არქივი

warcraft – ბრძოლის ხელოვნება (თავი 4 )

c307e4a6f1d7

ბრძოლის ხელოვნების ისტორიის გაგრძელება.

ნაწილი I
ნაწილი II
ნაწილი III

უკანასკნელი მცველი (45 წელი პირველ ვარკრაფტამდე)
————————————
ტირისფალელი მცველი, აეგვინი, მას შემდეგ რაც სარგერასის განსხეულებას შეებრძოლა, კიდევ თითქმის ცხრაას წელიწადს აგრძელებდა თავისი მოვალეობის შესრულებას. მისი ძლიერება თანდათან იზრდებოდა და ბოროტი არსებები ზედიზედ ირეცებოდნენ მისი დარტყმების ქვეშ. იზრდებოდა აგრეთვე მისი თავდაჯერებაც. მას გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ სარგერასი თავის ხორციელ გარსთან ერთად დაიღუპა და აღარასოდეს დაბრუნდებოდა სამყაროს სივრცეებზე. მიუხედავად ამისა, ბოლოს და ბოლოს ტირისფალის საბჭომ გადაწყვიტა, რომ დადგა დრო ახალი მცველის არჩევისა და იმ ძალების მასზე გადაცემისა, რომელიც აქამდე აეგვინს ჰქონდა მინიჭებული. მათ უბრძანეს აეგვინს დალარანში დაბრუნება და საბჭოს გადაწყვეტილების შესრულება. თუმცა ამ დროისათვის მცველს საბოლოოდ ჰქონდა დაკარგული ტირისფალის საბჭოსადმი ნდობა და პატივისცემა. მან გადაწყვიტა თავად აერჩია შემცვლელი.

ამაყ აეგვინს გადაწყვეტილი ჰქონდა ვაჟის გაჩენა, რათა თავისი ძლიერება მემკვიდრეობით გადაეცა მისთვის. იგი არ აპირებდა ხელი შეეწყო საბჭოსათვის მომავალი მცველის მართვაში, ისე როგორც მას მართავდნენ. სრულყოფილი მამაკაცი, რომელიც მან თავისი ვაჟის მამად აარჩია, აეგვინმა სამხრეთ აზეროტში მოგზაურობისას იპოვა. ეს იყო სასახლის კარის მრჩეველი და მაგიკოსი ნიელას არანი. აეგვინმა მოხიბლა იგი და მალე დაფეხმძიმდა კიდეც მისგან. ნიელასის ბუნებრივი ნიჭი ჯადოსნობისა თან დაჰყვა ჯერ კიდევ გაუჩენელ ბავშვს და განაპირობა ის საბედისწერო ნაბიჯები, რომელიც მომავალში უნდა გადაედგა მას. ტირისფალის ძლიერებაც აგრეთვე ჩაინერგა ნაყოფში, თუმცა ამ ძალას თავი მხოლოდ ხორციელი სიმიწიფის ასაკში უნდა ეჩინა.

ცხრა თვის შემდეგ, აეგვინმა მყუდრო ჭალაში იმშობიარა და ახალშობილ ვაჟს მედივჰი დაარქვა, რაც მაღალი ელფების ენაზე საიდუმლოებათა მცველს ნიშნავს. აეგვინს სჯეროდა, რომ ბავშვი მის შემცვლელად გაიზრდებოდა. სამწუხაროდ, სარგერასის ბოროტმა სულმა, რომელიც დედის სხეულში ბუდობდა, შვილის სხეულშიც გაიდგა ფესვები. აეგვინს წარმოდგენაც კი არ შეეძლო, რომ მსოფლიოს მომავალი მცველი უკვე დედის წიაღშივე ჰყავდა შეპყრობილი მსოფლიოს უდიდეს მტერს.

დარწმუნებულმა, რომ მისი შვილი ჯანსაღი და ძლიერი იყო, აეგვინმა იგი აღსაზრდელად მამას და მის ნათესავებს მიაბარა, თავად კი უდაბურ მხარეებს მიაშურა. ამის შემდეგ იგი განმარტოებით დაეხეტებოდა და ემზადებოდა საიქიოს მისაღებად, როგორიც არ უნდა ყოფილიყო იგი. მედივჰი კი ჯანმრთელ ბავშვად იზრდებოდა და აზრადაც არ მოსდიოდა თუ რა ძალას ეძინა მასში.

სარგერასი ელოდა დროს, როდესაც თავი უნდა ეჩინა ბავშვში დამალულ ძლიერებას. როდესაც მედივჰმა ყმაწვილობის ასაკში შეაბიჯა, მტელმა აზეროტმა გულით შეიყვარა იგი, რადგან მრავალი გმირობა ჩაიდინა თავსი ჯადოსნობის მეშვეობით. მას ორი გულითადი მეგობარი ჰყავდა, აზეროტის უფლისწული ლიანი და ანდუინ ლოტარი, ძველი არატების ერთერთი უკანასკნელი ჩამომავალი. სამი მეგობარი ხშირად მიემართებოდა ერთად თავგადასავლების საძიებლად და მიუხედავად იმისა, რომ მათი ცელქობა ხშირად უსიამოვნებებით მთავრდებოდა, ხალხი მათ ყველაფერს პატიობდა.
როდესაც მედივჰი თოთხმეტი წლისა შესრულდა, მასში ჩადებულმა სოფლიოურმა ძალებმა გაიღვიძეს…

თავი 3: დრაენორის დაღუპვა
***********************

კილ’ჯაედენი და ჩრდილოვანი საბჭო
————————

დაახლოებით იმავე დროს, როდესაც აზეროტში მედივჰი მოევლინა ქვეყანას, კილ’ჯაედენ ცბიერმა გამრუდებულ ფსკერზე თავისი მსახურთა მომზადება დაიწყო, რათა თავისი ბატონის, სარგერასის ბრძანების შესაბამისად, განეხორციელებინა ცეცხლოვანი ლეგიონის მეორე შეჭრა აზეროტში. იგი ყოველნაირად ცდილობდა, რომ არცერთი შეცდომა არ დაეშვა. კილ’ჯაედენმა გადაწყვიტა ახალი ძალა მოეძებნა, რომელიც მოწინავე ლაშქრის როლს შეასრულებდა და პირველ დარტყმას განახორციელებდა. იგი ფიქრობდა, რომ ამ ძალის დამარცხების შემთხვევაშიც კი, აზეროტის დამცველნი, ელფები და დრაკონები, უკვე იმდენად დასუსტებულნი იქნებოდნენ, რომ ლეგიონისათვის წინააღმდეგობის გაწევა მათთვის შეუძლებელი იქნებოდა.

