არქივი

მხოლოდ საქართველოში

4e083249a993

გთავაზობთ ამ თემის გაგრძელებას…

ალბათ ყველას გეგონათ, რომ ამჯერადაც ქართველების მიუღებელ თვისებებზე ვილაპარაკებდი, როგორც წინა პოსტში, მაგრამ ეს ასე არ იქნება. პირველ რიგში, მინდა ყველას, ვინც ჩემი წინა პოსტი წაიკითხა ამ თემაზე, ვუთხრა, რომ იგი ნახევრად იუმორისტული იყო და ყოველი მათგანი სულაც არ მიანიშნებდა ქართველების ნაკლზე და გარდა ამისა, მათი უმეტესობა, მხოლოდ საქართველოში არ ხდება.

ზოგადად უარყოფითი თვისება უფრო ადვილი შესამჩნევია, ვიდრე დადებითი, მით უმეტეს, თუ მას ყოველდღე ხედავ. ამ პოსტში შემოგთავაზებთ ქართველი ერის ისეთ თვისებებს, რომლებიც ყოველდღე არ ჩანს, მაგრამ თითოეული ჩვენგანის ნაწილია და რაც მთავარია ყოველ მათგანზე ვრცელდება გამოთქმა: “მხოლოდ საქართველოში”. სწორედ ამიტომ იყო რთული ამ თემაზე პოსტის მომზადება, რადგან ისეთი თვისებები, რომლებიც მარტო ჩვენ გვაქვს,   არცთუ ისე იოლი გამოსაყოფია.  ზოგი მათგანი შეიძლება, უადგილოდ ან სასაცილოდაც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ ისინი ყოველი ჩვენგანისთვის საამაყოა.

მხოლოდ საქართველოში დაიბადა ქეთევან წამებული.

მხოლოდ საქართველოში გვყავს 100 000 წმინდანი.

მხოლოდ საქართველოში ინახება უფლის კვართი.

მხოლოდ საქართველოში გვაქვს სიტყვა “გენაცვალე”.

მხოლოდ საქართველოში სტუმართმოყვარეობა მოვალეობაა.

მხოლოდ საქართველოში გვაქვს ღვინის ასეთი საოცარი კულტურა.

მხოლოდ საქართველოში სუფრას თამადა უძღვება.

მხოლოდ საქართველოში სადღეგრძელოების თანმიმდევრულობას მნიშვნელობა აქვს.

მხოლოდ საქართველოში მთელი ისტორიის მანძილზე ვომობდით, მაგრამ მეგობრობისა და სიყვარულისთვის დრო მაინც გვრჩებოდა.

მხოლოდ საქართველოში ნახავთ უდიდესი მონარქის საფლავს ტაძრის შესასვლელში.

მხოლოდ საქართველოში დაცულია შუალედი ქალის გარყვნილებასა და მისი უფლებების ფეხქვეშ გათელვას შორის.

მხოლოდ საქართველოში ჰომოსექსუალობა სირცხვილია.

მხოლოდ საქართველოში შეიძლება, ქართულ ხალხურ სიმღერაზე აგეტიროს, განურჩევლად ასაკისა და სქესისა.

მხოლოდ საქართველოში ხალხური ცეკვით და სიმღერით ისტორია გადმოიცემა.

მხოლოდ საქართველოში ყველა მოვალეობად მიიჩნევს, პატივი სცეს უფროს თაობას უფრო მეტადაც კი ვიდრე, ის შეიძლება იმსახურებდეს.

მხოლოდ საქართველოში გამოიგონეს ისეთი უნიკალური რამ, რასაც ჩურჩხელა ჰქვია.

მხოლოდ საქართველოში გვაქვს სამზარეულო, რომელიც ყველანაირი გემოვნების ნებისმიერ ქართველს და არაქართველს აღაფრთოვანებს.

მხოლოდ საქართველოში ცხოვრობდა ორი რობინ ჰუდი: ხარება და გოგია.

მხოლოდ საქართველოში აქვს სიტყვა “ჯიგარს” ორი მნიშვნელობა.

მხოლოდ საქართველოში სჯერათ, რომ არსებობს ე.წ. “ქართული სული” და ეს იმიტომ, რომ იგი მართლაც არსებობს.

მსგავსი ამბები

Back to top button