არქივი

ედ გეინი

9f6ca9b7559f

თუ გაინტერესებთ, რით გაიცნო მსოფლიომ ეს ადამიანი და როგორ მოახდინა მან გავლენა მეოცე საუკუნის კულტურაზე, გააგრძელეთ პოსტის კითხვა.

საზოგადოდ, ამერიკა სერიული მკვლელების სამშობლოა, რადგან მათი უდიდესი ნაწილი სწორედ ამერიკელი იყო და სამშობლოშივე “მოღვაწეობდა”. თუმცა ნებისმიერ ამერიკელს რომ სთხოვოთ დაასახელოს სერიული მკვლელი, რომლის შესახებაც ყველაზე ხშირად სმენია, უეჭველად ედ გეინს დაგისახელებთ. მიუხედავად ამისა, ედ გეინი სერიული მკვლელი სულაც არ გახლდათ. მას მხოლოდ ორი მკვლელობა დაუმტკიცეს და კიდევ რამდენიმეში ითვლებოდა ეჭვმიტანილად. ეს პარადოქსი, ბუნებრივია, შემთხვევითი არ არის და სხვა მიზეზებიც აქვს. საქმე ისაა, რომ ედ გეინმა ამერიკას და მთელ მსოფლიოს თავი სხვა რამითაც დაამახსოვრა, გარდა მხოლოდ მკვლელობებისა. თავდაპირველად მისმა ცხოვრების დეტალებმა და დანაშაულებმა მსოფლიო შეძრა, მაგრამ მოგვიანებით მასზე დიდი კულტურული გავლენაც მოახდინა…

0b892eb8942a

ედ გეინი 1906 წლის 27 აგვისტოს აშშ-ს შტატ ვისკონსინის ქალაქ მედისონში დაიბადა. იგი მშობლებთან, ჯორჯ და აუგუსტინა გეინებთან და ძმასთან, ჰენრი გეინთან ერთად ცხოვრობდა. მოგვიანებით აუგუსტინა გეინმა ბოსტნეულის პატარა მაღაზია აამუშავა და ფერმაც დაისაკუთრა სოფელ პლეინფილდში. ოჯახიც ამ სოფელში გადავიდა საცხოვრებლად. დედამ ეს იმიტომაც გააკეთა, რომ მის შვილები გარე სამყაროს ზეგავლენისგან განერიდებინა და ედ გეინიც დიდ დროს უთმობდა რუტინულ სამუშაოს ფერმაში.

აუგუსტინა გეინი ცდილობდა, ზეგავლენა მოეხდინა შვილების ცნობიერებაზე. იგი გამუდმებით ცდილობდა დაერწმუნებინა ისინი მსოფლიოს გარყვნილებაში და ჩააგონებდა, რომ ყველა ქალი მის გარდა მეძავი იყო და სასმელსა და ქალებს ეშმაკის ინსტრუმენტებად ნათლავდა. იგი შვილებს ყოველდღიურად ბიბლიას უკითავდა.

დროთა განმავლობაში ედ გეინს ქალური ხასიათი და ქცევები ჩამოუყალიბდა, რის გამოც მას ხშირად მასხრად იგდებდნენ და აქილიკებდნენ. როცა კი ედი დააპირებდა ვინმესთან დამეგობრებას, დედა მას ყოველთვის ტუქსავდა. თუმცა, მიუხედავად გარკვეული სოციალური პრობლემებისა, ის სკოლაში კარგად სწავლობდა და კითხვისადმი დიდ მიდრეკილებას ამჟღავნებდა. გეინი ყოველთვის ცდილობდა დედისთვის ესიამოვნებინა, მაგრამ ამას იშვიათად ახერხებდა. დედა შვილებისადმი უიმედოდ იყო განწყობილი და ჩააგონებდა, რომ ისინიც ისეთივე წარუმატებელ ადამიანებად ჩამოყალიბდებოდნენ, როგორიც მისი აზრით ჯორჯ გეინი იყო. ორივემ, ჰენრიმაც და ედმაც გარე სამყაროსგან გარიყულად გაატარეს ახალგაზრდობა.

