არქივი

ეკოლოგიური პრობლემები

25689e518218

გავუფრთხილდეთ ბუნებას…

კავკასიაში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ რეგიონში, მეტად მწვავედ დგას ეკოლოგიური პრობლემები. მათ შორის აღსანიშნავია ატმოსფეროსა და წყლის რესურსების დაჭუჭყიანება, მინერალური რესურსების არარაციონალური გამოყენება, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება, პლაჟების გარეცხვა-დაშლა, მიწების ეროზია, ტყეების ფართობების შემცირება და სხვა.
მართალია, ატმოსფერული ჰაერტი გამოულევადი ბუნებრივი რესურსია, მაგრამ მუდმივი გაჭუჭყიანება მის შემადგენლობაში ცოცხალი ბუნებისთვის საზიანო ცვლილებებს იწვევს.
გასული საუკუნის 70-80-იან წლებში სამხრეთ კავკასიაში ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანების მთავარ წყაროებს მრეწველობა და ტრანსპორტი წარმოადგენდა. ჰაერის დაჭუჭყიანების ხარისხი განსაკუთრებით მაღალი იყო დიდ ქალაქებსა და სამრეწველო ცენტრებში, თუმცა XX საუკუნის მიწურულს მკვეთრად შემცირდა.
დიდ ქალაქებში განსაკუთრებით კი სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დედაქალაქებში ჰაერს სმოგი აბინძურებს.

სპეციალისტების გაანგარიშებით ქ. თბილისიდან ატმოსფეროში ყოველწლიურად დაახლოებით 276500 ტონა მავნე ნივთიერება ხვდება, რომლის 83,3 % ავტოტრანსპორტზე მოდის. ქ. ქუთაისში ატმოსფეროში მოხვედრილი გამონაბოლქვი ნივთიერებების მასა 76200 ტონას შეადგენს, ქ. რუსთავიდან კი ატმოსფეროში საშუელოდ 168700 ტონა მავნე ნივთიერება ხვდება. ერთ მცხოვრებზე გაანგარიშებით, საქართველოში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
სმოგი კვამლის, ნისლისა და მტვრის ნარევია, რომელიც ფაბრიკა-ქარხნებისა და ტრანსპორტის გამონაბოლქვისგან წარმოიქმნება. თბილისში, ბაქოსა და ერევანში ხშირია სმოგი, რის გამოც ჰაერი ძალიან ჭუჭყიანია. ამის მთავარი მიზეზი კი ავტომობილებითა და სხვა ტრანსპორტით გადატვირთული ქუჩებია.

ბოლო წლების განმავლობაში სწრაფი ტემბპებით გაიზარდა წყლის მოხმარება, როგორც ქალაქებში, ისე სოფლებში. შესაბამისად, მოიმატა და ფართო ხასიათი მიიღო წყლის დაჭუჭყიანებამაც, რაც მდინარეებსა და წყალსატევებში ჭუჭყიანი წყლის შერევითაა განპირობებული.
წყლის ობიექტებს საწარმოო ჩამდინარე წყლები, ქიმიური, მეტალურგიული მრეწველობიდან, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რადიოაქტიური ელემენტები, სოფლის მეურნეობაში გამოყენებული სასუქი და შხამქიმიკატები, ფეკალურ-საყოფაცხივრებო ჩამდინარე წყლები და სხვა მრავალი რამ აჭუჭყიანებს. დაჭუჭყიანების შედეგად წყალს ეცვლება გემო და სუნი, მცირდება მასში შემავალი ჟანგბადი, იწამლება წყლის ორგანიზმები და ა.შ.

მდ. მტკვარის აუზი ხუთი ქვეყნის ტერიტორიას მოიცავს. მტკვარი და მისი მთავარი შენაკადი არაქსი 4-ჯერ კვეთენ სახელმწიფოთა საზღვრებს. მდ. მტკვრის აუზის ძირითადი დამბინძურებელია დაჭუჭყიანებული და არასაკმარისად გაწმენდილი ჩამდინარე წყლები. ისინი მდინარეში სხვადასხვა დასახლებული პუნქტიდან ხვდება, რომელთა მოსახლეობის საერთო რაოდენობა 8 მლნ. კაცს აჭარბებს. ყველაზე დაჭუჭყიანებული “ლაქები” მდ. მტკვარზე საქართველოში თბილისსა და რუსთავის მიდამოებშია, სომხეთში კი – ერევანის მიდამოებსა და მდ. დევედაზე. მდინარის წყლის დაჭუჭყიანების ხარისხი ნორმას 10-20 ჯერ და უფრო მეტად აღემატება.

