დალუქული საიდუმლო მასალები
საჭირო დოკუმენტების დალუქვა გარკვეულ პერიოდამდე ბევრ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა. ხოლო როცა ასეთი დოკუმენტები საზოგადოებაში არსებულ საჭირბოროტო პრობლემას ეხება, მასზე დიდი მითქმა-მოთქმა ატყდება ხოლმე, ხშირად შეთქმულების თეორიასაც აბრალებენ. პოსტში შეგროვებულია 10 განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დოკუმენტი, მათგან 3 უკვე გაიხსნა, დანარჩენი კი თავის დროს უცდის. მსგავსი ტიპის დოკუმენტებს, როგორც წესი, აერთიანებთ ერთი რამ – ისინი ცვლიან საზოგადოებაში არსებულ წარმოდგენებს რაიმე მოვლენის შესახებ.
დოქტორ დევიდ კელის გვამის გაკვეთის ანალიზი
გახსნის თარიღი: 2080 წელი
დევიდ კელი გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა და ბიო-იარაღებზე ატარებდა კვლევებს. ის ასევე კურირებდა გაეროს შეიარაღებას ერაყში 2003 წელს. მალე მას ეჭვი გაუჩნდა, რომ ერაყელების წინააღმდეგ მზადდებოდა მასობრივი განადგურების იარაღი. ეს ეჭვი მან საიდუმლოდ გაანდო BBC-ს ჟურნალისტს, თუმცა ეს საიდუმლო მალე გასკდა და კელის ამ ჭორის დამტკიცება მოსთხოვეს. პროფესორმა განაცხადა, რომ ეს ხმები მისი გავრცელებული არ იყო და არანაირი ეჭვი არ გასჩენია.
რამდენიმე დღის შემდეგ, როგორც ძველ დროს, დევიდი ტყეში სასეირნოდ გავიდა, გზაში კი 29 ტაბლეტი ტკივილგამაყუჩებელი დალია და მარცხენა მაჯაზე სამართებელი (“ბრიტვა”) გადაისვა. სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად თვითმკვლელობა დასახელდა, თუმცა ექიმების დიდი ნაწილი ამტკიცებდა, რომ საქმე ასე მარტივად არ იყო და გვამის გამოკვლევა დაიწყეს. ამას დაემატა მისი მეგობრის ჩვენებაც, რომელიც ირწმუნებოდა, რომ გარდაცვალების დღეს ტყეში შეხვდა და საკმაოდ კარგ ხასიათზე იყო, ხუმრობდა კიდეც. საქმეს რამდენიმე წელი იძიებდნენ და 2010 წლის იანვარში ყველა დოკუმენტი, რომელიც ამ საქმეს ეხებოდა, დალუქეს 70 წლით.
შერლი არდელ მასონის ფაილები
გახსნის თარიღი: განუსაზღვრელია
შერლი არდელ მასონი ამერიკელი მსახიობი იყო (მასონი გვარია), რომელიც ახალგაზრდობაშივე გახდა ფსიქიატრიული კლინიკის სტუმარი. მისი ისტორია აღწერა ჟურნალისტმა ფლორა რეტა შრეიბერმა წიგნში “სიბილი”, რომელიც ბესტსელერად იქცა. გაყიდვაში გამოვიდა 1973 წელს, ხოლო 1976 წელს ფილმიც გადაიღეს.
1950-იან წლებში შერლი კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და ემოციური აშლილობა სჭირდა. აღსანიშნავია, რომ დედა შიზოიდი ჰყავდა. გოგონამ დასახმარებლად ფსიქიატრ კორნელა ვილბურს მიმართა. აღმოჩნდა, რომ მას პიროვნების იდენტურობის შეგრძნება ჰქონდა დაკარგული და მასში 16 პიროვნება ცხოვრობდა (ანუ პიროვნების გაორება როა, გაცილებით რთულ ვარიანტში :yes: ).
