არქივი

რა?სად?როდის?

15928e5c2a81

1.კოკო შანელი ამბობდა: “20 წლამდე თქვენ გაქვთ სახე, რომელიც თქვენ მოგცათ ღმერთმა; 30 წლის შემდეგ — რომელსაც თქვენ თვითონ შექმნით”. ხოლო რომელი სახე გაქვთ, შანელის აზრით, 50 წლის შემდეგ?

2.პაბლო პიკასო — 290, მარკ შაგალი — 220, სალვადორ დალი — 128, ალბრეჰტ დიურერი — 116. ამ სიაში ერთ-ერთი პირველი ადგილის დაკავება ნებისმიერი მხატვრისათვის დიდი პატივია, მაგრამ ამ სიაში ციფრებს ისინი სულაც არ ცვლიან. ვინ ცვლის ამ ციფრებს?

3.სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად ბევრი ამერიკელი თვლის, რომ ამ ქიმიურ ელემენტს სახელი ეწოდა დისნეის პოპულარული პერსონაჟის საპატივსაცემოდ. რა ელემენტია ეს?

4.საჰარაში ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე გამოკრულია პლაკატი წარწერით: “ჩაასხით ბენზინი მხოლოდ ჩვენთან, რადგან ყველა სხვა ახლომდებარე ბენზინგასამართი სადგური …” დაასრულეთ ფრაზა.

5.თბილისში, ერთ საკანცელარიო მაღაზიაში იყიდებოდა დიდი საშლელი (დაახლოებით 20×5 სმ) ორიგინალური წარწერით: “BIG eraser for BIG …” დაასრულეთ წარწერა.

6.სერ ისააკ ნიუტონის კემბრიჯის მათემატიკური ინსტიტუტის შენობა აგებულია იმის გათვალისწინებით, რომ მათემატიკოსებს ჰქონდეთ კოლეგებთან მუდმივად იდეების გაცვლის საშუალება, ინსტიტუტის შენობაში მოძრაობის დროსაც კი. ამ მიზნით, ინსტიტუტის უკლებლივ ყველა ოთახში, მათ შორის ტუალეტებშიც და ლიფტშიც კი არის… რა?

7.აშშ-ში 1965 წლის 9 ნოემბერს მომხდარი ეს ფაქტი მიზეზი გახდა 1966 წლის აგვისტოში შობადობის რიცხვის გაზრდისა. რა მოხდა 1965 წლის 9 ნოემბერს?

8.იტალიური ანდაზა: “არ გაეკიდო არც ქალს და არც ტრამვაის. აუცილებლად …” დაასრულეთ ანდაზა ორი სიტყვით.

9.სტატისტიკამ 1977 წელს ნიუ-იორკში ადამიანze კბენის 24 712 შემთხვევა დააფიქსირა. აქედან პირველ ადგილზე ძაღლი დგას (22 076 შემთხვევა), მეორეზე — კატა (1 152 შემთხვევა). დაასახელეთ ამ სიის მესამე წევრი, თუ მისი მაჩვენებელია 892 შემთხვევა.

10.ინგლისური ფრაზა ”Hitler woman” შეიძლება ითარგმნოს ქართულად, როგორც ”ქალი-ჰიტლერი”, რაც შეიძლება ნიშნავდეს ძალიან ავ და ბოროტ ქალს. ფრაზა ”Hitler woman” წარმოადგენს ერთი ინგლისური სიტყვის ანაგრამას. გადათარგმნეთ ქართულად ეს ინგლისური სიტყვა.

წყარო:gametv.ge da piradi arqividan

მსგავსი ამბები

Back to top button