არქივი

რა არის ინტერნეტი? PART II

167ff3313e70

ასე თუ ისე გავარკვიეთ რა არის ინტერნეტი და ახლა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. რა არის და საიდან მოდის ვები. ეს, რასაც ახლა კითხულობ, ვებია. ვების ამოცანა და იდეა ძალიან მარტივი იყო თავიდანვე. მე მაქვს რაღაც რესურსი, ლამაზად გაფორმებული სადაც მიწყვია ჩემს ძმაკაცებთან ერთად გადაღებული ქეიფის ფოტოები, ჩემი დაწერილი ლექსები, გადაღებული ვიდეოები და რა ვიცი კიდევ რა აღარ. მოკლედ მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ადამიანის/კომპანიის რესურსი ინტერნეტში, სადაც განთავსებულია ტექსტური/აუდიო/ვიდეო/ფოტო მასალა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია შევიდეს და დაათვალიეროს განთავსებული ინფორმაცია. თავიდან ეს ყველაფერი ცალმხრივი იყო. ცალმხრივში ის იგულისხმება, რომ არავითრი ინტერაქტიულობა არ არსებობდა. მაგალითად ჩემს ამ პოსტზე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია კომენტარის დატოვება. დასაწყისში კი დიდი ბოდიში, მაგრამ მსგავს ფუფუნებაზე ვერც იოცნებებდით. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, თავიდან ვები “სტატიკური” იყო, ანუ მე ავაწყობდი (როგორ და რანაირად ამაზე ცოტა მოგვიანებით) ჩემს პერსონალურ ვებ-გვერდს და ავტვირთავდი სერვერზე ფიზიკურ ფაილებს (როგორც ბევრ თქვენთაგანს დაუწერია და გაუფორმებია word-ის დოკუმენტი) და მერე სხვა შევიდოდა და დაათვალიერებდა ჩემს ნამუშევარს.

დროთა განმავლობაში ტექნოლოგიები განვითარდა, ადამიანების მოთხოვნებიც გაიზარდა და დღეს უკვე გვაქვს ვები, რომელსაც შეგვიძლია “დინამიური” ვუწოდოთ. მისი აზრი იმაშია, რომ ჩვენ დამატებითი ცოდნის გარეშე შეგვიძლია ჩვენი ვების შინაარსი ვცვალოთ ჩვენთვის კარგად ნაცნობი პროგრამების სტილში. მაგალითად ამ პოსტს ვწერ ე.წ. WYSIWYG ედიტორის მეშვეობით, რომელიც ძალიან წააგავს Word-ს და საერთოდ რომ არ მქონდეს წარმოდგენა ვებ-ტექნოლოგიებზე, ამ პოსტს ზუსტად ისეთივე წარმატებით და ისევე ლამაზად ფორმატირებულს დავწერდი, როგორც ახლა. ანუ არ შევდივარ სერვერზე, არ ვქაჩავ ფაილს, არ შემაქვს კორექტივები, მერე უკან არ ვტვირთავ ამ ფაილს და მარტივად რომ ვთქვათ არ ვწვალობ. შემოვდივარ WordPress-ის სამართავ პანელში და აქედან რასაც მინდა იმას ვაკეთებ. ცხადია არსებობს File Editor-ები, რომლებიც პირდაპირ მუშაობენ სერვერზე განთავსებულ ფაილებთან და იგივეს აკეთებენ რაც ზევით დავწერე, მაგრამ ეგ არ არის მთავარი. მთავარი ჩვენთვის ახლა იმის გაგებაა, რომ ვები ვითარდება და ხდება მომხმარებლისთვის უფრო მოსახერხებელი და მრავალფეროვანი. დღეს თქვენ შეგიძლიათ ისეთი ვებ-რესურსების გამოყენება, რომლებზეც 10 წლის წინ არცკი ოცნებობდა არავინ. არ არსებობდა არც MySpace, არც Facebook, არც odnoklassniki და ა.შ. პრიმიტიული, სტატიკური გაფორმებისა და შინაარსის მქონე გვერდებიდან ვები მოვიდა დღევანდლამდე, უაღრესად მძლავრ და ფუნქციონალურ საიტებამდე. თუნდაც GMail-ი გაიხსენეთ და მისი საშუალება, პირდაპირ ბროუზერში გქონდეთ Word-ის, Excel-ის და Power Point-ის ფუნქციონალურობა. 10-15 წლის წინ რომ მსგავსი რამე გეთქვათ ხმამაღლა, გიჟად ჩაგთვლიდნენ :)

