტა ხნით CD-ის ან რადიოს ჩასართავად მზერა გადაიტანეთ ქვემოთ და ამ დროს რაღაც მკვრივს ეჯახებით. თქვენ მკვეთრად ამუხრუჭებთ, რის გამოც იქმნება საავარიო სიტუაცია და რამდენიმე მანქანა ზიანდება. გადმოდიხართ მანქანიდან და ხედავთ, რომ ადამიანს დაეჯახეთ, თანაც მისი გადარჩენის შანსი არ არსებობს. ამ დროს უცნობი ქალი მოემართება თქვენსკენ ატირებული. ბუნებრივია, ეკითხებით, რა მოხდა, და ის გპასუხობთ, რომ შემთხვევით ადამიანი გაიტანა, თითს კი იმისკენ იშვერს, ვისაც თქვენ დაეჯახეთ. შეგიძლიათ არაფერი მოიმოქმედოთ და დანაშაული ამ ქალბატონს დაბრალდება, ან გამოიჩინოთ პატიოსნება და უარი თქვათ კარიერასა და პირად ცხოვრებაზე რამდენიმე წლით. როგორ მოიქცევით?

c798e
ნარკოტიკი

დასასვენებლად მეუღლესთან და 18 წლის ბიჭთან ერთად იყავით ინდონეზიის კუნძულ ბალზე. უკან ბრუნდებით და აეროპორტის სალაროში ბარგის ჩატვირთვის დროს მოდის პოლიციელი ძაღლთან ერთად. ძაღლი ჯერ თქვენი და თქვენი მეუღლის ბარგს სუნავს, შემდეგ გადაინაცვლებს თქვენი შვილისკენ და მისი ჩანთის ყნოსვისას ფხაკუნს იწყებს. პოლიციელი გთხოვთ, რომ გახსნათ ბარგი. თქვენ ასეც იქცევით და ხედავთ, რომ თქვენს შვილს მარიხუანას შეკვრა ჩაუდვია. ინდონეზიაში ნარკოტიკებზე მკაცრი კანონებია, დიდი ალბათობით თქვენი ვაჟი ან სამუდამო პატიმრობაში წავა, ან შეიძლება სიკვდილიც მიუსაჯონ. პოლიციელი გეკითხებათ: ვისია ეს შეკვრა? ამ დროს ხედავთ თქვენი მეუღლის გამომეტყველებას და ხვდებით, რომ ის აპირებს თავის თავზე აიღოს დანაშაული. როგორ მოიქცევით?

uebbi
შეშლილი ამფეთქებელი

თქვენ ხართ პოლიციის თანამშრომელი. განყოფილებაში მოიყვანეს ადამიანი, რომელმაც ქალაქის რამდენიმე ადგილას ბომბები დაამონტაჟა და ასეულობით მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ტერორისტი იყენებს დუმილის უფლებას და ითხოვს ადვოკატს, თუმცა ამბობს, რომ ადვოკატის მოსვლის შემდეგაც არ იტყვის, სადაა ბომბები. კანონიერი გზით მისი ალაპარაკება შეუძლებელია. ამ დროს ერთ-ერთი კოლეგა გთავაზობთ, გამოიყენოთ წამების მეთოდი. თავად დამნაშავის წამებას შეიძლება შედეგი არ ჰქონდეს, ამიტომ საქმეში რთავენ მის ცოლს. თქვენ უნდა მისცეთ თანხმობა, აწამონ უდანაშაულო ადამიანი, რათა დამნაშავის აღიარების მეშვეობით იხსნათ ასობით უდანაშაულო ადამიანი. როგორ მოიქცევით?

3gk0y
სამაშველო ნავი

თქვენ იმყოფებით კრუიზში და ორი დღის შემდეგ გემს ტექნიკური პრობლემები უჩნდება, რამდენიმე საათში კი კაპიტანი ამბობს, რომ გემის გარე ფენა დაზიანდა და მგზავრები სამაშველო ნავებში უნდა გადასხდნენ, რათა თავს უშველონ. თქვენ ჯდებით ერთ-ერთ ნავში, რომელიც 10 ადამიანს იტევს. მაგრამ აღმოჩნდება, რომ მას ხვრელი აქვს და წყალი შედის, რის შემდეგაც ნელ-ნელა ჩაძირვას იწყებს. იმუშავებთ ასეთ გეგმას: 9 კაცი პეშვით იღებს წყალს და გარეთ ღვრის, ერთი კი ისვენებს და თან ნავის წონასწორობის დაცვას უწყობს ხელს. თქვენი გამოთვლით, ასეთ მდგომარეობაში 5 სთ-ის განმავლობაში გაძლებთ. ამ დროს შენიშნეთ, რომ ჩაგიარათ მეორე ნავმა, სადაც გემზე გაცნობილი მეგობარი იმყოფება და გთავაზობთ მასთან გადაჯდომას. იქ მხოლოდ ერთი თავისუფალი ადგილია. მათი ნავი გაცილებით სწრაფად მოძრაობს და უფრო მალე მიაღწევს ნაპირს. თუ თქვენ ნავს გამოცვლით, გახვრეტილ ნავში დარჩება 9 წევრი და ფუნქციების გადანაწილების შემდგომ, როგორც აღმოჩნდება, მათ უფრო ნაკლები დრო დარჩებათ – 5-ის მაგივრად 2 საათი. თქვენ დარწმუნებული არ ხართ, რომ ამ 2 საათში მაშველები გამოჩნდებიან, მაგრამ ვერც იმას იტყვით დაზუსტებით, 5 საათში თუ იქნება გადარჩენის შანსი. გაქვთ დაახლოებით 30 წამი, რომ აირჩიოთ:

A. რჩებით ნავზე და ეხმარებით სხვებს იმდენი ხანი, რამდენსაც შეძლებთ, ანუ მაქსიმუმ 5 სთ.
B. გამოცვლით ნავს და უშველით თავს.

როგორ მოიქცევით?

წინა 10 დილემა

დასასრული.

მსგავსი ამბები

Back to top button