სწორედ იმ ხანებში კილ’ჯაედენმა სამყაროს სიღრმეებში დიდი და ნაყოფიერი მსოფლიო, დრაენორი აღმოაჩინა. ეს მსოფლიო მომთაბარე, შამანური რწმენის მიმდევარი ორკებითა და მშვიდობისმოყვარე დრაენებით იყო დასახლებული. კეთილშობილი ორკები თავისუფლად დანავარდობდნენ დრაენორის გაშლილ ტრამალებზე, ხოლო ცნობისმოყვარე დრაენები კი მოუხეშავ ქალაქებს აგებდნენ ციცაბო კლდეებს შორის. ცბიერმა დემონმა სწორად განსაზღვრა, რომ დრაენორის მცხოვრებნი, მათი მოქმედებების საჭირო კალაპოტში მიშვების შემთხვევაში, უდიდესი ძალა იქნებოდნენ ლეგიონის სამსახურში.

ამ ორი რასიდან კილ’ჯაედენმა მებრძოლი სულის ორკები ამოარჩია და მათი დამონების გეგმაც შეიმუშავა. მან დაიმორჩილა უხუცესი ორკი შამანის, ნერ’ზულის სული, ისევე, როგორც საუკუნეებით ადრე სარგერასმა დაიმორჩილა აჟარა. ცბიერი შამანის შემწეობით, დემონთა მბრძანებელმა მრისხანებისა და ველურობის გაღვივება დაიწყო ორკებში. გავიდა დრო და აქამდე მშვიდობიანი ერი სისხლისმსმელ ტომად გადაიქცა. კილ’ჯაედენმა ორკებს ბოლომდე დასამორჩილებლად უკანასკნელი ნაბიჯისკენ უბიძგა მათ, რათა ისინი საბოლოოდ გამხდარიყვნენ მკვლელობის სურვილით შეპყრობილნი. მაგრამ, აქ ნერ’ზული მიხვდა, რომ მის ხალხს სიძულვილის მარადიული ტყვეობა ემუქრებოდა და შეეცადა ხელი შეეშალა კილ’ჯაედენისათვის.

ნერ’ზულის განდგომით გაბრაზებულმა დემონმა გადაწყვიტა სხვა მსახური ეპოვნა. და მან იგი მოხუცი შამანის პატივმოყვარე მოწაფის, გულ’დანის სახით იპოვნა. იგი შეჰპირდა ახალგაზრდა ორკს, რომ ერთგულების შემთხვევაში განუზომელი ძლიერებით დააჯილდოებდა. გულ’დანიც ხარბად დაეწაფა დემონურ ცოდნას და მალე უძლიერეს მოკვდავ გრძნეულად გადაიქცა, რომელიც კი ოდესმე არსებულა ამქვეყნად. იგი სხვა ახალგაზრდებსაც ასწავლიდა საიდუმლო ხელოვნებას და ყოველნაირად ცდილობდა აღმოეფხვრა მანამდე გაბატონებული შამანური რწმენა და წესჩვეულებები. გულ’დანმა თავის თანამოძმეთ ახალი ჯადოსნობის გემო გაასინჯა, ჯადოსნობისა, რომელიც სიკვდილის სიმყრალით იყო გაჟღენთილი.

ორკებზე დადებული ბორკილების კიდევ უფრო გასამაგრებლად კილჯაედენმა გულ’დანს ჩრდილოვანი საბჭოს დაარსება ჩააგონა. ეს საიდუმლო ერთობა მართავდა კლანებს და და ავრცელებდა გრძნეულთა ჯადოსნობას დრაენორში. და რაც უფრო მეტად შეისწავლიდნენ ორკები ამ მაგიას, მით უფრო შავბნელი ხდებოდა ოდესღაც მშვენიერი ველები და მდინარეები დრაენორისა. ბოლოს და ბოლოს ორკების სამშობლო ტრამალებისაგან მხოლოდ გადამწვარი მიწა დარჩა. დემონთა ძალები ნელნელა კლავდნენ მსოფლიოს.

ურდოს გამოსვლა
——

გულ’დანისა და ჩრდილოვანი საბჭოს ძალაუფლებაში მოქცეული ორკები დღითი დღე უფრო ავდებოდნენ და ბოროტდებოდნენ. ისნი აწყობდნენ დიდ საასპარეზო მოედნებს, სადაც მეომრები თავიანთ საბრძოლო ხელოვნებას ხვეწდნენ.

გავიდა დრო და რამდენიმე კლანის მეთაურმა გაიაზრა რაც ხდებოდა. ისინი შეითქვნენ და გადაწყვიტეს მათი ერის დაცემის წინააღმდეგ გამოსულიყვნენ. ერთ ერთი მათგანი, ფროსტვულფის კლანის მეთაური დუროტანი აფრთხილებდა სხვა ორკებს, რომ სიძულვილს აყოლილნი, ისინი საკუთარ მეობას კარგავდნენ. მაგრამ ორკები ყრუ იყვნენ მისი სიტყვებისადმი. უძლიერესი ბელადები, როგორიც იყო მაგალითად გრომ ჰელსქრიმი, ვარსონგის კლანის მეთაური, მტკიცედ ადგნენ გზას, რომელიც ომის ქარცეცხლისაკენ მიემართებოდა.

