არქივი

ყავა – მტერიც, მოყვარეც…

coffee cup

მრავალ ჩვენგანს ყავა საკვები პროდუქტი ჰგონია, მაგრამ თურმე იგი გაცილებით ახლოს დგას სამკურნალო საშუალებებთან – გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ყავის კვებითი ღირებულება ნულია, რადგან იგი პრაქტიკულად არ შეიცავს ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება კი მასში საკმაოდ ბევრია. მრავალი მეცნიერის აზრით, ყავა ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს, ავადმყოფებისთვის მის უსაფრთხოებას კი მხოლოდ მეოთხედი აღიარებს.  ექიმთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ეს სასმელი არცთუ უვნებელია გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ქოლეცისტიტის, ღვიძლის ციროზის,  ჰიპერტონიის,  გულის იშემიური დაავადების დროს,  მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ.

ამავე დროს, ყავა… უხდება ღვიძლს
ალკოჰოლიზმით დაავადებულებში ყავა ხელს უშლის ღვიძლის ციროზის განვითარებას – ამ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მედიკოსები, რომლებიც 20 წლის განმავლობაში თითქმის 130 ათას ადამიანს აკვირდებოდნენ. მათი მონაცემებით, დღეში 1-3 ფინჯანი ყავის მიღება ციროზის განვითარების რისკს 40%-ით ამცირებს, ხოლო 4 და მეტი ფინჯნისა – 80%-ით. იაპონელმა მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ყავა თითქმის ორჯერ ამცირებს ღვიძლის კიბოს განვითარების ალბათობას, რაც, მათი აზრით, სასმელში შემავალი ანტიოქსიდანტების დამსახურებაა. ჰარვარდელი მკვლევარები კი გვამცნობენ, რომ დღეში 2-3 ფინჯანი ყავის სმა ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნის ალბათობას 30-40%-ით ამცირებს, ხოლო 4 ფინჯნისა – 50%-ით. გარდა ამისა, დღეში 3-4 ფინჯანი ყავა უკეთესად იცავს შაქრიანი დიაბეტისგან, ვიდრე 6-8 ფინჯანი მწვანე ჩაი. ამასთანავე, თუ დიაბეტი უკვე გაქვთ, უმჯობესია, ყავა იშვიათად მიირთვათ.

 

სიგარეტზე უკეთესია
ყველაზე დიდი აზრთა სხვადასხვაობა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებზე ყავის ზემოქმედებამ გამოიწვია. ერთნი ირწმუნებიან, რომ ყავა ზრდის სისხლის წნევას და ხელს უწყობს ათეროსკლეროზის განვითარებას, მეორენი კი ამტკიცებენ, გულსისხლძარღვთა სისტემისთვის ყავა სრულიად უვნებელიაო. მაგალითად, ჰარვარდისა და მადრიდის უნივერსიტეტების მეცნიერები გულის პრობლემებს ყავას კი არა, ცხოვრების არაჯანსაღ სტილს აბრალებენ: ყავის მოყვარულები უფრო მეტს ეწევიან, მეტად ეტანებიან ალკოჰოლურ სასმელებს და არ მისდევენ სპორტს, ამიტომაც უფრო ხშირად ემართებათ გულისა და სისხლძარღვების დაავადებებიო. თითქოს ყველაფერი ლოგიკურია, მაგრამ ცოტა ხნის წინ ბერძენმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რაც უფრო მეტ ყავას სვამს ადამიანი, მით უფრო ნაკლებელასტიკურია მისი სისხლძარღვები და, შესაბამისად, მით უფრო მაღალია ინფარქტის, ინსულტისა და ჰიპერტონიის განვითარების რისკი.

 

სად არის ჭეშმარიტება?
ჭეშმარიტება, როგორც ყოველთვის, სადღაც შუაში უნდა ვეძებოთ. არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ყავა საშიშია, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც ეს სასმელი რგებს. ყველაფრის თავიდათავი გენეტიკაა – ზოგიერთის ორგანიზმი სწრაფად ინელებს კოფეინს, ზოგიერთისა კი ნელა (დაახლოებით ისევე, როგორც ალკოჰოლის შემთხვევაში). კოფეინის სწრაფ დამშლელებს, რომლებიც დღეში 3 ფინჯან ყავას მიირთმევენ, მიოკარდიუმის ინფარქტის რისკი უფრო დაბალი აქვთ, ვიდრე ნელ დამშლელებს, რომლებიც ერთ ფინჯანს სჯერდებიან. თუ ეს უკანასკნელნი დღეში 2-3 ფინჯან ყავას დალევენ, ინფარქტის რისკი 36%-ით მოიმატებს, ხოლო 4 ფინჯნის შემდეგ – 64%-ით, ეს კი საკმაოდ საგანგაშო რიცხვია.

 

როგორ უნდა გაიგოთ, სასარგებლოა თუ არა თქვენთვის ყავა
რომელ ტიპს მიეკუთვნებით, ნელს თუ სწრაფს, საკმაოდ ძნელი დასადგენია – ამისთვის გენეტიკური ანალიზია საჭირო, მაგრამ შეიძლება, ცდისა და დაკვირვების მეთოდით განსაზღვრული დასკვნები გამოიტანოთ. დააკვირდით საკუთარ თავს, როგორ რეაგირებთ ყავაზე – თუ დიდი ულუფის მიღების შემდეგ გივარდებათ ნერვული კანკალი, იძაბებით, განიცდით დისკომფორტს, როგორც ჩანს, ნელ დამშლელთა რიცხვს ეკუთვნით, ხოლო თუ ყველაფერი რიგზეა – სწრაფს.

 

მსგავსი ამბები

Back to top button