არქივი

warcraft – ბრძოლის ხელოვნება (თავი 2- სამყაროს შექმნა)

32de94f13812

ძალიან დიდი ხნის შესვენების შემდეგ აი მეორე თავი . პირველი ნაწილი იხილეთ აქ დაკლიკებით

უხუცესთა ომი (პირველ ვარკრაფტამდე დარჩენილია 10 000 წელი)
———————————————
და აი კეთილშობილთა მიერ მარადისობის ჭის ძალებთან უპასუხისმგებლო მოპყრობამ თავისი შედეგი გამოიღო. ბუნების ძალების რყევებმა აზეროტის ფარგლებს გარეთ გააღწია და კოსმოსური ენერგიის მშვიდ ზღვაში შეშფოთების ტალღები გაიჭრა, ისევე როგორც გუბეში ჩაგდებული კენჭის გარშემო წყლის პაწაწინა ტალღები გარბიან ყოველ მხარეს.
ამ რხევებმა კი საშინელი უცხო გონების ყურადრება მიიპყრო. სარგერასმა, სიცოცხლის დიადმა მტერმა და მსოფლიოთა გამანადგურებელმა, თავისი ყოვლისგადამბუგავი მზერა ამ ტალღების სათავეს მიაპყრო. მის წინაშე ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მსოფლიო იყო, ისეთი, როგორიც მრავალი მის მიერ დაფერფლილი. მაგრამ სარგერასმა მარადისობის ჭის უსაზღვრო მაგია შეიგრძნო და მყისვე უსასრულო შიმშილმა მოიცვა იგი. უსახელო არარაობის შავბნელმა ღმერთმა ამ ახალი მსოფლიოს შთანთქმა და მისი ძალების საკუთრად მითვისება განიზრახა.

სარგერასმა თავისი დემონური არმიები აზეროტისკენ მიმართა. იგი კი ამ დროს მშვიდად და უშფოთველად აგრძელებდა თავის ცხოვრებას და წარმოდგენაც არ ჰქონდა უამრავი ბრძოლას მოწყურებული დემონის შესახებ, რომელიც უკვე მის საზღვრებთან იდგა. სარგერასის სარდლებმა, არქიმონდ მაცდურმა და მანოროტ დამანგრეველმა, ყველაფერი მოამზადეს შეტევისათვის და ახლა მხოლოდ მბრძანებლის სიტყვას ელოდნენ.

უპირველეს ყოვლისა, ბნელეთის მბრძანებელმა აჟარას გონება დაიმორჩილა. თავისი ჯადოსნობით გაბრუებულმა დედოფალმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია სარგერასის ყოვლისშემძლე ნებას და მისი მსახური გახდა. კაეთილშობლინიც აგრეთვე დაემორჩილნენ სარგერასს და თავიანთ ღმერთად შერაცხეს იგი. რათა დაემტკიცებინათ თავიანთი ერთგულება, აჟარამ და კეთილშობილებმა მარადისობის ჭის სიღრმეებში გამავალი კარიბჭე გახსნეს, რომლის გავლით ცეცხლოვანი ლეგიონი აზეროტში უნდა შესულიყო.

როდესაც ყველაფერი მზად იყო, სარგერასის არმიები არქიმონდისა და მანოროტის წინამძღოლობით აზეროტში შეიჭრნენ და ღამის ელფების უშფოთველ ქალაქებს შეესივნენ. წარმოუდგენელი უბედურება და საშინელება დატრიალდა აქამდე ბედნიერ მხარეში. არემარეს საზარელი დემონები მოედვნენ და ყოველივეს ანადგურებდნენ თავიანთ გზაზე. ლეგიონის გრძნეულნი ჯოჯოხეთურ ქმნილებებს იძახებდნენ, რომლებიც ალმოდებულ მეტეორებად ეცემოდნენ მიწას. დამღუპველებად ცნობილი საზარელი ცეცხლოვანი მკვლელები დაძრწოდნენ ირგვლივ და არ ინდობდნენ არაფერს, რასაც კი სიცოცხლის ნიშანწყალი ეტყობოდა. და არ ჩანდა არავინ, ვინც შეაჩერებდა ამ გამანადგურებელ შემოსევას. ღამის ელფების თავგანწირული ბრძოლა გმირული, მაგრამ უშედეგო იყო. ისინი იძულებულნი ხდებოდნენ სულ უფრო უკან დაეხიათ ცეცხლოვანი ლეგიონის გავეშებული შემოტევების წინაშე.

