გართობა

მჭერმეტყველი რუსთველი

173a9f186213

ძალიან მომეწონა პოსტი შოთა რუსთველის გამჭრიახობის შესახებ და გადავწყვიტე მეც მომენახა  ნაკლებად ცნობილი  ინფორმაციები ამ  ბუმბერაზ ადამიანზე. :)

თამარ მეფის დროს რაჭაში ცხოვრობდა კახაბერ ერისთავი. მას ჰყავდა ერთი ასული, მოსამსახურედ ედგა აზნაური პავლია გოცირიძე. მას და თავადის ქალს ერთმანეთი შეუყვარდათ. ეს დედამ ქალისგან გაიგო, მაგრამ ქმარს ვერ გაუმხილა და თამარ მეფეს მისწერა. თამარი მაშინდელი მწერლების თანხლებით ესტუმრა კახაბერს რაჭაში. სტუმრებს პავლია და კახაბერის ასული ემსახურებოდნენ. მეფემ უთხრა კახაბერს: ძალიან მომწონს შენი ქალიშვილისა და პავლია გოცირიძის სამსახური; ურიგო არ იქნება, ესენი შეუღლდნენო.

კახაბერს ეს სიტყვები ეწყინა. თამარმა კახაბერი დაამშვიდა, თავის მწერლებს უბრძანა, რომ აზრი გამოეთქვათ ადამიანის ღირსებასა და გვარიშვილობაზე. შავთელმა თქვა: “როგორც მზე აღმობრწყინდება და მისი სხივით სულდგმულობს ყოველი არსი, ისე გვარიშვილობით ფასდება კაცი. შეიძლება ვარდი ნეხვზეც ამოვიდეს, მაგრამ მას სუნი ნეხვისა ექნებაო”. შემდეგ თამარმა სხვებსაც მისცა სიტყვა, მათაც შავთელის აზრი გაიზიარეს. ბოლოს თამარმა შოთას მიმართა: ათინაში როგორ უყურებენ გვარიშვილობას და პირად ღირსებასო. შოთა ადგა და დინჯად მოახსენა:

“ფილოსოფოსნი შემოკრბენ, ამაზე ჰქონდათ ცილობა:
ბატონი ყმასა ასაქმებს და ჭკუას – გამოცდილობა.
ათასად გვარი დაფასდა, ათი ათასად – ზრდილობა;
თუ კაცი თვითონ არ ვარგა, რას არგებს გვარიშვილობა!”

თამარმა მოიხმო მდივანი და უბრძანა, დაეწერა: “მე, თამარ მეფე, მპყრობელი სრულიად საქართველოსა, ადარბადაგანისა, ტრაპიზონისა და სხვათა მრავალთა მხარეთა, ვბრძანებ: პავლია გოცირიძეს დღეს ჩემგან ეძლევა თავადიშვილობა.” შემდეგ თამარი კვლავ მიუბრუნდა კახაბერს და შეეკითხა: პავლია გოცირიძეს არც ახლა მისცემ ქალსაო? კახაბერმა მოახსენა: თუ თავადი პავლია ჩემს ქალს შეირთავს და ბედნიერს გამხდის, ეს ჩემთვის ღვთის წყალობა იქნებაო. მიათხოვეს კახაბერის ასული პავლიას და ტკბილად ცხოვრობდნენ.

პირველი პოსტია  :)  მადლობთ ყურადღებისთვის

წყარო : publish.dlf.ge

მსგავსი ამბები

Back to top button