გასართობისასარგებლოსაქართველო

ქართული ცეკვა

ქართული ცეკვა — ქართულ ფოლკლოლურ ცეკვათა ერთობლიობა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ ეროვნულ-საბალეტო ხელოვნებას.

ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური და უძველესი ლიტერატურული ძეგლებით დასტურდება, რომ ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიული წინამორბედი ყოფილა სამონადირეო ცეკვა, ნაყოფიერების ღმერთის – მთვარის(„შუშპა“) პატივსაცემად შესრულებული რიტუალური ფერხული. უძველესი ფერხულის რიტუალურ ხასიათს ატარებს თრილაეთის გათხრების დროს აღმოჩენილი ვერცხლის ფიალის გამოსახულება — ნიღბებიან მონადირეთა ფერხული, რომელიც ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სვანური ნადირობის ღვთაების — დალისადმი უნდა იყოს მიძღვნილი. სვანეთში დღემდეა შემორჩენილი: „სამონადირეო ფერხული“, „ლემჩილი“, „ბეთქილის ფერხული“ და სხვ. დროთა განმავლობაში პირველყო ,,ხორუმი“.

ბაგინეთის გათხრების დროს აღმოჩენილი ძვლის ფირფიტაზე გამოსახული მოცეკვავე ქალის ფიგურა (ძვ. წ. VI ს.) მიუთითებს, რომ ნაყოფიერების ღმერთის ტაძართან იმართებოდა ქალთა რიტუალური ცეკვებიც.

მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარებას მოჰყვა ახალი ადათ-წესების ჩამოყალიბება, რომლებიც აისახა მაგიური ხასიათის რიტუალურ ცეკვებში ,,მელია-ტელეფია’’, ,,ფერხულ-ოსხეპუე’’, ,,ორსართულიანი ფერხული’’, (,,ზემყრელო’’, აბარბარე’’, მირმიქელა’’ და სხვ.). აგრარული შინაარსის მასკარადი ,,ბერიკაობა’’, ,,მფერხაობის დღე’’ და სხვ. ბუნების მწარმოებელი ძალებისა და მათთან დაკავშირებული შრომით პროცესებს ეძღვნება.

მასობრივ (მამაკაცთა და ქალთა) ცეკვებთან ერთად ძველთაგანვე არსებობდა ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებული წყვილთა ცეკვები. წყვილთა ცეკვის ფორმის განვითარებისათვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნიდა სინთეზური თეატრალური სანახაობა ,,სახიობა’’, რომელიც წარმართობის დროის დიდი დღესასწაულების თანმხლები ელემენტი იყო. სახიობის მხატვრული განვითარების პროცესში ჩამოყალიბდა რომანტიკული შინაარსის განსაკუთრებული დიალოგური ფორმა, რომელიც სრულდებოდა სალექსო იმპროვიზაციით, ე. წ. ქალ-ვაჟიანით.

წმინდა საცეკვაო ელემენტების შერწყმამ ადათ-წესებისა და თამაშობების რიტუალებთან განაპირობა ისეთი ცეკვების შექმნა, როგორიცაა: „ქართული“, ”განდაგანა”, „ხორუმი“, „ფერხულ-ორსართულა“, „სამაია“, „ხანჯლური“, „მთიულური“, „მთიულური დავლური“, „ბაღდადური“ და სხვა. ეს ცეკვები თავისებური ,,აღმოჩენა’’ იყო ქართულ ქორეოგრაფიაში. დროთა განმავლობაში, შეიქმნა მრავალი საცეკვაო დასი, რომლებიც პოპულარიზაციას უწევდნენ ქართულ ქორეოგრაფიას არა მარტო საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. დიდად გაითქვეს სახელი საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლმა (მხატვრული ხელძღვანელები ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი),სიმღერის და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა (ხელმძღვანელი გ. ბაქრაძე, ქორეოგრაფი ბ. დარახველიძე), სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა ,,რუსთავმა’’ (მხატვრული ხელმძღვანელი რ. ჭოხონელიძე), სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა ,,ერისიონმა’’.

