საკითხავისასარგებლო

სოდომის ზღვის საიდუმლოება


ოდესღაც ეს ტერიტორია მსოფლიოში ყველაზე ცოდვიანი ადგილი იყო, დღეს კი იქ პლანეტის ყველაზე გამორჩეული ზღვა მდებარეობს, რომელშიც ადამიანი არასდროს ჩაიძირება. ზღვა ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა, მაგრამ, იმავდროულად, სასიკვდილოც, ამისთვის ნახევარი ჭიქა მკვდარი ზღვის წყლის დალევაც კი საკმარისია.

დედამიწის ფსკერი

“ძვირფასო მეგობრებო, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ დედამიწის ფსკერზე ვიმყოფებით”, – ბევრი მეგზური სწორედ ასეთი სიტყვებით იწყებს მკვდარი ზღვის ტურისტებისთვის წარდგენას. დედამიწის ზურგზე ყველაზე დაბალი ადგილი, რომელიც მსოფლიო ოკეანეების დონიდან 400 მეტრით დაბლა მდებარეობს, იერუსალიმიდან ერთი საათის სავალ გზაზეა.
მკვდარ ზღვაში თევზები, წყალმცენარეები, მოლუსკები არ ცოცხლობენ, თუმცა მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ის ბაქტერიებითაა სავსე. “ჩვენ ისი არასდროს შეგვინიშნავს!”, – ხუმრობს ადგილობრივი მოსახლეობა. მარილოვან ზღვაში ლეგენდარული იორდანიის მდინარე ჩაედინება, რომელიც დროთა გამავლობაში ორთქლდება, რითაც მარილის კონცენტრაციას ზრდის. ამ მოვლენის გამო, ზღვის თავზე ყოველთვის ნისლია, ხოლო აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე იორდანიის მთები ყოველთვის ბუნდოვნად მოჩანს. ამ ზღვას იუდეველები ოდითგანვე მარიოვანს უწოდებდნენ, ხოლო მკვდარი ზღვა მას ლეგენდის თანახმად პირველად ჯვაროსნებმა შეარქვეს.
XI საუკუნეში იერუსალიმის დაპყრობის შემდეგ, ჯვაროსნებმა გზა წმინდა მიწის სამხრეთით განგრძეს. მათ იუდეველთა უდაბნო უნდა გაევლოთ. 40 გრადუს სიცხეში უწყლობით გაწამებულებმა, მოულოდნელად უზარმაზარი ზღვა დაინახეს. გახარებულმა მებრძოლებმა ტანსაცმელი გზადაგზა გაიხადეს და წყალში ყიჟინით ჩაცვივდნენ, მაგრამ რამდენიმე წუთში უკან ისე გამორბოდნენ, თითქოს შავ ჭირს გაურბოდნენ. პატარა ჭრილობაზე მოხვედრისთანავე, მარილიანი წყალი ჯოჯოხეთურ ტკივილს იწვევდა. ზოგიერთმა მეომარმა დაბანა მაინც მოახერხა, მაგრამ მალევა საკუთარ თავს წყევლიდა, რადგან წყალმა თვალები საშინლად დაუწვა.
მკვდარ ზღვაში ჩაძირვა წარმოუდგენელია, რადგან ბლანტი წყალი, რომელიც თავისი კონსისტენციით მზესუმზირის ზეთს წააგავს, თქვენს სხეულს ფსკერისკენ წასვლის საშუალებას არ მისცემს, თანაც ბანაობა შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ. მაგალითად, ტრაგიკულად დამთავრდა იაპონელის მცდელობა მკვდარ ზღვაში ჩაეყვინთა. იქ ჩასული ტურისტები აუცილებელ ინსტრუქტაჟს გადიან. პლაჟის მაშველები წყალქვეშა ცურვის ნებისმიერ მცდელობას კრძალავენ. ისინი დამსვენებლებს წყალში ზურგზე დაწოლას ურჩევენ, რადგან გაუნძრევლად წოლა საათობით შეიძლება. მკვდარ ზღვაზე პირდაპირი მნიშნველობით გავლაც კი შეიძლება. ამისთვის მხოლოდ ზღვაში შესვლაა საჭირო. თქვენ თავადვე იგრძნობთ ფეხქვეშ გამოცლილ ფსკერს, მაგრამ გზას განგრძობთ და არ ჩაიძირებით. ერთი სიტყვით, წყალზე საცობივით იტივტივებთ.