კილ’ჯაედენი უკვე დარწმუნებული იყო ორკების მორჩილებაში, მაგრამ რათა საბოლოოდ გაექრო ყოველი ეჭვი, მან ჩრდილოვან საბჭოს საიდუმლოდ გამოაძახებინა მანოროტ დამანგრეველი, მრისხანებისა და განადგურების მოარული განსახიერება. გულ’დანმა შეკრიბა კლანების მეთაურები და ამცნო მათ, რომ მანოროტის სისხლის დალევის შემთხვევაში ისინი უძლეველნი გახდებოდნენ. გრომ ჰელსქრიმის წინამძღოლობით, ყველა ბელადმა შესვა დემონის სისხლი, გარდა დუროტანისა. ამრიგად კლანების წინამძღოლებმა თავად გადასცეს მათზე მბრძანებლობა დემონებს და მათდაუნებურად ბოროტების ტყვეობაში თავიანთი თანამოძმეებიც მოაქციეს, რომელთაც მომხდარზე არაფერი იცოდნენ.

ხოლო სისხლის წყურვილით შეპყრობილი ორკები მზად იყვნენ გაენადგურებინათ ყველა, ვინც კი მათ წინ გადაუდგებოდათ. გულ’დანმა გადაწყვიტა რომ დადგა დრო. მან აქამდე დაქსაქსული კლანები ერთ მძლავრ და შეუჩერებელ ურდოდ შეკრა. იგი ხვდებოდა, რომ მალე, უძლიერესი ბელადები, როგორებიც იყვნენ გრომ ჰელსქრიმი და ორგრიმ დუმჰამერი, პირველობის მოსაპოვებლად აუცილებლად შეეჯახებოდნენ ერთმანეთს. ამიტომ სასწრაფოდ დასვა ურდოს მეთაურად თავისი მონამორჩილი, შავხელად წოდებული ორკი სარდალი. შავხელას მეთაურობით, ურდოს თავისი პირველი გამოცდა უნდა ჩაებარებინა. ორკების წინაშე დრაენები იდგნენ.

დაახლოებით ორი თვის მანძილზე მიმდინარე ომში ორკებმა თითქმის მთლიანად მოსპეს დრაენები. ამ უკანასკნელთა მხოლოდ მცირედმა რაოდენობამ მოახერხა დასხლტომოდა მტირს ულმობელ ხელს. გამარჯვებით გულმოცემული გულ’დანი ზეიმობდა ურდოს ძლევამოსილებას. მაგრამ მან იცოდა, რომ ახალი მტრის გარეშე ურდოს არეულობა ელოდა ორკების დაუცხრომელი ბრძოლისმოყვარეობის გამო.

ხოლო კილ’ჯაედენი დარწმუნდა, რომ ურდო მზად იყო საბრძოლველად. ორკები ცეცხლოვანი ლეგიონის უდიდეს იარაღად გადაიქცნენ. ცბიერმა დემონმა დაუყოვნებლივ აცნობა თავის მბრძანებელს ყოველივე და სარგერასმაც გადაწყვიტა, რომ დადგა მისი შურისძიების დრო.

თავი 4: ალიანსი და ურდო
*********************

ბნელი კარიბჭე და სტორმვინდის დაცემა
(WarCraft: Orcs and Humans)
——————————————

სანამ კილ’ჯაედენი ურდოს აზეროტში შეჭრისთვის ამზადებდა, მედივჰი თავისი სულის გადასარჩენად ებრძოდა სარგერასს. მეფე ლიანი, სტორმვინდის კეთილშობილი მმართველი, შეშფოთებული იყო ძველი მეგობრის მდგომარეობით და თავისი შიში მეფე ლოტარს გაუზიარა, რომელიც მისი უახლოესი თანამებრძოლი იყო. მათ წარმოდგენაც არ შეეძლოთ, თუ რა შედგებს მოიტანდა ის სიგიჟის წყვდიადი, რომელშიც ნელნელა იძირებოდა მედივჰის ცნობიერება.

ხოლო სარგერასმა კი თავისი საბოლოო სიტყვით მიმართა გულ’დანს და დიადი ძლიერება აღუთქვა იმ შემთხვევაში, თუ ორკები აზეროტში შეიჭრებოდნენ. მან მედივჰის მეშვეობით ამცნო გრძნეულს ზღვის ფსკერზე მდებარე აკლდამის შესახებ, სადაც, თითქმის ათასი წლით ადრე, მცველმა აეგვინმა სარგერასის დაჩეხილი სხეული ჩამარხა. და რომ ამ სხეულის პოვნის შემთხვევაში გულ’დანი ღმერთის დარი გახდებოდა. ორკ შამანს ეს ჭკუაში დაუჯდა და დათანხმდა. სარგერასმაც, დარწმუნებულმა იმაში, რომ ურდო დანაპირებს შეასრულებდა, შეტევის დაწყება ბრძანა.

მედივჰმა და ჩრდილოვანი საბჭოს ჯადოქრებმა დიდის გაჭირვებით მოახერხეს განზომილებათაშორისი გასასვლელის, ბნელი კარიბჭის გახსნა, რომელმაც ერთმანეთთან დააკავშირა აზეროტი და დრაენორი. იგი საკმაო ზომისა იყო საიმისოდ, რომ მასში რაზმეულებს გაევლოთ. გულ’დანმა მზვერავები გაგზავნა, რომლებიც მალე დაბვრუნდნენ და ამბავი მოიტანეს რომ აზეროტის დაპყრობას წინ არაფერი ედგა.

ბელადი დუროტანი, რომელიც კვლავ დარწმუნებული იყო, რომ გულ’დანს ორკები დაღუპვისაკენ მიჰყავდა, კვლავ გამოვიდა მის წინააღმდეგ. მან ამხილა გრძნეულთა ცბიერება და გააფრთხილა თანამოძმეები, რომ ისინი ორკების კეთილშობილი სულის გაქრობას ესწრაფვოდნენ და ეს ლაშქრობა დამღუპველი იყო. გულ’დანმა ვერ გაბედა სახელოვანი გმირის მოკვლა, რადგან ორკებს უყვარდათ დუროტანი, მაგრამ მეტის მოთმენას იგი აღარ აპირებდა. ამიტომ ფროსტვულფის კლანი და მისი ბელადი განკვეთილ იქნენ ურდოდან და გაძევებული ახალი მსოფლიოს სივრცეებისაკენ.