ამ უიმედობაში ღამის ელფებს მხსნელად მალფურიონ სტორმრეიჯი მოევლინა. მას ჰყავდა ძმა, ილიდანი, რომელიც ადრე კეთილშობილთა ჯადოსნობის შესწავლით იყო გატაცებული, მაგრამ შემდგომ, აღშფოთებულმა მათი ქდმაღლობითა და დაცემით, უსმინა მალფურიონის რჩევას და ზურგი შეაქცია ამ საქმეს. ახლა კი ძმებმა გადაწყვიტეს სასწრაფოდ ეცნობებინათ უბედურების შესახებ სენარიუსისთვის და დამხმარე ძალების შეკრებაზე ეფიქრათ. მათ გვერდით იყო ქალწული ქურუმი ტაირანდა ვისპერვინდიც. განგების ნებით, ორივე ძმის გული ტაირანდასადმი ტრფობით იყო აღვსილი, მაგრამ მან თავისი სიყვარული მალფურიონს აჩუქა. ეს ამბავი ილიდანს ძალიან არ მოსწონდა, მაგრამ ამჯერად იგი ხვდებოდა რომ მისი გრძნობები ნაკლებმნიშვნელოვანი იყო იმ უბედურებასთან შედარებით, რაც აზეროტში ტრიალებდა.

ამრიგად ილიდანმა შეძლო თავის მისწრაფებათა დაოკება და თავის ხელში აყვანა. იგი დაეხმარა თავის ძმას განდეგილობის მოყვარული სენარიუსის მოძებნაში, რომელიც შორეულ ჰიალის მთაზე ცხოვრობდა. სენარიუსმა მყისვე შეკრიბა ტყის სულების ჯარი და ხუთ არსს მოქმედებისაკენ მოუწოდა. აზეროტის დრაკონები ალექსტრაზას მეთაურობით ბრძოლაში ჩებნენ. სენარიუსმაც მთელი ძალებით შეუტია შეუტია ცეცხლოვან ლეგიონს. მოკავშირეები ერთმანეთს ომის ქარცეცხლით მოცული მარადისობის ჭის ნაპირებზე, აჟარას სასახლესთან შეხვდნენ. მთელი სიმამაცის მიუხედავად, მალფურიონი ხვდებოდა, რომ თუ რამეს არ მოიფიქრებდნენ, უბრალო თავგანწირვა უსარგებლო იყო. ლეგიონის შემოტევას აზეროტი დიდხანს ვერ გაუძლებდა.

ხოლო იმ დროს, როდესაც საზარელი ბრძოლა მიმდინარეობდა ირგვლივ, შეშლილი დედოფალი თავის სიმაგრეში იყო ჩაკეტილი და სარგერასის გამოცხადებას ელოდა, რომელიც მარადისობის ჭის გავლით აპირებდა აზეროტში დაშვებას. მაგრამ მისი უზარმაზარი აჩრდილისათვის საკმარისად ფართო გზის გასახსნელად მარტო აჟარას ხელოვნება არ კმაროდა. ამიტომ დედოფალმა თავისი უძლიერესი მიმდევრები შეკრიბა, რადგან მხოლოდ მათი გაერთიანებული ძალებით იყო შესაძლებელი ისეთი კარიბჭის გახსნა, რომელიც შეძლებდა სარგერასის გატარებას.

ამასობაში კი კალიმდორის ველებზე მიმდინარე ბრძოლაში ზედიზედ მოხდა რამდენიმე საბედისწერო მოვლენა, რომლებმაც სამარადჟამო კვალი დაამჩნიეს აზეროტს. ზუსტად არავინ იცის, თუ რა მოხდა მაშინ, მაგრამ ცნობილია, რომ შუა ბრძოლაში, შერკინების გრიგალში მოქცეული მიწის არსი, შავი დრაკონი ნელტარიონი სიშმაგემ მოიცვა. მისი გონება სიგიჟის წყვდიადში ჩაიძირა და სიკვდილის ფრთებად გადაქცეული საკუთარ თანამოძმეებს, დანარჩენ ოთხ დრაკონს მიუბრუნდა. ნელტარიონის ცეცხლისმფრქვეველი მძვინვარება ჭეშმარიტად შემზარავი აღმოჩნდა, დანარჩენი არსნი უკუიქცნენ მის წინაშე და ბრძოლის ველი დატოვეს.

ამ მოულოდნელმა განდგომამ იმდენად დამანგრეველი გავლენა მოახდინა სხვა დრაკონებზე, რომ ხუთეული მეტად აღარასოდეს აღარ შეკრებილა. დაჭრილნი და დაბნეულნი, ალექსტრაზა და სხვა კეთილშობილი არსნი უძლურნი იყვნენ დახმარება გაეწიათ თავიანთი მოკვდავი თანამებრძოლებისათვის. ისედაც საგრძნობლად შემცირებული მოკავშირეთა ძალები განწირულნი იყვნენ.

და აქ მალფურიონმა გადაწყვიტა უკიდურესი ზომებისათვის მიემართა. მას ესმოდა, რომ ცეცხლოვანი ლეგიონი მარადისობის ჭის გავლით შემოდიოდა აზეროტში. ამიტომ მისი განადგურება იყო აუცილებელი. მისი თანამებრძოლები, რომელთაც ტბა კალიმდორის სიცოცხლის საფუძვლად მიაჩნდათ, შეზარა ამგვარმა წინადადებამ. მაგრამ ტაირანდამ დაარწმუნა სენარიუსი და დანარჩენები მალფურიონის აზრის სისწორეში და აჟარას სასახლის შტურმისკენ მოუწოდა.