მაინც როგორ მუშაობს ვები? როგორ ჩანს თქვენს კომპიუტერში საიტი, რომელიც ასიათასობით კილომეტრზე დაშორებულ ვებ-სერვერზეა განთავსებული? ამ ყველაფერს ჩვენ დეტალებში განვიხილავთ, მაგრამ ახლა ზედაპირული წარმოდგენა მაინც შევიქმნათ მუშაობის ზოგად სქემაზე.

თქვენ ხსნით ბროუზერს (ბროუზერი ეწოდება პროგრამას, რომელიც საშუალებას გაძლევთ საიტები დაათვალიეროთ, მაგალითად Internet Explorer, Opera, FireFox, Google Chrome და ა.შ.) და შეგყავთ მისამართი საიტისა, რომლის გახსნაც გინდათ. ბროუზერი ჯერ ცდილობს გაარკვიოს ვებ-სერვერის რეალური მისამართი (როგორც ჩვენ გვაქვს სახელი და გვარი, მაგრამ ასევე უნიკალური პირადი ნომერი, რომელიც პირადობის მოწმობაშია დაფიქსირებული და თუ ჩვენ სახელს და გვარს შევიცვლით, პირადი ნომერი მაინც იგივე დაგვრჩება) და ამ რეალურ მისამართს დაუკავშირდეს. დაკავშირების შემდეგ ბროუზერი მოთხოვნას უგზავნის ვებ-სერვერს, რათა მან შესაბამისი საიტი დაუბრუნოს. სერვერ მოთხოვნას ამუშავებს, შედეგს აფორმატებს და ბროუზერს უბრუნებს. დაბრუნებულ რეზულტატს რომ შეხედოთ, მიხვდებით რომ ის სპეციალური წესით ფორმატირებული ტექსტია (იგივე html) და რომელიც ასე პირდაპირ, არცთუ სასიამოვნო საცქერია. ბროუზერის ამოცანაა, მოსული, ფორმატირებული ტექსტი გამოაჩინოს (როგორც იტყვიან დაარენდეროს) ისე, რომ თქვენ დაინახოთ თვალისათვის ბევრად უფრო სასიამოვნოდ აღსაქმელი, წასაკითხი თუ დასათვალიერებელი მონაცემები.

ძალიან უხეშად და ზედაპირულად ესაა ვებ-გვერდის მთელი სასიცოცხლო ციკლი, მაგრამ ამ ზედაპირულობისა და სიმარტივის ქვეშ უამრავი რამ იმალება და მომდევნო თემებში რიგრიგობით დავარჩევთ თითოეულ მათგანს. შეიძლება თქვენ PHP-ს შესწავლის დაწყება გეჩქარებათ, მაგრამ ვების მუშაობის ზოგადი პრინციპების გარჩევის გარეშე, მხოლოდ PHP-ს სინტაქსის ცოდნით ვერასოდეს გახდებით ნორმალური ვებ-დეველოპერი და უარეს შემთხვევაში DLE-ზე ან Joomla-ზე დიზაინების წამოცმას ვერ გაცდებით, უკეთეს შემთხვევაში კი ზემოხსენებულ სისტემებში რაღაცის ცაცუნს დაიწყებთ, მაგრამ როგორც დაიწყებთ, ისე დაამთავრებთ. ცხადია ექსპერტის დონეზე ჩვენ არ ჩავუღრმავდებით თითოეულ საკითხს, მაგრამ ზოგადი წარმოდგენა აუცილებლად შეგვექმნება.

f37d82e43ac8

წყარო:  gode.ge

espada

var da morcha =( +) ;) $)

მსგავსი ამბები

Back to top button