განაჩენის გამოტანის შემდეგ, ყინულის მგლებმა კარიბჭეში შეაბიჯეს. მათ მხოლოდ რამდენიმე კლანი მიჰყვა. განკვეთილმა ხალხმა თავისი ბანაკი შავი ჭანჭრობის მიდამოებში დასცა, პირქუშ და ჭაობიან მხარეში სტორმვინდის აღმოსავლეთით. როგორც კი ორკებმა ბანაკიდან გასვლა და ახალი მიწების შესწავლა დაიწყეს, მათ მყისვე შეეჯახნენ სტორმვინდელი ადამიანები. ეს შეტაკებები ხანმოკლე იყო და უცებ მთავრდებოდა, მაგრამ მიუხედვად ამისა, მათ თვალსაჩინოდ წარმოაჩინეს ორივე მოქიშპე ერის ძლიერი და სუსტი მხარეები. ლიანსა და ლოტარს არ ჰქონდათ ზუსტი ცნობები ორკების რიცხოვნობის შესახებ და ამიტომ მხოლოდ მარჩიელობა შეეძლოთ მათ ნამდვილ რაოდენობაზე.

რამდენიმე წლის შემდგომ კი ურდოს მთავარმა ნაწილიც გადმოვიდა აზეროტში და გულ’დანმა გადაწყვიტა რომ დადგა დრო პირველი დარტყმის განსახორციელებლად. ურდო მთელი თავისი ძლირებით დაატყდა თავს სტორმვინდს, რომელიც საფრთხეს არსაიდან არ ელოდა.

აზეროტის დამცველთა და ურდოს შეჯახებას მალე შიდა განხეთქილება მოყვა ორივე მებრძოლ ბანაკს შიგნით. ლიანი, სტორმვინდის მეფე, ორკებს ანგარიშგასაწევ ძალად არ თვლიდა და უშფოთველად აგრძელებდა თავისი სახელმწიფოს დაცვას. მისგან განსხვავებით, ლოტარს მიჩნდა რომ საჭირო იყო მკვეთრი ზომების მიღება და შეტევაზე გადასვლა. გარკვეული ხნის მანძილზე იგი ყოყმანობდა, მიჰყოლოდა მეფის აზრს, თუ დამოუკიდებლად ემოქმედა. ბოლოს მან მეორე აირჩია და მედივჰის ციხესიმაგრეს, კარაზანს დაესხა თავს. მას ჯადოქრის ახალგაზრდა მოწაფე, ხადგარი ეხმარებოდა. თავდამსხმელებმა წარმატებით განახორციელეს ჩაფიქრებული გეგმა. მედივჰი, რომელიც ლოტარს ომის მიზესზად მიჩნდა, მოკლული იქნა ბრძოლის დროს. სარგერასისი სული ამის გამო სამყაროს ბნელ უფსკრულებში გადავარდა. ლოტარს და ხადგარს კი აზრადაც არ მოსვლიათ, თუ რა ძალა განდევნეს აზეროტიდან. ხოლო მედივჰის სული, ტიტანის მარწუხებიდან თავისუფალი, კვლავ გაცოცხლდა და სამოგზაუროდ გაემგზავრა მარადიულ ვარსკვლავიერ ბილიკებზე.

მოუხედავად მედივჰის დამხობისა, ორკები კვლავ აგრძელებდნენ თავიანთ ლაშქრობას. ურდოს გამარჯვების მოახლოებასთან ერთად, ორგრიმ დუმჰამერი, ერთერთი უპირველესი ბელადი ორკ წინამძღოლთა შორის, ნელნელა ეჭვებმა შეიპყრო და მიხვდა რომ მისი ხალხი დემონთა მორჩილებაში იყო მომწყვდეული. ამავე დროს, დუროტანი, გაძევებულთა მეთაური, დაბრუნდა ურდოში და არწმუნებდა დუმჰამერს, რომ გულ’დანს მხოლოდ საკუთარი სარგებელი ამოძრავებდა. მაგრამ გრძნეულს ეს არ გამოეპარა და ერთ დღეს მისმა მკვლელებმა დუროტანი და მისი ოჯახი მთლიანად ამოწყვიტეს. ცოცხალი გადარჩა მხოლოდ მცირეწლოვანი ძე დუროტანისა, რომელიც ადამიანმა, ვინმე აედელას ბლეკმურმა იპპოვა და მონად აიყვანა.

ამ პატარას, მომავალში, ორკების უდიდეს ბელადად გახდომა ეწერა.

დუროტანის სიკვდილით განრისხებულმა ორგრიმმა თავის თავზე აიღო ძალაუფლება. მან მოკლა გულ’დანის მორჩილი შავხელა და თავად ჩაუდგა სათავეში ურდოს. დუმჰამერის წინამძღოლობით ორკებმა საბოლოო დარტყმა მიაყენეს სტორმვინდს და აიღეს იგი. მეფე ლიანი, რომელმაც თავის დროზე სათანადოდ ვერ შეაფასა მომხვდურთა ძალა, უმწეოდ უცქერდა თავისი სამეფოს დაცემას. იგი მოკლული იქნა ჩრდილოვანი საბჭოს საუკეთესო მკვლელის, ნახევრად ორკის, გარონას მიერ.

ლოტარს და მისი მებრძოლებს, რომლებიც კარაზანიდან ბრუნდებოდნენ და იმედი ჰქონდათ რომ დაეხმარებოდნენ თავიანთ სამშობლოს, სტორმვინდის ადგილზე მხოლოდ აბოლებული ნანგრევები დახვდათ. ურდო ბატონობდა ირგვლივ და ახალ-ახალ მიწებს იპყრობდა. ლოტარმა ჯერჯერობით გაუჩინარება გადაწყვიტა, მაგრამ მანამდე მან და მისმა მეომრებმა მრისხანე ფიცი დადეს, რომ რადაც არ უნდა დაჯდომოდათ, სამშობლოს დაიბრუნებდნენ.

