საკითხავისასარგებლო

მიუტევებელი შეცდომები ჩაცმულობაში


თავისუფლების პროპაგანდის ფონზე ცოტა არ იყოს ანაქრონიზმად გამოიყურება ჩაცმაში რაიმეს მიუტევებელ შეცდომად დასახელება. მაგრამ გარკვეული წესები მაინც არსებობს და შესაბამის წრესა და სიტუაციაში ისინი მოქმედებს. ზოგს ბევრი ჩვენგანი არ დაეთანხმება (ასაკისა თუ გემოვნების გამო), ზოგს გადაჭარბებულად მოეჩვენება, ზოგი ძველმოდურად ჩათვლის მოთხოვნებს… მაგრამ საინტერესოა, უბრალო ცნობისმოყვარეობის ხათრით მაინც, რა არის ამ შავ სიაში.

1. ფერადი შეცდომები

ზედმეტად ბევრი ფერი ერთდროულად

სამოსის შერჩევისას 3 ფერის შეხამება ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. სჯობს, მათგან ერთი ნეიტრალური იყოს, ანუ შავი ან თეთრის რომელიმე ვარიანტი (ბეჟი, რძისფერი, ან მკრთალი ნაცრისფერი). ასე “თუთიყუშობა” ან “შუქნიშნობა” ნამდვილად არ დაგემუქრებათ. ერთი ტონის ტანსაცმელს კი ფერადი აქსესუარი უხდება ძალიან და კომპოზიციაც შესანიშნავი გამოდის.

შავის სიჭარბე

”ერთ შავზე შავ ქალაქში იყო ერთი შავზე შავი ქუჩა…” დარდიანი ქალაქის ეს ზღაპარი სათქვენო, წესით, არ უნდა იყოს. შეიძლება ისე შეერწყა ქალაქის ნაცრისფერ მასას, რომ სხვებისგან ვეღარავინ გამოგარჩიოს. ამიტომ აქსესუარებით მაინც გააცოცხლეთ შავი პალტო და შავი ჩექმები, ან შავი კოსტიუმი: მკვეთრი და ცოცხალი ფერის თავსაბურავი, ჩანთა ან ხელთათმანები მგლოვიარე იერს წაართმევს თქვენს მორთულობას.

არამიწიერი, “მჟავური” ფერის ტანსაცმლის ხშირი გამოყენება

ძნელია სიტუაციის წარმოდგენა, სადაც ისეთი ველური ფერების ადგილი იქნება, როგორიცაა სალათისფერ-ფოსფორისფერი, მკვეთრი ყვითელი, ნარინჯისფერი ან ვარდისფერი სამოსის ტარების ადგილი. საგზაო სამუშაოებისთვის როგორც სპეცტანსაცმელი – კიდევ შეიძლება, ან კონცერტზე, როცა თქვენ მსახიობი ხართ: სცენური აღკაზმულობისთვის ხომ ფერებში შეზღუდვა არ არსებობს; მაგრამ ყოველდღე ფოსფორისფერით სიარული?..

2. შეცდომები აქსესუარებთან

არასწორად შერჩეული თავსაბურავი – შიფონის კაბაზე შალის ნაქსოვი ქუდი, ქურთუკზე – შლაპა, პალტოსთან – კეპი და ა.შ.

აქსესუარების არარსებობა

აქსესუარების ტარების ცოდნა ხელოვნებაა, ამ ცოდნის გათავისება – ნიჭი! პატარა შავი კაბის ფონზე მარგალიტის აცმა ტრადიციულად, ლაკონურად და ნაზად გამოიყურება, ხოლო მოზრდილი კულონი, ვთქვათ – წითელი პლასტიკისგან, ავაგარდულად და გამომწვევად. სამშვენისი სტილსა და ხასიათს გამოკვეთს. რაც ერთ სიტუაციაში “გხატავს”, სხვა სიტუაციაში, შესაძლოა, დაცინვის მიზეზი გახდეს, ხომ გაგიგიათ: ვირს კრიალოსანიო. მაგრამ დეტალებზე სრულიად უარის თქმა მიუტევებელი შეცდომაა!

ფასის შეუსაბამობა

საქმიანი კონტრაქტის გაფორმება, საქმიან ბლოკნოტში საინტერესო აზრების ჩანიშვნა, თუ სატელეფონო წიგნში ახალი თაყვანისმცემლის ნომრის ჩაწერა – სამი სხვადასხვა სიტუაციაა და თითოეულს არა მარტო განსხვავებული ტანსაცმელი, განსხვავებული აქსესუარიც მოუხდება.