მსოფლიოს რღვევა
———————
როდესაც ილიდანი დარწმუნდა, რომ მალფურიონს ტბის მოსპობა ჰქონდა გადაწყვეტილი, იგი შეყოყმანდა. ამ შემთხვევაში იგი ხომ ვეღარასოდეს შეძლებდა თავისი ჯადოსნობის გაძლიერებას. ხოლო საკუთარი მაგიური ხელოვნება კი მისთვის სიცოცხლეზე მეტი იყო. ამიტომ, მან თვითნებურად მიატოვა თანამებრძოლები და გაუჩინარდა. მან აცნობა აჟარასა და მის მომხრეებს მოკავშირეთა გადაწყვეტილების შესახებ. მის სულში ჩაბუდებული ბრაზისა და ტაირანდასადმი უპასუხო სიყვარულის მიერ მიყენებული ტკივილის გამო ილიდანი სინდისს არ შეუწუხებია როდესაც ამ ღალატს სჩადიოდა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა ნებისმიერი გზით დაეცვა მარადისობის ტბა ხელყოფისაგან.

ხოლო ძმის გამცემლობით დამწუხრებულმა მალფურიონმა თავისი ძალები აზშარას სასახლისკენ დაძრა. მთავარ დარბაზში მათ კეთილშობილნი და თავად აჟარა დახვდნენ, რომლებიც თავიანთ შავბნელ შელოცვას ასრულებდნენ. დარბაზის შუაგულში ტბის სიღრმეებისაკენ მიმავალი მბრწყინავი ქარბორბალა ტრიალებდა. და აი ნელნელა ამ ქარბორბალის შიგნით სარგერასის ავბედითი აჩრდილი გამოიკვეთა. მალფურიონმა თავისიანებს შეტევისაკენ მოუწოდა.

აჟარა, რომელიც უკვე გაფრთხილებვული ჰყავდა ილიდანს, თავდასხმას მომზადებული დახვდა. შეშლილი დედოფლის მრისხანება შეუჩერებელი იყო. მალფურიონის თითქმის ყველა თანამებრძოლი დაიღუპა. ტაირანდა, რომელმაც სცადა ზურგიდან შეეტია აჟარასთვის, მძიმედ იქნა დაჭრილი მცველის მიერ და თუმცა მამაცი ქალწული თავად გაუსწორდა მოწინაამდეგეს, მაინც ძალზე დასუსტდა. ამ სანახაობამ საშინელი სიშმაგით აავსო მალფურიონის სული და გაათკეცებული ძალით შეუტია მტერს. მის გონებაში მტკიცედ გამოიკვეთა ურყევი გადაწყვეტილება: აჟარა უნდა მომკვდარიყო.

სანამ სასახლეში ბრძოლა მიმდინარეობდა, ტბის ნაპირებზე, ხეების ჩრდილქვეშ ილიდანის ლანდმა გაიელვა. მან საგანგებოდ მომზადებული ჭურჭლები ტბის მოციმციმე წყლით აავსო. ილიდანი ფიქრობდა შეენახა ეს წყალი, რათ ტბის განადგურების შემთხვევაში მის ჯადოსნური ციმციმის ერთადერთი მეპატრონე თავად ყოფილიყო.

ხოლო სასახლეში კი ამ დროს ბრძოლა დასასრულს მიუახოვდა. მალფურიონის თავგანწირული შეტევის შედეგად, აჟარას ჯადოსნობის ფაქიზი წყობა დაირღვა და ქურუმებმა მაგიური ქარბორბალის მართვის სადავეები დაკარგეს. ამას კი ისეთი შედეგები მოჰყვა, რომლებმაც სამუდამოდ შეცვალეს არა მარტო ელფების ცხოვრება, არამედ მთლიანად აზეროტი.

ჭის სიღრმეებიდან ამოწვერილმა ქარბორბალამ საშინელი აფეთქებით დაასრულა თავისი ბრუნვა და არემარე ბუნების ძალების ბობოქრობის ასპარეზად იქცა. მძლავრმა აფეთქებამ მთლიანად დაანგრია აჟარას სასახლე, მიწისძვრებმა შეარყიეს კონტინენტის საფუძველი და ბზარებმა დაფატრეს ნაგვემი მიწა. დანგრეულ დედაქალაქში დასასრულს უახლოვდებოდა ელფებისა და ცეცხლოვანი ლეგიონის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. მარადისობის ჭამ კი ბობოქარი დუღილისა და ფეთქვის შემდეგ, თავისთავში იწყო შეკუმშვა და ცოტა ხანში საერთოდ გაქრა. ცეცხლოვანი ლეგიონის სავალი გზა დაიხშო.

ბუნების ძალთა ამ ქარიშხალმა დახლიჩა დედამიწა და ზეცა კვამლმა ჩამოაბნელა. ტბის აფეთქების შედეგად მიწების ცხრა მეათედი აბობოქრებულმა ზღვამ დაფარა. დარჩა მხოლოდ რამდენიმე მცირე კონტინენტი, რომელიც გარს ერტყმოდნენ ახალწარმოქმნილ შიდა ზღვას. ზღვის შუაგულში კი, იქ სადაც ოდესღაც მარადისობის ჭა იყო, ოკეანისა და ქაოსის ძალთა უზარმაზარი ქარბორბალა წარმოიქმნა, რომელიც ამიერიდან აღრ დამცხრალა. იგი სამუდამოდ დარჩა, როგორც შეუხორცებელი ნაჭრილობევი აზეროტის სხეულზე, გადატანილი საშინელების მოსაგონრად.

