საკითხავისასარგებლოუცნაური

აკუპუნქტურა

აკუპუნქტურა ერთ-ერთი  უძველესი  სამკურნალო  საშუალებაა.  ეს  არის   ჩინური  მედიცინა. ვინც ამას იკეთებს სჯერა რომ მთელს სხეულს ჯვარედინად კვეთს ენერგიის  ხაზები. ამ ხაზების გადაკვეთის წერტილებში ნემსების ჩარჭობით, აკუპუნქტურისტები მიზნად ისახავენ პაციენტის ენერგეტიკული წონასწორობის აღდგენას.

ამ გზით მრავად დაავადებას კურნავენ. თუ არ ვცდები საქართველოში ჯერ არ არის გავრცელებული.

როგორ გაჩნდა აკუპუნქტურა:
ძველი ჩინური ლეგენდის თანახმად, ხუთი ათასი წლის წინათ ერთი მხედართმთავარი ცხოვრობდა, რომელიც წელს ქვემოთ საშინელი ტკივილით იტანჯებოდა (თანამედროვე სამედიცინო სტანდარტებით ამ სატკივარს საჯდომი ნერვის ანთებად იხსენიებენ). ერთ-ერთ ბრძოლაში მხედართმთავარს ისარი პირდაპირ აქილევსის მყესში მოხვდა და… ტკივილი მყისვე ჩაუცხრა; ბრძოლიდან ორმაგი გამარჯვებით (ერთ-ერთი ხომ ტკივილზე გამარჯვება გახლდათ!) დაბრუნებულს ასეთი აზრი დაებადა: ეპოვა ჯარისკაცი, რომელსაც იგივე სატკივარი ტანჯავდა და შუბი ერთი კარგად ეჩხვლიტა. ექსპერიმენტმა გაამართლა – რიგითი სამუდამოდ გათავისუფლდა მტანჯველი ტკივილისგან. სასწაულებრივი განკურნების ამბავი მთელ ჩინეთს მოედო და მეთოდიც მალე გავრცელდა ხალხში. ლეგენდა ლეგენდად, რეალურად კი სად და როგორ წარმოიშვა “ჩხვლეტით მკურნალობა”, არავინ იცის.

ინგლისის ერთ-ერთ მუზეუმში საგულდაგულოდ არის დაცული ძველეგვიპტური პაპირუსი, რომელიც ჩვ. წ. აღ-მდე 1550 წლით თარიღდება – მასში აღწერილია წერტილები, სადაც ნემსის ჩხვლეტა უნდა მოხდეს. თუმცა ყველაზე სარწმუნო ინფორმაცია მკურნალობის ამ მეთოდის შესახებ მაინც ჩინურ და იაპონურ ხელნაწერებშია მოყვანილი. ჩინელებმა დაწვრილებით აღწერეს ჩხვლეტის ტექნოლოგია წიგნში “ხუანდი ნეიძინი”, რომლის სათაურიც “ცხოვრების ბუნების ტრაქტატად” ითარგმნება და არც მეტი, არც ნაკლები, ჩვ. წ. აღ-მდე 221 წელს არის შესრულებული. აქვეა აღწერილი ინსტრუმენტი, რომლითაც აკუპუნქტურას აკეთებენ, მეთოდის ჩვენება-უკუჩვენება… მიუხედავად მეთოდის ასეთი ხანდაზმულობისა, დაწესებულება, სადაც ოფიციალურად მკურნალობდნენ აკუპუნქტურით, ჩინეთში მხოლოდ 1951 წელს აშენდა. თავიანთი მოღვაწეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში აკუპუნქტურის ჩინელმა მამებმა საჩხვლეტად გამოსადეგი 700-მდე აქტიური წერტილი აღმოაჩინეს. არ ვიცით, როგორ იხსენიებდნენ ჩინელები მკურნალობის ამ მეთოდს; “აკუპუნქტურა” ჩხვლეტა-ზეწოლით მკურნალობას ჰოლანდიელმა ექიმმა ტინ რინემ უწოდა, ყველაზე უკეთ კი მკურნალობის ეს დარგი ფრანგებმა განავითარეს და მათვე გაუწიეს რეკლამა მთელ ევროპაში.

