საკითხავი

ფულის შოვნის ყველაზე ბინძური გზები


ზოგიერთი ადამიანი ფულის გამო ყველაფერზე წამსვლელია და მიზნის მისაღწევად შეუძლია, საშინელი დანაშაულიც კი ჩაიდინოს.

კარგი ცხოვრების გასაღები “დანაკარგიდან” მოგების მიღებაში მდგომარეობს – სწორედ ასეთ წესს მისდევდა ბელ ჰანესი, რომელმაც წარმატებას დამანგრეველი ხანძრის შედეგად მიაღწია.

1881 წელს ბელი ნორვეგიიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად, სასწრაფოდ გათხოვდა და საკონდიტრო მაღაზია გახსნა. ერთი წლის შემდეგ მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა და ფერფლად იქცა. საბედნიეროდ, პატრონს ის დაზღვეული ჰქონდა. სადაზღვევო თანხით ბელმა ოსტინში სახლი შეიძინა, რომელიც 1898 წელს ასევე დაიწვა. საბედნიეროდ, ეს სახლიც დაზღვეული აღმოჩნდა. 1900 წელს ჰანესის ქმარიც დაიწვა და სხვათა შორის, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მასაც საკუთარი სიცოცხლე დაზღველი ჰქონდა.
ბელმა მიღებული თანხით ინდიანის შტატში, ლა პორტში ფერმა შეიძინა. აღსანიშნავია, რომ იქ გადასვლიდან რამდენიმე კვირაში ნავების შესანახავი ფარდული დაიწვა. 1902 წელს, საკმაოდ უცნაური “უბედური შემთხვევის” შედეგად, ბელ ჰანესის მეორე ქმარიც გარდაიცვალა – მას თავში მოზრდილი ხორცსაკეპი მანქანა დაეცა და ბელმა, სადაზღვევო კომპანიისგან 30 ათასი დოლარი მიიღო. ცოტა ხნის შემდეგ, ქალმა ახალი მეგზურის ძებნა დაიწყო, რომელიც “ცხოვრებისეულ სირთულეებს” გადაატანინებდა და ერთ-ერთ ნორვეგიულ გაზეთში შესაბამისი განცხადება განათავსა. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ნორვეგიიდან მასთან ბევრი თაყვანისმცემელი ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ ისინი საკუთარ სიცოცხლეს აზღვევდნენ და მოკლე ხანში უჩინარდებოდნენ.

1908 წლის აპრილში, ფერმაში მომხდარი მორიგი ხანძრის შემდეგ, პოლიციამ სარდაფში მოზრდილი ადამიანის და 3 ბავშვის დამწვარ გვამს მიაკვლია. სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ მოზრდილი ადამიანის ცხედარი ბელს ეკუთვნოდა, მაგრამ მისი ამოცნობა გართულდა, რადგანაც ნეშტს თავი მოჭრილი ჰქონდა.

საქმის გამოძიებისას პოლიციელებმა ფერმის უკანა ეზოში კიდევ 12 გვამი და სხეულის სხვადასხვა ნაწილი აღმოაჩინეს, ბელის თავს კი ვერსად მიაკვლიეს. ამერიკის ისტორიაში, ნორვეგიული წარმოშობის ამერიკელი ყველაზე ცნობილი მკვლელი ქალია. ორი ათეული წლის განმავლობაში, ბელმა სადაზღვევო კომპანიისგან ფულის მიღების მიზნით 30-ზე მეტი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს და ყოველივე ამის ხარჯზე მისმა ნაშოვნმა თანხამ 250 ათასი დოლარი შეადგინა.ვერნონის მცხოვრებთა გამდიდრების ხერხი
გასული საუკუნის 50-იან წლებში, იმ უბედურ შემთხვევათა უმეტესი ნაწილი, რომლის შედეგადაც ადამიანები კიდურებს კარგავდნენ და ინვალიდდებოდნენ, რატომღაც, ფლორიდის დასავლეთში ხდებოდა. სადაზღვევო კომპანიის აგენტის, ჯონ ჰილის თქმით, ვერნონის მცხოვრებნი გამიზნულად ისახიჩრებდნენ თავს, სადაზღვევო თანხა რომ მიეღოთ. 50 მოქალაქე (იმ დროისთვის ვერნონში სულ 780 ადამიანი ცხოვრობდა) “უბედური შემთხვევის” შედეგად დაზარალდა. ჯონის თქმით, მის კლიენტებს შორის იყო მამაკაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი ხერხმა მოაჭრა; კაცი, რომელმაც ნადირობის დროს ფეხში ტყვია მოირტყა; ერთ-ერთი კლიენტი კი – სადაზღვევო ბარათის მიღებიდან 12 საათის შემდეგ, უკვე დაზარალებულად იქცა; ერთმა ფერმერმა კი ფეხის მოჭრამდე, თავისი კიდურის დაზღვევა 38 სადაზღვევო სააგენტოში მოახერხა. ის ფეხში ცეცხლსასროლი იარაღით “დაჭრეს” და შედეგად, სადაზღვევო კომპანიებს მილიონი დოლარი “გამოსძალა”.