ცოდვის ქალაქები

აღსანიშნავია, რომ ბევრი ქრისტიანი პილიგრიმი წყალში არა თუ ჩადის, მას ახლოსაც კი არ ეკარება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ძველი აღთქმის თანახმად, მკვდარი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე გარყვნილებით ცნობილი სოდომი მდებარეობდა, მის შორიახლოს კი ქალაქი გომორა, რომლის მოსახლეობამაც აღვირახსნილობით ღვთის რისხვა გამოიწვია.
ბიბლიის თანახმად, ღმერთმა თავისი ანგელოზები სოდომში გაგზავნა, რათა იქაური მოსახლეობა ცოდვაში ემხილა. ღმერთის გაგზავნილები ლოტის ოჯახში გაჩერდნენ. შუაღამისას მასპინძლის სახლს ქალაქის მოსახლეობამ ალყა შემოარტყა. ორგიების მოყვარული სოდომელები სქესობრივი კავშირის დასამყარებლად სტუმრების მათთან გაყვანას მოითხოვდნენ. სტუმართმოყვარე ლოტმა აღგზნებულ ბრბოს დასაშოშმინებლად საკუთარი ქალიშვილები შესთავაზა, რაზეც მოსახლეობისგან უარი მიიღო. ამის შემდეგ ანგელოზებმა მოძალადეები დააბრმავეს, ხოლო ლოტი და მისი ოჯახი დასაღუპად განწირული ქალაქიდან გაიყვანეს. სოდომი და გომორი, რომ მართლაც არსებობდა, ამის შესახებ საშინელი სტიქიური უბედურების შედეგად შემორჩენილი კვალიც მოწმობს. მკვდარ ზღვასთაბ ახლოს ბიბლიაში აღწერილი დრამის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია შემორჩენილი. სამხრეთ სანაპიროს ერთ-ერთ კლდეზე, მარილის უჩვეულო ბოძი დგას, რომელიც შორიდან ქალის გაქვავებულ ფიგურას წააგავს. ძველი აღთქმის თანახმად, როდესაც ანგელოზებს ლოტის ოჯახი აალებული ქალაქიდან გაჰყავდათ, მათ ერთი მითითება მისცეს: უკან არავის უნდა მიეხედა, მაგრამ ლოტის ცოლს ცნობისმოყვარეობამ სძლია, უკან მიიხედა და მარილის ბოძად გადაიქცა.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: მკვდარი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ეინ-გედი ოაზისში უნიკალური ჯიშის ხე ხარობს. მისი მსგავსი დედამიწაზე სხვაგან არსად შეგხვდებათ. ამ ხის ტოტებზე სოდომის ვაშლები იზრდება და ისინი ადამიანისთვის ძალიან საშიშია. ვაშლის წვენის თვალზე მოხვედრისას, ადამიანი მყისვე ბრმავდება. ამის შემდეგ კი მართლაც შეუძლებელია ანგელოზების მმიერ ქალაქის გარყვნილ მცხოვრებლთა დაბრმავება არ გავიხსენოთ.

დამწვრობის გარეშე

მკვდარი ზღვუს სამკურნალო თვისებების შესახებ, რომლის შემადგენლობაშიც მაგნიუმი, კალციუმი, ბრომი და სხვა ნივთიერებები შედის, ჯერ კიდევ კლეოპატრამ იცოდა. ამ რაიონში არქეოლოგებმა კოსმეტიკური ფაბრიკის მსგავსი ნაგებობა აღმოაჩინეს, რომელიც ეგვიპტის უკანასკნელ დედოფალს, იულიუს კესრის საყვარელსა და მარკუს ანტონიუსის მეუღლეს, კლეოპატრას, ეკუთვნოდა. ალბათ კლეოპატრას გაუკვირდებოდა, რომ გაეგო რა მასშტაბებს მიაღწია დღეს მკვდარი ზღვის მინერალებზე დამზადებული საპნის, კრემებისა და ლოსიონების წარმოებამ. მარილოვანი ზღვა ყველაზე დადებით ეფექტს ახდენს კანზე. ერთკვირიანი ბანაობის შემდეგ, ზრდასრული ადამიანის კანი ბავშვის კანივით ნაზი და მკვრივი ხდება.
დღესდღეობით მკვდარი ზღვის სანაპიროებზე თითქმის არავინ სახლობს, რადგან 40-გრადუსიან სიცხეში ცხოვრება არცთუ ისე ადვილია. სამაგიეროდ ზღვასთან ახლოს ბევრი სასტუმრო და სამკურნალო დაწესებულებაა. ამ დაწესებულებებში, ძირითადად, კანის სხვადასხვა დაავადებებით, რევმატიზმითა და ართრიტით დაავადებული ადამიანები ჩადიან. ადგილობრივ კლიმატს, ზღვის წყალსა და სამკურნალო ტალახს ნამდვილი სასწაულების მოხდენა შეუძლიათ.
აქ მზეც განსაკუთრებულად ანათებს. მკვდარი ზღვის სანაპირო მსოფლიოში ერთადერთი ადგილია, სადაც მზის აბაზანის მიღება ყოველგვარი დამწვრობის გარეშე შეიძლება, ხოლო მავნე ულტრაიისფერი გამოსხივება, სქელი ატმოსფერული შრის წყალობით, თითქმის ნულის ტოლია. რამდენიმე ასწლეულის შემდეგ, მსოფლიოში ყველაზე ცოდვილი ადგილი, სიწყნარის, სიმშვიდისა და განკურნების ადგილად იქცა. ამასთანავე, მკვდარი ზღვა მსოფლიოში ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე სუფთა რაიონია: ჰაერში ჟანგბადის შემცველობა 9 პროცენტით მეტია, ვიდრე დედამიწის რომელიმე ნაწილში.

წყარო: მსოფლიოს ყველაზე საინტერესო და საოცარი მოვლენები

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close