არქივი

ჰომოსექსუალობის წარმომავლობა

4ffab76da205

რატომ ხდება ზოგი ადამიანი ჰომოსექსუალი? ეს მდგომარეობა სამუდამოა და ცნობიერება მას ვერ აკონტროლებს თუ ეს ცხოვრების გარკვეულ მომენტში ნებაყოფლობით და გააზრებულად გაკეთებული არჩევანია? ან იქნებ აღზრდის შედეგია ანუ ის როლური მოდელი, რომელიც ბავშვს სახლში ან სკოლაში თავს მოახვიეს?

ჰომოსექსუალობის ფენომენის პოლიტიკური, სამართლებრივი ან რელიგიური განმარტებისას, ყველა ზემოთ მოყვანილ ჰიპოთეზას მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვება. სამწუხაროდ, მთავარი პრობლემა ისაა, რომ არავინ იცის არა მხოლოდ ჰომოსექსუალობის მიზეზი, არამედ არც ის, თუ რატომაა ადამიანთა უმრავლესობა ჰეტეროსექსუალი. შესაძლოა, მკვლევარები აქამდე არასწორ კითხვებს სვამდნენ. ასეა თუ ისე, მოდით, ჰომოსექსუალობის წარმომავლობაზე არსებული ზოგიერთი შეხედულება განვიხილოთ.

ბიოლოგიური თეორიები

ბევრი ჰომოსექსუალი ამტკიცებს, რომ სექსუალურ ორიენტაციას ბიოლოგიური მექანიზმები განსაზღვრავენ, რომლებზეც ჰომოსექსუალები ვერ ზემოქმედებენ. ამ მტკიცების შესამოწმებლად სხვადასხვა სახის კვლევა ჩატარდა.

გენეტიკური ფაქტორები

1952 წელს კალმანმა (Kallman, 1952) გამოაქვეყნა მონაცემები, რომლებიც ჰომოსექსუალობის გენეტიკურ ბუნებას ადასტურებდნენ. მან მონო და ჰეტეროზიგოტურ ტყუპთა ჯგუფები შეისწავლა. ტყუპთაგან ერთ-ერთი ჰომოსექსუალი იყო. კალმანის მსჯელობათა არსი შემდეგ მოსაზრებამდე მიდიოდა: ტყუპები როგორც დაბადებამდე, ასევე დაბადების შემდეგ სრულიად ერთნაირ პირობებში იმყოფებიან. ამდენად, ჰომოსექსუალობის გენეტიკური ფაქტორის როლი იმაში ვლინდება, რომ მონოზიგოტურ ტყუპებში ორივე ტყუპის ჰომოსექსუალობის სიხშირე უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე ერთი ტყუპის ჰომოსექსუალობა ან მეორე ტყუპის ჰეტეროსექსუალობა. ხოლო ჰეტეროზიგოტულ ტყუპებში ამ შესაბამობის ხარისხი უფრო დაბალია, რადგან ეს ტყუპები გენეტიკურად განსხვავდებიან. კალმანის მონაცემებით, მამაკაცთა ჰომოსექსუალობის ნიშნით მონოზიგოტური ტყუპები 100%-იან შესაბამისობას აჩვენებენ. ჰეტეროზიგოტური ტყუპებისთვის კი ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალი იყო და 12% შეადგინა.

მომდევნო კვლევებმა (Zuger, 1976; Heston, Shields, 1968) კალმანის კვლევის შედეგები არ დაადასტურა; ამჟამად ჰომოსექსუალობის გენეტიკური თეორია არც ისე პოპულარულია.

ჰორმონალური ფაქტორები

ბევრ მეცნიერს გამოუთქვამს ჰიპოთეზა, რომ ჰომოსექსუალობის ჩამოყალიბებაში ჰორმონალური ფაქტორები მონაწილეობენ. არსებობს მონაცემთა რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც ამაზე ირიბად მიუთითებენ. პირველ რიგში, ცნობილია, რომ სხვადასხვაგვარი პრენატალური ჰორმონალური ზემოქმედება ცხოველთა გარკვეულ სახეობებში მამაკაცური ან ქალური ტიპის ჰომოსექსუალურ ქცევას იწვევს (Dorner, 1968; 1976; Money, Ehrhardt, 1972; Hutchison, 1978). მეორეც, ანდროგენიტალური სინდრომით (ანდროგენის პრენატალური სიჭარბე) დაავადებულ ქალთა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი ქალები უფრო მეტად არიან ლესბოსური ორიენტაციის განვითარებისკენ მიდრეკილნი (Ehrhardt, Evers, Money, 1968; Money, Schwartz, 1977).