ლორდაერონის კავშირი
(WarCraft II: The Tides Of Darkness)
————————–
სტორმვინდის დაცემის შემდეგ, ლოტარმა ჯარის ნარჩენებით ჩრდილოეთს მიაშურა და ლორდაერონის სამეფოებს შეაფარა თავი. სამხრეთიდან მოსულმა ამბებმა ძალზე დააფიქრა ჩრდილოელი ადამიანები და იმ დასკვნამდე მიიყვანა ისინი, რომ დაქსაქსულობის შემთხვევაში ორკები ყოველგვარი სირთულის გარეშე დაიპყრობდნენ კაცთა მოდგმის მთელ სამფლობელოს. ამრიგად, შვიდი სამეფოს მესვეურნი შეიკრიბნენ და მტრის წინააღდეგ ერთიანი ძალებით გამოსვლაზე შეთანხმდნენ. ამ გაერთიანებას ლორდაერონის კავშირი ეწოდა. ლოტარი, რომელიც უმაღლეს მთავარსარდლად იქნა არჩეული, ორკების შემოტევის მოსაგერიებლად მომზადებას შეუდგა.

თავისი სარდლების, უთერ ლაითბრინგერის, ტურალიონისა და ფლოტის უფროსის დაელინ პრაუდმურის დახმარებით, ლოტარმა ლორდაერონის ადამიანები საერთო საფრთხის წინაშე დარაზმა. მათ კავშირი შეკრეს აგრეთვე აირონფორჯელ დვორფებთან. მცირერიცხოვანი დამხმარე ძალა მოვიდა ქველ’ტალასიდანაც. ელფებს ნაკლებად ადარდებდათ ადამიანთა ბედი, მაგრამ ლოტარი ძველი არატების შთამომავალი იყო, რომელთათვისაც დახმარების ფიცი ჰქონდათ მიცემული.

ურდომ, რომელსაც ახლა დუმჰამერი მეთაურობდა, დრაენორიდან ოგრები მოიხმო დამხმარეებად და ტყეებში დაფანტულ ამანის ტროლებს დაუკავშირდა. ორკების ლაშქრობა ხაზ მოდანის მხარეში და ლორდაერონის სამხრეთ ოლქებში წარმატებით დასრულდა. მათ ყველა მოწინააღმდეგე გაანადგურეს.

მეორე ომში მრავალი დიდი ბრძოლა მოხდა. იყო საზღვაო შეტაკებებიც და საშინელი ხერჩართული რკენაც. ორკებმა იმ ხანებში როგორღაც მოახერხეს და ხელში ჩაიგდეს დემონის სულად ცნობილი თილისმა და მისი მეშვეობით აიძულეს ძველ დრაკონთა დედოფალი, ალექსტრაზა, მათ სამსახურში ჩამდგარიყო. კეთილშობილი წითელი დრაკონები ურდოს მხარეზე დადგნენ ამ ომში, რომელიც მთელს ლორდაერონში, ხაზ მოდანსა და საკუთრივ აზეროტში მძვინვარებდა.

თავიანთი ჩრდილოური ლაშქრობის დროს ორკებმა არც ელფების მიწა დაინდეს და მათი სასაზღვრო ოლქები ააოხრეს. ამის შემდეგ ქველ’ტალასელებმა საბოლოოდ დაიკავეს კავშირის მხარე და ბრძოლაში ჩებნენ. ომმა ლორდაერონის უდიდესი ქალაქებისაგან მხოლოდ ნანგრევები დატოვა. დამხმარე ძალების უკმარისობის მიუხედავად, ლოტარმა და მისმა მოკავშირეებმა რამდენიმე მძიმე დარტყმა მიაყენეს მტერს და სანაპიროსკენ გარეკეს ისინი. თუმცა საბოლოო ჯამში უპირატესობამ ორკების მხარეს გადაინაცვლა და მეორე ომის დასასრულისთვის ურდოს გამარჯვება თითქმის გადაწყვეტილი საქმე იყო.

ორგრიმ დუმჰამერი თავის ლაშქარს საბოლოო შეტევისათვის ამზადებდა. ორკების წინაშე ლორდაერონის დედაქალაქი იყო. მისი აღება კავშირის საბოლოო განადგურებას ნიშნავდა. და სწორედ ამ დროს საბედისწერო მტრობამ გახლიჩა დრაენორელთა ბანაკი. გულ’დანმა, თავის მომხრეებთან ერთად, თანამოძმეები მიატოვა და ზღვის ფსკერზე ჩამალული სარგერასის აკლდამის საძებრად გაემართა. დაბნეული დუმჰამერი, რომელმაც ამ ღალატის წყალობით თითქმის ნახევარი ჯარი დაკარგა, იძულებული გახდა უკან დაეხია და ზურგი შეექცია თავისი უდიდესი გამარჯვებისათვის, რომელიც ასე ახლოს იყო.

ძალაუფლების წყურვილით შეპყრობილმა გულ’დანმა კი თავისი ხალხი სარგერასის აკლდამის ძებნის უიმედო გზას გაუყენა. ცბიერ შამანს, რომელმაც ერთხელ უკვე გაყიდა საკუთარი თანამოძმეები პირადი სარგებლობისათვის, არაფრად უღირდა დუმჰამერისა და დანარჩენი ორკების ბედი. გრიგალის მდინარისა და ბინდის უროს კლანების მხარდაჭერით მან მოახერხა და დაცემული ტიტანის გვამის ადგილსამყოფელს მიაგნო, მაგრამ, როდესაც მან გახსნა დაბეჭდილი სარკოფაგი, იქ მხოლოდ შეშლილი დემონები და საკუთარი აღსასრული ჰპოვა.

