საკითხავისასარგებლო

პროტესტანტული სექტები – ბაპტისტები

ceaa5db10d30

ეს აღმსარებლობითი მიმდინარეობა სექტათა ჯგუფს წარმოადგენს, რომლებიც ინგლისელი „პურიტანების“ წიაღში იღებს სათავეს. ბაპტისტთა პირველი საზოგადოება წარმოიშვა ინგლისში 1612 წელს, ხოლო 1939 წელს გადაინაცვლა ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც მისი ცენტრი როდ-აილენდი გახდა. თავდაპირველად ამ სექტას წარმატება არ გააჩნდა, მაგრამ XVIII საუკუნის დასასრულს შეიქმნა „საქადაგო კავშირი“, რომლის მიზანი იყო ამერიკის ზანგთა შორის ისეთი ქრისტიანობის გავრცელება, რომელიც თავისუფალი იქნებოდა „ზედმეტი“ დოგმატებისაგან, რიტუალებისაგან და აუცილებელი სიმბოლური ნიშნებისაგან.ამ მიმართულებამ მხარდაჭერა ჰპოვა მდიდარ ამერიკელთა შორისაც. გაჩნდა სახლები ობოლთა და მოხუცთათვის, სკოლები, კურსები, საავადმყოფოები და უამრავი მოხალისე მქადაგებლები. ამ დროიდან ბაპტიზმი იზიდავს ახალ მიმდევრებს ინგლისში, გერმანიაში, იჭრება ჩინეთში, იაპონიაში, ინდოეთში, პოლონეთში, რუსეთში. საქართველოში პირველი ბაპტისტი დადასტურდა ჩვენი საუკუნის 30-იან წლებში. ამჯერად თბილისში მოქმედებს ორი ბაპტისტური საკრებულო-ეკლესია. საქართველოს მასშტაბით ბაპტიზმი ყველაზე კომპაქტურად ქვემო ქართლშია გავრცელებული. საქართველოს ბაპტისტებს მეთაურობს მათი „ეპისკოპოსი“ მალხაზ სონღულაშვილი.

განსაკუთრებული წარმატება ბაპტიზმმა აშშ-ში ჰპოვა. 1814 წელს აქ დაარსებულმა „ბაპტისტურმა კავშირმა“ დიდძალი სახსრები შეიძინა და თავისი პროპაგანდით მთელი მსოფლიო მოიცვა. 1976 წელს ამერიკელთა 20% თავს ბაპტისტად თვლიდნენ (მათ შორის 70% ზანგია). პროტესტანტიზმის ტრადიციის მიმდევარი ბაპტისტები რწმენის ერთადერთ წყაროდ ბიბლიას თვლიან. აღიარებენ პირად ხსნას იესო ქრისტეს გამომხსნელი მსხვერპლისადმი რწმენის მეშვეობით და ღმერთის მიერ ხსნისათვის მორწმუნეთა შერჩევას. დროთა განმავლობაში ბაპტიზმი დაიყო მრავალ განშტოებად. დაყოფა დაიწყო ჯერ კიდევ XVII საუკუნის დასასრულს, როდესაც ბაპტისტები დაიყვნენ „კერძოდ“ ანუ „პარტიკულარულებად“ (რომელთაც აითვისეს კალვინის მოძღვრება აუცილებელი წინასწარგანსაზღვრულობის შესახებ) და „ზოგადებად“, „საერთოებად“ (ანუ „თავისუფალი ნების ბაპტისტებად“, რომელნიც აღიარებდნენ ღმრთის მხსნელი მადლის საყოველთაო ხასიათს, რომელიც ადამიანის თავისუფალი ნებით მიიზიდება), ადრე „კერძო“ ბაპტისტები უარყოფდნენ ფიცს, სამხედრო სამსახურს და სასამართლოს, მაგრამ ამჟამად ისინი არ ამჟღავნებენ სახელმწიფო და სამოქალაქო ვალდებულებათა აშკარა უარყოფას.

ბაპტისტები აღიარებენ „საყოველთაო მღვდლობას“ პრინციპს, უარყოფენ სასულიერო წოდებას, როგორც მორწმუნეთა და ღმერთს შორის შუამავალთ; არ აღიარებენ წმიდანებს, წმიდა საგნებს, ხატებს, ჯვრის გამოსახვას, ბერ-მონაზვნობას, საეკლესიო საიდუმლოთ და ა.შ. მათი ნათლობისა და „პურის განტეხვის“ რიტუალები სიმბოლურ ხასიათს ატარებენ.

არსებობენ იუდაიზმისადმი ტენდენციით გამორჩეული ბაპტისტები, მაგალითად: „მეშვიდე დღის ბაპტისტები“, რომლებიც შაბათს დღესასწაულობენ. „ქრისტიანული ბაპტისტები“ უარყოფენ სამების დოგმატს, სწავლებას ჯოჯოხეთისა და ეშმაკის შესახებ და ქრისტიანულ დღესასწაულებს (თითქოსდა წმიდა წერილის საწინააღმდეგოდ). არსებობენ ბაპტისტები, რომლებიც ებრაული აპოკრიფული წიგნების მიხედვით ასწავლიან ევას ორი მემკვიდრეობის შესახებ, რომელთაგან ერთ-ერთი თითქოსდა ეშმაკისგანაა.

ბაპტიზმის ყველა განშტოება გაერთიანებულია ბავშვთა მონათვლის საერთო უარყოფით. ბაპტისტები ამტკიცებენ, რომ (ჩვილები) ქრისტიანთა შვილები უკვე განწმენდილნი არიან ქრისტეს სისხლით, ამიტომ მათი მონათვლის საჭიროება აღარაა. ამასთან, ისინი იმოწმებენ ქრისტეს მოწოდებას მოწაფეებისადმი: „წადით და ასწავლეთ ყველა ხალხს, და ნათელი ეცით მამის და ძის და სულის წმიდის სახელით“ (მათე 28, 19). ამ სიტყვებში ისინი ხედავენ მოსაზრებას, რომ მოციქულთ დაევალებათ მოენადირებინათ უფროსები და არა ბავშვები.