1998 წელს კრიმინალური სამართლის უნივერსიტეტის სტუდენტებმა რობერტ რიბერმა და ჯონ ჯეიმ განაცხადეს, რომ ფსიქიატრი მანიპულირებას ახდენდა გოგონაზე, რათა წიგნის საწერად მასალა ყოფილიყო და ფინანსურად ეხეირა. პროფესორმა ჰერბერტ შპიგელმა, რომელსაც შერლი მკურნალობის რამდენიმე სეზონის განმავლობაში ჰყავდა ნანახი, განაცხადა, რომ მას დისოციაციური დისბალანსი, საკუთარი თავის გაუცხოება სჭირდა და არა პიროვნების გამრავლება. შერლი არდელ მასონი 1998 წელს გარდაიცვალა მკერდის კიბოთი. როგორც ამბობენ, საეჭვოა, რომ შერლის თერაპიის ჩანაწერები ოდესმე იხილოს ფართო საზოგადოებამ.
მარკ ტვენის ავტობიოგრაფია
გახსნის თარიღი: 2010 წელი
მარკ ტვენის ერთ-ერთი სურვილი სიკვდილის წინ (21 აპრილი, 1910) იყო ის, რომ მისი ავტობიოგრაფია არ ენახათ მისი სიკვდილიდან 100 წლის განმავლობაში. მისი ნაწერები, რომლებიც 400 გვერდს შეადგენს, აღწერს მწერლის ურთიერთობას იზაბელ ვან კლიკ ლიონთან, რომელიც მისი მდივანი გახდა 1904 წელს, ცოლის გარდაცვალების შემდეგ. მარკ ტვენის თქმით, ისინი ისე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, რომ ერთხელ იზაბელმა დენზე მომუშავე ვიბრირებადი სექსუალური სათამაშო უყიდა. მალე კი აცდუნა, საყვარლები გახდნენ და მისი მამული მიისაკუთრა.
ნაწერებში მწერალი აღწერს თავის ეჭვებს ღმერთის არსებობასთან დაკავშირებით, ასევე აშშ-ს ქმედებებზე კუბასთან, ფილიპინებთან და პუერტო-რიკოსთან დაკავშირებით.
ავტობიოგრაფიის პირველი ტომს გაყიდვაში გამოუშვებს კალიფორნიის უნივერსიტეტი ნოემბერში. სულ სამი ტომი (ტრილოგია) იქნება.
საზოგადოებაში დიდხანს იყო მითქმა-მოთქმა, თუ რატომ ისურვა მარკ ტვენმა ნაწერების ამდენი ხნით დალუქვა. ერთნი ამბობენ, რომ მისი მოსაზრებები რელიგიასა და პოლიტიკაზე მაშინვე არ უნდა გაღჟერებულიყო, საზოგადოება უნდა ყოფილიყო მზად მისგან ასეთი აზრების მიღებისთვის. მეორენი ამბობენ, რომ მეგობრების წყენა არ სურდა. უფრო სავარაუდოა, რომ ორივე მიზეზია ერთად.
იდენტური ტყუპების შესწავლა
გახსნის თარიღი: 2066 წელი
მეოცე საუკუნის 60-იან და 70-იან წლებში ცნობილი ნიუ-იორკელი ფსიქოლოგი ვიოლა ბერნარდი კოლეგასთან, პროფესორ პიტერ ნეუბერთან ერთად სწავლობდა ბავშვების აღზრდის პრინციპებს. განსაკუთრებით საინტერესო ფენომენი ამ დუეტისთვის ტყუპები იყვნენ. ისინი იკვლევდნენ შემთხვევებს, როცა ტყუპებს აცალკევებდნენ და სხვადასხვა სახლებში გზავნიდნენ აღსაზრდელად, თანაც ბავშვებს არ ჰქონდათ ინფორმაცია იმაზე, რომ ტყუპისცალი ჰყავდათ. მათი აზრით, ასეთ შემთხვევაში უფრო ავლენდნენ თავიანთ შესაძლებლობებს ტყუპისცალები.
