არქივი

ტიტუს ფლავიუს ვესპასიანე

i32d7

ტიტუს ფლავიუს ვესპასიანე(უფროსი)(ლათ:Titus Flavius Vespasianus, ახ.წ 9 წ. 17 ნოემბერი – ახ.წ 79 წ.24 ივნისი)- ისტორიაში შევიდა, როგორც ვესპასიანე – რომის იმპერატორი ახ.წ 69 წლის 20 დეკემბრიდან, ფლავიუსების დინასტიის ფუძემდებელი. ახ.წ I საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საქმიანი და წარმატებული ლიდერი.

ლეგენდის მიხედვით სახელი ვესპასიანე იმის გამო მიიღო, რომ მის საყვარელ საქმიანობას წარმოადგენდა მეფუტკრეობა, მაგრამ სინამდვილეში ეს სახელი თავისი დედისგან, ვესპასია პოლისგან მიიღო. ვესაპასიანეს უფროსმა ძმამ, ტიტუს ფლავიუს საბინუსმა მემკვიდრეობით მამისგან მიიღო სახელი, ხოლო მომავალმა იმპერატორმა, რადგან ის უმცროსი ძე გახლდათ – დედისგან. ვესპასიანე დაიბადა იტალიაში, საბინთა მიწაზე ქალაქ რეატეს მახლობლად. წარმომავლობით იტალიელი იყო და რომის საშუალო ფენის წარმომადგენელი გახლდათ. მისი ბაბუა ტიტუს ფლავიუს პეტრონიუსი გნეუს პომპეუსის ჯარში ცენტურიონად მსახურობდა ძვ.წ I საუკუნეში. მამა – ტიტუს ფლავიუს საბინუსი(პირველი) – პროვინცია აზიაში გადასახადების ამკრები იყო.

დედის მხრიდან ვესპასიანეს ბიძა და ბაბუა ყოფილი პრეტორები იყვნენ. ვესპასიანემ სამსახური სამხედრო ტრიბუნის თანამდებობაზე დაიწყო თრაკიაში(ჩრდილო-აღმოსავლეთ საბერძნეთი), შემდეგ კვესტორისა და პრეტორის თანამდებობები ეჭირა პროვინცია კირენაიკაში(ჩრდილოეთ აფრიკა). კლავდიუსის იმპერატორობისას მსახურობდა ლეგატად გერმანიაში, ხოლო შემდეგ მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთში გამართულ ბრძოლებში, რისი წყალობითაც მიიღო კონსულის წოდება, ხოლო შემდეგ დაინიშნა აფრიკის პროვინციების მმართველად. ნერონის გაიმპერატორებას ვესპასიანე უარყოფითად შეხვდა და ახალი იმპერატორის მიმართ ცუდად განეწყო, ამას ისიც ამტკიცებს, რომ როდესაც ნერონი მღეროდა და მსახიობობდა, ვესპასიანე ბევრჯერ შეამჩნიეს როგორ ეძინა ტრიბუნაზე. როდესაც იუდეაში აჯანყება დაიწყო ვესპასიანე მაშინვე გაიწვიეს და ებრაელებთან საომრად გაგზავნეს. ნერონის სიკვდილის შემდეგ იმპერატორად გამოცხადდა სერვიუს სულპიციუს გალბა, რომლის დროსაც რომში სამოქალაქო ომი დაიწყო, გალბა მოკლულ იქნა ხოლო მისი ადგილი ჯერ მარკუს სალვიუს ოტონმა, ხოლო შემდეგ ავლუს ვიტელიუსმა დაიკავეს. 69 წლის 1 ივნისს ალექსანდრიაში ვესპასიანე იმპერატორად გამოაცხადეს მისმა ლეგიონებმა. მალე პანონიის, მეზიის, სირიისა და იუდეის ლეგიონებიც მის მხარეზე გადავიდნენ. ვესპასიანე სწრაფად დაიძრა იტალიაში ვიტელიუსის ჩამოსაგდებად. კრემონასთან ბრძოლაში ვესპასიანეს ლეგიონებმა გაიმარჯვეს, რის შემდეგაც რომი დაიკავეს და ვიტელიუსი მოკლეს. ვესპასიანემ ისრაელში იერუსალიმის საალყოდ თავისი ძე, ტიტუსი დატოვა, თვითონ კი რომში ჩავიდა. ვესპასიანეს სარდლებმა ცერიალისმა, ფრონტინიუსმა და აგრიკოლამ დაამარცხეს ბრიტანელი დედოფალი ბუდიკა და ჩაახშეს მისი აჯანყება.

ვესპასიანე მეტად ჭკვიანი და ანგარიშიანი კაცი იყო და ყველაფერში მომჭირნეობას იჩენდა.
მან ახალი გადასახადებით და ეკონომიკური პოლიტიკის დასტაბილურებით იმპერიის დაცარიელებული ხაზინა კვლავ შეავსო. მის დროს რომში ბევრი დიდი ნაგებობა აშენდა, მათ შორის დიდებული კოლიზეუმი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ ტიტუსმა დაასრულა.

ვესპასიანეს იმპერატორობისას რამდენიმე პროვინციის, მათ შორის ესპანეთის მცხოვრებლებს რომის მოქალაქეობა მიენიჭათ.
პირადად ვესპასიანე თავმდაბალი და იუმორის შესანიშნავი გრძნობით შემკული ადამიანი იყო და მასზე მრავალი ანეკდოტია შედგენილი, მაგალითად როდესაც მან რომში საზოგადო ტუალეტებს გადასახადები დაუწესა, თავისმა ძემ, ტიტუსმა უსაყვედურა, რაზეც მან მიუგო ფრაზით რომელიც ისტორიას დღემდე შემორჩა: “ფულს სუნი არ უდის!”.

ტიტუს ფლავიუს ვესპასიანე ახ.წ 79 წელს გარდაიცვალა და იმპერია თავის ძეებს, ტიტუსს და დომიციანეს დაუტოვა.

წყარო: ru.wikipedia.org, en.wikipedia.org, ლევან სანიკიძე “რომის იმპერია”.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button