არქივი

საიდუმლო ორგანიზაციები

6mmg6

ისტორიის მანძილზე ბევრი საიდუმლო ორგანიზაცია ყოფილა და ბევრი შეთქმულების თეორიაც აგორებულა მათ შესახებ. პოსტში წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს.

1. თავის ქალა და ძვლები
vl9p5
საათისგან მარცხნივ: ჯორჯ ბუში უფროსი

თავის ქალისა და ძვლების ორდენი, იელის უნივერსიტეტის საიდუმლო საზოგადოება, თავდაპირველად ცნობილი იყო როგორც სიკვდილის საძმო. ეს არის აშშ–ის სტუდენტთა ერთ–ერთი უძველესი საიდუმლო ორგანიზაცია. დაარსდა 1832 წელს და მასში გაწევრიანების საშუალება მხოლოდ ერთეულებს აქვთ. მისი წევრები დღემდე ატარებენ მასონურ რიტუალებს. ხუთშაბათსა და კვირას იკრიბებიან სპეციალურ შენობაში, რომელსაც ეძახიან “აკლდამას”.

იელის უნივერსიტეტის არქივის გამგისა და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის, ჯუდი შიფის თქმით, ორგანიზაციის წევრთა ვინაობა 70–იან წლებამდე გასაიდუმლოებული არ იყო, რიტუალები კი მაშინაც ტარდებოდა. იელში სწავლის პერიოდში მისი წევრები იყვნენ მამა–შვილი ბუშები. სხვა წევრებმაც ასევე წარმატებას მიაღწიეს და სახელი გაითქვეს.

თავის ქალისა და ძვლების შესახებ ბევრი თეორიაა გავრცელებული. ერთ–ერთი მათგანის მიხედვით ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) დაფუძნებულია ამ ორგანიზაციის წევრებზე. სააგენტომ 2007 წელს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეს მოსაზრება უარყოფილია. განცხადება სრული სახით შეგიძლიათ იხილოთ აქ

2. როზენკრეიზერები
22cqn

ითვლება, რომ როზენკრეიზერების ორდენის შექმნის იდეა თავში მოუვიდათ გემანელ პროტესტანტებს, რომლებმაც 1600–იან წლებში გამოუშვეს სამი დოკუმენტი: Fama Fraternitatis Rosae Crucis (ვარდისა და ჯვრის საძმოს გზავნილი), Confessio Fraternitatis (საძმოს აღსარება) და The Chymical Wedding of Christian Rosenkreutz anno 1459 (ქრისტიან როზენკრეიცის ქიმიური ქორწინება, წელი 1459). ეს დოკუმენტები ისე ფართოდ გავრცელდა და იმდენად გავლენიანი იყო, რომ ისტორიკოსმა ფრანსის იეტსმა მე–17 საუკუნეს უწოდა როზენკრეიცული განათლების პერიოდი. პირველი დოკუმენტი გვიამობს მისტიურ ალქიმიკოსზე, რომელმაც მსოფლიოს მრავალ ადგილას იმოგზაურა ცოდნის გაფართოების მიზნით. მეორე დოკუმენტში ასახულია ალქიმიკოსთა საიდუმლო საძმო, რომელიც აპირებდა, ევროპის პოლიტიკური და ინტელექტუალური სახე შეეცვალა. მესამე დოკუმენტი მოგვითხრობს ქრისტიან როზენკრეიცზე, რომელიც მიიწვიეს მეფისა და დედოფლის “ქიმიურ” ქორწილზე საოცრებათა სასახლეში.

როზენკრეიზერების ორდენის დღევანდელი წევრები ამტკიცებენ, რომ მათი საძმო გაცილებით ძველია, ვიდრე ის სამი დოკუმენტი. დოკუმენტებში იგრძნობა სიმპათია პროტესტანტების მიმართ და უარყოფითი დამოკიდებულება კათოლიკეებთან მიმართებაში. სავარაუდოდ, საძმომ გავლენა მოახდინა მასონებზეც, რადგან შოტლანდიური წესით, მე–18 ხარისხის მასონს “წითელი ჯვრის რაინდი” ეწოდება.

დღეს როზენკრეიზერების ბევრი განშტოება არსებობს, ყველა მათგანი ამტკიცებს, რომ ორიგინალთან ახლოსაა. ორი ძირითადი შტოდან ერთს შეთვისებული აქვს ქრისტიანული იდეოლოგიის პრინციპები, მეორე კი უფრო მეტად მასონურს ჩამოჰგავს.