როცა ტყუპისცალები ოჯახებს მიჰყავდათ, მშობლებმა იცოდნენ, რომ ექსპერიმენტის მონაწილენი იყვნენ, ოღონდ კონკრეტული ინფორმაცია არ ჰქონდათ. 12 წლის განმავლობაში, თვეში ერთხელ, ოჯახები ცალ-ცალკე მიდიოდნენ ფსიქოლოგიის ცენტრში და ბავშვების IQ-ს ამოწმებდნენ. ექსპერიმენტი 1980 წელს დასრულდა და 1 წლის შემდეგ ტყუპების შეხვედრა მოითხოვეს. ინფორმაცია კვლევების შესახებ აიკინძა ერთ წიგნად, მაგრამ პროფესორმა ნიუბერმა გადაწყვიტა არ გამოექვეყნებინა, რადგან მისი აზრით, ხალხი უარყოფითად შეხვდებოდა იდეას. დოკუმენტები დაილუქა იელის უნივერსიტეტში და შეინახება 2066 წლამდე, როცა სავარაუდოდ, ექსპერიმენტის ყველა მონაწილე გარდაცვლილი იქნება.
საფრანგეთის საიდუმლო მასალები ამო-ებზე
გახსნის თარიღი: 2007 წელი
2007 წელს საფრანგეთის კოსმოსის შემსწავლელმა ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა მასალები, სადაც ამო-ების დაფიქსირების 1000-მდე შემთხვევაა აღწერილი 50 წლის განმავლობაში. მასალები დაიდო ინტერნეტშიც, მასში შედიოდა სურათები, თვითმხილველთა ჩვენებები, ასევე მთავრობის მიერ ჩატარებული კვლევები. გამოქვეყნებიდან 3 საათში საიტმა მუშაობა შეწყვიტა, რადგან ათეულობით მილიონი სტუმრის “შემოტევას” ვერ გაუძლო.
კვლევის ხელმძღვანელმა, ჟაკ პატენიტმა განაცხადა – “ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ეს უცხო ცივილილიზაციის არსებობის მტკიცებულებაა, მაგრამ არც გამოვრიცხავთ.” საფრანგეთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც მსგავსი მასალები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა. 2008 წელს მას დიდმა ბრიტანეთმა მიბაძა.
საფრანგეთის მასალები – დააჭირეთ აქ
დიდი ბრიტანეთის მასალები – დააჭირეთ აქ
ჯონ კენედის მკვლელობის ჩანაწერები
გახსნის თარიღი: 2017 წელი
1964 წელს უორენის კომისიამ ნაციონალური არქივის გამოუქვეყნებელი ნაწილი კენედის მკვლელობასთან დაკავშირებით დალუქა და გახსნის თარიღად 2039 წელი დაადეს (75 წლის შემდეგ). ამით სურდათ, დაეცვათ ის პირები, რომელთაც ახლო კავშირი ჰქონდათ საქმეში მონაწილე სუბიექტებთან.
1991 წელს გადაღებულმა ფილმმა JFK საზოგადოებაში ინტერესი გაზარდა საქმის მიმართ და არქივების გახსნა მოითხოვეს. 1992 წელს დაიწყეს დოკუმენტების გამომზეურება და 1998 წელს უკვე 98% ხელმისაწვდომი გახდა. დანარჩენი 2%, რომელშიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მასალები ინახება, აქტიდან 25 წლის შემდეგ, 2017 წელს გაიხსნება. ეს 2%-ც საკმაოდ დიდი მასალაა, მოიცავს ფოტოებს, აუდიო ჩანაწერებს, ინტერვიუებს მკვლელთან, თვითმხილველთა ჩვენებებს.
აღსანიშნავია, რომ ამერიკელებში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ოფიციალური ვერსიის უმრავლესობას არ სჯერა. მხოლოდ 32% აცხადებს, რომ ერთადერთი სნაიპერი იყო ლი ჰარვი ოსვალდი, 51%-ის აზრით, მას სხვაც (სხვებიც) ეხმარებოდა, 7% აცხადებს, რომ ოსვალდი საერთოდ უდანაშაულოა, ხოლო 10%-ს არ აქვს მკაფიო მოსაზრება ამ საკითხზე.