ზღვების ნაპირების ნგრევისა და უკანდახევის პრობლემა დღეს თითქმის ყველა ზღვისპირა ქვეყანას აწუხებს. ეს მეტად არასასურველი პრობლემაა, რომელიც, ძირითადად ათასწლეულობით ჩამოყალიბებული პროცესის ადამიანის მიერ დარღვევების შედეგია. მაგალითად, შავი ზღვის სანაპიროს 315 კმ-იანმა მონაკვეთმა საუკუნეების განმავლოაში უარყოფითი ანთროპოგენური ზემოქმედების ყველა ფორმა განიცადა.
მდინარეების მიერ ზღვაში შემოტანილი ქვიშა და ხრეში ტალღების მიერ მუშავდება და ნაპირების გასწვრივ ნაწილდება. ასე ჩნდება ნაპირგასწვრივი ნაკადები, ე.წ პლაჟები. ტალღები ქვებს, ქვიშასა და ხრეშს მუდმივად გადაადგილებს, როგორც ნაპირის გასწვრივ, ისე მის გარდიგარდმო. მდინარეების მიერ ჩამოტანილი მყარი მასალის ( ნატანის ) შემცირება ნაპირების გადარეცხვა-დაშლას იწვევს. თუ პლაჟი მოისპო, ტალღები ნაპირების ნგრევას დაიწებენ და თანაც იმდენად ენერგიულად, რომ ხანმოკლე დროის განმავლობაში ათობით მეტრი სიგანის ხმელეთი წარეცხოს ან რკინა-ბეტონოს ჯებირიც კი წააქციოს.
ხელოვნური პლაჟების შექმით ეს პროცესი მეტ ნაკლებად შეფერხდა, თუმცა შავზღვისპირეთის სანაპირო ზოლის შენარჩუნება დღესაც აქტუალური პრობლება და გადაუდებელი ამოცანაა.

ჯერ კიდევ 30 წლის წინ მახინჯაურს, ჩაქვსა და ქობულეთს საკმაოდ განიერი პლაჟები ჰქონდათ, რომელიც თვალსა და ხელს შუა გაქრა. XIX საუკუნის ბოლოს აშენებულმა ბათუმის პორტმა ნაპირგასწვრივი ნაკადი გადარეცხა და მდინარეულმა ნატანმა ჩრდილოეთით გადაადგილება შეწყვიტა. შედეგად კი ბათუმიდან ქობულეთის ჩათვლით სანაპიროებზე საპლაჟო მასალა გამოილია და ნაპირებმა ნგრევა დაიწყო.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ერთ-ერთი მწვავე ეკოლოგიური პრობლემაა მინერალური რესურსების არარაციონალური გამოყენება და მწყობრიდან გამოსული მიწების რეკულტივაცია. წიაღისეულის მოპოვების ადგილებში სამრეწველო ნარჩენები – ფუჭი ქანები გროვდება და დროთა განმავლობაში საკმაოდ დიდ ტერიტორიებს იკავებს.

ასევე სერიოზულ პრობლემას ქმნის ნაგავსაყრელები – ხმელეთის დანაგვიანების ერთერთი წყარო. ქ. ბაქოში ყოველწლიურად დაახლოებით 250-300 ათასი ტონა ნაგავი გროვდება, რომლის უტილიზაციის მიზნით აზერბაიჯანის დედაქალაქში 2012 წელს მსხვილი ნაგავსაწვავი ქარხნის მშენებლობაა დაგეგმილი.

ამრიგად, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ეკოლოგიური პრობლემები საკმარისზე მეტია. ისინი დაუყოვნობლივ გადაწყვეტას მოითხოვს, რისთვისაც აუცილებელია მონიტორინგის ორგანიზაცია, რეგიონალური ეკოლოგიური პრობლემების დამუშავება და ერთობლივი გადაწყვეტა, კონკრეტული ეკოლოგიური პრობლემის შესწავლა, გეოგრაფიულ-ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება.

მოვუწოდებ ყველას: გავუფრთხილდეთ ბუნებას!
წყარო: გეოგრაფიის 8 კლასის სახელმძღვანელო

იხილეთ ასევე
Close
Back to top button