ზრდასრულ ჰეტერო და ჰომოსექსუალების ორგანიზმში არსებული სასქესო ჰორმონების დონის შედარებისას აღმოჩნდა, რომ ჰომოსექსუალური ორიენტაციის მქონე მამაკაცებისთვის ტესტოსტერონის დაბალი შემცველობა ან ესტროგენის სიჭარბეა დამახასიათებელი. ერთ კვლევაში გამოვლინდა, რომ ლესბოსელთა ორგანიზმში ტესტოსტერონის დონე უფრო მაღალია, ვიდრე ჰეტეროსექსუალ ქალებში. სხვა მკვლევარებმა ამ შედეგების დაადასტურება ვერ მოახერხეს (Meyer-Bahlburg, 1977, 1979; Tourney, 1980).

ზემოხსენებულ ნაშრომებში ჰომოსექსუალობის ჰორმონალური ბუნების სასარგებლოდ მოყვანილი არგუმენტები მკვლევართა წრეში სერიოზული კრიტიკის საგანია და არსებული მონაცემების საფუძველზე, გარკვეულწილად, ბათილდება. მაგალითად, ზრდასრული ჰომოსექსუალის ორგანიზმში სასქესო ჰორმონების შეყვანა არანაირ გავლენას არ ახდენს მის სექსუალურ ორიენტაციაზე. მეორე მხრივ, ცხოველებზე ჩატარებული მოდელური ექსპერიმენტების შედეგების ადამიანებზე გავრცელება, შეუძლებელია. პრენატალურ პერიოდში ჰორმონების სიჭარბე-ნაკლებობასა და ჰომოსექსუალობას შორის კორელაციის შედარებით იშვიათი შემთხვევები, შესაძლებელია, უბრალოდ არტეფაქტი აღმოჩნდეს და სქესობრივ განვითარებასთან სერიოზული კავშირი არ ჰქონდეს. ხოლო ზრდასრულ ადამიანში სასქესო ჰორმონების სტატუსის შესახებ წინააღმდეგობრივი მოსაზრებები ბევრ კითხვას უპასუხოდ ტოვებს. ერთ-ერთი მთავარი კითხვაა: აქვს თუ არა ჰომოსექსუალობას ერთი მიზეზი? თუ ჰომოსექსუალობის ტიპი ბევრია ისევე, როგორც სექსუალურ ორიენტაციაზე მოქმედი ფაქტორები (Masters, Johnson, 1979).

აღსანიშნავია, რომ ისინიც კი, ვინც მთლიანად იზიარებენ ჰომოსექსუალობის ჰორმონალური წარმომავლობის კონცეფციას, მარტივ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს არ ცნობენ. ეს მკვლევარები პრენატალურ პერიოდში ჰორმონების დონის თავის ტვინის იმ მიმართულებით განვითარებაზე მსჯელობენ, რომელიც ზრდასრულ ასაკში ინდივიდის ამა თუ იმ ტიპის სექსუალური ქცევისადმი მიდრეკილებას განსაზღვრავს.

ფსიქოლოგიური თეორიები

ფროიდის კონცეფცია

ფროიდი ვარაუდობდა, რომ ჰომოსექსუალობა ყოველი ადამიანის ბისექსუალობისადმი თანდაყოლილი მიდრეკილების შედეგია. ჩვეულებრივ პირობებში, ბავშვის ფსიქოსექსუალური განვითარება ჰეტეროსექსუალური გზით მიდის, მაგრამ ზოგ შემთხვევაში, მაგალითად ოიდიპოსის კომპლექსის არასწორი დაძლევის შემთხვევაში, ნორმალური განვითარება შესაძლოა “მოუმწიფებელ” სტადიაზე შეჩერდეს. ეს კი საბოლოო ჯამში, ჰომოსექსუალობასთან მიგვიყვანს. გარდა ამისა, ფროიდის აზრით, ჰომოსექსუალობისკენ ფარული ლტოლვა ყოველ ადამიანს აქვს და გარკვეული გარემოების ფონზე (მაგალითად, მამაკაცებში კასტრაციის დაუძლეველი შიშის შემთხვევაში), ჰომოსექსუალური ქცევა შესაძლოა ზრდასრულ ასაკში გამოვლინდეს.

ჰომოსექსუალობის შესახებ ფროიდის შეხედულებათა მკაფიოდ გადმოცემა რთულია, რადგან ამ თემაზე იგი შედარებით ცოტას წერდა.

მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოანალიზმა გაამყარა წარმოდგენა ჰომოსექსუალობაზე, როგორც ფსიქოპათოლოგიის ერთ-ერთ ფორმაზე, ფროიდი ფრიად ლოიალურად იხსენიებდა ამ სექსუალურ ორიენტაციას წერილში, რომელიც ჰომოსექსუალი შვილის დედას მისწერა:

რა თქმა უნდა, ჰომოსექსუალობა არ არის ღირსება, მაგრამ ამაში სამარცხვინოც არაფერია. ეს არ არის მანკი, არც დეგრადაციის ნიშანი. მას არ შეიძლება ავადმყოფობა ეწოდოს; ჩვენ მას სქესობრივი განვითარების ერთგვარ ვარიანტად განვიხილავთ. წარსულისა და თანამედროვეობის ბევრი პატივცემული ადამიანი ჰომოსექსუალია, მათ შორის ბევრი – გამოჩენილი (პლატონი, მიქელანჯელო, ლეონარდო და ვინჩი და სხვები). ჰომოსექსუალთა დევნა არა თუ უსამართლობა, არამედ დანაშაულია და სისასტიკე. (Historical Notes, A Letter from Freud, 1951).

ფიქრობდა თუ არა ფროიდი სინამდვილეში იმას, რასაც წერდა, თუ ის უბრალოდ, უბედურებით გულმოკლული დედის დამშვიდებას ცდილობდა, გაურკვეველია, მაგრამ ეჭვგარეშეა ის ფაქტი, რომ ფროიდის ბევრ მიმდევარს ჰომოსექსუალობასთან მიმართებაში მკვეთრად უარყოფითი პოზიცია ეკავა. (იხ. მიმოხილვები Karlen, 1971; Green, 1972; Tripp, 1975).

ბიბერის მოდელი

ვინაიდან ფროიდმა გამოთქვა აზრი, რომ ჰომოსექსუალობა მშობლებსა და შვილებს შორის არასწორი ურთიერთობის შედეგი შეიძლებოდა ყოფილიყო, ი. ბიბერმა და მისმა კოლეგებმა (Bieber et al., 1962) თავიანთი პაციენტების ოჯახური ცხოვრება გამოიკვლიეს, რომელთაგან 106 – ჰომოსექსუალი, ხოლო 100 ჰეტეროსექსუალი იყო. აღმოჩნდა, რომ ბევრ ჰომოსექსუალს მეტისმეტად ავტორიტარული დედა და უნებისყოფო მამა ჰყავდა. ჰეტეროსექსუალთა მშობლებში ამგვარი თანაფარდობა იშვიათი იყო. ბიბერმა უარყო ფროიდის ფსიქიკური ბისექსუალობის კონცეფცია და გამოთქვა აზრი, რომ ჰომოსექსუალობას საპირირსპირო სქესთან ურთიერთობის შიში წარმოშობს.

მამაკაცთა ჰომოსექსუალობის ამ სავარაუდო “მიზეზის” შემდგომმა კვლევებმა წინააღმდეგობრივი შედეგები აჩვენეს.

ბენეს მონაცემებით (Веnе, 1965), ჰომოსექსუალ მამაკაცებს მამებთან ახლო ურთიერთობა გაცილებით ნაკლებად ჰქონდათ, ვიდრე ჰეტეროსექსუალ მამაკაცებს; ჰომოსექსუალები მამებს უფრო ხშირად გამოფიტულ, უიღბლო ადამიანებად მოიხსენიებდნენ. თუმცა, დედების გადამეტებულ ავტორიტარობას არ უჩიოდნენ.

განსხვავებული აზრი აქვს გრინბლატს (Greenblatt, 1966). მისი მონაცემებით, ჰომოსექსუალი მამაკაცების მამები კეთილი და მზრუნველი ადამიანები არიან, ხოლო დედები არც ზედმეტი მზრუნველობით გამოირჩევიან და არც ძალაუფლებისმოყვარეობით; ზიგელმანი (Siegelman, 1974) მიუთითებს, რომ ოჯახური ურთიერთობების თვალსაზრისით, ფსიქოლოგიურად კარგად ადაპტირებულ ჰეტეროსექსუალთა და ჰომოსექსუალთა ჯგუფებს შორის რაიმე არსებითი განსხვავება არ არსებობს.

ბიბერის შეხედულებები არც ბელის, ვაინბერგისა და ჰამერსმიტის კაპიტალურ კვლევებში დადასტურებულა.

