არქივი

აქილევსი

7271abcd6000

აქილევსი – ბერძ. გმირი. ტროას ომის მონაწილე; პელევსისა და თეტისის ძე. ჰომეროსის “ილიადას” მთავარი გმირი.

პრომეთემ უმისნა ზევსს, რომ თუ ზღვის ღვთაება თეტისს მოიყვანდა ცოლად, დაიბადებოდა ძლევამოსილი ღმერთი, რომლეიც მამას ჩამოაგდებდა ტახტიდან. მაშინ ზევსმა თეტისი ცოლად გააყოლა მოკვდავ პელევსს. მათ გაუჩნდათ შვილი, რომელსაც აქილევსი შეარქვეს.

თეტისს სურდა უკვდავება მიენიჭებინა თავისი ვაჟისათვის და ამიტომ დღისით ამბროსიას (ბერძ. ოლიმპიელ ღმერთთა საკვები, უკვდავებისა და მუდმივი ახალგაზრდობის მომნიჭებელი. თანამედროვე გაგებით, “ამბროსია იგემა” ნიშნავს “ინეტარა”) უსვამდა სხეულზე, ხოლო ღამით ცეცხლში აწრთობდა. ერთხელ ეს დაინახა პელევსმა და შეშინებულმა ამოიყვანა ბავშვი ცეცხლიდან.  შეურაცხყოფილმა თეტისმა სასახლე დატოვა და კვლავ ზღვათა სიღრმეს დაუბრუნდა. ლეგენდის სხვა ვერსიის თანახმად, თეტისს ქუსლით ეკავა ახალშობილი და მდინარე სტიქსის წყლებში ავლებდა, როდესაც პელევსმა დაინახა. ამიტომ აქილევსის სხეული უვნებელი გახდა, მხოლოდ ქუსლი იყო მისი სუსტი ადგილი.

თეტისის გაქცევის შემდეგ პელევსმა თავისი ვაჟი აღსაზრდელად ჩააბარა ბერძენ კენტავრ ქირონს, რომელმაც ლომთა, ტახთა და დათვთა შიგნეულით გამოკვება პატარა, შეასწავლა მკურნალობა და ხელოვნება. მოხუცი ფენიქსის ძალისხმევით კი იგი დაეუფლა მჭერმეტყველებასა და სამხედრო საქმეს. თექვსმეტი წლის აქილევსი უკვე კლავდა ლომებს და ტახებს, ეწეოდა მალემსრბოლ ირმებს. იგი თავის მეგობარ, პაროკლოსსთან ერთად იზრდებოდა. როდესაც ღმერთებმა ჰკითხეს, თუ როგორ სიცოცხლეს აირჩევდა, ხანგრძლივს, მშვიდსა და უსახელოს, თუ ხანმოკლესა და დიდებით მოსილს, აქილევსმა სახელოვანი სიცოცხლე ირჩია.

9b502cb1e614
ჯეიმს ბერი. 1772 წ.

თეტისი ზრუნავდა თავის ვაჟზე. იგი ხშირად მოისწრაფოდა ხოლმე მისკენ ზღვათა სიღრმიდან. როდესაც ტროას ომი დაიწყო, თეტისმა აიძულა აქილევსი გამგზავრებულიყო კუნძულ სკიროსზე და იქ,  ქალურად გადაცმული, მეფე ლიკომედესის ასულთა შორის მიმალულიყო.

ბერძნებს უმისნეს, რომ ისინი აქილევსის გარეშე ტროას ომს ვერ მოიგებდნენ. მაშინ ოდისევსი, ნესტორი და აიასი გაემგზავრნენ კუნძულ სკისორზე, სადაც ხალხში მოარული ხმების თანახმად, აქილევსი ეგულებოდათ. ლიკომედესმა მათ ნება მისცა გაეჩხრიკათ მთელი სასახლე. ვერც ვერასოდეს აღმოაჩენდნენ ისინი ამ ვაჟს, ოდისევს რომ არ ეეშმაკა: მან  ლიკომედესის ქალიშვილებისათვის დაალაგა საჩუქრები, ძირითადად ძვირფასეულობანი, მათ შორის კი მოათავსა ფარი და მახვილი. ამ დროს, მისივე ბრძანებით, სასახლეში საბრძოლო საყვირის ხმა გაისმა. გოგონებთაგან ერთ-ერთმა უმალ დასტაცა ხელი ფარსა და მახვილს, რომელიც საჩუქართა შორის ბზინავდა. ასე აღმოაჩინეს აქილევსი, რომელიც სიხარულით გაჰყვა მათ, რათა ტროას ომში მიეღო მონაწილეობა.  იგი სათავეში ჩაუდგა პელევსის ერთგულ მირმიდონელთა ლაშქარს და თავის მეგობარ პატროკლოსთან ერთად მოემზადა დიად საქმეთა აღსასრულებლად.

აქილევსმა სახელი გაითქვა ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე. მან მრავალი ტროელი გმირი გამოასალმა სიცოცხლეს. ერთ-ერთი ბრძოლის მოგების შემდეგ მას ნადავლად ერგო მშვენიერი ქალწული ბრისეისი, რომლის გამოც უთანხმოება მოუვიდა აგამემნონთან. ბერძენთა ბელადის მიერ შეურაცხყოფილმა გმირმა უარი თქვა ბრძოლის გაგრძელებაზე. სწორედ აქილევსის ამ რისხვაზეა აგებული ჰომეროსის პოება “ილიადა” :

ბრძოლის დაწყებიდან მეათე წელია. აქილევსი აღარ გამოდის ბრძოლის ველზე. ტროელები ამარცხებენ ბერძნებს და ზღვისკენ დევნიან. მაშინ აქლივესი თავის აღსაჭურველს აძლევს პატროკლოსს და საბრძოლველად უშვებს. მართალია პატროკლოსი ტროელთა შემოტევას მოიგერიებს, მაგრამ დიადი ჰექტორის ხელით განგმირული კვდება.