პირადი საქმეებისთვის კეკლუცი ვარდისფერი ან ჟოლოსერი კალამიც გამოდგება, სამსახურისთვის – ჩვეულებრივი, საკანცელარიო განყოფილებიდან. ხოლო კონტრაქტებსა და საბუთებზე ხელის მოსაწერად განსხვავებული, ძვირფასი აქსესუარია სასურველი. ის თქვენ პრეზენტაბელობას შეგმატებთ, ხოლო კოლეგებს ნდობას ჩაუსახავს.

3. სტილთა შეუთავსებლობა

საქმიანი ქალის სახე არამარტო ქცევის მანერას გულისხმობს, არამედ მკაცრად განსაზღვრულ დრესკოდსაც. კედები საქმიან კოსტიუმთან და ჯინსი კლასიკურ პიჯაკთან ყოველთვის არ ჩაითვლება ორიგინალობისა და მოდურობის ნიშნად. ამიტომ უნდა მიხვდეთ სად არის ეს ნოვაცია უადგილო და ულამაზო და სად დაიმსახურებს მოწონებას.

მკვეთრი ფერის ჩანთა ბავშვური ნახატებით ზრდასრული ადამიანისთვის

თუ ზურგჩანთის ტარებაში ბავშვს ეხმარებით, ამაში არაფერია დასაძრახი. თქვენ შეიძლება თავადაც მოგწონდეთ ჩიტებიან-დათუნიაბიან-სპილოებიანი ჩანთა. მაგრამ ისინი თქვენს შემტხვევაში მხოლოდ პიკნიკზე, პლაჟზე, ანუ მაშინ გამოგადებათ, როცა დანარჩენი სამოსი ჰარმონიაშია მასთან. სამსახურში და ყოველდღიურ ცხოვრებაში მათზე უარის თქვა აჯობებს.

ექსტრემალური ექსპერიმენტები სტილთან

ეკლექტიკა – სხვადასხვა სტილის სამოსის ელემენტების შესაბამისობა, ე. წ. “ვინეგრეტი”. არ დაივიწყოთ, სანამ მთელი ქვეყნის წინაშე განახლებული და იმიჯშეცვლილი გამოცხადდებით, მანამდე ახლობლებს აჩვენეთ ექსპერიმენტის შედეგი. ისინი ნამდვილად გიკარნახებენ, უკეთესობისკენაა ცვლილებები ახალ მორთულობაში თუ უარესობისკენ.

4. სტილი უადგილოა

რადგან მოდა წინ და წინ მიიწევს და სიჩქარესაც იკრებს, ჩვენ სულ ახალ-ახალი სტილის მომსწრე ვხდებით. ყველა მათგანს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველგან არაა მათი ადგილი. ამიტომ დაფიქრდით, სანამ თქვენს ცხოვრებას და სამსახურს რომელიმე სტილს მიუსადაგებთ. სხვებისთვის თქვენს გემოვნებაში დაეჭვების მიზეზის მიცემა უადვილესია, მაგრამ უადგილო გამოხტომის შემდეგ იმის დამტკიცება, რომ დახვეწილი გემოვნება გაქვთ, ძალიან გაძნელდება.

ჯინსის სამოსი თეატრში

არტისტების შრომა ხელოვნებაა. როცა თეატრში მივდივართ, სულიერად გამდიდრებას ვესწრაფით. გარემოს კი უნდა შეესაბამებოდე. შანამ სტუდენტი ხარ, კიდევ შეგფერის თავისუფალი სამოსით თეატრში, ოპერასა თუ საკონცერტო დარბაზებში გამოცხადება, მაგრამ აუცილებლად დგება დრო, ან სიტუაცია, როცა მიღებული წესი უნდა გაითვალისწინო და დაემორჩილო კიდეც. სწორედ აქაა ის ადგილი, სადაც შეგიძლია, ყველას აჩვენო, რომ შენი კულტურა მაღალ დონეზეა.

სპორტული სამოსი მოლაპარაკებებზე

ნებისმიერ საპასუხისმგებლო კრებაზე ან თათბირზე ყურადღების მოკრებაა მნიშვნელოვანი. საჭიროა თათბირსა და დისკუსიაში აქტიური მონაწილეობა და საქმის გასიგრძეგანება, მით უფრო თუ ხელმძღვანელი ხარ. როგორ ფიქრობთ, რა იქნება დამსწრეების ყურადღების მთავარი ობიექტი, თუკი თათბირზე სპორტული სამოსით გამოცხადდებით. საეჭვოა, რომ თქვენი შემოსილობის ზედმიწევნით განხილვამდე რამე საკითხზე საფუძვლიანი და პროდუქტიული მსჯელობა მოხერხდეს და კრებამ შედეგიანად ჩაიაროს.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close