უცნაური

საინტერესო ამბები (4)

e0c73fab861b
საინტერესო ამბები ცხოვრებისეულ შემთხვევებზე : ) გააგრძელე

1. წინათგრძნობა

სამსახურში მიმეჩქარებოდა და დილაუთენია გამოვედი შინიდან. ცალკე სიცივე და ცალკე ის, რომ ტრანსპორტი თითქმის არ მოძრაობდა, დარდად შემომაწვა გულზე. უც­ხო­ელთა ფირმაში ვმუშაობ და ჩვენს დამქირავებელს სულ არ აინტერესებს გაცდენის მი­ზეზი, უმალ მიგიხურავს კარს. გაჩერებაზე ბოლთას ვცემდი და მანქანიან ნაცნობებზე ვფიქრობდი – ეგება რომელიმემ გამოიაროს და სამსახურამდე მიმიყვანს-მეთქი. ხალხი კანტიკუნტად დადი­ო­და ქუჩაში. ჩემს შორიახლოს ერთი ხნიერი კაცი გაჩერდა. ისიც ტრანსპორტს ელოდა.
გავიდა ათიოდე წუთი. უცებ გამაჟრჟოლა. არ ვიცი, როგორ გადმოგცეთ ეს შეგრ­ძნ­ე­ბა. ბავშვობაში ხომ შეუშინებიხართ ხვლიკს ან ძაღლს… გულმა გამალებით დამიწყო ცემა. მი­მოვიხედე, ნაბიჯის გადადგმა გამიჭირდა და იქვე, თოვლში ჩავიმუხლე. ის კაცი, რამდე­ნა­დაც შეეძლო, გამოექანა ჩემსკენ, მხარზე ხელი დამადო და – ცუდად ხომ არ ხართო? – მკი­თხა. მხრები ავიჩეჩე. ლაპარაკის თავი არ მქონდა. ის ჩემს გვერდით ჩამოჯდა.
-ავად ხართ? – გამიმეორა შეკითხვა.
-არა, ახლა რაღაც დამემართა…
-მგონი, ვიცი, რაც გჭირთ, მაგას მეც ვგრძნობ, – მითხრა თითქმის ჩურჩულით. ისე შევხედე, როგორც არანორმალურს, მიმიხვდა.
-ეტყობა, პირველად იგრძენით ეს. ერთ დროს მეც თქვენსავით პირველად დამეუფლა ეს აუხსნელი შეგრძნება.
მერე და მერე მოვლენები ერთმანეთს დავუკავშირე და ყველაფერს მივხვდი. მაგას წინათგრძნობა ჰქვია. რაღაც მოხდება, – თქვა და ამოიოხრა. მერე მხარში ამომიდგა, – წამოდი, ცოტა იქით გავიდეთო. ავდექი და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი. ჯერ კიდევ არ მჯეროდა თანამოსაუბრის ფსიქიკური ჯანმრთელობისა, მაგრამ ირგვლივ სხვა არავინ იყო, მე კი, თითქმის უმწეო მდგომარეობაში ვიყავი.
-ეს ადგილი ცუდად არის დამუხტული, გავეცალოთ, – მეუბნებოდა და სრიალ სრიალით მი­მა­ქა­ნებდა.
ის იყო, გუნებაში გავივლე, ამ გიჟს ხელიდან უნდა დავუსხლტდე, თორემ ცუდად იქნება ჩემი საქმე-მეთქი, რომ უკნიდან მანქანის ხმა შემომესმა. ორივე მივბრუნდით, თეთრი “ოპელი” იყო. უცებ მოცურდა, დაბზრიალდა, ჯერ ტროტუარისაკენ გავარდა, იმ ადგილს გადაუარა, მე რომ თოვლში ვიჯექი, მერე ისევ ტრასაზე დატრიალდა… ასე იცურა ქუჩის მეორე მხარემდე, იქ კი დიდ ჭადარს შეასკდა. ორივენი ადგილს მოვწყდით და მანქანისაკენ გავექანეთ. კარს ვეცი, ჩაჭედილი იყო, მეორე მხრიდან იმ კაცმა გამოაღოO უკანა კარი და თავი მანქანის სალონში შეყო. ტელეფონი თუ გაქვს, სასწრაფოში დარეკეო, – გამომძახა. ტე­ლეფონი ჯიბეში მედო, მაგრამ ისე ვკანკალებდი, ჯიბიდან ვერ ამოვიღე. მობრუნდა, ტე­ლე­ფონიც ამომიღო და დარეკა კიდეც.
სასწრაფო რომ მოვიდა და დამტვრეული მძღოლი საკაცეზე გადაიყვანა (რო­გო­რც მითხრეს, გადარჩებაო, მხოლოდ ხელ-ფეხი ჰქონდა მოტეხილი), მეც მოსაბრუნებელი გავხდი… მსგავსი სტრესი მშობლის გარდაცვალების დროსაც კი არ მქონია.
უცნაური კაცი გვერდიდან არ მომშორებია და თითქოს ჩემს ფიქრებს კითხულობსო, მითხრა: -ვისი გადარჩენაც შეგვეძლო, გადავარჩინეთ – შენ ხომ გიხსენით სიკვდილისგან… იმ მძღოლს ვერაფერს ვუშველიდით, ავარია მაინც მოხდებოდა… აწი მაინც ხომ დაიჯერებ, რომ არსებობს წინათგრძნობა?
… დავიჯერებ, როგორ არა… დავიჯერებ.

