არქივი

მეორე მსოფლიო ომი

834995a59f5c
მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში.
აზიაში ის დაიწყო მეორე იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს და ევროპაში გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე 1939 წლის 1 სექტემბერს. საომარი მდგომარეობა ევროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში — 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით.

მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანია, იტალია და იაპონია აწარმოებდნენ დამპყრობლურ ომებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ. მათი მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთის რესპუბლიკა, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის დარღვევის შემდეგ საბჭოთა კავშირი და იაპონიის პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები.

მეორე მსოფლიო ომის ძირითადი ბრძოლის ადგილი იყო: აზია, წყნარი ოკეანის აუზი, ევროპა და ჩრდილოეთ აფრიკა. საომარი შეტაკებები მიმდინარეობდა აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკაში (არქტიკა) ალასკასა და გრენლანდიაზე, ახლო აღმოსავლეთში – ერაყსა და ირანში, აღმოსავლეთ აფრიკაში – ეთიოპიასა და სომალიში, აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში ( სურინამის დაპყრობა ), ტიბეტში (ტოლსტოი-დოლანის მისია) და ანტარქტიდაზეც კი (ოპერაცია ტაბარინი).

მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლის. ომის სულისკვეთება გაჟღენთილი იყო მძლავრი იდეოლოგიზმით, რამაც ურიცხვი სამხედრო დანაშაული და მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემატიური ძალადობა გამოიწვია, რომელიც გენოციდშიც კი გადაიზარდა.

6e94d66b1f4c

XX საუკუნის 20-იან და 30-იან წლებში ევროპის ბევრი სახელმწიფო ტოტალიტარული რეჟიმის მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა. 1922 წელს იტალიის სათავეში ბენიტო მუსოლინი და ფაშისტური პარტია მოექცა. მათი ექსპანსიური საგარეო პოლიტიკის შედეგი იყო ეთიოპიის (1936) და ალბანეთის (1939) დაპყრობა იტალიის მიერ.

გერმანიაში ამ პერიოდში ძლიერდებოდა ნაცისტური პარტია, რომელმაც საბოლოო გამარჯვებას 1933 წლის არჩევნებში მიაღწია და პარტიის ლიდერი, ადოლფ ჰიტლერი გერმანიის კანცლერი გახდა. ჰიტლერის საგარეო პოლიტიკა მიმართული იყო „ვერსალის ზავის“ წინააღმდეგ, მიზნად ისახავდა ე.წ. „გროსდოიჩე რაიხის“ შექმნას და „საარსებო გარემოს“ მოპოვებას აღმოსავლეთში.

ზაარის მხარის (1935), რაინის ოლქის (1936), ავსტრიის (1938) და სუდეტის მიწების (1938) მიერთებით ჰიტლერმა თავისი გეგმის პირველი ორი პუნქტი მეტ-ნაკლებად შეასრულა. ინგლისისა და საფრანგეთის დათმობითმა პოლიტიკამ ყოველივე ამას დიდად შეუწყო ხელი. მაშინაც კი, როცა გერმანიამ ჩეხეთი მთლიანად შეიერთა (1939 წლის მარტი) ინგლისი და საფრანგეთი მხოლოდ პროტესტის ნოტით დაკმაყოფილდნენ.

ამ მოვლენებიდან მცირე ხნის შემდეგ ლიტვამ გერმანიას დაუთმო მემელის მიწები, სლოვაკეთი დამოუკიდებელი დარჩა, თუმცა გერმანიის პატრონაჟის ქვეშ. ძნელი მისახვედრი არ იყო რომ ამ ქვეყნების შემდეგ ჯერი პოლონეთზე მიდგებოდა. ამის საპირისპიროდ პოლონეთის, საფრანგეთის და ინგლისის მთავრობებმა ხელი მოაწერეს ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას.

1939 წლის აგვისტოში ყველასთვის მოულოდნელად გერმანიამ და სსრკ-მ ხელი მოაწერეს „ურთიერთთავდაუსხმელობის პაქტს„ (ე.წ. „რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი“), რომლის დამატებით, საიდუმლო პროტოკოლში ზუსტად იყო განსაზღვრული ამ ორი ქვეყნის ტერიტორიული ამბიციები აღმოსავლეთ ევროპის დაპყრობის შემთხევევაში. პოლონეთი გერმანიასა და სსრკ-ს შორის უნდა გაყოფილიყო, ხოლო ბალტიის ქვეყნები და ფინეთი სსრკ-ის „ინტერესების სფეროდ“ ცხადდებოდა.

იაპონიის ექსპანსიური პოლიტიკა XX საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო. ამ ქვეყნის უმთავრესი ინტერესი ჩინეთის რესპუბლიკა იყო, რომლის ჩრდილოეთი რეგიონი, მანჯურია, 1931 იაპონიის მიერ იქნა ანექსირებული და მანშუს პროტექტორატის სახელით მისი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. საერთაშორისო პროტესტის გამო იაპონიამ დატოვა „ერთა ლიგა“ 1933 წელს და 1936 წელს შეუერთდა „ანტიკომინტერნის პაქტს„.

1937 წელს დაიწყო იაპონია-ჩინეთის მეორე ომი. ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ იაპონიას ინდოჩინეთის დაპყრობის საშუალება მისცა. ამის საპასუხოდ აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იაპონიას ემბარგო დაადეს და შეუწყვიტეს ფინანსური დახმარება. 1940 წელს იაპონია შეუერთდა „ბერლინი-რომის პაქტს“. ემბარგოს გამო იაპონიის ეკონომიკა რესურსების დიდ ნაკლებობას განიცდიდა და იმპერატორის სამხედრო წრე ერთადერთ გამოსავალს ამ კრიზისიდან აშშ-სა და ბრიტანეთის წინააღმდეგ ომში ხედავდა.

ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button