არქივი

ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ (ბავშვობის წლები)

51da4f304621

დღეს,16 იანვარს,არის წმ.ექვთიმე თაყაიშვილის ხსენების დღე და მინდა გიამბოთ მისი ბავშვობის წლების შესახებ.

ექვთიმე სიმონი ძე თაყაიშვილი დაიბადა გურიის, მაშინდელი ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფ. ლიხაურში. ოფიციალური ცნობით 1863 წლის 5 ივნისს, ხოლო თვით ექვთიმე თაყაიშვილის შენიშვნით ”შესაძლოა ამაზე ერთი წლით ადრე”.
ბავშვის დაბადება თოფის გასროლით არ უზეიმიათ, რადგან ექვთიმეს ავადმყოფი მამა სულს ღაფავდა და მალევე გარდაიცვალა.
მამა – აზნაური სიმონ ნიკოლოზის ძე თაყაიშვილი, ჩინოსანი – კორდონის ოფიცერი, საზღვრის მცველი ყოფილა მაშინდელი გურია–ოსმალეთის ხაზზე. სოფელში ”ჭკვიანი, დინჯი, სამართლიანი და ნასწავლი კაცის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი”, კარგი პატრიოტიც ყოფილა.
დედა – თავად გიტული (გიტო) ნაკაშიძის ასული (სოფ. მაკვანეთიდან). ნინო მაზრის მოწინავე ქალთა შორის იხსენიება.
არაერთხელ აღუნიშნავს ექვთიმეს: ”ხუთი წლისა ვყოფილვარ, რომ დედის გვერდიდან ავუყვანივარ ბებიას. დედა გარდაცვლილიყო და მე კი ისიც არ ვიცოდი, რას ნიშნავდა სიკვდილი, უფრო ის დამამახსოვრდა, რომ ტიროდნენ და ამბობდნენ: რა ეშველება ობლებსო!…”
ობლებს ბებია და ახლობლები უვლიდნენ… მამის გარდაცვალების გამო ექვთიმესა და მის და-ძმებს მზრუნველად დაუნიშნეს – სიძე სიმონ გოთუა. ”აპეკუნის” გარდა ბავშვებს მაკა ბებია და მაკა მამიდა უვლიდნენ.
ბებია მაკა – სავაჯახული შარვაშიძის ასული ”არ გვარჩევდა ბავშვებს, ყველას ერთნაირი მზრუნველობით გვეპყრობოდა” (ევთიმე თაყაიშვილი) იგი ”მხნე და ახოვანი, წარმოსადეგი შხედულებისა … რიხიანი ხმისა, მეტად უშიშრი და გაბედული ყოფილა”… ექვთიმე აღნიშნავს: ”არავისაგან ისეთი მოფერება, ალერსი, და მზრუნველობა არ მახსოვს, როგორც ამ ბებიისაგან. იგი ოდა სახლში ვერ ჩრდებოდა, -აქ სული მეხუთებაო – და ღამეს ფაცხაში ათენებდა, უმცროსს შვილიშვილსაც აქვე თავის ლოგინში იწვენდა…. ”ბებია ზოგჯერ არ მაძინებდა, წიგნი იცოდა და ზღაპრებიცა. თხრობით მიქცევდა ხოლმე”.
ბებია მაზრაში საპატივცემულო ქალად ყოფილა მიჩნეული ”თავ-და-თავ-ხელობად… ექიმობას თვლიდა.” ექვთიმესაც ახსოვდა ბებიას მიერ ზოგიერთი ეწამლის დამზადების წესი.
