ახალი ამბებიგასართობი

ჯაზ ფესტივალის პირველი შთაბეჭდილება

27 ოქტომბერს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გაიმართა თბილისის მე-13 ჯაზზ ფესტივალის პირველი კონცერტი. გაიმართა ზედიზედ ორი წარმოდგენა. ფესტივალის გახსნა დაეკისრა mccoy tyner ის კვარტეტს საქსაფონისტ gary bartz-თან ერთად. შეგახსენებთ რომ mccoy tyner გახლავთ პიანისტი რომელმაც მოღვაწეობა დაიწყო გასული საუკუნის 60იან წლებში 17 წლის ასაკში და მალე გახდა ლეგენდარული ჯონ კოლტრეინის კვარტეტის წევრი. საკმაოდ ბევრი მსმენია ამ პიანისტზე და ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო მისი შესრულების ლაივში ყურება. მართალია მისი იმპროვიზაცია ვერ შეედრებოდა მის ახალგაზრდობაში დაკრულს,და ამას არც ველოდი, მეტიც მისმა შესრულებამ გადააჭარბა მოლოდინს, ორი აზრი არ არსებობს იმაში, რომ ეს იყო ერთ ერთი გამორჩეული შესრულება თბილისის ჯაზ ფესტივალის ისტორიაში. კვარტეტი აშკარად უდიდესი პატივისცემით იყო განმსჭვალული აუდიტორიის მიმართ. აუდიტორიის, რომლის უმრავლესობას წარმოდგენდა უფროსი თაობის ადამიანები და რომელსაც უამრავჯერ ექნებოდა მაკკოის ჯადოსნური შესრულება მოსმენილი ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ჩანაწერების ე.წ პლასტინკების შოვნაც კი დიდ სიძნელეს წარმოადგენდა.

მახსოვს სიბრალულის მსგავსი გრძნობაც კი გამიჩნდა, როცა, უკვე 70 წელს გადაცილებული მუსიკოსები ნელი ნაბიჯებით გამოვიდნენ სცენაზე, მაგრამ ეს სიბრალული მხოლოდ იქამდე გაგრძელდა, სანამ თავიანთ ინსტრუმენტებს მოკიდებდნენ ხელს, დაიწყეს თუ არა დაკვრა, მეგონა რომ მე-20 საუკუნეში დავბრუნდი და სცენაზე ისევ ის ახალგაზრდა ლეგენდები იდგნენ, რომლებსაც ჩემი მშობლები და მათზე უფროსი თაობა ეთაყვანებოდნენ და მათი მუსიკის ცოცხლად მოსმენაზე ვერც იოცნებებდნენ.

დასრულდა პირველი კონცერტი და შემსრულებლები, ენერგიისგან დაცლილები კულისებისკენ გაემართნენ, არ ისმოდა არც მქუხარე ტაში და არც ”ბის” დაუძახნია ვინმეს,თუმცა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ისმოდა აპლოდისმენტები,აინთო შუქი დარბაზში, მაყურებლებიც ისეთივე ძალაგამოცლილები ჩანდნენ როგორც მუსიკოსები, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რამხელა გავლენის მოხდენა შეუძლია მუსიკას ადამიანის განწყობაზე, ეს იყო ემოცია, რომელსაც ვერასდროს აღიდგენ, მაგრამ ვერც დაივიწყებ.

დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ დაიწყო მეორე კონცერტი. დარბაზში რომ შევედი სცენაზე უკვე კრისტიან სკოტის ხუთეული იდგა. საბედნიეროდ მქონდა საშუალება ორივე კონცერტის პირველი სიმღერა საკმაოდ ახლოდან მენახა და გადამეღო. მათ სახეებს დავაკვირდი და ყველა მათგანში მუსიკისგან შთაგონებული ადამიანის გამომეტყველება დავინახე. თითქოს რომელიმე ძლიერმოქმედი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, მათთვის სულ ერთი იყო ყველაფერი გარდა ემოციისა რომელიც მუსიკას მოქონდა და რომლის გადადებაც სურდათ მაყურებლებისთვის. და არც არის გასაკვირი ის რაც მაშინ დამემართა, თავი რომელიღაც როკ ჯგუფის კონცერტზე მეგონა, ეს არ იყო ჯაზი, რომელიც ბევრის აზრით მე-20 საუკუნეში მოკვდა და თავისი დრო მოჭამა, ეს იყო სრულიად ახლებური ხედვა ამ ჟანრის, ვინ იცის რამდენჯერ შეცვალეს და გადააწყვეს ინსტრუმენტები, ვინ იცის რამდენნაირ ხერხს მიმართეს იმისთვის რომ აუდიტორიის ემოცია არ განელებულიყო, ერთმანეთს მოსდევდა იმპროვიზაციები როიალი, დრამი, გიტარა, ისევ როიალი, საყვირი, ყოველი მათგანი საოცარი ნიჭის მქონე ვირტუოზი იყო. დასრულდა კონცერტი, თუმცა მაყურებლები ადგილიდან არ იძვროდნენ, ტაშისგან კინაღამ დაინგრა დარბაზი, დაახლოებით სამი წუთი ვიდექი და ვყვიროდი ”ბიის”. ცოტა ხანში ისინი კვლავ სცენაზე იდგნენ და ბოლო კომპოზიციას ასრულებდნენ. ეს კომპოზიციაც დასრულდა, მაყურებლები მაინც არ მიდიოდნენ გასასვლელებისკენ,არც მე, იმედი გვქონდა რომ კვლავ დაბრუნდებოდნენ, მაგრამ დარბაზში შუქი აინთო, ეს დასასრული იყო.

ამ კონცერტის გამოტოვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა. თუმცა ფესტივალი გრძელდება და ბევრი არანაკლებ საინტერესო შემსრულებელი ელის წლევანდელ ფესტივალს.

როგორც აღვნიშნე ბათუმის ჯაზ ფესტივალისგან განსხვავებით გუშინდელ კონცერტზე ჭარბობდა შედარებით უფროსი თაობის მსმენელები. ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა სტერეოტიპის არსებობაში, და ამაზე ბილეთის საგრძნობლად დაბალი ფასიც მეტყველებს, რომ არ შეიძლება წახვიდე კონცერტზე სადაც გამოდიან შენთვის უცნობი შემსრულებლები. ყველას მოგიწოდებთ გადაათვალიეროთ წლევანდელი პროგრამა და აუცილებლად იპოვით გამომსვლელს, რომელსაც სიამოვნებით მოუსმენთ რათქმა უნდა თუ ხარისხიანი მუსიკის მოყვარული ხართ.

ეს იყო ჩემი პირველი ჟურნალისტური დღე ფესტივალზე, იმედია ეს მუხტი ბოლომდე გაგვყვება.
გთავაზობთ ჩემს მიერ გადაღებულ ვიდეოებს.

ეს არი აუდიო ჩანაწერი კრისტიან სკოტის კონცერტიდან.ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი. ყველამ მოუსმინეთ!
გადმოიწერეთ

mccoy tyner ის ბენდი, პირველი სიმღერა.

კრისტიან სკოტის ბენდი, პირველი სიმღერა:

photo by leonsio

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close