2. ცის გველეშაპი

90 წელს მიტანებულ, წელში ოდნავ მოკაკულ იაკობ პაპას მხარზე გადე­ბული თოხი ყანაში უოჩაღად მიჰქონდა… დოქით ღვინოს გაიყოლებდა – თითო ყლუპს მოსვამდა და საღამომდე მუშაობდა. არაფრის ეშინოდა – არც სიცხის, ასრც სიცივის, არც შვილების გაჯავრებისა – რაღა დროს შენი მუშაობაა, თავს ნუ გვჭრიო… მზის ჩასვლისას ჰორიზონტი ოდნავ თუ შეწითლდებოდა, მეორე დღეს შინიდან არ გამოდიოდა, მაგ ცის სიწითლემ ზამთარში დიდი თოვლი იცის, ზაფხულში – ქარიო. თოვლს კიდევ არა უშავდა, ქარს კი სათოფეზე უფრთხოდა. დაგმანავდა ფანჯრებს და სანამ ჰორიზონტი ისევ არ გავარდისფრდებოდა, ჭუჭრუტანიდანაც არ გამოიხედავდა. სოფელში ამბობდნენ, ქარმა ერთხელ ძალიან შეაშინაო. მაგრამ რასაც იაკობ პაპა იმ ქარსა თუ ქარიშხალზე ჰყვებოდა, მხოლოდ ბავშვებსა და მის ტოლებს თუღა გვჯეროდა. პაპა დაგვაყენებდა ხოლმე ბორცვზე და ჯოხით გვიჩვენებდა იმ ადგილს – აგე, იქ ვიდექი, დიდი კაკალი რომ დგას. ეგ, მე რომ ბალღი ვიყავი, ასე, თხუთმეტი-ოცი წლის დარგული იყო. უკვე კარგა მსხვილი ტანი ჰქონდა და მიწიდან ვერ ამოთხარა იმ დაწყევლილმაო…
იმ დილას ფერდობზე შეუფენია ცხვარი იაკობ პაპას. თვითონ თხილის ტოტი მოუჭრია, კაკლის ძირას წამოწოლილა და სტვირის გამოთლას შესდგო­მია. ფარა თავისთვის ბალახობდა. ჩასტვენდა და ამოსტვენდა თურმე იაკობ პაპა, თან ცალი თვალი ცხვრისკენ ეჭირა. ხელგაღმა ყანაში კაცი თოხნიდა ყანას. სიმინდი ისე ტანდაბალი ყოფილა, რომ მთოხნელი დასასვენებლად რომ მიწვებოდა თურმე, კარგად ჩანდა. შუადღისას დაუძახია: – ეი, იაკობ, გამოდი, პუ­რი ვჭამოთო… იაკობს უფიქრია, ცხვარს ჩრდილში მოვაგროვებ და მერე გავიქცევიო… მოურეკავს ერთ ადგილზე და ის იყო, უნდა გაქცეულიყო, ჩამო­ბნელდა თურმე. ისე ჩამოლუსკუმდა, სტვირი ხელიდან გამივარდაო, – ჰყვებოდა იაკობ პაპა, – უეცრად უცნაური სუნი მოვარდა წვიმისა, სეტყვისა, მიწისა და კიდევ რა ვიცი, რისა და ამას ქარიც მოჰყვა. მოჰყვა, დაეტაკა მიწას, ახვეტა და სახეში შემომაყარა. მივვარდი და კაკალს ჩავეხუტე. მივადე თავი და… მებრძვის ქარიშხალი, მარტყმევინებს თავს ხეზე. ვფიქრობ, ან აქ ამ ხეზე მომკლავს, ან წამიღებს და კლდეს მიმანარცხებს-ნეთქი. უეცრად ღმუილივით გაისმა… შესა­ზარი, ავი ღმუილი… და ნეტა არ დაენახა ჩემს თვალებს. ზუსტად იქ, ხევგაღმა, კაცი რომ თოხნიდა, მის თავზე მოქრის რაღაც შავი, მახინჯი ღრუბელი, მოქრის გველეშაპივით, იხვევა, იგრიხება, გაჰკივის… დაეცა კაცს, იტრიალა, იკლაკნა, აიხვიტა და გაფრინდა… გავიხედე კაცი აღარ არის. თან არ აუტაცია?! მიგრიალებდა ის დაწყევლილი და თან მიჰქონდა… უცბად დაიკარგა, შავ კუდსაღა მოვკარი თვალი… ის კუდიც რომ გაილია, გამოვიდა მზე, ისე, ვითომც არაფერი ყოფილიყო, მხიოლოდ ხეებს აღარ ესხა ფოთლები და აღარც ჩემი ცხვარი იყო ფერდობზე – ზოგი სად გადაეგდო იმ დაწყევლილს და ზოგი – სად… ამოვიყვანეთ მერე დახოცილები… მოვარდა საწყალი დედაჩემი, არა სჯეროდა, ცოცხალი რომ ვიყავი. ერთ თვეში ძლივს მომირჩა ამ კაკალზე დასისხლიანებული ხელ-ფეხი. გული კიდევ დღემდე არ მომრჩენიაო, – გვეტყოდა იაკობ პაპა…
ის კაცი აღარ გამოჩენილა? – ვკითხავდით…
გაგვიჯავრდებოდა, – გეუბნებით და დაიჯერეთ, ქარის მოყვანილმა გველე­შა­პმა ჩაყლაპაო.
ამდენი წლის შემდეგ ისევ დარდობდა იაკობ პაპა. იმ გრიგალის ამბავი ახლომახლო სოფლებში მოხუცებს ისევ ახსოვდათ, დანარჩენები კი ამბობდნენ, ის კაცი ხევში გადავარდა და მდინარემ წაიყოლაო…

