საკითხავისასარგებლოსაქართველო

ყოველივე ქართული . . . ერეკლე II -ს ხმალი

68fd712c58a6
მადლიანი ხელით ნაჭედს, ერთიბღუჯა რკინის ნაჭერს,
გაკვერილსა, გაფერილსა, მკვესარსა და მოხაჩხაჩეს,
კოხტა კოტაც მოურგია, არც მუქარა ისაკლისა – “მე ვარ ავი მუსაიფი კახთ ბატონის ირაკლისა!”

ლექსის ავტორი: კობა ჭუმბურიძე

მინდა გაგაცნოთ ცივი იარაღის ქართველი ოსტატი გოჩა ლაღიძე
8222b97ce91c

http://georgians-weapons.ge/gocha-lagidze.htm -აქ მის შესახებ ბევრი რამეა, მე ერეკლე II -ს ხმლის ასლის შექმნაზე მოგიყვებით

ერეკლე II-ს ხმალი თავისი ხარისხით “სამეფო ხმლის” კატეგორიას მიეკუთვნება და არის ფეოდალური ხანის გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში – კლასიკური «შამშირი», ქართულად “შიმშერი” (შოთა რუსთაველს აქვს მოხსენიებული «ხმალი შიმშერი»). «შამშირი» ირანულად ხმალს ნიშნავს, სიტყვა-სიტყვით კი – «ლომის კუდს». ორიგინალი დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. შესულია კავკასიის მუზეუმიდან სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში 1929 წელს. გადმოცემის მიხედვით ეს ხმალი ერეკლე II-ს აჩუქა ირანის შაჰ ნადირმა. სავარაუდოდ ეს ის ხმალია, რომელიც ნადირ შაჰმა საჩუქრად გაუგზავნა ერეკლე II-ს მალაჩის დამარცხების შემდეგ არაგვზე ერეკლეს მიერ – “ცხენი ოქროსა აღკაზმულობითა და ხრმალი მძიმედ მოჭედილი”. ლ. სანიკიძე, უქარქაშო ხმლები, ტომი IV, გვ. 298. საავტორო ასლზე მუშაობა 2 წლის მანძილზე ეტაპობრივად მიმდინარეობდა და დასრულდა 2009 წლის 24 დეკემბერს.
c5020c792ae4
ხმლის აღწერილობა

ბულატის ფოლადი, ტარი დამზადებულია ლომვეშაპის ეშვისგან, ქარქაში ხისაა ტყავგადაკრული 3 ლითონის დეტალით. ქარქაშის მთელი ზედაპირი ორივე მხრიდან შემკულია ტყავზე ამოყვანილი რელიეფური ორნამენტებით. ხმლის ვადა, ტარის ბურთულა და ქარქაშის ორი დეტალი ღრმად გრავირებულია და მოზარნიშებულია ოქროთი.
ხმლის ვადაზე და ქარქაშის საკიდებზე გრავირებით და ოქროს ზარნიშის კომბინაციით გამოსახულია ახალგაზრდა მამაკაცის სახეები. ტარის ბურთულის გუმბათზე გამოსახულია ჩიტი და გვერდებზე მამაკაცის სახეები. დეტალებში უხვადაა მცენარეული ორნამენტები და ისლამიტური კლასიკური მეჩეთის არქიტექტურული ფორმები. ტარის ლითონის ნაწილის ზურზე და მუცელზე გადაკრულია ოქროს თხელი ფირფიტა. ქარქაშის საკიდების ზურგის მხარეს გამოსახულია მამაკაცის სახეები, რომლებსაც ოთხქიმიანი ქუდი “ქულაჰ-ი ნადერი” ახურავთ. ამ ქუდით, როგორც ცნობილია მხოლოდ ნადირ შაჰი (1736-1747) გამოისახებოდა. ხმალს ამშვენებს სხვადასხვა ადგილებზე გამოყვანილი 4 წარწერა. ჩატარდა კვლევა წარწერების იდენტიფიცირებაზე.
384a0491c2db

წარწერა ჯანაშიას მუზეუმშში დაცულ ორიგინალზე
წარწერები ხმალზე

წარწერები ორიგინალზე კარგად არის შემონახული, გარდა ორი კარტრუშისა ხმლის პირზე, როლებიც დაზიანებულია – ამოცვენილია ოქროს ზარნიშის ნაწილები. საბედნიეროდ არის წარწერის კვალი, რის საფუზველზეც მოხდა წარწერების აღდგენა ამსტერდამის უნივერსტეტის პროფესორის, ფერეიდნელი ქართველის ბაბაქ რეზვანის დახმარებით.