156a044eef7d

მეგობრის სიკვდილით შეძრული აქილევსი შურისძიებისათვის ემზადება. იგი ურიგდება აგამემნონს.  თეტისის თხოვნით მისთვის ჰეფესტო ახალ აღსაჭურველს გამოჭედავს. საყოველთაოდ გახდება ცნობილი დიდებული ხელოვნებით ნაკეთი აქილევსის ფარი. ბრწყინვალე აღსაკაზმით მოსილი აქილევსი ბრძოლის ველზე გადის და ამარცხებს ტროელებს; კლავს ჰექტორ, მის გვამს ეტლს მიაბამს და თავის ბანაკში გამოათრევს; ამის შემდეგ აქილევსი ღირსეულად დაკრძალავს პატროკლოსს; შეხვდება ტროელთა ხანდაზმულ მეფე პრიამოსს, რომელიც ღმერთების ნებით შეაღწევს მის ბანაკში, რათა შვილის გვამი გამოითხოვოს. მეფე პრიამოსს ღირსეულად გაისტუმრებს აქილევსი. ჰექტორის დაკრაძალვით მთავრდება “ილიადა”.

0bf9968d960d

4470447ec6f2
აქილეონის მთავარი შესასვლელი კედლის პანორამული ფრესკა

გვიანი გადმოცემები მოგვითხრობენ აქილევსის ახალ გმირობებზე: მან დაამარცხა ამორძალთა დედოფალი პენტესილეა და ეთიოპთა მეფე მემნონი, რომლებიც ტროელთა მხარეს იბრძონენ. თავად კი დაიღუპა ტროას კედლებთან, პარისის მიერ ნასროლი ისრით აპოლონმა რომ მისი ქუსლისკენ წარმართა.  ეს ხომ მისი სუსტი ადგილი იყო (მითის სხვა ვერსიით პარისმა მაშინ განგმირა ისრით, როდესაც გმირი აპოლონის ტაძარში შევიდა, რათა ექორწინა პრიამოსის ასულ პოლიქსენეზე).

26637beeefc8

17 დღე დასტიროდნენ აქილევსს დედა თეტისი, ზღვის ღვთაებები და ბერძენთა მთელი ლაშქარი. მე-18 დღეს აქილევსის გვამი საზეიმოდ დაწვეს სამსხვერპლო კოცონზე. ფერფლი მოათავსეს ჰეფესტოს მიერ გამოჭედილ ოქროს ურნაში და პატროკლოსის ფერფლთან ერთად დაკრძალეს სიგეიონის კონცხთან.

ჰომეროსის თანახმად, აქილევსის სული დავანებული იყო ჰადესში, სადაც იგი მეფობდა გარდაცვლილებზე. სხვა გადმოცემით, თეტისმა სამსხვერპლო კოცონიდან ამოიტაცა მისი სული და დაასახლა კუნძულ ლევკესზე. იქ აქილევსი მკვდრეთით აღსდგა და იქორწინა იფიგენიაზე ( სხვა ვარიანტით, მედეაზე ან ელენეზე).

16dfcbf58b94
François-Léon Benouville

გმირი აქლიევსი პოეტთა, მხატვართა და მოქანდაკეთა საყვარელი პერსონაჟი იყო. ჰომეროსის გარდა მას უძღვნიდნენ თავის ქმნილებებს პინდაროსი, ევრიპიდე, ვირგილიუსი, ოვიდიუსი და სხვები. მისი სახე საინტერესო აღმოჩნდა მომდევნო ეპოქის ხელოვანთათვისაც. ამ მხრივ აღსანიშნავია კორნელის, ლაფონტენის, გოეთეს, კლეისტის და სხვათა ქმნილებები.  რუბენსის, პუსენის, ვან დეიკის, ტიეპოლოს და სხვათა ტილოები. ფართოდ არის ცნობილი ივანოვის სურათი სახელწოდებით ” პრიამოსი, რომელიც აქილევსს სთხოვს ჰექტორის გვამს”.

93463c8bb714
რუბენსი

d3d68b024350
ტიეპოლი

7bd5cfe1f936
ივანოვი

  • აქილევსის ფარი – “ილიადას” მეთორმეტე სიმღერაში აღწერილი ბრწყინვალე ფარი, რომლიც დიდებული ოსტატობით გამოჭედა ჰეფესტომ აქლევსისათვის. დიდმა ხელოვანმა ფარის შუაგულში წარმოსახა მთელი სამყარო: დედამიწა, ზეცა და ზღვაც; მოუღლელი მზეცა და ბადრი მთვარეც, ვერცხლისფრად მანათობელი; გადატანითი მნიშვნელობით აქილევსის ფარს უწოდებენ ხელოვნების შეუდარებელ ნიმუშს.
  • ad28e13577fa

  • აქილევსის ქუსლი – როდესაც აქილევსს დედა სტიქსის წყლებში ავლებდა, რათა უვნებელი გამხდარიყო, ახალშობილი ქუსლით ეკავა. სწორედ ქუსლს არ შეხებია სტიქსის სასწაულთმოქმედი წყალი. ეს იყო გმირის სუსტი ადგილი. გადატანითი მნიშვნელობით აქილევსის ქუსლს უწოდებენ სუსტ ადგილი, რომელიც საქმეს თუ პიროვნებას დაღუპვას უქადის.
  • მსგავსი ამბები

    Back to top button