ჩხვლეტაც არის და ჩხვლეტაც
აკუპუნქტურა სხეულის ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე ზემოქმედებას გულისხმობს, ზემოქმედების მეთოდები კი განსხვავებულია:
. ჩჟენ-თერაპია ანუ უშუალოდ ნემსით ჩხვლეტა. ეს აკუპუნქტურის ყველაზე პოპულარული სახეობა გახლავთ. მთავარი ხელსაწყო ამ დროს, როგორც ალბათ უკვე მიხვდით, სპეციალური ნემსია.
. ელექტროპუნქტურა – ესეც ნემსის ჩხვლეტაა, ოღონდ დენის გატარებით. მეთოდს მასაჟის ეფექტი აქვს.
. მოწვა ანუ ცზიუ-თერაპია ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე (ბაწ) მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებას ნიშნავს. ამისთვის ე. წ. ბიოსიგარებს იყენებენ, თუმცა უფრო თანამედროვე ვარიანტებიც არსებობს, მაგალითად, ლაზერი.
. წერტილოვანი მასაჟი ანუ აკუპრესურა ბიოაქტიურ წერტილებზე თითებით ზემოქმედებას ნიშნავს.
. ვაკუუმთერაპია იგივე კოტოშების დასმაა, რომელიც ჩვენშიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა: სპირტით გახურებულ მომრგვალო ქილებს ზურგზე ალაგებდნენ.
. სუ-ჯოკ თერაპია ტერფისა და მტევნის ბიოაქტიურ წერტილებზე ზემოქმედებას გულისხმობს – “სუ” ჩინურად მტევანი ყოფილა, ხოლო “ჯოკ” – ტერფი.
. შიაცუ მასაჟის ნაირსახეობაა, რომლის დროსაც აკუპრესურა ტარდება არა მარტო თითებით, არამედ საქმეში ხელისგულებიც ერთვება.
. ბაუნშეიტიზმი მეტად ორიგინალური მეთოდია, რომლის დროსაც კანქვეშ ერთდროულად ბევრი ნემსი შეჰყავთ, პროცედურის შემდეგ კი გაღიზიანებულ ადგილს სამკურნალო ზეთით ამუშავებენ.

პლუსები და მინუსები

აკუპუნქტურის სპეციალისტებს თუ დავუჯერებთ, ამ მეთოდს უარყოფითი მხარე პრაქტიკულად არ გააჩნია. მისი საშუალებით ადამიანი სამუდამოდ დაემშვიდობება გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი, საშარდე და სხვა სისტემების დაავადებებს. ერთი სიტყვით, არ არსებობს ორგანო, რომლის მორჩენასაც ბიოაქტიურ წერტილებზე ზემოქმედება ვერ ახერხებდეს. თუმცა არც გაფრთხილებას ივიწყებენ: აკუპუნქტურის ჩატარება რეკომენდებული არ არის ორსულებისთვის მუცელზე, ახალშობილებისთვის ყიფლიბანდის არეში, მშიერი, ზომაზე მეტად დანაყრებული, სუსტი და არაქათგამოლეული ადამიანისთვის.

შესაძლოა, “ჩხვლეტით მკურნალობას” კოლონოთერაპიის მსგავსი დისკომფორტი არ ახლდეს თან, მაგრამ თავისებურ ნეგატიურ კვალს თურმე ისიც ტოვებს. აკუპუნქტურის ყველაზე უსიამოვნო შედეგებია: ნემსის გადატეხვა (ზოგჯერ ჩატეხილი ნაწილის ამოსაღებად ოპერაციული ჩარევაც კი ხდება საჭირო), მიკროტრავმები (ჩალურჯებული ადგილები), გონების დაკარგვა (ასეთი რამ მაშინ ხდება, როდესაც პროცედურა ხანგრძლივია, ხოლო ადამიანი მშიერი ან გადაღლილია), ინფიცირება, რასაც ინსტრუმენტის (ნემსის) უსუფთაობა იწვევს.

წყარო: http://www.aversi.ge/main_jurnal.php?lang

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close