მოღალატის დასასჯელად დუმჰამერმა დაუყოვნებლივ დაძრა მდევარი, რომელთაც გულ’დანის მოკვლა და განდგომილთა საერთო ურდოში დაბრუნება ჰქონდათ ნაბრძანები. გულ’დანს მათ ცოცხალს ვეღარ მიუსწრეს, იგი დემონებმა დაგლიჯეს, რომლებიც მანვე გაანთავისუფლა სარგერასის აკლდამიდან საკუთარი განუსჯელობის გამო. უმეთაუროდ დარჩენილი განდგომილნი სწრაფად დამორჩილდნენ ორგრიმის ბრძანებას და კვლავ ურდოს რიგებს დაუბრუნდნენ. ამრიგად არეულობას ბოლო მოეღო, მაგრამ დანაკარგები, რომლებიც მის გამო განიოცადეს ორკებმა, აუნაზღაურებელი იყო. კავშირმა ამასობაში სული მოითქვა და ძალების გადაჯგუფება მოახერხა.

ლოტარმა გამოიყენა შინააშლილობა ურდოში და თავისი უკანასკნელი ძალების მოკრებით აიძულა დუმჰამერი სამხრეთისაკენ, გადამწვარი სტორმვინდისაკენ დაეხია. აქ კავშირის ჯარებმა უკუქცეული ორკები ბლექროკ სპეარის ვულკანურ სიმაგრეში მოიმწყვდიეს და გადამწყვეტი ბრძოლაში სასტიკად დაამარცხეს კიდეც. ამ სისხლიან შეტაკებაში დაიღუპა მეფე ლოტარიც, მაგრამ მისმა თანაშემწემ ტურალიონმა მოახერხა გამარჯვების შენარჩუნება და ორკები მწუხარების ჭანჭრობად ცნობილ უძირო ჭაობებში შერეკა. მისმა მეომრებმა დრაენორში გამავალი სივრცული კარიბჭეც გაანადგურეს, რათა იქიდან ახალი ძალები არ შემოსულიყვნენ. სამშობლოს მოწყვეტილი და შინააშლილობით მოცული ურდო საბოლოოდ გატყდა და მტერს დანებდა.

ორკების დაქსაქსული კლანები სწრაფად იქნენ ალყაში მოქცეულნი და საგანგებო ბანაკებში ჩაკეტილნი, რომლებსაც ფხიზლად დარაჯობდნენ კავშირის რაზმები. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ურდო განადგურდა, ბევრს ეჭვი ეპარებოდა იმაში, რომ მშვიდობა დიდხანს გასტანდა. ხადგარის რჩევით, რომელიც ახლა უმაღლესი ჯადოსნის ტიტულს ატარებდა, კავშირის მეთაურებმა ნეზერგარდის ციხესიმაგრე ააგეს, რათა თვალყური ედევნებინათ ბნელი კარიბჭის ნანგრევებისათვის და აღარ მომხდარიყო კიდევ ერთი შემოჭრა დრაენორიდან.

დრაენორის ლაშქრობა
(Warcraft 2X: Beyond the Dark Portal)
————————————-
მეორე ომის ქარცეცხლის ჩაქრობის შემედეგ, კავშირმა გადაწყვიტა უკვე თავის ხელში აეღო მოვლენათა მსვლელობის სადავეები და თავად მიეღო ზომები ორკთა საფრთხის აღმოსაფხვრელად. მოდიოდა ცნობები, რომ ალყაშემორტყმულ ორკთა ბანაკებში მღელვარება არ ცხრებოდა და დამარცხებულთ შურისძიება სწყუროდათ. თუმცა, ბანაკთა დარაჯნი, რომლებიც ძველ ციხესიმაგრე დურნჰოლდში იყვნენ დაბანაკებულნი, მკაცრად იცავდნენ მითითებებს და ჯერჯერობით მშვიდობის შენარჩუნებაც ხერხდებოდა.

ჯოჯოხეთად ქცეულ დრაენორში კი ამასობაში ორკების ახალი ჯარები ემზადებოდნენ შეტევისათვის. ნერ’ზულმა, გულ’დანის ყოფილმა მასწავლებელმა, მოახერხა კლანების გაერთიანება თავისი შავი დროშის ქვეშ. დაჩრდილული მთვარის გვარის მხარდაჭერით მას სურდა ახალი კარიბჭეების გახსნა, რათა თავისი ხალხი ახალ, შეურყვნელ მსოფლიოში გადაეყვანა. საამისოდ მას რამდენიმე მოჯადოებული თილისმა სჭირდებოდა, რომლებიც აზეროტში იყვნენ დაცულნი. ნერ’ზულმა კვლავ გახსნა ბნელი კარიბჭე და თავის მეომართა რაზმები გაგზავნა მათ მოსაპოვებლად.

ახალი ურდო, რომელსაც გამოცდილი მეთაურები, გრომ ჰელსქრიმი და კილროგ დედაი წინამძღოლობდნენ, სრულ მოულოდნელობად იქცა ლორდაერონის კავშირისათვის. ნერ’ზულის ჭკვიანური ხელმძღვანელობით ორკებმა მალე მოიპოვეს თილისმები და დრაენორში დაბრუნდნენ.