3. Ordo Templis Orientis, ანუ აღმოსავლეთის ტაძრის ორდენი

ეს ორგანიზაციაც მიაგავს მასონურს, მაგრამ მისი ერთ–ერთი ხელმძღვანელის, “დიდი მხეცის” ალისტერ კროულის გავლენით, ასევე შეტანილია რელიგიური სისტემის, თელემას ელემენტებიც. თელემა დაფუძნებულია უბრალო კანონზე: “აკეთე ის რაც გსურს”. წევრებს ენიჭებათ სხვადასხვა ხარისხი გამოცდილებასთან ერთად, ასევე ტარდება მაღალ დონეზე ორგანიზებული რიტუალები. დღესდღეობით მსოფლიო მასშტაბით ორდენს 3000 წევრამდე ჰყავს.

კროულიმ ორდენის წევრებისგან შექმნა მასა, რომელსაც უწოდა “გნოსტიკური მასა”. რიტუალების დროს ადიდებენ ბუნების ძალებს. აუცილებელი შემადგენელი ნაწილია ქალწული ქურუმები, ბავშვები და მღვდლები. მოუწოდებენ ბევრ უძველეს ღვთაებას, ძირითადად ეგვიპტურებს, ასევე ლუციფერს. ქურუმი კი ამ დროს შიშვლდება და სარიტუალო მოძრაობებს ასრულებს.

4. ოქროს განთიადის ჰერმეტული ორდენი
rpv0j

ორდენის ფუძემდებელია დოქტორი უილიამ რობერტ ვუდმენი, უილიამ ვაინ ვესტკოტი და სამუელ ლიდელ მაკგრეგორ მატერსი. სამივე მათგანი იყო თავისუფალი მასონი და ინგლისური როზენკრეიზერების საძმოს წევრი (რომელსაც თავის მხრივ, მჭიდრო კავშირი აქვს მასონებთან). ბევრი მკვლევარის მიერ მიჩნეულია, რომ ამ ორდენის წევრებმა ჩაუყარეს საფუძველი ოკულტური ჯგუფების უმეტესობას.

ოქროს განთიადის ჰერმეტული ორდენის წევრთა რწმენის სისტემა დაფუძნებულია ქრისტიანულ მისტიციზმზე, კაბალაზე, ჰერმეტიციზმზე, უძველეს ეგვიპტურ რელიგიებზე, თავისუფალი მასონების იდეოლოგიაზე, ალქიმიაზე, თეოსოფიაზე, მაგიასა და რენესანსის პერიოდის ნაშრომებზე. ყველაზე ცნობილი წევრები არიან უილიამ იეტსი და ალისტერ კროული.

ორდენის ფუნდამენტური დოკუმენტები ცნობილია, როგორც შიფრის დოკუმენტები. დოკუმენტები შედგება 60 ფოლიოსგან, რომელშიც ასახულია მაგიური რიტუალები. რიტუალთა უმეტესობის სათავე როგორც ჩანს, სათავეს იღებს როზენკრეიზერებიდან.

5. ტაძრის რაინდები
wsf87

სრული სახელია: ტაძრის, წმინდა იოანე იერუსალიმელის, პალესტინის, როდოსისა და მალტის გაერთიანებული რელიგიური, სამხედრო და მასონური ორდენი. ეს არის თანამედროვე ორგანიზაცია, რომელსაც კავშირი არ აქვს ორიგინალ ტამპლიერებთან – ორგანიზაციასთან, რომელიც მე–12 საუკუნეში შეიქმნა. მის წევრებს ამაზე არც აქვთ პრეტენზია, მათგან მხოლოდ იდეები და სიმბოლოები ისესხეს.

ორდენის წევრი რომ გახდეთ, უნდა იყოთ ქრისტიანი ოსტატი მასონი. თავისუფალი მასონების მხარე უარყოფს, რომ მათთან რამე კავშირი აქვთ, თუმცა შეინიშნება აშკარა მსგავსება წყობასა და იერარქიაში. ასევე არიან მასონები, არამასონები და ანტიმასონებიც კი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეს ორი ორგანიზაცია ერთმანეთთან თანამშრომლობს.