უცნაური შემთხვევითობის წყალობით აჟარა და მისი უახლოესი მიმდევარნი გადაურჩნენ ამ კატასტროფას. მათ მიერ განთავისუფლებული ძალებისაგან ნატანჯნი, ისნი აფეთქებამ ზღვის ფსკერზე გადაისროლა. ტბის ჯადოსნობა წყევლად ექცათ ოდესღაც ღამის ელფებად შობილ დედოფალსა და მის მსახურთ. მათში ჩაბუდებულმა სიძულვილმა და ბოღმამ მათი გარეგნობა შეიცვალა და მახინჯ, გველისებური აგებულების ქმნილებებად გადააქცია ისნი. თავად აჟარა ძონძროხა ურჩხულად გარდაიქმნა. ამიერიდან მისი გარეგნობა მისი სულის შესაფერისი გახდა. ამ ახალ რასას ნაგას ხალხი ეწოდა.

და იქ, ზღვის ფეკერზე, მარად ბობოქარი ქარბორბალის ქვეშ, მათ თავიანთი დედაქალაქი, ნაზჯატარი ააშენეს. აქედან აპირებდნენ ისინი თავიანთი ძლიერების აღდგენას. მაგრამ ჯერ კიდევ ათი ათასი წელი უნდა გასულიყო, სანამ ნაგას ხალხს ზღვის ფსკერიდან მიწაზე ამოსვლის შესაძლებლობა მიეცემოდა.

ჰიალის მთა და ილიდანის საჩუქარი
———————–
იქ სადაც რამდენიმე საათის წინ ღამის ელფების დედაქალაქი და მარადისობის ჭა იყო, ტღვის ტალღებზე სახელდახელოდ შეკრული ტივების ფლოტილია ტივტივებდა. ესღა დარჩა ერთ დროს დიდებული სამეფოდან. გადარჩენილმა ელფებმა, რომელთა შორის იყვნენ სენარიუსი, მალფურიონი და ტაირანდა, თავიანთი მზერა უახლოეს მიწას მიაპყრეს და მძიმე ფიქრებში ჩაძირულებმა გადარჩენილ ხმელეთს მიაშურეს. გადარჩენილმა გმირებმა გადაწყვიტეს ეზრუნათ ცოცხლად დარჩენილებზე და თავიანთი ხალხისათვის ახალი საცხოვრისი მოეძებნათ. ცეცხლოვანი ლეგიონი უკუგდებულ იქნა, თუმცა ელფებს ეს გამარჯვება ძალიან ძვირად დაუჯდათ. და ახლა მათ ხელს აღარავინ უშლიდათ, რათა ეფიქრათ, თუ რატომ მოხდა ყოველივე ეს.

გადარჩენილებს შორის აჟარას მიმდევარნიც იყვნენ. მათ ცალკე რაზმად გამოყოფა და თავიანთი გზით წასვლა გადაწყვიტეს. მალფურიონი დიდად არ ენდობოდა ყოფილ კეთილშობილთ, მაგრამ ამჯერად აღარსად იყო მარადისობის ჭა, მის გარეშე კი კეთილშობილთა ქურუმები უძლურნი იყვნენ. მალფურიონსაც მეტი არაფერი უნდოდა.

როდესაც ხმელეთი გამოჩნდა და დაქანცული მოგზაურები მიწაზე შედგნენ, მათ აღმოაჩინეს რომ წმინდა მთა, სენარიუსის საცხოვრისი ჰიალი გადარჩენილიყო აფეთქებას. მალფურიონმა და მისმა ხალხმა ამ მიწას შეაფარეს თავი.

მაღალ ელფთა გაძევება (პირველ ვარკრაფტამდე დარჩენილია 7300 წელიწადი)
—————————————
გავიდა ასწლეულები და ღამის ელფების ახალმა ქვეყანამ ძლიერების ახალ საფეხურზე აინაცვლა. იგი ჰიალის გარშემო გადაჭიმულ მთელ უზარმაზარ ტყეს მოედო. ამ ტყეს ეშენვეილი ეწოდა. მსოფლიოს რღვევამდე აქ მრავალი არსება ბინადრობდა და ახლა ისინი კვლავ გამოჩნდენ და გამრავლდნენ. ფურბოლგები და სხვა ქმნილებები მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ხეთა ჩრდილებში. დრუდების გულმოწყალე მმართველობაში ელფებმა მანამდე არგაგონილი სიმშვიდისა და მშვიდობის ერაში შეაბიჯეს.