I. სპარსული გალექსილი წარწერა ოქროს ასოებით ხმლის პირზე, ჩასმული მოგრძო ფიგურალ კარტუშში. თუმცა წარწერა ერთხაზიანია, იგი ორი ნაწილისგან შედგება, რომლებიც წარმოადგენენ ორ ხაზს (მისრას) ერთი სპარსული ბეითისა. წარწერა ასე იკითხება:

“Bändé-ye xwod-ra Shäh-e vala-seresht – Kälb-Äli Khan mosaheb nevesht”.

“ It means the his Majesty the High esteemed King , Mr. Kalb-Ali (the dog of Ali), entitled his subject as an intimate/ advisor”.

“თავის მონას დიდბუნოვანმა შაჰმა – “ქალბ ალი-ალი ხან მუსაჰიბი უწოდა”.

ა) ”ქალბ’ალი” საკუთარი სახელია და სიტყვასიტყვით ნიშნავს “ალის ძაღლს” (ანუ “ალის ერთგულ მცველს”). ბ) ბოლო სიტყვა “უწოდა” წარმოადგენს შინაარსობრივ თარგმანს: დედანშია “ნევეშთ” = “დაწერა, დაუწერა, ჩაუწერა” (ანუ შაჰის ბრძანებით წერილობით ძეგლებსა და საბუთებში მის ტიტულატურაში აუცილებლად უნდა ჩაეწერათ ტიტული “მუსაჰიბ”. გ)“მუსაჰიბ” (სპარსული ჟღერადობით “მოსაჰებ”) ნიშნავს სიტყვასიტყვით “კომპანიონს, დაახლოებულ პირს, ერთგულ მეგობარს”. სეფიანთა ეპოქის ირანში ტერმინი “მუსაჰიბ” როგორც ტიტული ენიჭებოდათ შაჰთან განსაკუთრებით დაახლოებულ დიდებულებსა და დიდმოხელეებს. დ) “მონა” – ეს სიტყვა არ უნდა გავიგოთ პირაპირი გაგებით; ამ შემმთხვევაში იგი ნიშნავს: მსახურს, მოხელეს, რწმუნებულს, დაქვემდებარებულ პირს. ე) სიტყვა “მონა” არ უნდა გავიგოთ პირდაპირი გაგებით; იმდროინდელი ირანული ტერმინოლოგიით იგი ნიშნავს: მსახურს, სახელმწიფო მოხელეს, ვასალს, ა. შ..

II. ზემომოტანილი სპარსული წარწერის შემცველ მოგრძო ფიგურალ კარტრუშს მარჯვენა კუთხის ბოლოს ქვემოდან ებჯინება ოთხკუთხა (კვადრატული) კარტუში რომელშიც ჩასმულია ოთხი ასო – ციფრი შემდეგი სახით: “ბდუჰ” – “B,D,U,N” რაც იგივეა – 2,4,6,8. ეს გახლავთ ისლამურ სამყაროში საკმაოდ გავრცელებული მაგიური კვადრატი (უკეთ – ამ კვადრატის ერთ-ერთი სახეობა), რომელში ჩასმული ასოები ქმნიან თილისმური დანიშნულების სიტყვას – “ბდუჰ”.
76aa9a245b80

III. სპარსული გალექსილი წარწერის შემცველი მოგრძო ფიგურული კარტრუშიდან მარჯვნივ მოთავსებულია ასევე ფიგურული მომცრო კარტრუში ჩასმული შემდეგი წარწერა:
5a0a83f09bba
“Amal-e Kalbeali ben Assadollah Isfahani”.

“The work of Kalbeali (khab Ali, Quli Ali) the son of Aassadolah (Assad Ulah) Isfahani”.

