საკითხავიუცნაური

მკვლელობები თითების გარეშე (+16)

left4dead

43 წლის ინვალიდ მამაკაცს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად ადამიანების მკვლელობა ედებოდა. ამასთან ერთად იგი მოკლულთა ცხედრებსაც ანაწევრებდა… მიხეილ აზალაძის საქმის დეტალების გაცნობა მართლაც რომ ამაზრზენია.

პირველი მკვლელობა აზალაძეს ვერ დაუმტკიცდა და ამაში დიდი როლი ითამაშა მისმა ფიზიკურმა ნაკლმა. საქმე ისაა, რომ მას მარჯვენა ხელზე არც ერთი თითი არ აქვს. როცა პირველად წარდგა სასამართლოს წინაშე, მხოლოდ დანაშაულის დაფარვისთვის გაასამართლეს. შემდეგ კი მეორე მკვლელობაც ჩაიდინა, თანაც იმავე მეთოდით. ამჯერად საქმე გაიხსნა და მიხეილ აზალაძე დააპატიმრეს.

აზალაძე პირველად ციხეში 2004 წლის მარტში მოხვდა. მაშინ მას გია ბრატულიჩის განზრახ მკვლელობა ედებოდა ბრალად. ბრატულიჩის ცხედარი საკუთარ სახლში, თბილისში, ჩანტლაძის #1–ში აღმოაჩინეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ აზალაძეს რამდენიმეწლიანი სასჯელი გამოუტანა, მაგრამ ადვოკატებმა განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. ამბობდნენ, რომ აზალაძეს არ შეეძლო დანაშაულის ჩადენა. აცხადებდნენ, წარმოუდგენელია, ადამიანს, რომელსაც მარჯვენა ხელზე არც ერთი თითი არ აქვს, ვინმე მოეკლაო. ადვოკატის პოზიცია ექსპერტიზის დასკვნითაც გამყარდა. დასკვნაში ეწერა, რომ ის დანას ხელში ვერ დაიჭერდა. საბოლოოდ სასამართლომ გაიზიარა დაცვის პოზიცია და აზალაძე გაამართლა, მაგრამ ვინაიდან გვამი მის ბინაში აღმოჩნდა, დანაშაულის დაფარვისთვის გაასამართლა და პირობითი სასჯელი დაადო.

ციხიდან გათავისუფლებულმა აზალაძემ ნავთლუღის ბაზარში ვაჭრობა დაიწყო, ხილს ყიდდა. 2008 წლის 25 მარტის საღამოს ის ძველ ნაცნობ ვასიკო მეცხვარიშვილს შეხვდა და თავისთან წაიყვანა. სახლში ასვლამდე პროდუქტები და ორი ბოთლი არაყი იყიდეს. შემდგომში საქმის მასალებით გაირკვა, რომ მათ შორის წარსულში არსებობდა კონფლიქტი, რომელიც იმ შეხვედრის დროს გაიხსენეს და ერთმანეთში ჩხუბი მოუვიდათ. აზალაძემ მეცხვარიშვილი მოკლა.

ექსპერტიზის დასკვნით, ვასიკო მეცხვარიშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია იყო. მკვლელობის შემდეგ აზალაძემ დანაშაულის დაფარვა გადაწყვიტა. მან მეცხვარიშვილს თავი და მარცხენა მკლავი მოაჭრა. სხეულის ნაწილები პარკში ჩადო და საკუთარ ეზოსთან ახლოს, ნაგვის ურნაში გადააგდო. ტანი კი კორპუსის წინ ჩაიტანა, ზედ სალიარი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. მერე სახლში დაბრუნდა, შეძლებისდაგვარად იქაურობა მიალაგა, დაიძინა და დაახლოებით დილის 9 საათზე სახლიდან გავიდა. ძალოვნებმა აზალაძე თბილისში, რუსთაველზე დააკავეს.

საქმეში არსებობს მოკლულის ოჯახის წევრების ჩვენებები, რომლებიც საშინელი დანაშულის არაერთ დეტალს ხდის ფარდას.

გარდაცვლილის ძმა, ტრისტან მეცხვარიშვილი, ამბობს, რომ ის იცნობდა აზალაძეს და იცოდა, რომ მას მანიაკური თვისებები ჰქონდა.

– მართალია, მარჯვენა ხელზე თითები არა აქვს, მაგრამ ამ ხელს ის ძალიან კარგად ხმარობს. ჩემი თვალით მინახავს, სწორედ იმ დაზიანებული ხელით დანას როგორ ხმარობდა, – წერს ტრისტანი თავის ჩვენებაში.