3. მას შემდეგ სულ მისი გამოჩენის მოლოდინში ვარ… მენატრება…

– ძალიან შეგვაწუხეს ცხოველებმა, პირდაპირ გომურებში გვივარდებოდნენ დამშეული მგლები, თორემ იმოდენა თოვლი დადო, სანადიროდ ტყეში წასვლას რა გვაფიქრებინებდა, თავი კი არ მოგვძულებოდა! – გვითხრა ბატონმა ვალიკომ და გაგვაფრთხილა – მხოლოდ იმ შემთხვევაში გიამბობთ, რაც შეგვემთხვა, თუ არც გვარს გაამხელთ ჩემსას და არც მისამართს, თორემ ერთმა გიჟმეცნიერმა მომაკითხა ამ ორი წლის წინ და ჭკუაზე გადამიყვანა სულელური კითხვებით, – რით დაამტკიცებთ, რომ მართლა ასე იყო და ჰალუცინაციას არ ჰქონდა ადგი­ლი… რას გრძნობდით იმ დროს, სისხლის წნევას ხომ არ აუწევიაო?… – ტყეში წნევის გასაზომად და ვალერიანის წვეთებისათვის მეცალა კაცო?.. – თუ არ გჯერა, რასაც გიყვები, წადი და შენს გზას ეწიე. ვალიკოს სიტყვის კაცად იცნობს ყველა და მეზღაპრეობა ჩემი საქმე არასოდეს ყოფილა. თანაც, მეორე კაცი იყო ჩემთან და იმასაც ხომ უსმენ, ორივეს ერთად დაგვეწყო მოჩვენებები?!. არა, მეცნიერებთან მე არაფერი მესაქმება და ჩემს წნევასაც თავად მივხედავ.
ძალიან მინდოდა იმ მეცნიერის დაცვა და გამართლება – ეჭვის გამო კი არა, მეტი სიცხადისათვის სჭირდებოდა-თქო დამატებითი ინფორმაცია! – მაგრამ, სიტყვის თქმის უფლებაც არ მოგვცა. თუ შემეკამათებით, ვერც თქვენ გამომრჩე­ბით რამეს, წადით და იმ მეცნიერს ელაპარაკეთო… ჰოდა, იძულებულნი გავ­ხდით, კომენტარის გარეშე მოგვესმინა ეს უჩვეულო ამბავი.
– ზაფხულში არ გვაწუხებს ნადირი, შორს, ტყის სიღრმეში გადაიხვეწებიან ხოლმე, მაგრამ კიდეც რომ გამოჩნდნენ, მაძღარი მგელი არაა საშიში. ისე მშვიდად ჩაგივლის და გააგრძელებს გზას, თუ გამოცდილი მონადირე არა ხარ, უცებ ვერც გაარჩევ შინაურ ძაღლში. დათვი, მით უმეტეს ერიდება კაცს, თუმცა თუ გადააწყდა, პირუტყვს მაინც ერჩის, ამიტომ ზაფხულობით დათვზე უფრო ვნადირობთ. ზამთარში შედარებით მშვიდად ვართ, პირუტყვიც შინ გვყავს, დათვები ზამთრის ძილს მიეცემიან. თუ ძალიან არ გაუჭირდათ, არც მგელი და მელა ეკარება სიახლოვეს სოფელს. მაგრამ ამ ოთხიოდე წლის წინ იმოდენა თოვლი ჩამოყარა და ისეთი ყინვები დაიჭირა, საჭმელს კი არა, წყალსაც ვერ შოულობდა ნადირი ტყეში, სულ გაყინა მდინარეები და ნაკადულები ხომ მიწაში გაიპარა…
შიმშილმა ისე გაათავხედა მგელი, გითხარით, გომურში გვივარდებოდა პირდაპირ და განსაკუთრებით ცხვარს ერჩოდა. მეტი გზა არ დაგვრჩა, ავისხით კაცებმა იარაღი, ჩავილაგეთ საგზალი აბგებში და წავედით ნადირთან საომრად.