ხოლო მეფე ტერენას ლორდაერონელმა, რომელიც ფიქრობდა, რომ ორკები ახალი შემოჭრისათვის ემზადებოდნენ, უახლოესი თანამებრძოლები შეკრიბა. მან უბრძანა მრავალ ბრძოლაში გამობრძმედილ ტურალიონსა და პირველ ჯადოსანს, ხადგარს, ეწინამძღოლათ კავშირის ძალების შეჭრისთვის დრაენორში. მეფე ფიქრობდა ერთხელ და სამუდამოდ მოესპო საფრთხე. ამრიგად, ტურალიონის და ხადგარის მეთაურობით ლორდაერონის კავშირის ჯარები დრაენორში შევიდნენ და ორკებს ქარცეცხლთა ნახევარკუნძულის გადაბუგულ ველებზე შეეჯახნენ. მაგრამ თვით მაღალი ელფის ალერია ვინდრანერის, დვორფის კურდრან ვაილდჰამერისა და გამოცდილი მეომრის დანატ ტროლბანის დახმარებითაც კი ვერ შეძლო ხადგარმა ნერ’ზულის შეჩერება და კარიბჭეთა გახსნაში მისთვის ხელის შეშლა. შამანმა მაინც მოახერხა სხვა მსოფლიოებში გასასვლელთა გახსნა, მაგრამ მან ვერ გაითვალისწინა თურა ფასად დაუჯდებოდა მას ეს ყოველივე. კარიბჭეთა საზარელმა ძალამ დრაენორის ნაწილებად დაშლა დაიწყო. მაშინ, როდესაც ტურალიონის მეომრები თავგანწირვით იბრძოდნენ, რათა აზეროტისაკენ გაეკაფათ გზა, დრაენორი უკანასკნელმა კრუნჩხვებმა შეაზანზარა. გრომი და კილროგი მიხვდნენ, რომ ნერ’ზულის შლეგურ გეგმას ორკები საბოლოო დაღუპვისაკენ მიჰყავდა და გადარჩენილი ხალხი სასწრაფოდ გადაიყვანეს აზეროტში.

დრაენორში კი დასასრული ახლოვდებოდა. ტურალიონმა და ხადგარმა გადაწყვიტეს მეორე მხრიდანაც მოესპოთ ბნელი კარიბჭე. მიუხედავად იმისა, რომ მათ იცოდნენ – ეს გარდაუვალ სიკვდილს ნიშნავდა, ეს ამავე დროს ერთადერთი გზა იყო აზეროტის გადასარჩენად. ის ის იყო, ჰელსქრიმისა და დედაის ხალხმა უვნებლად გააღწია მეორე მხარეზე, რომ მათ ზურგს უკან კარიბჭემ იფეთქა. ორკებს სამუდამოდ მოეჭრათ გზა სამშობლოსაკენ.

ნერ’ზულმა და მისმა მომხრეებმა კი ახლადშექმნილ ბჭეთაგან უდიდესში შეაბიჯეს. იმავე წამს საშინელმა ვულკანურმა აფეთქებებმა მოიცვა დრაენორი და დაფატრა მისი სხეული. ცეცხლის ზღვები აღიმართნენ დახლეჩილ მიწებზე და ოდესღაც მშვიდი და აყვავებული მსოფლიო საბოლოოდ გადაეშვა ყოვლისმომცველი განადგურების წიაღში.

მკვდრების მბრძანებლის დაბადება
———————
ნერ’ზული და მისი მიმდევრები კი გამრუდებულ ფსკერზე, სამყაროთა დამაკავშირებელ მარადიულ სივრცეში მოხვდნენ. აქ მათ უკვე ელოდა კილ’ჯაედენი, რომელიც განრსიხებული იყო ორკი შამანის განდგომით და ახლა ხელში ჩაიგდო იგი. დემონმა საშინელი წამების მარწუხებში მოაქცია ნერ’ზული, შეუნარჩუნა ნათელი გონება, რათა მას მთელი სიმწვავით გაესიგრძეგანებინა საზარელი ტანჯვის ყოველი წამი. კილ’ჯაედენმა ნაწილებად დაფლითა შამანის სხეული და ისიც საკუთარი თვალით უმზერდა საკუთარ ხორცსა და სისხლს, რომელიც ნელნელა ტოვებდა მას. ნერ’ზული ევედრებოდა დემონს, რომ სიკვდილის ნება დაერთო მისთვის, მაგრამ კილ’ჯაედენი უმოწყალოდ ახსენებდა რომ დიდი ხნის წინათ დადებული შეთანხმება ჯერ კიდევ ძალაში იყო და ნერ’ზულს ჯერ კიდევ მართებდა მისადმი სამსახური.

ორკების წარუმატებლობამ კილ’ჯაედენი აიძულა ახალი ძალაზე ეფიქრა, რომელიც შეძლებდა აზეროტის სამეფოთა დამორჩილებას. ეს ახალი ჯარი დაუმარცხებელი უნდა ყოფილიყო. მას არ უნდა ჰქონოდა შინააშლილობის საფრთხე და ურყევად უნდა წასულიყო მიზნისაკენ. ამჯერად კილ’ჯაედენს მარცხის უფლება არ ჰქონდა.

მან ნერ’ზულს შესთავაზა არეჩია სამუდამო ტანჯვა ან ლეგიონის სამსახური კიდევ ერთხელ. და ნერ’ზულიც დათანხმდა. კილ’ჯაედენმა მისი სული საგანგებოდ შექმნილი მუზარადში მოათავსა და ალმასივით მაგარ ყინულის ლოდში ჩადო. ნერ’ზულს მოეჩვენა, რომ მისი სული ათას ნაწილად გაიხლიჩა. დემონთა ძალებით დამახინჯებული შამანი განუსაზღვრელი ძლიერების უხორცო არსებად გადაიქცა. და ამ წამიდან აღარ არსებობდა ორკი, სახელად ნერ’ზული, არამედ ქვეყნიერებას მკვდრების მბრძანებელი მოევლინა.

ნერ’ზულის ყოფილი მიმდევარნი და ჩრდილოვანი მთვარის კლანის ორკები დემონებმა მის მსგავსად გარდაქმნეს და თავიანთი შავბნელი გავლენით ოდესღაც ცოცხალი მჩხიბავები მკვდარ ჩონჩხებად გადააქციეს, რომლებიც სიკვდილის შემდეგაც კი უსიტყვოდ ემსახურებოდნენ თავიანთ ბატონს.

როდესაც შესაფერისი დრო დადგა, კილ’ჯაედენმა მიმართა ნერ’ზულს და სივდილის ჟამის გავრცელება დაავალა აზეროტში, რათა საბოლოოდ დაეჩოქებინა ადამიანები. ყველა ვინც დაიღუპებოდა ამ ჟამისგან, აღდგებოდა როგორც ურჩხი, ცოცხალი გვამი, რომლის სულიც სამუდამოდ იქნებოდა დამონებული ნერ’ზულის ფოლადის ნებით. კილ’ჯაედენი შეჰპირდა ამ უკანასკნელს, რომ დავალების შესრულების შემთხვევაში, გაანთავისუფლებდა მას და ახალ სხეულსაც მისცემდა.