ქართული ჩვენს დრომდე მოღწეული რომანტიკული ხასიათის წყვილთა ცეკვებიდადნ უძველესია. ეს ცეკვა ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალად შეიძლება ჩაითვალოს, (ძველად იწოდებოდა ,,სადარბაზო’’, ,,სანადიმო’’, ,, საარშიყო’’, ,,დავლური’’, ,,ლეკური’’). ქართული ცეკვა – სადარბაზო, სატრფიალო, საარშიყო, ქალ-ვაჟთა უძველესი, რომანტიკული შინაარსის წყვილური ცეკვაა.თავდაპირველად სრულდებოდა გაცეკვებული დიალოგის სახით. ცეკვა ხუთ ნაწილიანია, ზოგჯერ სრულდება ოთხ ნაწილად. შესრულების აუცილებელი პირობაა – ქალთათვის – სამდაკვრით სვლაზე აგებული გედისებური სინარნარე, ვაჟთათვის – მრავალნაირი გასმები ტანის შეურყევლად.

მთიულური — ქართული ხალხური ცეკვების ჯგუფი, რომლებიც ერთნაირ ტექნოლოგიურ მასალაზე (მრავალფეროვანი ჩაკვრები, ცერილეთები, მუხლილეთები, ბრუნები, ხტომისებური მოძრაობები) არის აგებული. მთიულური ცეკვაც, ხევსურულის მსგავსად მთაში იღებს სათავეს და მისი შინაარსიც სატრფიალო მეტოქეობას ეფუძნება. თუმცაღა განსხვავება ისაა რომ მთიულურში, პაექრობა მოცეკვავეთა ორ ჯგუფს შორის მიმდინარეობს.

განდაგანა აჭარული წარმოშობის ცეკვაა. ასრულებს ძირითადად ქალ- ვაჟი, თუმცა არსებობს მისი ჯგუფური შესრულების ვარიანტიც. ამ ცეკვის ძირითადი ელემენტებია: ორი დაკვრით გვერდული გადაადგილება, ე.წ ” ჩაკვრის” ტიპის სპეციალური სახასიათო მოძრაობა და სხვა. გამოირჩევა ულამაზესი, მკვეთრი ფერის კოსტიუმებით. შედგება სამი- ნელი, ჩქარი და ისევ ნელი ნაწილისაგან.

დავლური განეკუთვნება ქართული ჯგუფური ცეკვების რიცხვს, სრულდება ნელი დავლით, ნარნარი მიხვრა-მოხვრით. ამ ცეკვის კომპოზიციური მონახაზი: მწკრივების შქმნა, დაშლა, წყვილად დაყოფა, წრეზე სვლა და ა.შ, ბევრი სხვა ქართული ცეკვისთვისაცაა დამახასიათებელი.

სამაია- ქალთა ცეკვის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა წარმართობის დროის ცეკვა ,,სამაიამ’’, რომელსაც სამი მოცეკვავე ასრულებს ), ეძღვნება ნაყოფიერების ღმერთს – მთვარეს. წარმართობის დროინდელი ქართულ სარიტუალო საფერხულო ცეკვას ასრულებდნენ ქალთა, ვაჟთა ან შერეული ჯგუფები ,,ძეობის’’ დღესასწაულზე. ტერმინი ,,სამაია’’ სულხან საბა ორბელიანის განმარტებით აღნიშნავს ,,როკვას, შუშპარს’’. დროთა განმავლობაში ,,სამაიამ’’ დაკარგა რიტუალურ-საკულტო მნიშვნელობა. შემსრულებელთა რაოდეობაც მთელ რიგ შემთხვევებში აჭარბებს წეს-ჩვეულებით დაკანონებულ რიცხვს – სამს. ამჟამად ჩვენში გავრცელებული ,,სამაია’’ სამეულის პრინციპზეა აგებული და თეატრალიზებული ფორმით სრულდება ქალთა ჯგუფების მიერ.
ხორუმი, საბრძოლო ხასიათის ეს ცეკვა, საწყისს აჭარის რეგიონიდან იღებს. თავდაპირველად მას მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი ასრულებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში შემსრულებელთა რაოდენობა გაიზარდა და ხორუმის თანამედროვე ვარიანტში, ოცდაათიდან ორმოცამდე მოცეკვავეს შეუძლია მონაწილეობის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ მოცეკვავეთა შემადგენლობა შეიცვალა, თავად ცეკვის სტილი პირვანდელი და უცვლელი დარჩა. ცეკვა იწყება რამოდენიმე მოცეკვავის სცენაზე შემოსვლით, ისინი განასახიერებენ მეომრებს, რომლებიც ბრძოლის წინ დიდი სიფრთხილით ზვერავენ საომარ ტერიტორიას. შემდგომ ამისა კი სცენაზე ლაშქრის დანარჩენ წევრებსაც უხმობენ. ეს ცეკვა მაყურებელს ერთდროულად გადმოსცემს: ძიების, ბრძოლისა და მტერზე გამარჯვების სიხარულით გამოწვეულ განცდას. ხორუმი ცეკვაში განსახიერებული სიმბოლოა, ქართველ მებრძოლთა ვაჟკაცობისა და დიდებულებისა.