მიუხეავად ამისა, ყოფილ კეთილშობილთა შორის მღელვარებამ იჩინა თავი. ილიდანის მსგავსად, ისინიც ატანილი ჰყავდა ჯადოსნური ძლიერების ფლობის წყურვილს და არ აძლევდათ მოსვენებას ის ამბავი, რომ არ ჰქონდათ საშუალება მარადისობის ჭის მაგია გემოეყენებინათ. კეთილშობილთა უკმეხი და გაბედული ბელადი, დატ’რემარი ღიად გამოდიოდა დრუიდთა წინააღმდეგ, დასცინოდა მათ გაუბედაობას და ლაჩრებს უწოდებდა ტბის ძალთა გამოყენების აკრძალვის გამო. მალფურიონმა და დრუიდებმა მკაცრად გააფრთხილეს კეთილშობილნი და გამოაცხადეს რომ სიკვდილით დაისჯებოდა ყველა, ვინც კი შეეცდებოდა ტბის ჯადოსნობის გამოყენებას. ამით საბოლოოდ მოთმინებიდან გამოსულმა დატ’რემარმა, თავის მომხრეებტან ერთად, ეშენვეილს სასტიკი მაგიური ქარიშხალი დაატეხეს თავს.

დრუიდებს აღარ სურდათ სისხლისღვრა და ამდენი თანამოძმის სასიკვდილოდ გაწირვა, ამიტომ გაუფრთხილებელ და უპასუხისმგებლო კეთილშობილთ ეშენვეილიდან სამუდამო გაძევება გადაუწყვიტეს. დატ’რემარმა და მისმა მიმდევრებმა, გახარებულებმა იმით, რომ როგორც იქნა მიეცათ საშუალება თავი დაერწიათ დრუიდთა მმართველობისთვის, საგანგებო ხომალდები ააგეს და მიუხედავად იმისა, რომ არავინ არ იცოდა თუ რა ელოდათ მათ მარადიული ქარბორბალის მიღმა, ზღვა გადაცურეს და საბოლოო ჯამში აღმოსავლეთის კონტინენტს მიადგნენ, რომელსაც მოგვიანებით ადამიანებმა ლორდაერონი დაარქვეს. სწორედ აქ, კეთილშობილებმა, ანუ ქველდორეის ხალხმა, როგორც მათ საუკუნეების წინ აჟარა უწოდებდა, გადაწყვიტეს თავიანთი საკუთარი სამეფოს დაარსება, სადაც საშუალება ექნებოდათ დაუბრკოლებლად მისცემოდნენ ჯადოსნობას. ამ სამეფოს ქველ’ტალასი დაარქვეს. ღამის ელფებისაგან განსხვავებით, რომლებიც მთვარეს ეთაყვანებოდნენ, კეთილშობილნი მზეს შეჰხაროდნენ და მათ ამიერიდან მაღალი ელფები ეწოდათ.

გუშაგნი და ხანგრძლივი სიფხიზლე
————————————-
მოუსვენარი თანამოძმეების გასტუმრების შემდეგ, ღამის ელფები კვლავ თავის ჩვეულ საზრუნავს, თავიანთი მოჯადოებული ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვას დაუბრუნდნენ. დრუიდებმა, რომლებიც გრძნობდნენ, რომ მათი ხანგრძლივი ძილის დრო ახლოვდებოდა, სიზმარეთში მოგზაურობისათვის და ვინც უყვარდათ, მათთან განშორებისთვის გაემზადნენ. ტაირანდა, რომელიც ამ დროისთვის ელიუნის უმაღლესი ქურუმი გახდა, თხოვდა მალფურიონს, რომ არ მიეტოვებინა იგი ისერას ზურმუხტოვანი სამყაროს გამო. მაგრამ სტორმრეიჯის ღირსება ავალდებულებდა მას სიტყვის შესრულებას. იგი დაემშვიდობა ტაირანდას და შეჰფიცა, რომ სანამ მათი სიყვარული ჭეშმარიტი იქნებოდა, მანამდე ისნი განშორებულნი არ იქნებოდნენ.

კალიმდორის ერთადერთ დამცველად დარჩენილმა ტაირანდამ დამხმარეები თავის ელფ დებს შორის ჰპოვა. მან ამოარჩია მათგან ისინი, ვინც უძლიერესნი იყვნენ ბრძოლაში და დააკისრა მათ კალიმდორის დაცვა მტრებისაგან. ამ მებრძოლებს გუშაგნი ეწოდათ. ხოლო რადგანაც ისინი ეშენვეილის ბინდბუნდში მის მცხოვრებთა უსაფრთხოებას დარაჯობდნენ, მათ მრავალი მოკავშირე გამოუჩნდათ, რომელთა მოხმობაც შესაძლებელი იყო საშიშროების შემთხვევაში.

სენარიუსი კვლავ ჰიალის მთის წყაროებთან დარჩა. მისი ვაჟები, ტევრის მცველებად წოდებულნი, ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ღამის ელფების საქმიანობას და ყოველთვის ეხმარებოდნენ გუშაგებს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაში. თვით დრიადები, სენარიუსის ქალიშვილებიც კი სულ უფრო და უფრო ხშირად ჩდებოდნენ ელფების წინაშე.