მოკლული ვასიკო მეცხვარიშვილი და მიხეილ აზალაძე ერთმანეთს ციხიდან იცნობდნენ. ორივე ნასამართლევი იყო. ერთმანეთი ვასიკომ და მიხეილმა გეგუთის კოლონიაში გაიცნეს, სადაც ერთად იხდიდნენ სასჯელს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგაც ჰქონდათ ურთიერთობა. ტრისტან მეცხვარიშვილი თავის ჩვენებაში ყვება:

– ციხიდან პირველი ვასიკო გამოვიდა, აზალაძე იქ დარჩა, მაგრამ დაახლოებით 6–8 წლის შემდეგ, როცა ისიც გამოვიდა, ჩემს ძმას გორში ჩამოაკითხა. სახლში ვაქეიფეთ და სამი დღე ჩვენთან დარჩა. ამის შემდეგ ისინი თბილისში წამოვიდნენ და 2003–2004 წლებში ნავთლუღის ბაზარში ვაჭრობდნენ. მათთან ერთად ვაჭრობდა ვიღაც ვახოც, თუმცა მას შემდეგ, რაც აზალაძემ საკუთარ ძმას ფული მოპარა, ვახო და ვასიკო მას ჩამოსცილდნენ. იფიქრეს, ძმას ფულს პარავს და არც ჩვენ დაგვინდობსო.

მოკლულის ძმა თავის ჩვენებაში იხსენებს, რომ გაგონილი ჰქონდა, აზალაძეს ადრე ბიჭი ჰყავდა მოკლული.

– ჩემი ძმისგან და პოლიციელებისგან გავიგე, რომ აზალაძეს ვიღაც ბიჭი მოუკლავს და თავად განუცხადებია პოლიციაში, კაცი მოვკალი და სახლში მყავსო. ამის გამო დააპატიმრეს. 2008 წლის 13 მარტს, როცა ვასიკო გორში ბებიის დაკრძალვაზე ჩამოვიდა, მითხრა, აზალაძე ციხიდან გამოსულია და ვერიდები, იმ ბიჭივით მეც არ ამჩეხოსო. რამდენიმე დღეში კი ნათესავმა დამირეკა და მისგან გავიგე, რომ ჩემი ძმა აზალაძის სახლთან მკვდარი იპოვეს. მაშინვე მივხვდი, რომ მკვლელი აზალაძე იქნებოდა.

საქმის ირგვლივ სხვა მოწმეებიც დაიკითხნენ, მათ შორის აზალაძის მეზობელი ვალერიან შუბლაძეც. მიხეილ აზალაძესაც მასთან საერთო დერეფანი ჰქონდა.

– მკვლელობის დღეს სახლში ტელევიზორს ვუყურებდი. დაახლოებით 8:30 საათზე აზალაძის ბინიდან კარის გაღების ხმა გავიგონე, შემდეგ დერეფნის კარიც გაიღო და მალე დაიხურა. რაღაც ათ წუთში კი მეზობლის კივილი მომესმა, ეზოში კაცია მკვდარიო. როცა დერეფანში გამოვედი, სისხლის წვეთები დავინახე, მეორე და მესამე სართულებს შორის სისხლის გუბე იდგა. ეზოში კი დამწვარი ადამიანის გვამი ვნახე, რომელსაც თავი და მკლავი არ ჰქონდა, – აცხადებს მოწმე შუბლაძე. იქვე დასძენს, აზალაძის ძმისგან ვიცი, რომ მიხეილ წარსულში მკვლელობისა და გაუპატიურებისთვის იყო დაკავებულიო.

მოწმის სახით კიდევ ერთი მეზობელი, მედეა ძაძუაშვილი დაიკითხა. იგი თავის ჩვენებაში ყვება, რომ ღამით, დაახლოებით 3–4 საათზე, ცეცხლის შუქმა გამოაღვიძა, რომელიც ბაღიდან მოდიოდა, მაგრამ ეგონა, ბავშვები საბურავებს წვავდნენ, როგორც ეს ხშირად ხდებოდა. ისე დაიძინა, რომ ფანჯარაში არც გაუხედავს. დილით კი უკვე ჯიხურის მეპატრონის ყვირილი გაიგონა, მიშველეთ, მკვდარია ჩვენს ეზოშიო. მოწმე თავის ჩვენებაში იმასაც ამბობს, მოკლული მიხეილ აზალაძე გვეგონა, ვიფიქრეთ, მასზე შური იძიესო.

– გვეგონა, აზალაძე იყო მოკლული და მასზე შური სამი წლის წინ, მის მიერ ასევე თავმოკვეთილი პიროვნების პატრონებმა იძიეს, რადგან შევამჩნიეთ, რომ სისხლის წვეთები აზალაძის სახლთან მიდიოდა, – ამბობს მოწმე.

