საკითხავისასარგებლოსაქართველო

“მიწისძვრის დროს თუ სახლში ხართ, შენობიდან არ გამოხვიდეთ”

მიწისძვრის დროს წელიწადის დროებსაც კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ყველაზე მასშტაბურ მსხვერპლს ზამთარში მომხდარი მიწისძვრა იწვევს, როცა ხალხი შენობებშია გამოკეტილი. საშიშია ღამით მომხდარი მიწისძვრა, როცა ხალხი სახლში იმყოფება. გვესაუბრება ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორი ზურაბ ჯავახიშვილი.

– მიწისძვრის შემდეგ სუსტი ბიძგების განმეორება კიდევ გაგრძელდება?

– მიწისძვრის შემდეგ სუსტი ბიძგები ჩვეულებრივი, ნორმალური მოვლენაა. 6–მაგნიტუდიანი მიწისძვრა ძლიერად ითვლება, მას ყოველთვის თან ახლავს ბევრი მომდევნო ბიძგი, რომელთა რაოდენობა დროის გასვლასთან ერთად მცირდება. მიწისძვრის პირველ დღეს ასობით ბიძგი ჩავწერეთ, რომელიც ახლა მცირდება. ასეთი მომდევნო მიწისძვრების უმეტესობა ძალიან სუსტია, მხოლოდ აპარატურით რეგისტრირდება. თუმცა, ამ დღეებში რამდენიმე ათეული საშუალო ძალის მიწისძვრაც გამოერია. მათ შორის, ოდნავ უფრო ძლიერებიც იყო, როგორიც 8 სექტემბერს ღამით მოხდა, 21 საათსა და 50 წუთზე. 9 სექტემბერს 12 საათსა და 36 წუთზე კიდევ მოხდა მიწისძვრა, მათი მაგნიტუდა დაახლოებით 4,4–4,5–ის ტოლი იყო. ის საკმაოდ ინტენსიურად იგრძნობოდა ეპიცენტრულ ზონაში.

– მართალია, რომ მიწისძვრის მეორე დღეს კიდევ 7 სუსტი მიწისძვრა მოხდა?

– 7–ზე გაცილებით მეტი მიწისძვრა მოხდა, მაგრამ ეს 7 იყო ისეთი, რომელთა მაგნიტუდაც 3–ზე მეტი იყო. პირველი მიწისძვრის შემდეგ სრულიად კანონზომიერია, მომდევნო სუსტი მიწისძვრები. ეს აუცილებლად მოხდება, რაც გვიჩვენებს, რომ ავტოშოკური პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. მომდევნო მრავალი მიწისძვრა შემაშფოთებელი არ არის. პირიქით, ალბათ უფრო შემაშფოთებელი იქნებოდა, უცებ რომ შეწყვეტილიყო. მაშინ ეს მიანიშნებდა, რომ ძლიერი მიწისძვრა კიდევ მზადდება.

– რამდენ დღეში შეწყდება ეს ბიძგები?

– საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება, ოღონდ დასუსტდება და თანდათან შენელდება. ეს პროცესი ძველ სეისმურ რეჟიმს რამდენიმე თვის შემდეგ დაუბრუნდება.

– თქვენ ბრძანეთ, პატარა ბიძგები რომ არ ყოფილიყო, უფრო შემაშფოთებელი იქნებოდაო. დიდი მიწისძვრის შემდეგ მეორე დიდი მიწისძვრა მომხდარა?

– ხდება ხოლმე, მაგრამ ძალიან იშვიათად. ნაკლებად მოსალოდნელია ისეთივე ბიძგი განმეორდეს საქართველოში უახლოეს მომავალში. ამჟამად მიწისძვრის ეპიცენტრი და მთავარი ბიძგი ონის მახლობლად იყო და შესაბამისად, ის პატარა ბიძგებიც ონის მახლობლად დაფიქსირდა.

– რუსეთის სეისმოლოგებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბიძგები იგრძნობოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთში, სომხეთში, რუსეთის სამხრეთშიც.