ამ თემისადმი მიძღვნილ მიმოხილვაში მარმორი (Marmor, 1980) წერს:

ჰომოსექსუალები ისეთ ოჯახებშიც გხვდებიან, სადაც დედა თავდაჭერილი და ცივია, ხოლო მამები ძალიან ახლოს არიან ბავშვებთან; ისეთ ოჯახებშიც, სადაც უფროს ძმებთან ურთიერთობა “არაერთმნიშვნელოვანია”; იქაც, სადაც ბავშვი დედის ან მამის ნაკლებობას განიცდიდა და სადაც მამების იდეალიზება ხდებოდა, ხოლო დედას მოსამსახურის როლი ჰქონდა მინიჭებული. და მაინც, “მიუხედავად იმისა, რომ კეთილდღეობასმოკლებულ ოჯახებში აღზრდილ ბიჭებში მაღალია ჰომოსექსუალური ორიენტაციის განვითარების ალბათობა”, ეს ყველაზე არ ვრცელდება.

ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელებისას, ვოლფი (Wolff, 1971) მივიდა აზრამდე, რომ მის მიერ შესწავლილი 100 ლესბოსელის ოჯახიდან ყველაზე ტიპიური ისეთი დედაა, რომელიც შვილს უარყოფს ან გულგრილია მის მიმართ და მამა, რომელიც ან განზე დგას, ან მუდმივად შინ არაა. ვოლფი დარწმუნებული იყო, რომ ლესბოსელები ის გოგონები ხდებიან, რომლებსაც დედები საკმარის ყურადღებას არ უთმობენ, სიყვარულს არ ამჟღავნებენ და ამით აიძულებენ, რომ ყოველივე ეს სხვა ქალებთან ეძიონ. მამასთან სიახლოვის არარსებობა მათ საშუალებას ართმევს მამაკაცებთან ურთიერთობა ისწავლონ. ამ დაკვირვებებს უნდა დაემატოს ის, რომ ბევრი ჰომოსექსუალი საკმაოდ უზრუნველყოფილი ოჯახიდანაა Tripp, 1975; Gagnon, 1977; Masters, Johnson, 1979). ბევრი მშობელი შვილის ჰომოსექსუალობაში საკუთარ თავს ადანაშაულებს და ცდილობს უპასუხოს კითხვას “რა გავაკეთეთ არასწორად?”, თუმცა თანამედროვე მონაცემები არ გვაძლევენ უფლებას, ცალსახად ვამტკიცოთ, რომ ჰომოსექსუალობა ყოველთვის ან ჩვეულებრივ, არასწორი აღზრდის შედეგია.

ბიჰეივიორისტული თეორიები

სოციალურ-ფსიქოლოგიურ თეორიებში ხაზგასმულია, რომ ადამიანები ჰომოსექსუალობას შესწავლის შედეგად ირჩევენ (MgGuire, Carlisle, Young, 1965; Gagnon, Simon, 1973; Masters, Johnson, 1979). ამ თვალსაზრისით, სექსუალური ორიენტაციის პროცესი ადრეულ ასაკში გარკვეული სექსუალური ქცევის შედეგად პირობითი ფსიქოლოგიური რეფლექსების გამომუშავებასა და მათ დადებითად ან უარყოფითად განმტკიცებამდე დაიყვანება. ამგვარად, ადრეულ სექსუალურ გამოცდილებას შეუძლია ადამიანს ჰომოსექსუალური ქცევისკენ უბიძგოს, თუკი თავისივე სქესის წარმომადგენელთან მას სასიამოვნო, დაკმაყოფილების მომტანი კონტაქტი ჰქონდა ან პირიქით, საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან კონტაქტი არასასიამოვნო, იმედის გამაცრუებელი და საშიში იყო.

სექსუალურ ფანტაზიას ასევე პირობითი რეფლექსების გამომუშავებამდე მიყვანა შეუძლია. ჰომოსექსუალურ პარტნიორთან წარმატებული კონტაქტი, შესაძლოა, სექსუალური ფანტაზიის საფუძველი გახდეს მასტრუბაციის დროს, ხოლო თუ მასტურბაციის აქტი ორგაზმით დასრულდა, ასეთი ფანტაზია დადებით განმტკიცებად იქცევა. ადამიანის სექსუალურ ორიენტაციაზე შეიძლება სხვა ფაქტორებმაც იმოქმედონ. ბოლო დროს, სულ უფრო იქცევენ ყურადღებას ბავშვები, რომლებსაც თავისი სქესისთვის არატიპური ქცევა ახასიათებთ (განაზებული ბიჭები და ცელქი გოგონები); არსებობს აზრი, რომ ეს ბაშვები ხშირად ჰომოსექსუალებად იზრდებიან. (Green, 1974; 1987; Hockenberry, Billinham 1987; Zuger, 1984, 1989).