ტაირანდა მთლიანად იყო დაკავებული ეშენვეილის დაცვით, მაგრამ მალფურიონთან განშორების გამო იგი იშვიათად იყო მხიარული. დრუიდთა ძილის საუკუნეთა მანძილზე მისი შიში ცეცხლოვანი ლეგიონის შესაძლო დაბრუნებისა, უფრო და უფრო იზრდებოდა. მას მუდამ თანს სდევდა გრძნობა, რომ ლეგიონი კვლავ ახლოს იყო, ცის თაღის წყვდიადს მიღმა და ემზადებოდა შურისძიებისათვის.

თავი 2: ახალი სამყარო
****************

ქველ’ტალასის დაარსება (6800 წელი პირველ ვარკრაფტამდე)
————————————
დატ’რემარის მეთაურობით კალიმდორიდან წასული ელფების ხომალდები დიდი ხნის მანძილზე სერავდნენ უცხო ზღვებსა და ქარბორბალის დაუცხრომელ ქარიშხლებს. თავიანთი მოგზაურობის მანძილზე მათ მრავალი საიდუმლოება და წარსულის სამეფო იხილეს. დატ’რემარი, რომელმაც სანსტრაიდერი, ანუ დღისითმავალი დაირქვა, თავისი ხალხისთვის ახალ საცხოვრისს ეძებდა, რომელიც მათთვის ახალ სამშობლოდ უნდა ქცეულიყო.

ფლოტილიამ საბოლოო ნავსაყუდელი აღმოსავლეთში, იმ მიწის ნაპირებზე ჰპოვა, რომელსაც მოგვიანებით ლორდაერონი ეწოდა. ელფებმა ხმელეთის სიღრმეში შეაღწიეს და ტირისფალის მშვიდობიან მინდვრებზე დაიდეს ბინა. მაგრამ გავიდა რამდენიმე წელიწადი და მრავალი მათგანი სიგიჟემ შეიპყრო. გავრცელდა ხმები, რომ ეს ადგილი ბოროტი ძალების საბუდარი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე ეს ჭორები არ დადასტურებულა, ელფებმა მიატოვეს ტირისფალი და უკეთესი ადგილების ძებნაში ჩრდილოეთისაკენ გადაინაცვლეს.

მათ გაზაზე, რომელიც ლორდაერონის მაკცრ და მთაგრეხილებით დასერილ მიწაზე იდო, ელფებმა მრავალი უბედურება გადაიტანეს. მარადისობის ჭის მაცოცხლებელ ძალას მოკლებულნი, ავადმყოფობისა და შიმშილისაგან იღუპებოდნენ. ყველაზე შემაშფოთებელი ცვლილება კი, რაც მათ განიცადეს, უკვდავებისა და დაავადებებისადმი უწყვლადობის დაკარგვა იყო. მათი სხეულების სიმაღლე შემცირდა, ხოლო კანმა კი დამახასიათებელი იისფერი დაკარგა. მიუხედავად ყველა სირთულისა, ელფები შეუპოვრად მიიწევდნენ წინ და ამ მხარეში მრავალი ისეთი არსება აღმოაჩინეს, რომელთა შესქახებ კალიმდორში სმენითაც არავის სმენოდა. ტყეებში დაბალგანვითარებული და ველური ადამიანები ცხოვრობდნენ, რომლებიც თავს ნადირობით ირჩენდნენ, ხოლო ზულ’ამანის ტომის ვერაგი და ხარბი ტროლები ელფებისათვის ყველაზე დიდი საფრთხედ იქცნენ ამ მხარეში.

ამ ხავსისფერ მეომრებს ბუნებით მოსდგამდათ ჭრილობების მკურნალობის ნიჭი. მათ თვით დაკარგული კიდურების აღდგენაც შეეძლოთ, თუმცა მთლიანობაში მაინც ბნელი და სასტიკი ერი იყვნენ. ამანის იმპერია ჩრდილოეთ ლორდაერონის უდიდეს ნაწილზე იყო გადაჭიმული და მათ სასტიკი ბრძოლა გამოუცხადეს დაუპატიჟებელ სტუმრებს. თავის მხრივ, ელფებიც სიძულვილით აღივსნენ ტროლების მიმართ და სადაც კი მოახელებდნენ, ხოცავდნენ მათ.

და აი, მრავალი წლის შემდეგ, ელფებმა იპოვეს ადგილი, რომელიც მოეწონათ, რადგანაც ამ მიწამ მათ კალიმდორი მოაგონა. და კონტინენტის ჩრდილოეთის დაბურულ ტყეებში ქველ’ტალასის სამეფო დაარსეს, მაგრამ აღმოჩნდა რომ ქველ’ტალასი ზედ ტროლების ძველი ქალაქის ნანგრევებზე იყო აშენებული, რომელიც ტყის მცხოვრებთათვის წმინდა ადგილად ითვლებოდა. და ტროლებმაც დაუყოვნებლივ დაიწყეს შეტევა უცხოტომელთა დასახლებებზე.