1940 წელს ჯორჯ გეინი გულის შეტევით გარდაიცვალა. მამის სიკვდილის შემდეგ ედ გენმა ძმასთან ერთად მუშად დაიწყო მუშაობა. გარდა ამისა, მას ბავშვებთან ურთიერთობა იტაცებდა და ხშირად ითავსებდა მეზობლების ბავშვების ძიძის ფუნქციასაც.

დროთა განმავლობაში ჰენრი გეინი ნელ-ნელა უარყოფდა დედის შეხედულებებს მსოფლიოზე და ძმასაც იმავე ურჩევდა. მას ძმის დედისადმი გადამეტებული სიყვარულიც აღელვებდა.

1944 წლის 16 მაისს გეინების ფერმაში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობაში ედიც და ჰენრიც ღებულობდნენ მონაწილეობას. ისინი სხვადასხვა ადგილებში ებრძოდნენ ხანძარს და როდესაც მისი ჩაქრობა მოხერხდა, ედმა აღმოაჩინა, რომ მისი ძმა გაუჩინარდა. ამის შესახებ მან ადგილობრივ პოლიციას აცნობა და ზუსტად იმ ადგილას მიიყვანა, სადაც ჰენრი გეინის გვამი იყო. ადგილს, სადაც ედ გეინის ძმის გვამი იპოვეს ცეცხლი არ მიჰკარებოდა და გარდა ამისა გვამს თავზე სისხლნაჟღენთები აღმოუჩინეს. მიუხედავად საეჭვო გარემოებებისა პოლიციამ სიკვდილის სხვა ყველა მიზეზი გამორიცხა, გარდა ხანძრისა, თუმცა დიდ ხანს არსებობდა ეჭვი, რომ ჰენრი გეინი საკუთარმა ძმამ, ედ გეინმა მოკლა.

ჰენრი გეინის სიკვდილს აუგუსტინა გეინის სიკვდილიც მოჰყვა. 1945 წლის 29 დეკემბერს იგი ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. ედ გეინმა იმ დღიდან თავისი ერთად ერთი საყვარელი ადამიანი დაკარგა და ცხოვრება მარტომ გააგრძელა. იგი კვლავ ფერმაში დარჩა და ისევ ძველი პროფესიით ირჩენდა თავს. მან საკუთარ სახლში ყველა ის ოთახი ამოფიცრა, რომელსაც დედამისი იყენებდა და ისინი ხელშეუხებელი დატოვა. თავად პატარა ოთახში ცხოვრობდა სამზარეულოს გვერდით.

1957 წლის 16 ნოემბერს პლეინფილდის ადგილობრივი მცხოვრები ბერნის უორდენი გაუჩინარდა. პოლიციას მიზეზი ჰქონდა ეჭვი ედ გეინზე მიეტანა, რადგან უორდენის შვილის ჩვენებით გეინი მათ სახლში წინა დღით იყო მისული და მისივე მტკიცებით გეინი უკანასკნელი იყო, ვინც დედამისმა ნახა. პოლიციამ გეინის სახლი გაჩხრიკა და უორდენის გვამი ფარდულში თოკებით პირქვე დაკიდული აღმოაჩინა, მას თავი მოხერხილი ჰქონდა.

861ab002dba4

პოლიციას ჩხრეკა არ შეუწყვეტია და სახლში შემდეგი ნივთები აღმოაჩინა:

ოთხი ცხვირი
ადამიანების მთლიანი ძვლები
ადამიანის კანისგან დამზადებული ცხრა ნიღაბი
ადამიანის თავის ქალისგან დამზადებული თასები
ათი ქალის თავი, რომლებსაც ზედა ნაწილი მოხერხილი ჰქონდა
რამდენიმე სკამი, რომლებსაც ადამიანის ტყავი ჰქონდა გადაფარებული
ბერნის უორდენის თავი ტომარაში
ცხრა საშო ფეხსაცმლის კარადაში
თავის ქალები საწოლის ბოძებზე
ადამიანის სხვადასხვა ორგანოები მაცივარში
რამდენიმე წყვილი ტუჩი

ყველა ამ ნივთს ფოტოები გადაუღეს და გაანადგურეს.