ბიჰეივიორისტული მიდგომა საშუალებას იძლევა აიხსნას თუ რატომ ირჩევს ზოგი ჰეტეროსექსუალი ჰომოსექსუალურ ორიენტაციას ზრდასრულ ასაკში. თუ ადამიანს არასასიამოვნო ჰეტეროსექსუალური და წარმატებულ ჰომოსექსუალური გამოცდილება აქვს, შესაძლოა ის ჰომოსექსუალობისკენ გადაიხაროს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ჰეტეროსექსუალი, რომელიც ჰომოსექსუალურ ორიენტაციაზე “გადაერთო”, მთლიანად არ შეესაბამება ზემოთ მოყვანილ აღწერილობას, ეს გზა ბევრ ჰომოსექსუალს გაუვლია (Masters, Johnson, 1979). ცნობილია, რომ ზოგიერთი ქალი გაუპატიურების შემდეგ ხდება ლესბოსელი (Grandlach, 1977).

სტორმზის თეორია

ჰომოსექსუალობის წარმოშობაზე კიდევ ერთი აზრი გამოთქვა ფსიქოლოგმა მ. სტორმზმა. მისი აზრით, არსებობს ერთგვარი კავშირი სქესობრივ მომწიფებასა და მომავალში საკუთარი სქესის წარმომადგენლებთან ეროტიკული აქტივობის არჩევას შორის. სტორმზი იმ აზრს ეყრდნობა, რომ ადრეული სქესობრივი მომწიფება 12-13 წლის ასაკში იწყება, როცა ჰომოსექსუალური ექსპერიმენტები ჩვეულებრივი რამაა, ხოლო ძლიერი განწყობა ჯერ კიდევ არ არის შეძენილი. მოზარდებს, რომლებმაც ადრე მიაღწიეს სქესობრივ მომწიფებას, გარკვეული უპირატესობა აქვთ თანატოლებთან მიმართებაში, რომლებიც შედარებით ნელა მწიფდებიან. გასაგებია, რომ უფრო ძლიერი სექსუალური ლტოლვა დაკმაყოფილების მომტანი ნებისმიერი სექსუალური გამოცდილების გავლენას ამძაფრებს, მაგრამ ამ ასაკში ჰომოსექსუალური კავშირი გაცილებით უფრო მისაწვდომია, ვიდრე ჰეტეროსექსუალური. ბიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებს შორის ურთიერთქმედება სავსებით შესაძლებელს (მაგრამ არა აბსოლუტურს) ხდის იმას, რომ ზრდასრულ ასაკში ადამიანი უპირატესობას სწორედ ჰომოსექსუალურ და არა ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებს მიანიჭებს (Storms, 1981). თუმცა, სექსუალურ სიმწიფეს მიღწეულ მოზარდთა ხანგრძლივი შესწავლის შედეგები სტორმზის თეორიას არ ადასტურებენ.

დასკვნითი შენიშვნები “მიზეზების” შესახებ

როგორც უკვე ითქვა, ჰომო ან ჰეტეროსექსუალობის მიზეზების შესახებ საერთო აზრი არ არსებობს. რამდენიმე ყველაზე ცნობილ ჰიპოთეზაზე მსჯელობისას, თითქმის ყოველთვის აღვნიშნავდით, რომ არსებული მონაცემები არ არის საკმარისი და შემდგომ შემოწმებას საჭიროებს. გამორიცხული არაა, რომ ადამიანთა გარკვეულ პროცენტში ჩამოთვლილი მიზეზებიდან რომელიმე მართლაც იყოს ამ გადახრის საფუძველი. ამასთანავე, სავსებით რეალურია, რომ რამდენიმე წელიწადში მოყვანილი ჰიპოთეზებიდან ბევრი სრულიად მცდარად გამოცხადდება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჰომოსექსუალობის წარმოქმნის მთავარ მიზეზად დაბადების შემდგომ მოვლენებს მივიჩნევთ, არ უარვყოფთ პრენატალური ფაქტორების გათვალისწინების შესაძლებლობას.

წყარო: minority.ge

:cool:

მსგავსი ამბები

Back to top button