არქივი

ნერონი – რომის ყველაზე სისხლიანი იმპერატორი

3f0fe80d83a4

ცნობილია, რომ იმპერატორი ნერონი ისტორიაში გონიერ და სათნო მმართველად არ შესულა. პოსტში გაიგებთ, თუ რატომ იყო იგი “სისხლიანი” და როგორ დაამახსოვრა მან თავი რომს.

ნერონი ა.წ. 37 წლის 15 დეკემბერს რომის ერთ-ერთ პროვინციაში, ანციოში დაიბადა. მისი დედა, აგრიპინა უმცროსი რომის პირველი კეისრის, ავგუსტუსის შთამომავალი და იმჟამინდელი იმპერატორის კალიგულას და იყო. 39 წელს, აგრიპინა უმცროსის მეუღლის სიკვდილის შემდეგ, იმპერატორმა კალიგულამ იგი გადაასახლა, ხოლო პატარა ნერონი თავის დეიდას მიაბარა და ისიც ღარიბულად იზრდებოდა რომის ერთ-ერთ პროვინციაში. როდესაც კალიგულა ცოლთან და ქალიშვილთან ერთად ღალატით მოკლეს 41 წელს, იმპერატორი კლაუდიუსი გახდა, რომელმაც აგრიპინა გადასახლებიდან დააბრუნა, ხოლო მოგვიანებით კი იგი ცოლად შეირთო. ამის შემდეგ ნერონიც იმპერატორის კარზე დააბრუნეს. რადგან იგი კლაუდიუსის ვაჟზე, ბრიტანიკუსზე უფროსი იყო, იმპერატორის მემკვიდრედ იგი ითვლებოდა. ნერონმა 53 წელს, 16 წლის ასაკში, ცოლად კლაუდიუსის ქალიშვილი, კლაუდია ოქტავია შეირთო.

54 წელს, იმპერატორ კლაუდიუსის გარდაცვალების შემდედ, მისი ადგილი ნერონმა დაიკავა. ძველი ისტორიკოსები წერენ, რომ იმპერატორი კლაუდიუსი აგრიპინა უმცროსმა მოწამლა, თუმცა ამ ცნობის სანდოობის შესახებ დანამდვილებით არავინ იცის.

ნერონი და აგრიპინა

5d3a0fa84d1c

ნერონის მმართველობის პირველ წლებში მასზე დიდი გავლენა ჰქონდა აგრიპინა უმცროსს, რის გამოც, მოგვიანებით, ნერონს მასთან ურთიერთობა გაურთულდა. მან შეიტყო, რომ დედამისი იმპერატორად ბრიტანიკუსს ამზადებდა. კლაუდიუსის ერთად ერთ ვაჟს ასაკიც ხელს უწყობდა, რომ იმპერატორი გამხდარიყო. აგრიპინას იმედი ჰქონდა, რომ ბრიტანიკუსის კანდიდატურას ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდებოდა, მაგრამ უცაბედად, 55 წელს იგი გარდაიცვალა. მოგვიანებით, ნერონმა დედამისი სასახლიდან გააძევა. ძველი ისტორიკოსების გადმოცემით, ბრიტანიკუსი კეისარმა მოაკვლევინა, თუმცა თვითონ ნერონი უარყოფდა რაიმე კავშირს ძმის სიკვდილთან.

ნერონი უფრო მეტად იმპერიის კულტურულ განვითარებაზე ზრუნავდა: აწყობდა გლადიატორთა ბრძოლებს, ათლეტთა შეჯიბრებებს, აშენებდა თეატრებს. თუმცა მისი მმართველობის ხანას წარმატებული საგარეო პოლიტიკაც ახსოვს. იგი რეფორმებს ამ მხრივაც ატარებდა. აღსანიშნავია ასევე წარმატებული ომი პართიის იმპერიასთან 58-63 წლებში.