ჯონ კენედის მკვლელობის შესახებ საინტერესო ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ
მატა ჰარის სასამართლო პროცესი
გახსნის თარიღი: 1985 წელი
მატა ჰარი ცნობილი ჰოლანდიელი ეროტიული ცეკვების შემსრულებელი იყო, რომელმაც სახელი ორმაგი ჯაშუშობით (გერმანია-საფრანგეთი) გაითქვა. მისი რეალური სახელი იყო გერტრუდ მარგარეტ ზელე (Gertrud Margarete Zelle). პროფესიის გამო ბევრ ქვეყანაში მოუწია მოგზაურობა. I მსოფლიო ომის პერიოდში, საფრანგეთის მთავრობის დახმარებით ის ესპანეთში გადავიდა. აქ იღებდა ინფორმაციას გერმანულ ფლოტსა და არმიაზე და შემდეგ საფრანგეთს ატყობინებდა.
უცნობია , რატომ დაბრალდა მას ორმაგი ჯაშუშობა. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, 1917 წლის იანვარში გერმანიის არმიამ რადიოშეტყობინება გადაუგზავნა ბერლინს, სადაც აღწერდნენ გერმანიის აგენტ H-21-ის მოხერხებულ ქმედებებს. საფრანგეთმა გაშიფრა შეტყობინება და დაადგინა, რომ H-21 მატა ჰარის კოდური სახელი იყო. უცნაურია ის ფაქტი, რომ გერმანელებმა შეტყობინება იმ მეთოდით გადასცეს, რომელიც მანამდე ფრანგებმა რამდენჯერმე “გატეხეს” და ეს მათ კარგად მოეხსენებოდათ. ამიტომ ზოგიერთი ისტორიკოსი ფიქრობს, რომ ეს შეტყობინება ფიქცია იყო. მატა ჰარის დააბრალეს ასევე 50 000 ფრანგი ჯარისკაცის სიკვდილი.
1917 წლის 13 თებერვალს მატა ჰარი შეიპყრეს და ბრალი დასდეს გერმანიის ჯაშუშობაში. 15 ოქტომბერს, 41 წლის ასაკში მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს – ჯარისკაცებმა დაცხრილეს. მატა ჰარიმ უარი თქვა თვალების ასახვევ შავ ნაჭერზე, დახვრეტის წინ კი ჯალათებს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.
სამხილები და საბუთები, რომელიც მატა ჰარის ეხებოდა, ასევე სასამართლოს ჩანაწერები, საფრანგეთის მხარემ დალუქა 100 წლით. თუმცა 32 წლით ადრე, 1985 წელს ბიოგრაფმა რასელ ვორენმა მოითხოვა გახსნა და საფრაგეთის მხარემაც დააკმაყოფილა. ექსპერტები, რომლებმაც საბუთები შეისწავლეს, აცხადებენ, რომ მატა ჰარი ბრალდებებში უდანაშაულო იყო.
მარტინ ლუთერ კინგის ჩანაწერები
გახსნის თარიღი: 2027 წელი
იმის ეჭვით, რომ მარტინ ლუთერ კინგი საბჭოთა აგენტი იყო, FBI წლების განმავლობაში უთვალთვალებდა. ფედერალური ბიურო მას ამგვარად აღწერდა: “ყველაზე საშიში და ქმედითი ზანგი ლიდერი აშშ-ში”. სახელმწიფოსგან უფლების მიღების შემდეგ, დაიწყეს მისი ტელეფონის მოსმენა, სახლში და ოფისში მიკროფონები დაამონტაჟეს, მაგრამ მათი ვერსია აგენტობის შესახებ ვერ დამტკიცდა. თუმცა აღმოაჩინეს საინტერესო დეტალები მისი სექსუალური ცხოვრებიდან. ანონიმური პირის ავტორობით წერილიც გაუგზავნეს დასაშანტაჟებლად, მაგრამ უშედეგოდ. წერილი შეიცავდა მუქარებს: “შენ საშინელი, თაღლითი და ბოროტი ადამიანი ხარ. ამერიკის საზოგადოება მალე გაიგებს, ვინც ხარ. საზიზღარო მხეცო, ამაზე უარესს სატანაც კი არ გააკეთებდა.” ვარაუდობენ, რომ ამ წერილის მიზანი კინგის თვითმკვლელობამდე მიყვანა იყო.