– მიწისძვრა მოხდა ონთან, მაგრამ ბიძგები იგრძნობოდა მთელს კავკასიაში.

– საქართველოში სეისმოლოგიური რუკა არსებობს, მაგრამ თბილისის მიკროდარაიონების რუკის შედგენა საშური საქმეა, რადგან თითქმის მთელი საქართველო დედაქალაქშია.

– სეისმური საშიშროების რუკაზე მუშაობა 1999 წელს დასრულდა. სამწუხაროდ, ეს რუკა ნორმატიულ აქტად ვერ იქცა, რადგან ეს მთავრობის გადასაწყვეტია. ვფიქრობ, ახლა ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ ის რუკა ძალაში შევიდეს, თუმცა, იგი უკვე მოძველებული იქნება. სამეცნიერო მეთოდი მიწისძვრების შესახებ ძალიან სწრაფად იცვლება, ამიტომ, სადღაც 5 წელიწადში ერთხელ ასეთი რუკების განახლება უნდა ხდებოდეს.

– თბილისის მიკროდარაიონების რუკის შედგენაც საჩქაროა?

– არა მარტო თბილისის, დიდი ქალაქების სეისმური მიკროდარაიონების რუკა რომ შედგეს, ძალიან კარგი იქნებოდა. ამ საქმის სპეციალისტები თვლიან, რომ ამ რუკის არსებობა აუცილებელია.

– მსმენია, რომ კალიფორნიაში 7–ბალიანი მიწისძვრის დამანგრეველ შედეგებს ამ რუკის დახმარებით გადაურჩნენ.

– საშიშროება სწორად უნდა შეფასდეს. უნდა შეიქმნას სეისმური საშიშროების რუკა, რაზეც დაეფუძნება მშენებლობა. მაშინ ჩვენც მივაღწევთ ისეთ შედეგს, რასაც კალიფორნიასა და იაპონიაში აღწევენ, როცა 7–მაგნიტუდიანი ძლიერი მიწისძვრები უმსხვერპლოდ მთავრდება ხოლმე.

– საქართველოს მთაგორიანი რელიეფი ძლიერ მიწისძვრებს (მაგნიტუდა 5–დან) ყოველ 10 თვეში ერთხელ განიცდის?

– საბედნიეროდ, გაცილებით იშვიათად ხდება ძლიერი მიწისძვრები. 6 მაგნიტუდის მიწისძვრა ჩვენში რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხდება, საშუალოდ 10 წლიანი შუალედით. ბოლოს ასეთი ძლიერი მიწისძვრა, ახლა რომ მოხდა, 1992 წლის შემდეგ არ ყოფილა საქართველოში.

– რაჭაში 1991 წელს მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას მაშინ მოუმზადებელნი შევხვდით?

– შედარებითია ყველაფერი, მაშინ დაახლოებით 200 ადამიანი დაიღუპა, ერთი სოფელი კი მთლიანად დაიმარხა, მაგრამ ალბათ მაინც გადავრჩით, რადგან მიწისძვრის ეპიცენტრი, ფაქტობრივად, დაუსახლებელ ტერიტორიაზე იყო, თანაც მიწისძვრა დღისით მოხდა, როცა მოსახლეობა გარეთ იყო გასული, დაახლოებით დღის 1 საათსა და 12 წუთზე. ეს დაახლოებით იმავე სიძლიერის მიწისძვრა იყო, როგორიც სპიტაკში, სადაც 25 ათასი ადამიანი დაიღუპა. შეუდარებლად დიდი მსხვერპლი იყო სპიტაკში. მართალია, სპიტაკის მიწისძვრა ღამით არ მომხდარა, როცა მსხვერპლის ალბათობა უფრო მეტი იყო, მაგრამ მოხდა ზამთარში. ასეთ დროს წელიწადის დროებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ანუ ზამთარი იყო, ცუდი ამინდი, ხალხი შენობებში შეკეტილიყო.