ამ პედიოდში ნერონი უფრო და უფრო ძლიერდებოდა, იგი თავს ითავისუფლებდა მრჩევლებისაგან და მოწინააღმდეგეებს სასტიკად უსწორდებოდა. მრავალი ადამიანი უკმაყოფილო იყო მისი მმართველობის ფორმით. იგი საკმაოდ თავაშვებულად ცხოვრობდა, სტუმრობდა საროსკიპოებს. ნერონს ისტორიკოსები მოიხსენიებენ, როგორც უსამართლო, პირსისხლიან ტირანს. იგი ასევე ცნობილია, როგორც ქრისტიანთა მადევარი.

ნერონი კლაუდია ოქტავიას დაშორდა და იგი გადაასახლა. ამან რომში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ნერონი იძულებული გახდა, კლაუდია ოქტავია დაებრუნებინა, თუმცა მაინც მოაკვლევინა იგი. მან თავისი მეორე ცოლი, პოპეა საბინაც მოკლა იქამდე, სანამ იგი ბავშვს გააჩენდა.

59 წელს ნერონმა დედამისის მოკვლის ბრძანება გასცა. ისტორიკოსები ამ გადაწყვეტილების მოტივაციად სხვადასხვა ცნობებს გვაწვდიან. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ეს უნდა უკავშირდებოდეს ნერონის სასიყვარულო ურთიერთობას პოპეა საბინასთან, რომელიც მომავალი იმპერატორის, ოტონის ქალიშვილი იყო. ზოგ ისტორიკოსს მიაჩნია, რომ ნერონმა ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც გაიგო, რომ აგრიპინა მის პოლიტიკური მოწინააღმდეგეს, პლავტუსს ამზადებდა ტახტისთვის.

აგრიპინა უმცროსი

1d0b30874a3b

ისტორიკოს ტაციტუცის ცნობით, ნერონმა დედამისი ზღვაში გემით გაუშვა, რომელიც სპეციალურად, ისე ააშენებინა, რომ ჩაძირულიყო, თუმცა ამ კატასტროფას აგრიპინა გადაურჩა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

62-63 წლებში ნერონს ძალიან გაურთულდა ურთიერთობა სენატთან. ამ დროს მან ბევრი მოწინააღმდეგე დასაჯა სიკვდილით, მათ შორის იყო პლავტუსი. სენატი ჩიოდა, რომ სრულიად კარგავდა ძალაუფლებას.

ნერონს რბილი დამოკიდებულება ჰქონდა რომის დაბალი კლასის მოსახლებასთან და მათ ბევრ შეღავათებს უკეთებდა. შედარებით მაღალი კლასის რომაელებს კი იგი ხშირად ბეგრავდა, მაღალ გადასახადებს უწესებდა და ანაზღაურებებსაც უმცირებდა. ასეთი უსამართლო პოლიტიკის გამო ნერონს ხშირად უხდებოდა დავა სენატთან.

ნერონი ძლიერ იყო გატაცებული მუსიკითა და პოეზიით. იგი თავადაც წერდა სიმღერებს და მათი სახალხოდ შესრულებაც უყვარდა. ცნობილია, რომ იგი ხშირად აწყობდა საღაომოებს, სადაც დიდ სცენაზე მრავალი მაყურებლის წინაშე გამოდიოდა. მაყურებლები, ძირითადად რომის ჩვეულებრივი მაცხოვრებლები იყვნენ, რომლებსაც ნერონის მიერ შესრულებული ყოველი კომპიზიციის შემდეგ აიძულებდნენ, ტაში დაეკრათ. ზოგიერთი ისტორიკოსის ცნობით, ასეთი საქციელისკენ კეისარს სენატი უბიძგებდა.

