არქივი

ინტერნეტმანია

a8348df977bc

სკოლიდან თავქუდმოგლეჯილი მორბიხარ! ერთი სული გაქვს, როდის მიხვალ შინ. იქ ხომ სანატრელი ”ოდნოკლასნიკი”, “Facebook”, “Skype” და სხვა მრავალი საიტი გელის.

მოკლედ, სიქაგაცლილი შევარდები ოთახში და… გულიც უკვე მშვიდდება. შენი ერთადეთი, უნიკალური და განუმეორებელი კომპიუტერი შენ გელოდება… როგორც იქნა, გაუთავებელი ჩხუბის შემდეგ, ააგლეჯ საბრალო დას ან ძმას კომპიუტერიდან. არადა, ისეა აზარტში შესული, შენი განწირული კივილიც აღარ ესმის.

ადგა!!! როგორც იქნა, ისევ შენია სანატრელი ყუთი. მიუჯექი მაგიდას, გააფთრებული მივარდი კლავიატურას, ემოციამოძალებული შეიჭერი ინტერნეტში, მოიარე საიტები… გამალებული ”ჩათაობისგან” უკვე წუთში 100 სიტყვასაც კი ბეჭდავ, განიხილავ საკითხებს, რომლებიც იმდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნია, რომ ლამისაა მონიტორი თავით გაიტანო და აი, სწორედ ამ საპასუხისმგებლო მომენტში, ოთახში შემოიჭრა დედა, რომელიც მზად არის ჩაებას ბრძოლაში, რათა დაისაკუთროს კომპიუტერი. ის ისევეა მოწყურებული, როგორც ცოტა ხნის წინ შენ – და-ძმასთან ბრძოლისას… მაგრამ აქ საქმე უფრო რთულადაა, ამ ბრძოლაში გამარჯვებას პირი არ უჩანს და სწორედ ამ დროს შენს წინააღმდეგ თავს იჩენს ისეთი წყალგაუვალი არგუმენტები, როგორიცაა: ”სამეცადინო არ გაქვს?! ” რამდენი ხანი უნდა იჯდე აქ! ადექი ახლავე!”.. რა ხდება ამ დროს? კომპიუტერის დათმობა გიწევს…
კომპიუტერი დედამ დაისაკუთრა, ახლა ის შევარდა “ოდნოკლასნიკზე”, შენ კი სამეცადინოდ ჯდები, მაგრამ იმდენად დაღლილი ხარ, რომ არაფრის თავი აღარ გაქვს. კომპიუტერის ოთახიდან კი კვლავ კლავიატურის წამების ხმა გესმის.

საქმეში მძიმე არტილერია ერთვება, მამა შემოიჭრა ბრძოლის ველზე! მამა ყველას დატუქსავს უსაქმურობისა და ამდენი ხანი კომპიუტერთან ჯდომისთვის, საბოლოოდ კი არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ მთელ თუ არა, ნახევარ ღამეს caunter-ის თამაშში გაატარებს.

ასე რომ, არც კი ვიცით, ამას ინტერნეტმანია დავარქვათ თუ ოჯახური სენი, მაგრამ ფაქტი ერთია – ეს მანია სწრაფად ვრცელდება, გადამდები და დამღუპველია. რაც მთავარია, ანტიდოტი ჯერ არ გამოუგონიათ…

ინტერნეტმანიის პირველი გამოვლინება – სკოლაში ცუდი ნიშნები, სახლში მოუმზადებელი სადილი, სამსახურში კი აწეწილი საქმეები.

წყარო: კვირისპალიტრა

ვინ რამდენ დროს უთმობს ინტერნეტს?

Back to top button