“გააკეთა ქალბ-ალიმ, ასადულა ისპაჰანელის შვილმა”.’

ამ წარწერიდან ჩანს, რომ ოსტატი არის ვინმე “ქალბ’ალი”, ძე სახელმოხვეჭილი ოსტატის ასადულა (ასად ალლაჰ) ისპაჰანელისა. ხმლის პირზე ზარნიშის შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს მომცრო კართრუში (ოსტატის სახელით) და მაგიური კვადრატი უფრო ადრე არის შესრულებული ვიდრე ზემოდ აღნიშნული გალექსილი წარწერა – შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს ოქროს სინჯის სხვაობა და შესრულების განსხვავებული ტექნოლოგია. ჩემი აზრით, ეს უნიკალური უიშვიათესი ხმლის პირია რომელიც მართლაც ასადულას შვილმა კალბ-ალიმ შეასრულა სეფიანთა პერიოდში მე-16 საუკუნის ბოლოს მე-17 საუკუნის დასაწყისი.
IV. ხმლის ვადას ქვემოდან ორსავე მხარეს დაუყვება წარწერა, რომელიც საერთო ჯამში ქმნის შემდეგ ტექსტს:
ef4c169d04d9
“A-maile kamtarin qolaman Abolgassem (Abo Qasm) zarneshangar.”

“The work of the humblest Abolgassem the gold inlayer”

“გააკეთა ღულუმთაგან უმცირესმა აბუ ალ-ყასიმ მეზარნიშემ”.

1)“ღულამი” – (“მონა, მსახური, მოხელე”) – იმ ეპოქაში სოციალური დატვირთვის მქონე ტერმინი იყო და იხმარებოდა შაჰის და საერთოდ სეფიანთა სახელმწიფოს სამსახურში მდგომი იმ კატეგორიის პირების მიმართ, რომლის უმრავლესობას ე.წ. “კავკასიური ელემენტი” (უმთავრესად ქართველები, ასევე ჩერქეზები და სომხები) შეადგენდა. 2) ოსტატის აღმნიშვნელი ტერმინი ტექსტში არის “ზარნეშანიგარ”, რაც ოქროთი ან ვერცხლით ზარნიშის მკეთებელს ნიშნავს. თვით საწყისი სიტყვა “ზარნეშანი” (ინკრუსტაცია, მოზარნიშება ოქრო-ვერცხლით) სპარსულიდან ქართულშიც იყო შემოსული და ასახულია წერილობით ძეგლებსა და ლექსიკონებში.”
ზემოთგამოყენებულ ტექსტებსი გამოყენებულია ციტატები პროფ. გია ბერაძის ნაშრომიდან სექტემბერი 2008.