გეინმა აღიარა, რომ 1947 წლიდან 1952 წლამდე იგი დაახლოებით ორმოცჯერ ესტუმრა ადგილობრივ სასაფლაოს და ცხრა საფლავი ჰქონდა გაძარცული. იგი ახლად დამარხული შუა ხნის ქალების გვამებს იპარავდა, რომლებიც მისი აზრით, ფიზიკურად დედამისს ჰგავდნენ. პოლიციამ მართლაც აღმოაჩინა ცარიელი საფლავები, რამაც გეინის აღიარება დაადასტურა. გეინმა ასევე მერი ჰოგანის მკვლელობაც აღიარა, რომელიც 1954 წლიდან გაუჩინარდა. ჰოგანის თავი გეინის სახლში აღმოაჩინეს.

aea93617f381

გეინს დედის სიკვდილის შემდეგ გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, რომ ქალი გამხდარიყო და ამიტომ ქალის კოსტიუმის შექმნა გადაწყვიტა, რის გაკეთებასაც მოპარული გვამების ტყავით ცდილობდა. იგი უარს ამბობდა გვამებთან სექსზე და ეს იმით ახსნა, რომ მათ მეტისმეტად ცუდი სუნი ჰქონდათ.

08474b569ec5

1957 წლის 21 ნოემბერს სასამართლო პროცესზე ედ გეინი შეურაცხადად სცნეს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. 1968 წელს მისმა ექიმებმა ივარაუდეს, რომ გეინს ფსიქიკა შედარებით გაწონასწორებული ჰქონდა და დასაშვები იყო მისი სასამართლო პროცესზე დასწრება. პროცესი 14 ნოემბერს დაიწყო და ერთ კვირას გაგრძელდა. გეინი დამნაშავედ სცნეს, მაგრამ რადგან იგი მაინც შეურაცხადად რჩებოდა, დარჩენილი წლები ისევ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა.

ედ გეინი 1984 წლის 26 ივლისს გულის უკმარისობით გარდაიცვალა, რისი მიზეზიც სიმსივნე იყო. მის საფლავს პლეინფილდში წლების განმავლობაში აზიანებდნენ. სუვენირების მაძიებლები მისი საფლავის ქვის ნაწილებს იპარავდნენ. საფლავის ქვა 2001 წელს აღადგინეს და დღეს იგი ვისკონსინის ერთ-ერთი ქალაქის მუზეუმში ინახება.

იმის შესახებ, თუ რით გააცნო თავი ედ გეინმა მსოფლიოს, ინფორმაცია საკმარისია. რა თქმა უნდა, მისი ცხოვრების დეტალების, მისი დანაშაულების გახმაურების შემდეგ ედ გეინი ყველასთვის საზარელ ფსიქოპატად ასოცირდებოდა, მაგრამ მისმა ფენომენმა საფუძველი ჩაუყარა ისეთი ფილმების შექმნას, როგორებიცაა “ფსიქო”, “ტეხასური ჟლეტა ბენზოხერხით” და “კრავთა დუმილი”. სამივე ფილმი შედევრებადაა აღიარებული.

a3673993e1d6

მხატვრული ფილმი “ფსიქო” 1960 წელს გამოვიდა. მას ხშირად მოიხსენიებენ საშინელებათა ჟანრის საუკეთესო ფილმად. ამ ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ნორმან ბეიტსი (რომლის როლსაც ენტონი პერკინსი ასრულებს) ედ გეინის პიროვნების მიხედვითაა შექმნილი. ნორმან ბეიტსი მარტო ცხოვრობს და სახლთან ახლოს პატარა სასტუმრო აქვს (რომელიც, შესაძლოა, ალეგორიულად, ფერმასთანაა გაიგივებული). ნორმან ბეიტსის ფსიქოტიპს თუ განვიხილავთ, ბევრ საერთოს აღმოვაჩენთ ედ გეინთან.