ამჯერად ელფებს ჯიუტად ჰქონდა გადაწყვეტილი არ დაეტოვებინათ თავიანთი ახალი საცხოვრისი. მარადისობის ჭიდან შენარჩუნებული ჯადოსნობის გამოყენებით, დატ’რემარის მეთაურობით მებრძოლმა ელფებმა მათზე ათგზის უმეტესი ტროლები სასტიკად დაამარცხეს და მტერი სანაპიროსკენ გარეკეს. ახსოვდათ რა დრუიდების გაფრთხილება, იმის შიშით, რომ ჯადოსნობა ცეცხლოვანი ლეგიონის ყურადღებას მიიპყრობდა, მაღალმა ელფებმა თავისი სამეფოს დამცავი ზღუდით შემოფარგვლა გადაწყვიტეს, რომელიც საშუალებას მისცემდა მათ მშვიდად ეწარმოებინათ თავიანთი მჩხიბაობა. ქველ’ტალასიდან გარკვეულ მანძილზე ერთიმეორეს მიყოლებით აღიმართა რუნებიანი ქვების რიგები, რომლებიც მაგიური ზღუდეების საზღვრების აღმნიშვნელი იყო. ეს ქვები არა მხოლოდ ელფთა ჯადოსნობას ფარავდა, არამედ ცრუმორწმუნე ტროლებსაც აიძულებდა თავი შორს დაეჭირათ მათგან.

გავიდა დრო და ქველ’ტალასი მაღალი ელფების წარმატებისა და ჯადოსნური ძლიერების მანათობელ ძეგლად გადაიქცა. მისი მშვენიერი უბნები ძველი კალიმდორის ხურითმოძღვრებით იყო ნაგები და დედამიწის ბუნებრივ უსწორმასწორობებში ჩაქსოვილი. ქველ’ტალასი ის ბრწყინვალე თვალი პატიოსანი იყო, რომლის შექმნასაც ასე მიელტვოდნენ ელფები. მმართველობა ვერცხლისმთვარის საბჭოს დაეკისრა, თუმცა გარკვეული ძალაუფლება სანსტრაიდერთა გვარმაც შეინარჩუნა. ეს საბჭო ელფთა შვიდი უმაღლესი ბელადისაგან შედგებოდა და ქველ’ტალასის მიწებისა და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. თავიანთი დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმულნი, ელფები ურყევნი იყვნენ თავიანთ გადაწყვეტილებაში ჯადოსნობის შესახებ და კალდორეის გაფრთხილების მიუხედავად აგრძელებდნენ მაგიური ძალების გამოყენებას თავიანთი ცხოვრების ყველა მიმართულებით.

დახლოებით ოთხი ათასი წლის მანძილზე მაღალი ელფები მშვიდობიანად ცხოვრეობდნენ თავიანთ დაცულ სამეფოში. თუმცა ტროლების ბოლომდე გატეხვა მათ ვერ მოახერხეს და ტყის ავმეხსიერი მცხოვრებნი კვლავ აგრძელებდნენ თავმოყრას ბნელ ხეობებში. და ბოლოს დადგა დღე, როდესაც ტროლების ურდოებმა დატოვეს უღრანი ტევრების ბინდბუნდი და კიდევ ერთხელ შეუტიეს ქველ’ტალასის მბრწყინავ გუმბათებს.

არატორი და ტროლებთან ომი (პირველ ვარკრაფტამდე დარჩენილია 2800 წელი)

იმ დროს, როცა ჩრდილოეთში ელფები და ტროლები ებრძოდნენ ერთმანეთს, სამხრეთშიც არ იყო მშვიდობა. ლორდაერონის ადამიანთა დაქსაქსული და მომთაბარე ტომებს შორისაც მიმდინარეობდა ბრძოლა და არავის ახსოვდა ღირსებისა და ერთი ერისადმი კუთვნილების საკითხები. ამ ბრძოლაში სხვებზე უპირატესობა თანდათან ერთ-ერთი ტომის, არატების მხარეზე გადავიდა. ისნი პირველნი იყვნენ, ვინც ბოლომდე გაიაზრა შექმნილი ვითარება და მიხვდა რომ ტროლების საფრთხის უგულვებელყოფა აღარ შეიძლებოდა. არატებს სურდათ ადამიანთა გაერთიანება, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ტროლების წინააღმდეგ ერთიანი ძალებით გამოსვლა.

თითქმის ექვსი წლის მანძილზე არატების წინამძღოლთა მიერ გატარებულმა ჭკვიანურმა მოქმედებებმა თავისი შედეგები გამოიღო. ყოველი გამარჯვების შემდეგ, ისინი დამარცხებულთ თანამოძმეებად იღებდნენ და მათ მშვიდობას იცავდნენ. ამან სხვა ტომები მათდამი კეთილად განაწყო და მათთან კავშირში სულ უფრო მეტი ხალხი შედიოდა. უკვე არა უბრალოდ არატების, არამედ ადამიანთა სამეფოს ლაშქარი დღითიდღე უფრო მრავალრიცხოვანი და ძლიერი ხდებოდა და ბოლოს, როდესაც ჩათვალეს რომ ტროლებისაგან თავის დასაცავად ძალები საკმარისი იყო, არატთა ბელადებმა გადაწყვიტეს ძლიერი ციხექალაქის აშენება ლორდაერონის სამხრეთ ნაწილში. ამ ქალაქს სტორმი, ანუ ქარიშხალი ეწოდა და იგი არატების ხალხის სამეფოს, არატორის დედაქალაქი გახდა. არატორის კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, უაზარმაზარი კონტინენტის ყველა მხრიდან მოაშურეს მას ადამიანებმა, რათა თავი შეეფარებინათ სტორმის დაცვის ქვეშ მყოფი მიწისათვის.