1977 წლის 31 იანვარს მოსამართლე ჯონ ლუის სმიტმა გამოიტანა ვერდიქტი, FBI-ს ყველა აუდიოჩანაწერი კინგის საუბრებიდან დალუქულიყო 50 წლით. აუდიოჩანაწერები კეთდებოდა 5 წლის განმავლობაში – 1963-1968 წლებში.
ლაინერ ლანკასტრიას ჩაძირვა
გახსნის თარიღი: 2040 წელი
1940 წლის 17 ივნისს “ლანკასტრია” ბრიტანელი მოიერიშე ჯარისკაცებისა და ლტოლვილების ევაკუირებას ახდენდა, მათ შორის იყვნენ ფრანგი ქალები და ბავშვები. დილის 6:00 სთ-ზე კაპიტანმა რუდოლფ შარპმა მიიღო ბრანება, გემზე აეყვანა რაც შეიძლება მეტი მგზავრი და თუ საჭირო იქნებოდა, დაერღვია რაოდენობაზე დაწესებული საერთაშორისო შეზღუდვა. იმ დღეს გემზე დაახლოებით 6000-დან 9000-მდე მგზავრი იყო. შუადღეს, 3:48 სთ-ზე გერმანულმა ბომბდამშენმა 4 ჭურვი მოარტყა გემს, რამაც 20 წუთში ლანკასტრიას ჩაძირვა გამოიწვია.
შეტყობინებებისა და სხვა მასალების ნაკრები 100 წლით დაილუქა. ოფიციალურად იმ მიზეზით, რომ უსაფრთხოების ნორმები იყო დარღვეული და ეს რომ ხალხს გაეგო, მსხვერპლთა ნათესავები კომპენსაციას მოითხოვდნენ. დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ეს დღე შესულია როგორც ყველაზე მსხვერპლიანი დღე ბრიტანეთის არმიისთვის სომის შეტაკების შემდეგ .
“შემთხვევითი” ცეცხლის ინციდენტი
გახსნის თარიღი: 2045 წელი
მეორე მსოფლიო ომის ისტორიის ეს მონაკვეთი დღემდე ბურუსითაა მოცული და ინფორმაციის სიმწირის გამო მსჯელობა ძნელდება. 1945 წლის 3 მაისს, ჰიტლერის თვითმკვლელობიდან 4 დღის შემდეგ საკონცენტრაციო ბანაკის ათასობით ტყვე გემებზე აიყვანეს. ბრიტანულმა საჰაერო შეიარაღებამ ცეცხლი გახსნა, რადგან იფიქრეს, რომ გემებით ნაცისტი ოფიცრები გადაჰყავდათ გერმანიის მიერ კონტროლირებად ნორვეგიის ტერიტორიაზე. მათ სხვადასხვა მხრიდან შეუტიეს გემებს. Thielbek , რომელსაც 2800 ტყვე გადაჰყავდა, 20 წუთში ჩაიძირა. მას მალევე მიჰყვა უკან Cap Arcona 7000 ტყვით. ორი საათის განმავლობაში საკონცენტრაციო ბანაკის 7000 ტყვე დაიხრჩო.
ამბობენ, რომ ტყვეები გერმანელებს შუა ოკეანეში უნდა გაეყვანათ და შემდეგ აეფეთქებინათ, რადგან მასზე “ზედმეტი ბარგი” იყო. მეორე, უსიამოვნო ვერსიის მიხედვით, ბრიტანელებმა იცოდნენ, ვინ იყო გემზე და სწორედ ამით ხსნიან იმ ფაქტს, რომ მოვლენის ამსახველი ყველა დოკუმენტი 100 წლით დაილუქა მათ მიერ.