8fd72f5a161f

64 წლის 18 ივლისს რომში ხანძარი გაჩნდა. ეს მოვლენა “რომის დიდი ხანძრის” სახელითაა ცნობილი, რადგან იგი დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხანძარია მსოფლიო ისტორიაში. არც მანამდე და არც მის შემდგომ, რომში მსგავსი ხანძარი არ მომხდარა. ცეცხლმა იმპერიის მნიშვნელოვანი ნაწილი სრულიად გაანადგურა და მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ნერონმა ყველაფერი გააკეთა, რომ უსახლკაროდ დარჩენილებს დახმარებოდა, მათ დროებითი თავშესაფრები მისცა და საჭმლითაც უზრუნველჰყო. მიუხედავად ამისა, რომში გავრცელდა ხმა, რომ ხანძარი იმპერატორის ბრძანებით განგებ გააჩინეს. ნერონს სიმღერა ძალიან უყვარდა და ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად მან ეს სწორედ ამ მიზეზით გააკეთა, მისი აზრით, ცეცხლმოკიდებული რომის ფონზე მისი სიმღერა უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა. კეისარმა სასტიკად დასაჯა ამ ხმის გამავრცელებლები, განსაკუთრებით კი ქრისტიანებზე იყარა ჯავრი: მან ისინი მხეცებს დააგლეჯინა, ხოლო სხვები ჯვარს აცვა და დააწვევინა.

ნერონი უფრო და უფრო კარგავდა კონტროლს მის მოწინააღმდეგეებზე ქვეყნის შიგნით. 68 წელს მას რომის ერთ-ერთი პროვინციის მმართველი, იულიუს ვინდექსი აუჯანყდა. ნერონმა სცადა, აჯანყება ჩაეხშო, მაგრამ დამარცხდა. ვინდექსს ცოტა ხანში, რომის კიდევ ერთი პროვინციის მმართველი, გალბა შეუერთდა (იგი 7 თვის განმავლობაში იყო იმპერატორი, ნერონის სიკვდილის შემდეგ).

სერვიუს სულპიციუს გალბა

142b76450326

68 წლის მაისში ნერონმა შეძლო ვინდექსის დამარცხება, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა თავი მოიკლა. გალბა კვლავ ნერონის მთავარ მოწინააღმდეგედ რჩებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გალბა რომში მტრად გამოაცხადეს, მას მაინც ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა. მათ შორის აღსანიშნავია პრეტორიანელთა გვარდიის პრეფექტი, ნიმფიდიუს საბინუსი. ნერონი კი პირიქით, კარგავდა საკუთარ მხარდამჭერებს, მას უკვე საკუთარი არმიის ოფიცრებიც აღარ ემორჩილებოდნენ. ნერონმა უკვე იმაზე დაიწყო ფიქრი, ბოდიში ხომ არ მოვუხადო რომსო. საბოლოოდ, იგი რომიდან გაიქცა. მოგვიანებით დაბრუნდა, და თავის ერთ-ერთ სასახლეში გაჩერდა, რომთან ახლოს. იგი უკვე სასოწარკვეთილი იყო და თვითმკვლელობას აპირებდა. მან ერთ-ერთ მსახურს საფლავის გათხრა დაავალა. იგი გამუდმებით იმეორებდა, რა ხელოვანი კვდება ჩემშიო. სიკვდილის წინ მას ცნობა მოუვიდა, რომ რომში იგი მტრად გამოეცხადებინათ და სენატს მისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოეტანა.

9 ივნისს ნერონმა თავი მოიკლა. მან ყელში ხანჯალი გაიყარა. მისმა მხედარმა მას მაშინ შეუსწრო, როცა იგი უკვე სისხლისგან იცლებოდა. მან ნერონის გადარჩენა სცადა, მაგრამ მომაკვდავმა ბოლო სიტყვა თქვა: “უკვე გვიანია, ეს არის თავდადება”. კეისრის სიკვდილი რომში დიდი ზარზეიმით აღნიშნეს.

იმპერატორი ნერონი 68 წლის 9 ივნისს გარდაიცვალა (ეს დღე მისი პირველი ცოლის, კლაუდია ოქტავიას სიკვდილის წლისთავი იყო).

1a47b4130fbf

ნერონი რომის ერთ-ერთ მავზოლეუმში დაკრძალეს. იგი იულიუს-კლაუდიუსთა დინასტიის ბოლო წარმომადგენელი იყო.

IV საუკუნის ღვთისმეტყველებს სწამდათ, რომ ნერონი ამქვეყნად კიდევ დაბრუნდებოდა, ანტიქრისტეს სახით.

მსგავსი ამბები

Back to top button