ზამთარში დღე მოკლეა, იცით. ამიტომ გათენებისთანავე გავედით, რომ დაღამებისათვის მოგვესწრო შინ. დავწყვილდით კაცები, რომ ყველა მიმართუ­ლებით გვეძებნა ნადირის კვალი. ჩემთან გივი იყო, გამოცდილი მონადირეა, გაფრენილ ჩიტს არ ააცდენს ტყვიას და ამიტომ მშვიდად ვიყავი მის გვერდით, თავის იმედიც მქონდა. კურდღლის კვალიღა გვხვდებოდა… ის კვალი გივიმ შეა­მჩნია ჩაიმუხლა, ყურადღებით დააცქერდა: – მგონი, დათვი უნდა იყოსო. არადა, აშკარად კაცის შიშველ ნაფეხურს უფრო ჰგავდა. ძალიან დიდი ზომისა იყო, თორემ ვიფიქრებდით, რომ ვიღაცამ გამასხრება დაგვიპირა და შიშველი ფეხით ირბინა თოვლში. ცნობისმოყვარეობამ არ მოგვასვენა და იარაღმომარჯვებულები ავუყევით აღმართს… კარგა ხანს ვიარეთ და უცებ…
ერთი ნახატი მაქვს სადღაც ჟურნალში ნანახი. გოლიათი ზის, ცალი თვალი იდაყვით მუხლს ეყრდნობა, ხელზე კი თავი ჩამოუდვია და შუბლშე­კრული იყურება შორეთში. ჰოდა, დგას ასეთი გოლიათი, მაიმუნისმაგვარი არსება და ჩვენ მოგვჩერებია.
შორს იყო და კარგად ვერ ვარჩევდით სახეს, თუმცა მაინც ჩანდა, რომ წვრილი, ჩაცვენილი თვალები, წინ წამოწეული შუბლი და დიდი ზომის, ჩაბრტყე­ლებული ცხვირი ჰქონდა. ტუჩებიც დიდი, მაგრამ უფერო… სულ ბეწვში იყო გახვეული, თეთრ ფერს ალაგ-ალაგ მოყვითალო, ზოგან კი ნაცრისფერი შერეოდა…
მივჩერებოდით ერთმანეთს გაშეშებულები, თითქოს ვიცდიდით, რომელი დააპირებდა იერიშზე გადასვლას, რომ თავის დაცვაზე გვეფიქრა. პირველი ის უცნაური არსება მიხვდა, რომ არ ვიყავით `მტრად მისულები~ – წამოდგა და რომ გაიმართა, კიდევ უფრო დიდი გამოჩნდა – ორმეტრნახევარს არც ბევრი დააკლდებოდა, შეგვეშინდა და გამოქცევაც ვიფიქრეთ, მაგრამ გივიმ ვერ მოითმინა, – მოვკვდები ცნობისმოყვარეობით და ვერასოდეს ვაპატიებ თავს, რომ არ გავიგო, რა არსებაა და სად მიდისო?!
სადმე ბუნაგი არ ჰქონდეს, ორმასამმა რომ შემოგვიტოის, ლუკმად არ ვეყოფით, დაგვგლეჯენ-მეთქი! – მაგრამ არ დაიშალა და მეც გავყევი.
ის უცნაური არსება არ გარბოდა, მაგრამ იმხელა ნაბიჯები ჰქონდა, შეგვე­შინდა, თვალთახედვის არედან არ დაგვკარგოდა და ნამდვილად მივრბოდით. დროდადრო შეჩერდებოდა და თითქოს გაკვირვებული გვიცქერდა რა უნდათ, რას მთხოვენო?!.. თითქოს ელოდებოდა რომ რაღაცას ვეტყოდით… მაგრამ რა უნდა გვეთქვა ან რა ენაზე?!..