ასლში გამოყენებული მასალები და ტექნოლოგიები

ფოლადის ტიპი – ნაჭედი/ წნული ბულატი, ხმლის პირი შედგება ორი სახის ფოლადისაგან ХВГ და СТ45Г თანაბარი პროპორციით. საშუალო სიმაგრე როკველის სკალით – 55-57 ერთეული. შემადგენლობა: 50% ХВГ(1,1% ნახშირბადი, 1% ვანადიუმი, და 1% ქრომი) – 50% СТ45г (0,45% ნახშირბადი, 0,50% მარგანეცი).პირველადი პაკეტი შეკრულია ჭადრაკისებურად 4X4 (სულ 16 ფენა) და შემდეგ გაჭედილია მოზაიკური ბულატის ტექნოლოგიით, რამაც საბოლოოდ შეადგინა სულ 70.000 ფენა / კრისტალი. ხმლის პირს მთელ სიგრძეზე აღენიშნება ცნობილი ვერტიკალურად განაწილებული ორნამენტები, რომლებიც მეორდება – ე.წ. “მუჰამედის 40 ნაბიჯი”. თერმულად დამუშავდა ანოსოვის ტექნოლოგიით. აღსანიშნავია, რომ ხმლის პირი მსუბუქი დარტყმის შემდეგ ზარივით რეკს, რაც ფოლადის სისუფთავეზე მეტყველებს.
f84a6a116f01
ტარი – ვადაჯვარი, ტარის ბურთულა, (აგრეთვე ქარქაშის საკიდები) დამზადებულია მაღალნახშირბადული ფოლადისგან “ც-45”. დეტალები გამოყვანილია ფოლადის მთლიანი ნაჭრებისგან დადუღების გარეშე, რის შემდეგაც მოხდა მათი მორგება, სპეციალური საჭრისებით ღრმად გრავირება, თერმული დამუშავება და ოქროთი მოზარნიშება. საბოლოოდ მოხდა დეტალების პოლირება და ყავისფრად მოელვარება. გამოყენებულია ლომვეშაპის ეშვი, რომელიც დაკვეთით დანიიდან გამოგვიგზავნეს.
ტარის ლითონის ნაწილის ზედა და ქვედა მხარე დაფარულია 0,3 მმ სისქის ოქროს ფირფიტით (14 გრამი). ხმლის მოსართავად სულ დაიხარჯა 25 გრამი ბაჯაღლო.
ქარქაში – ხის მასალად შეირჩა მაგნოლია. ამ მასალას, როგორც წესი, იყებენენ იაპონიაში “კატანას” ქარქაშებისთვის. მაგნოლია აგრეთვე ხშირად გამოიყენება სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ტარად/კონდახად. ქარქაშს ამშვენებს ფოლადის 3 დეტალი (ზემოთ აღნიშნულია საკიდებისთვის გამოყენებული მასალა და დამზადების ტექნოლოგია).
ხის ქარქაშზე სამ ნაწილად გადაკრულია ე.წ. “შაგრინის” ტყავი – ესაა ამ შემთხვევაში თხის სპეციალურად გამოყვანილი, 0,3 მმ-ის სისქემდე დათხელებული ტყავი, ზედაპირზე ერთმანეთისგან განსხვავებული რელიეფური (“ნახევარსფერული”) პატარა მარცვლებით. ქარქაშის ხის ზედაპირზე, როგორც ორიგინალში, ორთავე მხარეს დაკრულია წინასწარ დამზადებული ორნამენტები. ზომაზე დაჭრის შემდეგ ტყავის ნაწილები შიგნიდან გაიკერა, ამოტრიალდა და ჩამოეცვა ხის ქარქაშს. ამის შემდეგ მოხდა ტყავზე რელიეფის “დაბეჭვდა”. ქარქაში ბოლოვდება ფოლადის ბუნით ორნამენტების გარეშე, ერთადერთი მხატვრული ორნამენტი მასზე არის ისლამიტური (მეჩეთის სახურავის) ფორმა სადაც იგი ხის კორპუსს უკავშირდება.

გრავირება / ზარნიში: ასლის დეტალები შესრულებულია მექანიკური ღრმა ჭრის კლასიკური ტექნიკით სხვადასხვა სპეციალური ფოლადის საჭრისებით (სიღრმე 0,5 მმ,- როგორც ორიგინალში). შემდეგ დეტალები იწრთო და მოიჭედა ოქროთი – მოზარნიშდა. გამოყენებულია ზარნიშის ერთ-ერთი საუკეთესო ტექნიკა. წრთობამდე წინასწარ გამზადებულ გრავირებულ ნახატში, მოხდა ოქროს მავრთულის ჩაჭედვა – გამოყებეულია 0,4 მმ სისქის ბაჯაღლო ოქროს მავრთულები. დეტალები საბოლოოდ არის ყავისფრად მოელვარებული.

df441c020a01

პარამეტრები:

ხმლის მთლიანი სიგრძე: 93,5 სმ.
ტარის სიგრძე: 11 სმ.
ვადის სიგანე: 11,5 სმ.
პირის სისქე ვადასთან: 8 მმ.
პირის სიფართე ვადასთან: 3,4 სმ.
პირის სიფართე შუაში: 3 სმ.
ქარქაშის საკიდებს შორის დაშორება: 174 სმ.
ხმლის წონა უქარქაშოდ: 935 გრ.
ხმლის წონა ქარქაშით: 1304 გრ.

de5fd28e41d5

6e5fcbc8e0aa

6c55a3d47357

წყარო: http://www.gotscha.nl და მამაჩემის დაჟინებული მოთხოვნა :matraxi: :matraxi: :matraxi:

მსგავსი ამბები

Back to top button