“ძნელია, მოსამართლე დაარწმუნო, რომ ადამიანს შეუძლია, თავად მოიჭრას ფეხი”, – ამბობდნენ სადაზღვევო კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც თაღლითების გამოაშკარავებას ვერ ახერხებდნენ. მოკლედ, ხანდახან “გიჟად” ყოფნაც ძალზე მომგებიანია.

გვამების გაყიდვით ნაშოვნი სიმდიდრე

უილიამ ბერკმა და უილიამ ჰეამ საკუთარი საქმის წამოწყება გადაწყვიტეს. მათი საქმე საკმაოდ უჩვეულო გახლდათ – ისინი გვამებს იპარავდნენ და გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, სამედიცინო-სასწავლო დაწესებულებებს გადასცემდნენ (სტუდენტების პრაქტიკისთვის). პირველად მათ მიერ დაქირავებული ბინის პატრონის გვამი გაყიდეს – ის 7 გირვანქა სტერლინგად, ედინბურგის სამედიცინო კოლეჯს მიჰყიდეს, შემდეგ კი საკუთარი შემოსავლის გაზრდა გადაწყვიტეს. თავდაპირველად, ახალი მიცვალებულების საფლავებს თხრიდნენ, შემდეგ კი ადამიანების დახოცვა დაიწყეს.

წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ბერკმა და ჰეამ 16 ადამიანი მოკლეს. ისინი მომავალი მსხვერპლისგან ბინას ქირაობდნენ და სახლის პატრონს მალევე კლავდნენ.

“ბიზნესმენები” ერთ-ერთი ბინის მფლობელმა გამოააშკარავა – მან საწოლის ქვეშ გვამს მიაგნო და ეს ამბავი მაშინვე პოლიციას შეატყობინა. ჰეამ სასჯელს მეგობრის “ჩაშვებით” აარიდა თავი. მან ჩვენება “კომპანიონის” წინააღმდეგ მისცა. შედეგად, 1829 წელს უილიამ ბერკი ჩამოახრჩვეს, მისი გვამი კი ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებას გადასცეს. სავარაუდოა, რომ ეს მამაკაცები მზად იყვნენ, ქალაქის მთელი მოსახლეობისთვის გამოეჭრათ ყელი, ოღონდაც ფული ეშოვათ. ბერკი დღიურს აწარმოებდა, სადაც თითოეული მკვლელობის დეტალებს აღწერდა. დღიურში ასეთ ჩანაწერსაც წააწყდებით: “პირველი ივლისი. ინგლისელი 10 გირვანქა სტერლინგად გავყიდეთ”… ცნობილია, რომ მათ 16 მკვლელობა ჩაიდინეს, მაგრამ უცნობია, რამდენი გვამი ამოთხარეს.

დამწვარი სახლების ბიზნესი

მარკუს ლიცინიუს კრასუსი, რომელიც ჩვ.წ.აღ-მდე 115-53 წლებში ცხოვრობდა, რომაელი მთავარსარდალი და პოლიტიკური მოღვაწე იყო. ის ცნობილია, როგორც სპარტაკის აჯანყების ჩამხშობი. კრასუსის სიმდიდრის წყაროს ომის მსხვერპლთა სახლების გაყიდვა, მონებით ვაჭრობა და ვერცხლის მოპოვება წარმოადგენდა. მიიჩნევენ, რომ პირველი სახანძრო სამსახური სწორედ კრასუსმა შექმნა, მაგრამ ეს ქველმოქმედების კი არა, ხელის მოთბობის მიზნით გააკეთა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ რომში მასშტაბური ხანძრები გახშირდა – სახლები ერთმანეთთან ძალიან ახლოს იდგა და ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, ცეცხლი ადვილად ვრცელდებოდა. გამჭრიახმა კრასუსმა 500 მონა იყიდა და მათგან სახანძრო რაზმი ჩამოაყალიბა. როგორც კი სადმე ხანძარი გაჩნდებოდა, ის მეხანძრეებთან ერთად, მაშინვე იქ ამოყოფდა თავს და სახლის მფლობელებს, ცეცხლმოკიდებული შენობის სანაცვლოდ, მიზერულ თანხას სთავაზობდა; შემდეგ ცეცხლს აქრობდა და იმავე მონების წყალობით, ნახევრად დამწვარი სახლის რესტავრაციას ახდენდა. მოგვიანებით, აღდგენილ სახლს ძველ მფლობელს, გაცილებით ძვირად მიჰყიდდა ხოლმე.

საბოლოო ჯამში, კრასუსმა ამ გზით დიდძალი ქონება დააგროვა. თანამედროვე საზომით, მისი ქონება 169,8 მილიარდ დოლარს შეადგენდა. მარკუს კრასუსი ყველა დროის ყველაზე მდიდარ ადამიანთა ათეულში შედის.ამასთან, ის ძალზე ძუნწი გახლდათ, რის გამოც, სიკვდილის შემდეგ, მტრებმა მარკუსს თავი მოაჭრეს და პირში გამდნარი ვერცხლი ჩაასხეს.

წყარო: ჟურნალი “გზა”

:cool:

თეგები
Back to top button
Close
Close