– ამასობაში `ის~ მთის იმ ნაწილს მიადგა, რომლის იქითაც საცალფეხო ბილიკიც აღარ მიდიოდა და ყველა წესით, უკან უნდა მობრუნებულიყო, მაგრამ შეხებით ნამდვილად არაფერს შეხებია, თითქოს თვალით გაუკეთაო ჰიპნოზი – თოვლი ჩამოიშალა და გამოქვაბულის შესასვლელი გამოჩნდა შიგ შევიდა და გაუჩინარდა.
გამოქვაბულში შესვლა ვერ გავბედეთ. რამდენიმე რომ დაგვხვედროდა, რა დღეში ჩავცვივდებოდით!.. – გამოვბრუნდით უკან თან გზაზე ნიშანი დავტოვეთ, რომ მეორე დღეს მთელი სოფლის კაცები ამოგვეყვანა და კბილებამდე შეიარა­ღებულებს დგვეთვალიერებინა ის გამოქვაბული, მაგრამ.. ვეღარ მივაგენით შესასვლელს… 50-ზე მეტი წავედით მეორე დღეს ტყეში და ნიშნის მიხედვით ზუსტად მივადექით მთის იმ ნაწილს, რომლის გამოქვაბულშიც ის არსება გა­უჩინარდა, მაგრამ აღარსად იყო შესასვლელი. იმ ზამთარმაც ჩაიარა, გადნა თოვლი და ზაფხულშიც ბევრი ვუტრიალეთ იქაურობას, მაგრამ ვერავითარ გამოქვაბულს ვერ მივაგენით. სოფელშიც არ დაგვიჯერა ბევრმა, რომ მართლა უჩვეულო არსება ვნახეთ: – ალბათ არყით გაილეშეთ და დათვი ვეღარ იცანითო. ნეტავი დაგენახათ, როგორი იყო და მართლაც რომ ყოფილიყავით, შიში უცებ გამოგაფხიზლებდათ. სხვას ვერაფერს გეტყვით ამ ამბავზე. იმ მეცნიერმა სურათები დამიწყო წინ – აბა, რომელიმეს თუ მიამსგავსებო. ვიცანი, როგორ არ ვიცანი, იმის ცხვირ-პირს და გამოხედვას რა დამავიწყებდა… მითხრა, – ეგ თო­ვლის კაცი .- იეტიაო!.. გაგიგიათ ალბათ, ნასწავლი ხალხი ხართ…
.. მას შემდეგ ზამთარშიც სულ მისი გამოჩენის მოლოდინში ვარ და ზაფხულშიც, მასგრამ… აღარსად შემხვედრია და— მენატრება! მართლა მენატრე­ბა კაცო… ასე მგონია, თუ ვერ ვნახე, ჩემი ცხოვრების ზღაპარიც დასრულდება და აღარასოდეს განმეორდება სასწაული!..
ლამაზად თქვა ბოლოს ბატონმა ვალიკომ – არ მინდა ზღაპარი დასრუ­ლდეს ჩემს ცხოვრებაშიო!..
ამბობენ, ზღაპრებიც რეალობა იყოო შორეულ წარსულში და არცაა ალბათ საფუძველს მოკლებული მსგავსი ვერსია, რადგან დროდადრო ისინი თა­ნამედროვე ცხოვრებაში შემოჭრითაც გახსენებენ თავს. თოვლის კაცი – იეტიც ზღაპრებიდან შემორჩენილი არსებაა – დევივით დიდი, მაგრამ კეთილი და უწყინარი, ამიტომაც არ გააქრო უფალმა ჩვენი ცხოვრებიდან, რათა გვახსოვდეს, რომ სამყარო იმაზე ბევრად დიდი და იდუმალია ვიდრე ჩვენ, ადამიანებს შეგვიძლია მისი წარმოდგენა… თუმცა კი, სიცოცხლე იმიტომაცაა ალბათ ასეთი საინტერესო და მომხიბვლელი – სასწაულები რომ არსებობს მასში…