ერთი დროშის ქვეშ გაერთიანებულმა ადამიანთა ტომებმა მძლავრი და მომავლის რწმენით აღსავსე საზოგადოება შექმნეს. არატორის მეფემ, ტორადინმა, იცოდა, რომ იდუმალი ელფები ალყაში იყვნენ მოქცეული ტროლების მიერ, მაგრამ მას არ სურდა საფრთხის წინაშე დაეყენებინა თავისი ხალხი განცალკევების მოყვარული უცნობების გამო და ერიდებოდა ტროლებთან ურთიერთობის გამწვავებას. მრავალი თვე გავიდა სანამ არატორამდე მიაღწევდა ხმები ელფების მდგომარეობის უიმედობის შესახებ. და მხოლოდ მაშინ, როდესაც ტორადინის წინაშე ქველ’ტალასის დატანჯული დესპანების წარდგნენ, იგი მიხვდა, თუ რაოდენ დიდ საფრთხეს წარმოადგენდნენ ტროლები.

ელფებმა ამცნეს მას, რომ ზულ’ამანის მეომრები იყვნენ და ქველ’ტალასის დაცემის შემთხვევაში მთელი ძალებით სამხრეთისაკენ გამოილაშქრებდნენ. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა ელფებმა სამხედრო დახმარების სანაცვლოდ მეფეს ადამიანთა გარკვეული რაოდენობისათვის ჯადოსნობის სწავლება შესთავაზეს. ტორადინი საერთოდ უნდობლად იყო განწყობილი მაგიის მიმართ, მაგრამ დათანხმდა. ელფთა მაგიკოსები მყისვე არატორში გაჩდნენ და შერჩეული ადამიანების წვრთნას შეუდგნენ.

მათ მალე აღმოაჩინეს, რომ მიუხედავად კაცთა მოდგმის გაუთვითცნობიერებლობისა მაგიაში, ადამიანებს ბუნებით ჰქონდათ მომადლებული ჯადოსნობის ნიჭი. ასმა არატორელმა ქველ’ტალასელთა ხელმძღვანელობით ჯადოსნობის საფუძველი შეისწავლა. ტროლების წინააღმდეგ მეტი არც იყო საჭირო. როდესაც ელფებმა დამაკმაყოფილებლად ჩათვალეს მათი მომზადების ხარისხი, მათ დატოვეს სტორმი და მთავიანთ მოსწავლეებთან ერთად ჩრდილოეთს მიაშურეს. მათგან შორიახლოს ტორადინის ძლევამოსილი ლაშქარი მიიკვლევდა გზას.

ადამიანებისა და ელფების გაერთიანებული ძალები ტროლების ურიცხვ ბრბოებს ალტერაკის მთების ძირში შეეჯახნენ. სასტიკმა ბრძოლამ მრავალი დღის მანძილზე გასტანა, მაგრამ არატორის მძლე მეომრებს ერთი ნაბიჯით არ დაუხევიათ უკან. ბოლოს ელფთა მბრძანებლებმა ჩათვალეს, რომ დადგა დრო ჯადოსნობის გამოყენებისა. ასმა არატორელმა მაგიკოსმა და ელფთა ყველა ჯადოსანმა თავიანთი გაერთიანებული ძალები ზეციდან წამოსულ გამანადგურებელ ცეცხლად დაატეხეს თავს ტროლებს. ტყის მცხოვრებთა მკურნალი უნარები ამჯერად უძლური აღმოჩნდა არნახული დარტყმის წინააღმდეგ. ისნი ურიცხვი რაოდენობით იღუპებოდნენ ცეცხლში და ფერფლად ეფინებოდნენ მიწას.

ტროლები გატყდნენ და უკუიქცნენ, მაგრამ ტორადინის ლაშქარი დაედევნა მათ და საშინელი ხოცვაჟლეტა დაატეხა თავს. ამიერიდან ტროლებმა ვეღარასოდეს აღიდგინეს ოდინდელი ძლიერება და ცალკე ხალხად აღარასოდეს გამოსულან ასპარეზზე. დარწმუნდნენ რა ქველ’ტალასის უსაფრთხოებაში, ელფები კეთილად განეწყვნენ საერთოდ ადამიანებისა და ტორადინის ოჯახის მიმართ. ამ ორ ერს შორის ამიერიდან მეგობრული ურთიერთობები დამყარდა.

to be continued ….

წყარო : ვიკი, სამწუხაროდ ვიკიზე არაა ადრე გადმოვაკოპირე.

მსგავსი ამბები

Back to top button