საქმის მასალების მიხედვით, მოკლული მამაკაცის თავი და მკლავი ნაგვის ურნაში იპოვეს. გამოძიებას თავად დაკავებულმა მიუთითა ადგილი, სადაც გადააგდო ადამიანის სხეულის ნაწილები. გამოძიებას ამ ფაქტის ირგვლივ დაკითხული ჰყავს რამდენიმე პიროვნება, მათ შორის დიმიტრი ოსიაშვილი, რომელიც ისანი–სამგორის სპეცავტომეურნეობაში საყოფაცხოვრებო გადამზიდ სატვირთო ავტომანქანაზე მუშაობს.

– დილით, როცა აზალაძის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან ნაგავი წავიღეთ, მზიდავებს არაფერი შეუნიშნავთ. 11 საათი სრულდებოდა, როცა უფროსმა დამირეკა და სასწრაფოდ ავტოფარეხში მისვლა გვთხოვა. იქ პოლიცია დაგვხვდა და სწორედ პოლიციელებისგან გავიგეთ, რომ ნაგავში, რომელიც წამოვიღეთ, მოკლული ადამიანის სხეულის ნაწილები იყო. ამიტომ ნაგვის გადმოსატვირთად წავედით და ნარჩენებს შორის მართლაც ვიპოვეთ ახალგაზრდა კაცის თავი და მკლავი, – ამბობს ოსიაშვილი.

მიხეილ აზალაძის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ციხიდან გამოვლის შემდეგ მეცხვარიშვილს დაახლოებით ხუთ დღეში შეხვდა. აზალაძე ამბობს, რომ 25 მარტს ვასიკომ თავად მიაკითხა მას სახლში და კამათი მოუვიდათ.

– “იაზვურად” დაიწყო ლაპარაკი. ვთხოვდი, გაჩერებულიყო, მაგრამ ნერვებს მიშლიდა, თავში მირტყამდა და ჩემს ნათესავებს ლანძღავდა. ამის შემდეგ რა გავაკეთე, არ მახსოვს. როცა მეხსიერება დამიბრუნდა, გვამი სახლში აღარ იყო, – აცხადებდა აზალაძე. იგი ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ დანაშაული აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა.

საქმიდან ჩანს, რომ წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებსა და სასამართლო ჩვენებას შორის განსხვავებაა. თავდაპირველად აზალაძე მოვლენებს სხვაგვარად აღწერდა. მისი თქმით, მეცხვარიშვილი გამოუტყდა, რომ მან ძმის ბინა გაქურდა, რის გამოც აზალაძე ძალიან გაბრაზდა, რადგან გაქურდვა მის გარდაცვლილ ძმისშვილს ბრალდებოდა. პირველად კამათი ამაზე დაიწყეს. შემდეგ მასპინძელმა სტუმარს უსაყვედურა – ციხიდან შენ რომ გამოხვედი და მე დავრჩი, რატომ არ მომხედეო. მისი თქმით, ბოლო წვეთი, რამაც მკვლელობა ჩაადენინა, მეცხვარიშვილის სიტყვები იყო, რატომ გაცვია სამხედრო ჟილეტი, ხომ არ გაბოზებულხარო.

– მისმა სიტყვებმა გამაღიზიანა, ვეღარ მოვითმინე და მაშინვე კისერში წავუჭირე ხელი, რა დროსაც ვასიკომ გონება დაკარგა. მაგიდიდან დიდი დანა ავიღე, ყელში გამოუსვი და შემდეგ თავი და ხელი მოვაჭერი. შემდეგ, სისხლი იატაკზე რომ არ დაღვრილიყო, ცელოფანი დავაფინე, გავამზადე ორი ბოთლი “სალიარკა” და ეზოში ბაღთან დავალაგე. შინ ამობრუნებულმა კი გვამი მაგიდის გადასაფარებელში გავახვიე, ბაღთან მივათრიე და ცეცხლი წავუკიდე. დაწვას აღარ დავლოდებივარ, ბინაში შევბრუნდი, სახლი მოვწმინდე და დასაძინებლად დავწექი, – ასეთია ბრალდებულის წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება.

მოგვიანებით აზალაძემ ჩვენება შეცვალა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა და მიიჩნია, რომ ამ გზით ის ცდილობდა, თავი აერიდებინა პასუხისმგებლობისგან. სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად ცნო, რომ მეცხვარიშვილის სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა უტყუარად აზალაძის ნამოქმედარი იყო. იგი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს, 109–ე მუხლით გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close