4. სალოცავის მადლი

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაბნეული რაჭველები ზაფხულში მშობლიურ მხარეს აკითხავენ, რათა დათქმულ დროს ერთად ეწვიონ მთებში უძველეს სალოცავს. არავინ იცის, რო­დინ­დელია ეს პატარა, გუმბათმორღვეული ტაძარი. ამბობენ, მის შორიახლოს თამარ მეფის სა­ფ­ლა­ვია და სწორედ ნეტარხსენებული წმინდანის სული ახდენს სასწაულებსო.
თამარი: – შავ დღეში ჩავვარდი, როცა ჩემი ერთადერთი ვაჟის განარკო­მანების ამბავი შე­ვი­ტყვე. ბოლოს ისე ცუდად შეიქმნა, კინაღამ თავი მოიკლა. ერთხელ მითხრა: დედა, ბავშობაში რომ სალოცავში დაგყავდი, ის მესიზმრება. თეთროსანი ქალი მეუბნება, ჩემთან ამოდი და გიშ­ვე­ლ­იო.
რაჭაში წავედით. სალოცავამდე რამდენიმე კილომეტრი ფეხშიშველამ ვიარე – ოღონდ შვი­ლი გადამირჩინე-მეთქი, შევთხოვე წმინდანს.
ღამით ციოდა და კოცონი დავანთეთ. გავთბით და ჩაგვეძინა. თითქოს ვიღაცამ ხელი მკრა. თვა­ლი გავახილე. თეთრსამოსიანი ქალი ჩემს მძინარე შვილს თავს ადგა.
გავშეშდი. ცოტა ხანში ქალი ჩემკენ მობრუნდა, შორიახლოს მწოლიარე ათიოდე წლის ბიჭ­ზე მიმითითა, გამიღიმა და გაქრა. ისევ ჩამეძინა. დილით შვილმა გამაღვიძა – ის თეთრი ქალ იყო მოსული, ძალიან მინდოდა გე­ნახაო.
ვნახე-მეთქი, – ვუთხარი, გულში ჩავიკარი და ვუამბე, რაც მოხდა. არც ის დამიმალავს, რომ პატარა ბიჭზე მანიშნა რაღაც… მე ვიცი, რაც უნდა – ის ბიჭი ობოლია, მოხუც ბებიას უჭირს მისი მოვლა და უნდა ვუპა­ტრონოთო.
მართლაც, სოფელში მივაგენით ნუგზარს. წამოვიყვანე და ღვიძლი შვილი­ვით გავზარდე.
იმ დღის შემდეგ დათოს ნარკოტიკისაკენ არ გაუხედავს.
ლიდა: ჩემი მამამთილი მწყემსი იყო და ზაფხულობით ამ სალოცავის მა­ხლო­ბლად ჰქონდა კარავი გაშლილი. როცა დრო ჰქონდა, სალოცავის ტერიტო­რიას ასუფთავებდა, უვლიდა, ჩა­მო­შლილ კედლებს ამაგრებდა და თავისებურად ლოცულობდა კიდეც. ერთხელ გაოცებული მოვიდა შინ: – სალოცავში თეთრად შემოსილი ულამაზესი ქალი გამომეცხადა და მითხრა: პატივისცემას იმით გადაგიხდი, რომ საიდუმლოს გაგიმხელ: შენმა შვილმა გოგო დააფეხმძიმა. არ უნდა ცოლად მოიყვანოს და აბორტის გაკეთღებას აძალებს. დაუშალე, თორემ ქალი მოკვდება და ოჯახი გაგიუბედურდებათო.
მაშინვე დავუძახეთ ჩემს მაზლს და ვაიძულეთ, სიმართლე ეთქვა: თურმე ხუთი თვის ფეხმძიმე ქალი მეორე დღეს მიჰყავდა ვიღაც ექიმბაშთან საოპერა­ციოდ.
ჩემი მამამთილი გაცეცხლდა: – ის ქალი ამ ოჯახში შემოვა და ბავშვსაც გავზრდით, შენ კი ჯანდაბამდე გზა გქონიაო.
გოგონა დაიბადა, რომელსაც ბაბუამ თამარი დაარქვა. საოცნებო შვილია, ახლა თავადაც დედაა. მამამისი ამაყობს მისით. მის სახელზე ყოველ წელიწადს ზვარაკს სწირავს სალოცავს, პატიებას ითხოვს…

