საკითხავისასარგებლოუცნაური

შეცდომები, რომლებმაც გაამართლა…

08ceb5e3009c

უამრავი რამ, რამაც კაცობრიობის ცხოვრება სასიკეთოდ შეცვალა, შემთხვევის ან შეცდომის შედეგია. ამერიკელმა მკვლევარმა შარლოტა ჯონსმა გამოაქვეყნა წიგნი, სახელწოდებით “შეცდომები, რომლებმაც გაამართლა”, სადაც თავი მოუყარა უამრავ შემთხვევითობას, რომლებმაც მეტნაკლებად იქონია გავლენა მსოფლიოს განვითარებაზე.

კოკას ფოთლები და კოლას თხილი.

362940ef2175

1886 წელს ექიმი–ფარმაცევტი ჯონ პემბერტონი ცდილობდა, სამკურნალო მიქსტურა შეექმნა სამხრეთამერიკული ხის, კოკას ფოთლებისა და აფრიკული თხილის, კოლასაგან, რომელსაც ტონუსის ასამაღლებელი ეფექტი ჰქონდა. როდესაც მზა მიქსტურა გასინჯა, აღმოაჩინა, რომ ძალიან სასიამოვნო გემო ჰქონდა. ფარმაცევტმა ჩათვალა, რომ ასეთი ტკბილი და თან გემრიელი სიროფი დეპრესიულ პაციენტებს გაახალისებდა და კბილის ტკივილსაც დაუამებდა. ჯონმა თავისი ანტიდეპრესიული და ტკივილგამაყუჩებელი სიროფი ატლანტის ყველაზე მსხვილ აფთიაქში მიიტანა. ერთი პორცია სიროფი 5 ცენტად გაიყიდა. ამ სიროფისგან სასმელი კოკა კოლა სრულიად შემთხვევით, ერთი გულუბრყვილო შეცდომის წყალობით შეიქმნა. ფარმაცევტს შეეშალა და პაციენტისათვის განკუთვნილი სიროფი შემთხვევით გაზიან წყალში გახსნა. სამაგიეროდ, შედეგით ყველა აღფრთოვანდა.

ორცხობილა შოკოლადით.

99a6fa9ca58b

მთელ მსოფლიოში პოპულარული ორცხობილა შოკოლადით 1930 წელს შეიქმნა, როდესაც პატარა სასტუმროს დიასახლისმა, რუთ ვეიკფილდმა, გემრიელი ორცხობილის გამოცხობა გადაწყვიტა, შიგთავსისათვის შოკოლადის ფილა დაამტვრია და ნატეხები ცომში ჩადო იმ იმედით, რომ შოკოლადი გადნებოდა და ცომიც ყავისფერს მიიღებდა. საბედნიეროდ, დიასახლისს ფიზიკის კანონმა უმტყუნა და ღუმელიდან გამოიღო ორცხობილა, რომელსაც გულში ისევ შოკოლადის ნატეხები ჰქონდა

რეზინი.

59568a8aed99

1844 წელს გამომგონებელმა ჩარლზ გუდირმა შემთხვევით აღმოაჩინა რეზინის მიღების რეცეპტი, რომელიც სიცხეში და სიცივეში დეფორმაციას არ განიცდიდა. გუდირი მრავალი წელი ცდილობდა ხარისხიანი რეზინის მიღებას. ერთხელ შემთხვევით სამზარეულოში გაზქურაზე კაუჩუკისა და გოგირდის კრისტალები გაადნო. შედეგად რეზინი! ამ აღმოჩენამ სათავე დაუდო ელექტროობის განვითარებას, რადგან ასეთი რეზინა საუკეთესო საიზოლაციო მასალა აღმოჩნდა.

სუპერმარკეტის კალათები.

aeb1da067b93

1936 წელს ვაჭარმა სილვან გოლდმენმა პირველმა გამოიგონა ვაჭრობისათვის მოსახერხებელი გორგოლაჭებიანი კალათები. ოკლაჰომა სიტიში ის პატარა მაღაზიის მფლობელი გახლდათ. კლიენტებზე დაკვირვებით გოლდმენი მიხვდა, რომ ხშირად ბევრი მათგანი რაღაცის ყიდვისგან თავს მხოლოდ იმის გამო იკავებდა, რომ მძიმე იყო და ხელში დაჭერა უჭირდათ.
ერთხელ გოლდმენმა შეამჩნია, რომ კლიენტმა მძიმე ჩანთა სათამაშო მანქანაზე ჩამოდო, რომელსაც მისი შვილი თოკით მიათრევდა. სწორედ ამ დროს გაუჩნდა გორგოლაჭებიანი კალათის იდეა და მისი წარმოება 1947 წლიდან დაიწყო.

ნაგვის პარკები.

ddd2d3ca0904

1950 წელს ჰარი ვასილუკმა პირველმა გამოიგონა ნაგვისათვის ერთჯერადი ტომრები. ის გამომგონებელი იყო და ერთხელაც მასთან ქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი მივიდა დავალებით, შეექმნა ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა იმას, რომ საყოფაცხოვრებო ნაგვის მანქანაზე დატვირთვის დროს ნარჩენები ქუჩაში არ დაყრილიყო. გამოსავალი ადვილად მოიძებნა. როდესაც ჰარი ამ საკითხზე ფიქრობდა, მისმა ოჯახის წევრმა დაიყვირა, მე მჭირდება ჩანთა ნაგვისათვის. ჰარი მიხვდა, რომ ერთჯერადი ტომრები იდეალური გამოსავალი იქნებოდა.

მიკროტალღოვანი ღუმელი.

225e4d973b7c

ცნობილმა მკვლევარმა პერსი სპენსერმა 120 გამოგონებაზე მიიღო პატენტი. ის ძირითადად სამხედრო კუთხით მუშაობდა, თუმცა თანამედროვე მიკროტალღოვანი ღუმელის ავტორადაც ითვლება. 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე, პერსი გამოკვლევებს ატარებდა რადიოტალღების გადაცემათა ხარისხის გასაუმჯობესებლად. გამოცდის პერიოდში აღმოაჩინა, რომ ჯიბეში შოკოლადი გაუდნა. ექსპერიმენტების სერიის შემდეგ შეიქმნა მიკროტალღოვანი ღუმელი, რომელიც 400 კილოგრამს იწონიდა. მას იყენებდნენ რესტორნებში, თვითმფრინავებსა და გემებზე. ახლა კი ის თითქმის ყოველი მეორე ოჯახის სამზარეულოს ატრიბუტია.

წებოვანი ქაღალდები.

ცალ მხარეს წებოთი დაფარული მისაკრობი ქაღალდები უიღბლო ექსპერიმენტის შედეგია. 1968 წელს კვლევითი ლაბორატორიის თანამშრომელს, რომელიც წებოვანი ლენტის (“სკოჩი”) შექმნაზე მუშაობდა, წებო ბევრი მოუვიდა და ამ შეცდომის დასაფარად ლენტს ცარიელ ფურცლებს ადებდა, რათა ზედმეტი წებო შეეშრო, შემდეგ კი ამ ფურცლებს სამუშაო მაგიდასთან აკრავდა. ასეთი ქაღალდები გაყიდვაში 1980 წელს გამოვიდა.

a7dfae635d6a

წყარო: ჟურნალი “სარკე” , შარლოტა ჯონსი – “შეცდომები, რომლებმაც გაამართლა”.

მსგავსი ამბები

Back to top button