9bc32a2295d3

გარდა იმისა, რომ ნორმან ბეიტსი მკვლელია, მისი და ედ გეინის ხასიათსა და ქცევებში სხვაც ბევრია საერთო. ნორმან ბეიტსი ედ გეინის მსგავსად გამოირჩევა საკუთარი დედისადმი ზედმეტად “ფამილარული” დამოკიდებულებით და მიუხედავად იმისა, რომ დედა გარდაცვლილი ჰყავს, მის გვამს სახლში ინახავს (ფილმის მიხედვით ნორმან ბეიტსის პიროვნებას გაორება აქვს, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ვერ აცნობიერებს, რომ დანაშაული მისი ჩადენილია. დედაც მან მოკლა, მაგრამ ვერ შეძლო ეს გაეცნობიერებინა და დედის გვამს, რომლისგანაც ჩონჩხიღაა დარჩენილი, როგორც ცოცხალს, ისე ექცევა). ბუნებრივია, არავინ იცის რამდენად ზუსტია ედ გეინისა და ნორმან ბეიტსის მსგავსება ამ მხრივ, მაგრამ ფაქტია, რომ ედ გეინს განსაკუთრებული გრძნობა გააჩნდა დედის მიმართ. კიდევ ერთი მსგავსება ნამდვილ ადამიანსა და გამოგონილ პერსონაჟს შორის ისაა, რომ ნორმან ბეიტსს, ისევე, როგორც ედ გეინს მიდრეკილება აქვს ქალი განასახიეროს. ის მკვლელობებს ქალად გადაცმული იდენს (ფილმის მიხედვით იგი საკუთარ დედას ასახიერებს). თუმცა ნორმან ბეიტსის შემთვევაში ამას,შესაძლოა,ცოტა განსხვავებული მოტივი ჰქონდეს.
მიუხედავად ბევრი მსგავსების და განსხავეებისა, ედ გეინი და ნორმან ბეიტსი გაიგივებულებია არიან. თუმცა, ისიც უდავოა, რომ ნორმან ბეიტსის პერსონაჟი ედ გეინის პიროვნებაზეა დაფუძნებული.

eba9c8fc0ab9

კიდევ ერთი ფილმი, რომელიც საშინელებათა ჟანრში კლასიკადაა მიჩნეული 1974 წელს გამოვიდა. “ტეხასური ჟლეტა ბენზოხერხით” შექმნილია არა იმდენად უშუალოდ ედ გეინის პიროვნების ფსიქოტიპზე დაყრდნობით, არამედ უფრო მის კრიმინალურ ბიოგრაფიაზე. ფილმის მთავარი პერსონაჟი, რომელსაც ტყავის სახე აქვს, უამრავ ადამიანს განსაკუთრებული სისასტიკით კლავს.

143470e6575d

მართალია, ედ გეინი არ იჩენდა მსგავს სისასტიკეს, როგორსაც “ტყავის სახე”, მაგრამ ისეთი ავადმყოფური მიდრეკილებით, როგორიცაა მკვდარი სხეულის დამახინჯება, ნადმვილად შეიძლება პარალელი გავავლოთ ნამდვილ და გამოგონილ ადამიანებს შორის. გარდა ამისა, ამ ფილმის მთავარი პერსონაჟის სახელი უდავოდ ედ გეინის რიგითი “გატაცებითაა” შთაგონებული (ედ გეინი ადამიანის კანისგან ნიღბებს აკეთებდა).

1742e6b22ac4

კიდევ ერთი კინო-შედევრი “კრავთა დუმილი”, რომელიც ფართო საზოგადოების წინაშე 1991 წელს წარსდგა, უზომოდ წარმატებული აღმოჩნდა. ფილმმა რამდენიმე ოსკარი დაიმსახურა, მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმის ნომინაციაზე. “კრავთა დუმილი” ფსიქოლოგიური თრილერის კლასიკადაა დასახელებული. მისი ერთ-ერთი პერსონაჟი, “ბუფალო ბილი” ედ გეინის ფენომენის გავლენითაა შექმნილი და შესაბამისად, მასაც აქვს საერთო ამერიკელ კრიმინალთან.

3ee79aa97628

“ბუფალო ბილი” სერიული მკვლელია, რომელიც ახალგაზრდა გოგონებს კლავს და გვამებს სასატიკად ამახინჯებს (მისი ეს საქციელიც, გარკვეულ წილად, ედ გეინის მაგილთზეა დაფუძნებული). ძირითადი მსგავსება, რომელიც “ბუფალო ბილსა” და ედ გეინს აერთიანებთ ეს არის სურვილი, რომ განასახიერონ ქალი. მათ სურთ, იყვნენ ქალები. “ბუფალო ბილი” ამ სურვილით სერიოზულადაა შეპყრობილი და გარკვეულ რიტუალებსაც ატარებს.

მსგავსი ამბები

Back to top button