მიუხედავად ნერ’ზულის თანხმობისა, კილ’ჯაედენი მაინც არ ენდობოდა მას. ამიტომ ყინულში ჩაჭედილ სულს თვალყურის მდევნებლად თავისი საუკეთესო მსახურები, დრედლორდები მიუჩინა ტიქონდრიუსის მეთაურობით, რომელიც აღტაცებული იყო ჟამის სისასტიკითა და მკვდრების მბრძანებლის შეუბრალებელი ლტოლვით განადგურებისაკენ.

ყინულის გვირგვინი და მყინვარის ტახტი
————————–
ამრიგად, კილ’ჯაედენმა ნერ’ზული აზეროტში დააბრუნა. ყინულის ლოდმა ჩრდილოეთის ცა გააპო და ნორთრენდის კონტინენტზე, ყინულის გვირგვინად წოდებულ მყინვარზე დაეცა. ლოდმა დაცემისას მყინვარის სიღრმეებში ჩააღწია და გაჩერდა.ამიერიდან ეს გაყინული კრისტალი ნერ’ზულის სულის ტახტად გადაიქცა.

თავისი მყინვარის ტახტის საზღვრებიდან ნერ’ზულის გონების მზერა ჩრდილოეთის კონტინენტის გულუბრყვილო მაცხოვრებლებს დაეცა. მან ადვილად დაიმორჩილა მრავალი ქმნილება, რომელიც ამ მხარეში ცხოვრობდა, ყინულის ტროლებისა და მძვინვარე ვენდიგოების ჩათვლით. და ისი თავისი აჩრდილის ქვეშ მოაქცია. ნერ’ზულის ძლიერება თითქმის უსაზღვრო ხდებოდა და მალე მყინვარის ტახტის ლაბირინთებში მისი ლაშქარიც შეიკრიბა. ყველაფერ ამას ფხიზლად ადევნებდნენ თვალს დრედლორდები. ხოლო ნერ’ზულმა კი ნორთრენდის კონტინენტზე ამასობაში ადამიანთა დასახლება აღმოაჩინა და მოისურვა მათზე გამოეცადა საკუთარი ძალები.

მისი ბრძანებით მყინვარის წიაღში შობილი სიკვდილის ჟამი ჩრდილოეთის უდაბნოთა ზედაპირზე ამოვიდა. ჟამი, რომელსაც თავად ნერ’ზული მართავდა, ადამიანების სოფელს მოედო. სამი დღის შემდეგ დასახლებაში ცოცხალი აღარავინ იყო, თუმცა მცირე ხანში მკვდარი სოფლელები მოარულ გვამებად იქცნენ. ნერ’ზულის გონება მათი სულების ხმებით აივსო და ამან მისი ძლიერება კიდევ უფრო უსაზღვრო გახადა. ეს მოარული მკვდრები ამიერიდან მისი საუკეთესო მონები გახდნენ.

რამდენიმე თვეში ნერ’ზული აგრძელებდა თავისი სიკვდილის ჟამის გამოცდას და იმონებდა ყველა ადამიანს, რომელსაც კი მოახელებდა ნორთრენდში. ურჩხების ლაშქარი დღითი დღე იზრდებოდა. ახლოვდებოდა მისი ნამდვილი გამოცდის დღე.

გრიმ ბატოლის ბრძოლა
————-
ხოლო სამხრეთის გადაბუგულ მიწებზე კი დაქსაქსული ურდოს ნარჩენები გადარჩენისათვის იბრძოდნენ. გრომ ჰელსქრიმი და საბრძოლო სიმღერის კლანი დაუსხლტენ ტყვეობას, მაგრამ სხვები შეპყრობილ იქნენ ადამიანთა მიერ და მოთავსებული ლორდაერონის ბანაკებში. ხშირი აჯანყებების მიუხედავად ამ ბანაკების გუშაგებმა მოახერხეს მართვის სადავეების შენარჩუნება და თ ვიანთი მრისხანე ტყვეების დაშოშმინება.

თუმცა, ურდოს მოზრდილი ნაწილი კვლავ თავისუფალი იყო და ხაზ-მოდანის ჩრდილოეთში დათარეშობდა. დრაკონის ხახის კლანს და მის მეთაურს ბოროტ გრძნეულ ნეკროსს, დემონის სულის სახელით ცნობილი თილისმის მეშვეობით, კვლავ მორჩილებაში ჰყავდა ალექსტრაზა, დრაკონთა დედოფალი. ნეკროსმა მოახერხა საიდუმლოდ შეეკრიბა ლაშქარი მიტოვებულ და როგორც მრავალი ამბობს, დაწყევლილ გრიმ ბატოლის ციხესიმაგრეში. ნეკროსს იმედი ჰქონდა, რომ წითელი დრაკონების დახმარებით კვლავ მოახერხებდა ურდოს გაერთიანებას და აზეროტის დაპყრობას. მაგრამ მის ჩანაფიქრს აღსრულება არ ეწერა. ადამიანთა მეომრების მცირე ჯგუფმა, ჯადოსან რონინის მეთაურობით, მოახერხა დემონის სულის განადგურება და დრაკონთა განთავისუფლება ნეკროსის მორჩილებიდან.

ალექსტრაზას რისხვა მყისვე დაატყდა თავს მტარვალთ. დრაკონებმა დალეწეს გრიმ ბატოლი და გაანადგურეს მისი დამცველები. ხოლო ვინც გადარჩა, მათ ლორდაერონის კავშირის რაზმების ტყვეობაში ამოყვეს თავი. ამ დამარცხებამ საბოლოო წერტილი დაუსვა ურდოს დაშლას და ორკების მძვინვარებას.

წყარო : ვიკიპედია მაგრამ ეხლა აღარ დევს აიღეს.

მსგავსი ამბები

Back to top button