– იაპონიაში სახლებს ათბალიან მიწისძვრაზე გათვლით აშენებენ, თბილისში 7 ბალიანზე გათვლაც საკმარისია?

– 1992 წლის რუკის მიხედვით, თბილისი 8 ბალიან ზონად ითვლებოდა და შესაბამისად, სახლები 8 ბალის გათვლაზე უნდა აშენებულიყო. სხვათა შორის, მანამდე 7 ბალზეც შენდებოდა, რაც თუ კარგად აშენდებოდა, ესეც დიდი საქმე იქნებოდა. ამ ნორმების მიხედვით რომ აეშენებინათ, 2002 წელს მომხდარ თბილისის მიწისძვრას ის მძიმე შედეგი არ მოჰყვებოდა. 7 ბალზე გათვლილი შენობა ცოტა არ არის თბილისისთვის. იაპონიაში რომ აშენებენ 10 ბალზე, ეს ბალები ცოტა საეჭვოა, რადგან იაპონიაში ათვლის სხვა სისტემა აქვთ. საერთოდ, სეისმურ ნორმებში ბალის სისტემა უკვე მოძველებული ტერმინია. იაპონიაში იმიტომ აშენებენ 10 ბალიანის გათვლით, რომ იქ სეისმურობა გაცილებით მეტია. ისეთი ტიპის მიწისძვრები, როგორიც კალიფორნიასა და იაპონიაში ხდება, საბედნიეროდ, ჩვენთან არ მოხდება.

– ამ მიწისძვრის შესახებ წინმსწრები ინფორმაცია არ გქონდათ?

– არა, პროგნოზირება ცალკე საკითხია. ისე როგორც სხვა ცენტრებში, ჩვენც ამ საკითხზე ვმუშაობთ, მაგრამ საერთოდ პროგნოზის პრობლემა ჯერ არ არის გადაჭრილი.

– თუმცა, გამონაკლისის სახით, ჩინეთში მოხერხდა მიწისძვრის პროგნოზირება.

– დიახ, ჩინეთში 1974 წელს პროგნოზირება მოხერხდა, მაგრამ ორი წლის შემდეგ დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი დაიღუპა გვერდით რაიონში მომხდარი მიწისძვრისგან, იქ კი აღარ მოხერხდა ხალხის გადარჩენა. პროგნოზს მაშინ აქვს აზრი, როცა სისტემატურად გადაარჩენ ადამიანებს.

– ყველა მიწისძვრის 80% წყნარ ოკეანეში ხდება? კავკასიის შემთხვევაში, პრობლემა ისაა, რომ არაბეთის ფილა წინ მოიწევს?

– ყველა მიწისძვრა იმის გამო ხდება, რომ დედამიწაზე ლითოსფერული ფილები მოძრაობენ. წყნარ ოკეანეშიც ეს ხდება, რადგან წყნარი ოკეანის ფილა ეჯახება კონტინენტურ ფილას და ჩვენთანაც იწვევს მიწისძვრას. ძლიერი მიწისძვრების 80–90%, შეიძლება ცოტა მეტიც, წყნარი ოკეანის რკალზე ხდება.

– რატომ წყნარ ოკეანეში?

– იქ აქტიური მოძრაობა განსაკუთრებით ინტენსიურია. თუმცა, 5 წლის წინ ინდოეთის ოკეანეშიც ძალიან ძლიერი მიწისძვრები მოხდა, ამას დიდი ცუნამიც მოჰყვა. საბედნიეროდ, ჩვენთან ასეთი ინტენსიური მოძრაობა არ შეიმჩნევა, თითქმის 10–ჯერ უფრო ნაკლებია დეფორმაციების ინტენსიობა, ვიდრე წყნარ და ინდოეთის ოკეანეებში.

– მართალია, რომ არაბეთის ფილა ჩრდილოეთისკენ მოძრაობს და კავკასიას უბიძგებს? ჩრდილოეთით კავკასიას კი საზღვრავს რუსეთის ფილაქანი, რომელიც უძრავია და ამ წნეხის გამო ხდება ჩვენში მიწისძვრები?