5. ნ ა ტ ვ რ ი ს თ ვ ა ლ ი

ბატონმა ბიძინამ თავისი უცნაური თავგადასავალი გვიამბო:
– მამაჩემი დიდმოხელე კომუნისტი იყო და ფუფუნებაშიც გვაცხოვრებდა. მთავარი გვაკლდა – მამის ყურადღება – ის ძალიან მოუცლელი იყო. პირველად ნარკოტიკი იმის დასამტკიცებლად უფრო გავიკეთე, რომ არავისზე ნაკლები ბიჭი არ ვიყავი. მერე… 20 წლის ხელიდან წასული ნარკომანი ინსტიტუტიდან გამრიცხეს, მამაჩემი – პარტიიდან, თანამდებობაც დაკარგა. დარდზე ინფარქტი დაემართა და ძლივს გადაურჩა სიკვდილს.
– რადგან ნარკოტიკს თავს ვერ ვანებებდი, თავის მოკვლა გადავწყვიტე. სანამ ტყვიით გავიხვრეტდი შუბლს, ეკლესიაში წავედი. წირვა იყო. კუთხეში ვიდექი ანთებული სანთლით ხელში. ამ დროს სტიქაროსანი ჩემი ტოლი ბიჭი მომიახლოვდა:
– მამა გიორგიმ გთხოვათ, წირვის დამთავრებამდე დაელოდოთ – მას თქვენი დახმარება შე­უძლიაო!
გაოცებამ დამამუნჯა – იმდენ ადამიანში მე რომ ყველაზე მეტად მჭირდე­ბოდა დახმარება, რო­გორ მიხვდა მღვდელი-მეთქი. დაველოდე.
წირვა რომ დამთავრდა, მოძღვარი მომიახლოვდა, მხარზე ხელი მომხვია და ეზოში გამიყვანა. სახელიც არ უკითხასვს, ისე დაიწყო ლაპარაკი:
– თავის მოკვლა მხოლოდ გაგიძლიერებს ტკივილს…
გამაჟრჟოლა. განზრახული ხომ არავისთვის გამიმხელია.
მამა გიორგი თავზე მომეფერა. მერე დაიხარა, მიწიდან თეთრი კენჭი აიღო, ხელისგული გამაშლევინა და ზედ დამიდო: – ეს ნატვრისთვალია და სამ სურ­ვილს აგისრულებს, ოღონდ ისეთს, ღმერთი უგუნურობაში რომ არ ჩამოგა­რთმევსო…
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მაშინვე დავიჯერე იმ ქვის ძალა:
– პირველი ნატვრა ისაა, რომ მამა გამოჯანმრთელდეს და პატიოსანი კაცის სახელი და­ი­ბ­რუ­ნოს… მერე – ვინატრებ, ძალა მომეცეს, რომ ღირსეულ კაცად ვიქცე… მესამე…
ამ დროს მამა გიორგიმ შემაჩერა: – საკმარისია! ორი ნატვრა შესმენილია, მესამეზე კი ნუ იჩ­­ქარებ, რა იცი, იქნებ წინ მეტი განსაცდელი გელის და მაშინ გამოგადგესო.
ხელები დავუკოცნე. მან გულში ჩამიკრა, დამლოცა და გამომიშვა…
`ნარვრისთვალმა~ არ დამაღალატა და წვალებით, მაგრამ მაინც განვი­კურნე. მამაჩემიც ღირსეული კაცის სახელით წავიდა წუთისოფლიდან…
`ნატვრისთვალს~ რაღა მოუვიდა?!
– ბევრ ჩემს თანაკურსელს ჰყავდა მანქანა და რატომღაც მესამე ნატვრად ეს ვთხოვე `ნა­ტვ­რისთვალს~: ლატარიაში `ვოლგა~, მაშინ ყველაზე პოპულა­რული მანქანა, მომაგებინემეთქი.
ნატვრა დავასრულე თუ არა, ჩემი თეთრი ქვა თითქოს `ჩაქრა~…
შეშინებული გავიქეცი მამა გიორგისთან. მან ქვა ხელში აიღო და შორს მოისროლა – ამას ფასი აღარ აქვსო. მერე კი მითხრა:
– უფლისთვის ის კი არ უნდა გეთხოვა, რაც არაფრით დაგიმსახურებია, არამედ ჯან­მრ­თე­ლო­ბა და შრომის უფლება, რასაც მანქანაც მოჰყვებოდა და ბევრი სხვა სიკეთეც. ისე კი ყვე­ლაზ­ე დიდი `ნატვრისთვალი~ აი, აქა აქვს ადამიანსო და შუბლზე მიიდო ხელი – ტვინი იგუ­ლი­ს­ხმა. ვერ გეტყვით, რა მოხდა მაშინ ჩემს სულში, მაგრამ დღემდე მჯერა, რომ სასწაული მაჩუქა უფალმა.