ყმაწვილ ექვთიმეს ბევრი მზრუნველი ჰყავდა, მამიდები ”ყველანი კარგნი და განთქმულნი მეოჯახენი იყვნენ, მათ შორის მაკა იყო ყველაზე უფრო გონებამახვილი, შეგნებული და ტონის მიმცემი ბიძაჩემთა ოჯახებში”… მიუხედავად ასეთ მზრუნველი გარემოცვისა, მაინც გამოუსწორებელი მარცხი იწვნია ექვთიმემ – ”ბავშვობაში მე ცელქი ვყოფილვარ. სამი წლისა ხეზე გავსულვარ, გადმოვვარდნილვარ და მარჯვენა ფეხი მომიტეხია. მე არ მახსოვს ეს ამბავი, მახსოვს, მხოლოდ, თუ ერთ ღამეს როგორ ამომვარდა მოტეხილი წვივის ძვალი და შემდეგ როცა ბავშვებს გავაჯავრებდი ”კოჭლაბუხას” მეძახდნენ.”
პატარა ექვთიმე უმეტესად შინ იყო – ლიხაურში, დადიოდა დასთან ძიმითში, ზოგჯერ დედის ნათესავებთან მაკვანეთში, ან კიდევ მამიდებს სტუმრობდა.
ყმაწვილი ექვთიმე ოზურგეთის სასწავლებელში შეუყვანიათ, თაყაიშვილის მოგონებებიდან ”მხოლოდ მაშინ მამიდა მაკამ შემიკერ ახალუხი და სკალატის (მაუდის) ჩოხა; ჩოხას ჩვეულებრივი საექილეები არ გაუკეთეს და ზოგიერთები მე, ამის ჩამცმელს, დიაკონს მეძახდნენ. ეს იყო ბავშვობაში პირველი და უკანასკნელი ხეირიანი ჩაცმა ჩემი: შემდეგ ზამთარ-ზაფხულს, პარუსინის ბლუზის მეტი არა მცმია რა”. სახელმძღვანელოებიც კი არ ჰქონია ექვთიმეს, ზეპირად იხსომებდა მასწავლებლის მონათხრობს.”რუსული ენის სახელმძღვანელო მხოლოდ ზოგიერთ მოწაფესა ჰქონდა – უფრო მეტად იმას ვინც წლობით დიდი იყო. მე ამგვარებს ვეხმარებოდი გაკვეთილების სწავლაში და ამ სახით ვსარგებლობდი მათი წიგნებით”.
1869 წელის 7-8 წლის ე. თაყაიშვილი შეიყვანეს ოზურგეთის სამაზრო სასწავლებლისმოსამზადებელკლასში.ყველაზე მეტედ მას მასწავლებელი იოსებ თაყაიშვილი ჰყვარებია. იგი მოსკოვის უნივერსიტეტის მეოთხე კურსიდანყოფილა, თურამეს მოსწავლეები რუსულად ვერ გაიგებდნენ, ქართულად უხსნიდა, ეს მაშინ აკრძალული იყო, ამას სხვა არავინ აკეთებდა. საერთოდ იოსებს ექვთიმე იმ დონეზე სცემდა პატივს, რომ კარგა ხნის შემდეგ, როდესაც იოსები გარდაიცვალა, ექვთიმე თბილისიდან ლიხაურში ჩასულა და გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოუთქვამს ”მიცვალებულზე სიტყვის თქმა – წერს ექვთიმე – ჯერ კიდევ არ იყო გურიაში მიღებულიდა ჩემმა სიტყვამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრეებზე”.
ოზურგეთის სამაზრო სასწავლებლის მოსამზადებელ კლასებში ორი წელი დაჰყვეს ნ. მარმა და ექვთიმე თაყაიშვილმა. ექვთიმე მოსწრებით არ ბრწყინავდა, მაგრამ შემდეგ გამოვლინდა მისი ნიჭიერება.
1874 წელს სამაზრო სასწავლებელი საქალაქოდ გადაკეთდა, პროგარამაც გაკეთდა და ”თითო კლასში ორ-ორი განყოფილება იყო”… ამ დროს ექვთიმე მე-3 კლასში გადადიოდა. ობოლს კვლავ ოთხი წელი რომ არ დასჭირვებოდა მზრუნველმა სიძემ ფოთის სამაზრო სასწავლებელში ჩაარიცხვინა.