ეს სწავლება ეწინააღმდეგება წმ. წერილს და პირველ ეკლესიათა პრაქტიკას. წმიდა წერილი მოითხოვს ყველას მონათვლას, თვით ბავშვების გათვალისწინებითაც, იესო  ქრისტე ამბობს, რომ მხოლოდ წყლისა და სულისაგან შობილნი შეძლებენ ღმრთის სასუფეველში შესვლას (იოანე 3, 5). ხოლო ბავშვთა შესახებ აცხადებს: „აცადეთ ბავშვებს და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგისთანებისაა ცათა სასუფეველი“ (მათე 19, 14), „ბავშვთა ნათლობა სათავეს იღებს მოციქულთა დროიდან“ – ამოწმებს ორიგენე, III საუკუნის ცნობილი მწერალი. ამასთან, ახალ აღთქმაში ნათლობამ შეცვალა ძველ აღთქმაში წინადაცვეთის რიტუალი, რომელიც სწორედ ნათლობის წინასახე იყო და თითქმის ბავშვის დაბადებისთანავე სრულდებოდა (მე-8 დღეს). „საქმე მოციქულთა“-ში ნახსენებია, რომ მოციქულები ნათლავდნენ მთელ ოჯახებს, რომელშიც, უეჭველია, ბავშვებიც იყვნენ. რადგანაც ყველა მონათლულნი სხვა საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობის უფლებას იღებენ, მათ შორის ავქარისტიისაც (ზიარებისასაც), ამიტომ, რაც უფრო ადრე იღებს ადამიანი ნათლობას, მით უფრო ადრე ეზიარება იგი ქრისტესმიერ მადლს და ხდება ქრისტეს ეკლესიის წევრი. ასეთი ნიჭი არც ბავშვებს უნდა მოვაკლოთ, მით უმეტეს, რომ ბავშვი, როგორც უფროსზე ბევრად უფრო ნაკლებად ცოდვილი, ადვილად მიმღებია სულიწმიდისა.

ბაპტისტებს, როგორც სხვა პროტესტანტებს, არ გააჩნიათ ეკლესიის შესახებ მკაფიო სწავლება. „მე არ ძალმიძს ჩამოვაყალიბო ეკლესიის შესახებ ჩვენი სწავლება“ – თქვა ქ.ფილიასმა, ბაპტისტთა ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა 1937 წელს ედინბურგში, ბაპტისტთა კონფერენციაზე.

ბაპტისტებს, ისევე როგორც სხვა სექტანტებისა, ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი თვისებაა თავიანთი უცილობელი გადარჩენისადმი რწმენა. იგი გამომდინარეობს პროსტესტანტული სწავლებიდან, რომ ხსნა თითქმის ავტომატურადაა დაკავშირებული ქრისტეს რწმენასთან. ბაპტისტები ამ მოსაზრების დასამტკიცებლად ეყრდნობიან წმიდა წერილიდან ამოღებულ ცალკეულ ფრაზებს: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც სწამს ჩემი, აქვს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 6, 47); „ეს მოგწერეთ თქვენ, ღმრთის ძის სახელით მორწმუნეთ, რათა იცოდეთ, რომ ღმრთის ძისადმი რწმენით გაქვთ საუკუნო სიცოცხლე“ (I იოანე 5, 13). მაგრამ ამასთან ერთად, წმიდა წერილი გვიჩვენებს განსხვავებას მკვდარ და ცოცხალ რწმენას შორის: „რას გამოელის, ძმანო ჩემნო, ის, ვინც ამბობს, რწმენა მაქვსო, მაგრამ არა აქვს საქმე? შესძლებს კი ეს რწმენა, რომ იხსნას იგი?.. ასევე რწმენაც, საქმის გარეშე მკვდარია თავითავად“ (იაკობ 2, 14, 17). „შენ გწამს, რომ ერთია ღმერთი? კეთილი და პატიოსანი; ეშმაკებსაც სწამთ და ძრწიან კიდეც“ (იაკობ. 2, 19). რა თქმა უნდა, არ შეიძლება ითქვას, რომ ბაპტისტები სრულიად უარყოფენ კეთილ საქმეებს, მაგრამ მათ აღმსარებლობაში მთავარი მოთხოვნა ცხოვნებისთვის – რწმენაა, ხოლო მათთვის მეორე პლანზე გადადის ადამიანის პირადი მოღვაწეობა საკუთარი სულის განწმნდისთვის. ბაპტისტები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ქრისტიანის უხილავ ღვაწლს, იმას, რომ მხოლოდ „ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება“ (მარკ. 13, 13).

ბაპტისტთა ორგანიზაცია იმართება დემოკრატიული პროცედურის საფუძველზე. სათავეში მას უდგანან სათათბიროები, რომლებიც, სხვადასხვა დარღვევათა შემთხვევაში განკვეთენ დამნაშავე ადამიანებს. ბაპტისტებს გააჩნიათ საკუთარი უნივერსიტეტები, გაზეთები, გამომცემლობები, მისიონერული საზოგადოებები და ა.შ. 1997 წლის დასაწყისში მსოფლიოში ამ სექტის 40 მილიონი მორწმუნე 150 ათას სამრევლოში ნაწილდებოდა.

წყარო: www.orthodoxy.ge

თეგები
Back to top button
Close
Close