6. ბილდერბერგის ჯგუფი

ეს ჯგუფი იმით განსხვავდება პოსტში მყოფი სხვა ორგანიზაციებისგან, რომ მას არ აქვს წევრთა ოფიციალური სია. სახელი უწოდეს მისმა ყველაზე გავლენიანმა წევრებმა, რომლებიც წელიწადში ერთხელ აწყობენ შეხვედრას. ჯგუფი შეიქმნა 1954 წელს, ამ წელს შედგა პირველი შეხვედრაც ჰოლანდიის სასტუმრო ბილდერბერგში (სურათზე). საკითხები, რაც შეხვედრებზე განიხილება, საიდუმლოდ ინახება. შეხვედრის ადგილები, როგორც წესი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროებია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

შეხვედრაზე დასწრება მხოლოდ მოსაწვევითაა შესაძლებელი. ჯგუფი აერთიანებს ძალაუფლების მქონე ხალხს პოლიტიკიდან, ბიზნესიდან, საბანკო, სამხედრო და მედიის სფეროდან. შესაბამისად, ორგანიზაცია მათი მფარველობით სარგებლობს. ვისაც აქვს ბედნიერება და სხდომას დაესწრება, წინასწარ დებს ფიცს, რომ არ გათქვამს უმნიშვნელო დეტალსაც კი, რასაც იქ მოისმენს. ალბათ, იმის თქმა საჭირო აღარაა, რომ ბილდერბერგის ჯგუფის შესახებ უამრავი შეთქმულების თეორია და მოსაზრება არსებობს.

7. სიონის პრიორატი
tb12c

დენ ბრაუნის “და ვინჩის კოდის” გამოსვლის შემდეგ გაიზარდა საზოგადოების ინტერესი სიონის პრიორატის მიმართ. საერთოდ, სიონის პრიორატი ეწოდება რამდენიმე სხვადასხვა ორგანიზაციას, რომლიდანაც ზოგი ფიქციურია, ზოგი ასე თუ ისე რეალური. ყველაზე მნიშვნელოვანი მათგან არის 1956 წელს საფრანგეთში პიერ პლანტარდის მიერ აღმოჩენილი ორგანიზაცია, რომელიც გადმოცემის მიხედვით, შექმნა ბოლონის გრაფმა გოტფრუამ. პრიორატის არქივების მიხედვით, მათ წვლილი მიუძღვით ტამპლიერების ორდენის შექმნაში და მათი მართვაც ძირითადად აქედან ხორციელდებოდა.

ორგანიზაციამ რამდენჯერმე გამოაქვეყნა განცხადებები, რომელშიც ნათქვამია, რომ მათთან ინახება წმინდა გრაალი, ტამპლიერების განძი და მრავალი საკრალური ნივთი. მაგრამ მათი წარდგენა საზოგადოების წინაშე მოხდება მაშინ, როცა ამას თავად გადაწყვეტენ, რადგან განძთან ერთად იქ ინახება უძველესი ცოდნაც. პრიორატის ჩანაწერების მიხედვით, ისტორიის მანძილზე მისი ცნობილი წევრები იყვნენ: ნიკოლა ფლამელი, სანდრო ბოტიჩელი, ლეონარდო და ვინჩი, რობერტ ბოილი, ისააკ ნიუტონი, ვიქტორ ჰიუგო.

8. ოპუს დეი, ანუ ღმერთის ნაშრომი

ოპუს დეი არის კათოლიკური ორგანიზაცია, რომლის წევრებიც მიიჩნევენ, რომ ყველა ადამიანი წმინდაა და ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა გზა სიწმინდისკენ. ორდენი დაარსდა ესპანეთში 1928 წელს კათოლიკე მღვდლის ჯოზემარია ესკრივას (სურათზე) მიერ, რომის პაპ პიუს XII-ის კურთხევით.

“და ვინჩის კოდში” დენ ბრაუნი ირწმუნებოდა, რომ ოპუს დეი არის საიდუმლო ორგანიზაცია კათოლიკე ეკლესიის შიგნით, რომლის მიზანია დაშალოს სიონის პრიორატის საზოგადოება და საზოგადოებას ამცნოს ჭეშმარიტება ქრისტიანობის რეალური არსის შესახებ. დენ ბრაუნამდე და მის შემდეგ ბევრჯერ ყოფილა კამათი ამ ორგანიზაციის შესახებ, მათი განსაკუთრებულად მკაცრი რელიგიური სტრუქტურის გამო.

ორგანიზაციის წევრთა უმეტესობა საერო პირებია. ისინი ადამიანებს მიიჩნევენ ნაშრომად, ღმერთის შემოქმედებად, ამიტომაც ეწოდა ეს სახელი. 2009 წელს წევრების რაოდენობამ მიაღწია 90 000–ს, მათგან 2000 მღვდელია. 70%–ს ოჯახი ჰყავს, დანარჩენი 30% კი ცელიბატია.

======================

თავისუფალ მასონებზე და ილუმინატებზე ბევრი დაიწერა უკვე, ამიტომ მათზე ახალს ალბათ ვერაფერს დავწერ.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button