სამიკიტნოს უკანა ოთახში ცხოვრობდა 4 მოწაფე. ექვთიმეს ხშირად ხელი ეშლებოდა მეცადინეობაში,მაგრამ აქ კვება უკეთესი იყო ,,ოზურგეთში ერტხელ მაჭმევდნენ დღეში”, ფოთში ბინაც გაიუმჯობესა მოწაფმ,სწავლაშიც თანაკლასელებს დაეწია და გაუსწრო. მესამე კლასი წარმატებით დაამთავრა და კვლავ ლიხაურში დაბრუნდა.
ექვთიმე აღნიშნავს ,,მე–14 წელში ვიყავი გადამდგარი, ჩემ მიერ სწავლის გაგრძელება ბიძაჩემისა და ჩემს სიძეს არ ეპიტნავებოდა. ერჩივნათ სამსახურში მოვწყობილიყავი მწერლად. (ისევე როგორც მისი ფოთელი თანაკლასელები მოიქცნენ).
სიძემ დაიჩემა და ბიძამაც მითხრა ,,ლეხაურელებმა მოციქული გამომიგზავნეს, ექვთიმე სოფლის მწერლად დაგვიდგესო”. ექვთიმემ უარი განაცხადა.
პრინციპულობა და სწავლისადმი დაუოკებელი გრძნობა ექვთიმეს ვერ შეუცვალა სოფლის კანცელარიის მოხელის შემოსავლიანი საქმის შეთავსებამ და ვერც უსახსრობამ. ფოთში მიღებული ცოდნა არ კმაროდა გიმნაზიაში შესასვლელად. საჭირო იყო ლათინურში მომზადება,მაგრამ რეპეტიტორი ექვთიმემ ვერ იშოვნა.
1875–76წწ იგი ლიხაურშია. ექვთიმე უფრო ახლოს ეცნობა სოფელსა და მის ყოფას. ყმაწვილის ყურადღებას ჯერ კიდევ მაშინ იქცევდა სოფლის ისტორიული ძეგლები. 1873 წელს ისტორიკოსი დ.ბაქრაძე ჩასულა ლიხაურში და ღამე ექვთიმეს ბიძა ქაიხოსრო თაყაიშვილთან გაუთენებია. სტუმრის საქმიანობიტ ყმაწვილიც დაინტერესებულა. ესეც უნდა ყოფილიყო ერთერთი საბაბი იმისა,რომ იგი არქეოლოგიამ გაიტაცა. მოხუცებულობაში იგი წერდა: ,,მე დავიბადე სოფელ ლეხაურში რომელიც საუკეთესოდ ითვლება გურიაში–ჰავით,მდებარეობით,ძველი კარგად დაცული ციხით,ეკლესიებითა და მათში შემონახული სიძველით”.
თაყაიშვილების ოჯახებში პატრიოტი ადამიანები იკრიბებოდნენ. ასევე ხდებოდა მისი დისა და მამიდების ოჯახებში. ცნობისმოყვარე მოსწავლე ყველგან ისმენდა საინტერესო საუბრებს პატრიოტიზმზე, ისტორიასა და ლიტერატურაზე. ,,თამამად შეიძლება ითქვას–აღნისნავს ექვთიმე–რომ ის ოჯახები,რომლებთანაც ვიყავი დაკავშირებული,მრავალ მასალას იძლეოდნენ ჩემი განვითარების ზნეობრივ არეზე,ჩემი სულიერი ზრდისთვის”.
ექვთიმე ახლოს იცნობდა აგრეთვე გურულების, ქუთაისელი წერეთლების, ლორთქიფანიძეების, წულუკიზეების და პეტერბურგელი მოწინავე ქართველების ოჯახებს. ყოველივე ამის გამო შეგვიძლია ვთქვათ,რომ ის გარემო სადაც ექვთიმე იზრდებოდა, გახდა საფუძველი მისი გონებრივად და მორალურად ჩამოყალიბებისა, და სამშობლოსადმი თავდადებისა.

წყარო: http://www.sakartveloo-lamazo.narod.ru

იმედია მოგეწონათ.. გაგრძელება იქნება…

მსგავსი ამბები

Back to top button