მთაში დაბადებული ეს ცეკვა, თავის თავში აერთიანებს: ტრფობის, ვაჟკაცობისა და ქალისადმი პატივისცემის ელემენტებს. ცეკვა ხევსურული, წყვილის ტრფობით იწყება, რომელშიც მოულოდნელად მესამე მამკაცი, სავარუდოდ ქალის კიდევ ერთი თაყვანისმცემელი ერევა. ელვის უსწრაფესად, ქალ-ვაჟს შორის ტრფობის სცენაზე, მეტოქეთა შორის ხელჩართული ორთაბრძოლა ცვლის. მათი დაზავება კი, მხოლოდ დავის ობიექტი ქალბატონის მიერ, მოპაექრეთა შორის ჩაგდებული მანდილით ხერხდება. როგორც კი ქალი ტოვებს ბრძოლის ველს, მამაკაცებს შორის დუელი უფრო ენერგიული ტემპებით გრძელდება, საბოლოო ჯამში, ორთაბრძოლა ისევ და ისევ მანდილოსანთა ჩარევით, ამჯერად უკვე საბოლოოდ და მშვიდობიანად მთავრდება. ურთულესი მოძრაობები, რომლითაც ცეკვის დროს საბრძოლო მოქმედებების იმიტირება ხდება, საოცარი ოსტატობითა და სიზუსტით სრულდება.

ეს ორი ცეკვა ოსეთის რეგიონიდან იღებს სათავეს. მათ შორის ბევრი საერთოა, თუმცა ბევრია განსხვავებაც. მოძრაობები, კოსტიუმები (გრძელსახელოებიანი სამოსი, მაქსიმალურად მაღალი, წოწოლა თავსაბურავები) ორივე ცეკვაში ერთნაირია, თუმცა ხონგას მოცეკვავეთა შედარებით მცირე რაოდენობა ასრულებს, სიმდში კი მათი რიცხვი გაცილებით მეტია. ხონგას შესრულებაში განსაკუთრებით რთული და ამასთანავე სანახაობრივად ულამაზესი, მამაკაცის პარტიაა. სიმდი კი წყვილთა ნელ და ზუსტ მოძრაობებზეა აგებული. ამ ცეკვის მთავარი სილამაზე მოცეკვავეთა მწკრივების რიტმულ, ერთიან ტრიალსა და მათი შავ-თეთრი სამოსის მონაცვლეობა-კონტრასტს ეფუძნება.

კინტოური ქალაქური ტიპის ცეკვათა რიცხვს განეკუთვნება და თავისი არსით ძველი ქალაქის ცხოვრებას ასახავს, თავად ცეკვის სახელწოდება, ძველი თბილისის კოლორიტი წვრილი ვაჭრების, კინტოების სახელს უკავშირდება. მოცეკვავეთა სამოსიც კინტოებისთვის დამახასიათებელია, შავი ატლასიას შარვალ-ხალათი და ვერცხლის ქამარში გაჩრილი აბრეშუმის წითელი ხელსახოცი. კინტოები ამ ხელსახოცებში გამოაკრავდნენ ხოლმე მყიდველის მიერ არჩეულ საქონელს (ძირითადად ხილს ან ბოსტნეულს) ასაწონად. კინტოებისთვის დამახასიათებელი გამჭრიახობა, სიმკვირცხლე და კომუნიკაბელურობა კარგადაა ასახული ”კინტოურის” ქორეოგრაფიულ გადაწყვეტაში.

იმედია მოგეწონათ :)) ნუ ზოგადი ინფორმაციისთვის მაინც :))

Mzekari by Wooden Monkey

წყარო.http://ka.wikipedia.org

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close