6. ცხოველებთან მოლაპარაკე

გაგიგონიათ, კაცს ცნობილი მონადირის სახელი ჰქონდეს და ერთი მგელი ან ტურა არ მოეკლას? ისე გარდაიცვალა 102 წლის ასაკში თურმე ი. გ-ძე, ხორცი გასინჯულიც არ ჰქონია. ბატონმა გივი გობრონიძემ გვიამბო:
– ივანე ბაბუაჩემის უმცროსი ძმა იყო. ზაფხულობით სოფელში ჩავყავდი მშობლებს და ივანე ბაბუას ხშირად დავყვებოდი ნახირში.
მე ივანე ბაბუას იარაღიც მიზიდავდა, სროლასაც მასწავლიდა, თუმცა სულიერის მოკვლას არ მანებებდა, არადა, ირგვლივ უამრავი გნოლი, როჭო თუ კურდღელი ტრიალებდა.
ნახირის ახლოს მგელი, ტურა, აფარი და დათვიც მინახავს, მაგრამ მათი შიში არასოდეს ჰქონია ივანე ბაბუას – ის ცხოველებს მათთვის გასაგებ ენაზე `ელაპარაკებოდა~ – ჩხაოდა, ყმუოდა, ღმუოდა და… ნადირიც უჯერებდა.
როცა პირუტყვი დაიმტვრეოდა ან ავად გახდებოდა და დავარდებოდა, ბაბუა ივანე გარკვეულ ადგილზე დააგდებდა ტყეში, მერე უცნაურად დაი­ჩხავლებდა – თითქოს მხეცებს უხმობდა და იქაურობას გაეცლებოდა, შორიდან უყურებდა, როგორ გლეჯდნენ პირუტყვს და ჭამდნენ. ამ დროს იტყოდა:
– მგელსაც თავისი არჩივი აქვსო – და ბედს არ შესჩიოდა დანაკლისის გამო.
ერთხელ ტყეში ორი მელიის ლეკვი ვიპოვეთ. შიმშილისაგან დაოსებულები ხის ძირში საცოდავად ეყარნენ და ჭყაოდნენ.
– დედას გაბნევიანო – თქვა ივანე ბაბუამ და ამიკრძალა ხელის შეხება – კაცის სუნს დაიკრავენ და შეიძლება დედამ აღარ უპატრონოსო.
მერე უცნაურად დაიწყო წკმუტუნ-ძახილი – თუ ცოცხალია ამათი დედა, გამოგვეხმაურებაო. მალე ბუჩქებიდან თავი გამოყო დედა მელიამ. ჩვენ იქაურო­ბას გავეცალეთ და ვაცალეთ შვილების პატრონობა. რამდენჯერ მიკითხავს ივანე ბაბუასთვის, – ნადირთა სალაპარაკო ენა ვინ გასწავლა-მეთქი. მხრებს იჩეჩდა პასუხად:
– რა ვიცი, ეტყობა დედის მუცლიდან დამყვაო.
ერთხელ უღელში შებმული ხარი გამოხსნა: – შემომკვნესა, რომ დაიღალა, გზაში არსად დამივარდესო. – მართლა არ იყო იმ დღეს კარგად ნიშა, მთელი დღე მხოლოდ წყალს სვამდა და ოხრავდა.
ერთხელ კიდევ ღამით წამოვარდა და მაკე ნაგაზის სანახავად გავარდა: – გლახად შეჰყ­მუვლა ცას, ლეკვობას არ გადაჰყვესო. კი მიეშველა, მაგრამ მაინც ვერ უშველა. ძალიან იდარდა მა­შინ.
აი, ასეთი უცნაური ბაბუა მყავდა…

მორჩაა : ) ინტერნეტში თუ მოვიძიე ასეთი ამბები კიდე დავდებ : ) ისე კი მგონი საინტერესო იყო, მართალია ბევრს არ სჯერა მაგრამ ყველა მონათხრობში თუ ამბავში რაღაც მაინც სიმართლეა : ) ( მათთვის ვინც ვერ გაიგო თუ რატომ არ ვაწერ წყაროს გეტყვით კიდევ ერთხელ რომ ეს ინფორმაციები ჩემი კომპის ერთ-ერთ დისკზე ვიპოვე და არ ვიცი რომელი ამბავი რომელი საიტიდან თუ გაზეთიდანააა ამოწერილი : ) )

მსგავსი ამბები

Back to top button