– არაბეთის ფილაქანი წელიწადში დაახლოებით 26 მილიმეტრი სიჩქარით ჩრდილოეთისკენ მოძრაობს. ამ დაწოლის გამო მთელ ამ ზოლზე მიწისძვრები ხდება. საბედნიეროდ, ჩვენამდე ნაკლებად აღწევს, რადგან გზაზევე იხარჯება ეს ენერგია. თურქეთის, ანატოლიის გასწვრივ, ირანში მომხდარი მიწისძვრები ამით აიხსნება. მათ შორის, ამ ზოლზეა სომხეთი, შემდეგ საქართველო. ამიტომაა კავკასია სეისმური. ამ საკითხების შესწავლა ჩვენთან გარკვეული პერიოდის ჩავარდნის შემდეგ დაიწყო. 90–იან წლებში აპარატურასთან დაკავშირებული პრობლემები გვქონდა. 2003–04 წლიდან კი ახალი აპარატურით სეისმური სადგურების აღჭურვა და სხვა ხელსაწყოებით დაკვირვებაც დაიწყო. ამიტომ ახალი სეისმური საშიშროების რუკა რომ შედგება, გაცილებით კარგი იქნება.

– ხელოვნურ მიწისძვრას პროფესიონალები გამორიცხავთ? სპიტაკის ამბებს ეშერის სადგურს აბრალებდნენ.

– სპიტაკის მიწისძვრა ნამდვილად არ იყო ხელოვნური. არცერთი ძლიერი მიწისძვრა ხელოვნურად გამოწვეული არ ყოფილა. ეშერის სადგურს სხვა ფუნქცია და დატვირთვა ჰქონდა. მართალი გითხრათ, ტექტონიკურ მიწისძვრასა და ტექტონიკურ იარაღზე მიდიოდა მუშაობა, მაგრამ მიწისძვრის სადმე გამოწვევა შეუძლებელია. ეშერაში ჩვეულებრივი სეისმური ლაბორატორია, სადგური იყო, ოღონდ ეს ექვემდებარებოდა თავდაცვის სამინისტროს. იქ სხვანაირი, აკუსტიკური დაკვირვებებიც ხდებოდა, მაგრამ ტექტონიკურ იარაღთან ამას არანაირი კავშირი არ ჰქონდა.

– მიწისძვრის დროს რა თავდაცვითი მექანიზმი გამოიყენება?

– ამ ბოლო მიწისძვრის დროს ქალბატონიც გადმომხტარა მეორე სართულიდან და დაშავებულა. არადა, მარტივად შეიძლება თავის გადარჩენა: საერთოდ, არაა საჭირო შენობიდან გასვლა, შენობაში ფანჯრებიდან, კარადებიდან მოშორებული უსაფრთხო ადგილი უნდა მოვნახოთ, რათა იქიდან რამე არ ჩამოვარდეს. კედელთან დადგომა შეიძლება.

– კიბეებზე დაშვებაც საშიში ყოფილა, რადგან ის ადვილად იმსხვრევა, რომ არაფერი ვთქვათ ლიფტში შესვლაზე.

– დიახ, სახლიდან გასვლა რეკომენდებული არ არის. თუ შენობაში ხართ, სანამ რყევა არ დამთავრდება, შენობაში უნდა დარჩეთ. თუ გარეთ ხართ, შენობებს უნდა მოშორდეთ. ბავშვებმა საჭიროა იცოდნენ, რომ სკოლაში მყარი მაგიდის, მერხის ქვეშ დაიმალონ, ამ ელემენტარულმა ხერხმა ბევრი გადაარჩინა. ბევრი ინსტრუქცია არსებობს, მაგრამ ყველას მარტივი წესები ჯობს. რაც უფრო მარტივია წესი, მით უფრო ადვილია შესასრულებლად.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close