არქივი

ალექსანდრე ბაგატირევი. მულტფილმი – საშიში ზონა!

e94a9decad01
ბავშვი აგრესიის, შიშის, განცხადებული ანტიესთეტიზმის სიახლოვეს ყალბ და ძალიან საშიშ ინფორმაციას იღებს „სამყაროს მოწყობის“ შესახებ .
ბოლო ათწლეულში სოციალურ-პოლიტიკური სისტემის შეცვლასთან ერთად რუსეთში ერთი ცვლილება მოხდა, რასაც უფროსებმა სათანადო ყურადღება არ მიაქციეს. ძირეულად შეიცვალა ბავშვის სამყარო. თანამედროვე ბავშვების მშობლები, ბაბუები და ბებიები იმ დროს დაიბადნენ, როცა ბავშვთა სამყარო, არსებითად, ისეთივე იყო, როგორიც ასი, ორასი და ათასი წლის წინ. ბავშვები უყვარდათ ღარიბ ოჯახებშიც და მდიდარ ოჯახებშიც, მათ საუკეთესოს სთავაზობდნენ, კეთილშობილურ ზღაპრებს უყვებოდნენ, არიდებდნენ დიდების სამყაროს სირთულეებსა და პრობლემებს.
ეს სამყარო კი ბავშვებს საუცხოო, გამოუცნობი ეჩვენებოდათ. სურდათ, რაც შეიძლება მალე მოხვედრილიყვნენ იქ.
წარმოუდგენელი იყო, მულტფილმი არ ყოფილიყო კეთილი. საშიში პერსონაჟების ბოროტება, მაგ., თოვლის დედოფლისა და ბოროტი დედინაცვალ-ჯადოქრისა „მძინარე მზეთუნახავის“ ზღაპრიდან, არ აღემატებოდა პროგრამა “Слабое звено”-ს წამყვანის ბოროტებას. ბაბა-იაგა და უკვდავი კაშჩეი კი უგუნურები, სასაცილოები, უსუსურები და სრულიად უსაფრთხონი იყვნენ. ისინი აუციელბლად მარცხდებოდნენ სიმამაცესთან, გულადობასთან და ნამდვილ სიყვრულთან შეხვედრისას.
ყველაფერი ბავშვების სიყვარულითა და მზრუნველობით სუნთქავდა.
და უცებ, ერთ საათში, ბიძებმა და დეიდებმა, თავდაყირა დააყენეს და შებღალეს ეს ჯადოსნური სამყარო. მასში შეიჭრნენ ვამპირები, დემონები, ყველა სახის ბოროტმოქმედნი. საყვარელი არსებებიდან ცხოველები ურჩხულებად იქცნენ, ერთმანეთის ხოცვა და ჭამა დაიწყეს. ისინი ქუჩის ჰულიგნების უხეში ხმებით ალაპარაკდნენ, წყალწაღებული ვიგინდარების ჩვევები და მანერები შეითვისეს.
სხვადასხვა არხებზე ერთდროულად საათობით გაჰყვირიან საშინელი მონსტრები: „მოგკლავ!“
– არა, მე თვითონ მოგკლავ! – პასუხობენ ისეთივე მონსტრები, ოღონდ რომლებიც, ავტორთა ჩანაფიქრით, დადებით გმირებად უნდა აღიქმებოდნენ.
ფანჯრის მიღმა კი, ეზოში, მსგავსი შეძახილებით ერთმანეთს დასდევენ ბიჭუნები.
და ეს მუქარები ცარიელი არ აღმოჩნდა…
ყოველთვიურად იზრდება თანატოლების მიერ მოკლული ბავშვების რიცხვი, უმიზეზოდ მოკლული ბავშვებისა, მხოლოდ სეირისათვის. ასე გრძელდება, როგორც გასაოცარი სერიალი, როგორც შეუწყვეტელი კომპიუტერული თამაში, სადაც ყველა უნდა დახოცო რიგ-რიგობით. წადი და ესროლე. რაც მეტს მოკლავ, მით მეტი ქულა დაგეწერება. აი, უკვე სამ ბავშვს უსწრებ. გმირი ხარ! სხვებს ჯობიხარ. ახლა წადი და მეზობლის ბიჭებთან გაიმეორე ის, რასაც კომპიუტერში აკეთებდი…
ბევრ მშობელს კი აზრადაც არ მოსდის, რომ შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ვირტუალური და რეალური სამყაროები აბსოლუტურად ერთი და იგივეა… მათ უბრალოდ არ შეუძლიათ ერთმანეთისაგან განასხვავონ ტელევიზოში ნანახი და ეკრანს გარეთ არსებული. მაგრამ ეკრანზე ყველაფერი უფრო საინტერესო და დინამიურია, ვიდრე ცხოვრებაში. ბოროტების სამყარო საშიშია, მაგრამ მიმჯაჭველი. ბავშვები, რომელთაც სიკეთისა და ბოროტების გარჩევა არ უსწავლიათ, ეკრანული გმირების მიბაძვას იწყებენ.

ცხრა წლის გოგონას ეკითხებიან, რატომ ჩაარტყა მუცელში დანა გვერდით მჯდომს. ის კი მხრებს იჩეჩს და აბობს, რომ ფილმში უფრო საინტერესოდ აკეთებდნენ.
მეექვსე წელს კი ბიჭუნას ავტორბოლებიც კი აღარ აინტერესებდა. მხოლოდ ელექტრონულ კუბზე აჭერდა ხელს.
მამას ეშინია. არც მას, არც დედას არ ძალუძთ, მოსწყვიტონ იგი კომპიუტერს. ვინც დამიშლის, იმუქრება შვილი, მოვკლავ. და ამ დროს თვალები,ისეთი არაბავშვური აქვს…
შვიდი წლის ასაკის ბავშვებზე დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ თუ ბავშვი შვიდ წლამდე დღეში ერთ საათს კომპიუტერზე თამაშში ატარებს, ისვრის და კლავს, მის ქვეცნობიერებაში იბეჭდება დომინანტა, რისგან განთავისუფლებაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია. კომპიუტერული თამაშის მსგავს სიტუაციაში მოხვედრისას ასეთი ბავშვი აუცილებლად ჩაიდენს მკვლელობას.
თვითმკვლელობა ბავშვებში სრულიად ახალი მოვლენაა. ხუთი წლის წინ თავზარი დაგვცა მოზარდთა თვითმკვლელობამ. ახლა კი ცხოვრებას ტოვებენ ბავშვები. ამ მოვლენას ვერ ავხსნით ეკონომიკური ფაქტორით. ღარიბი მშობლების შვილები თავებს ყულფში არ ყოფენ. ქუჩის მოხეტიალეები სიცოცხლისთვის იბრძვიან და მალე გაზრდაზე ოცნებობენ, რომ ძლიერები გახდნენ. ბრძოლას ძალა სჭირდება.
ბიჭები ჩაციკლულნი არიან „სროლაზე“; მშობლებს კი, განსაკუთრებით, თუ ეს მათი პროფესიონალური საქმიანობაცაა, აზრადაც არ მოსდით, მოარიდონ შვილები საშიშ მიდრეკილებას.
ამ ბავშვებს არ შეუძლიათ ნორმალური ცხოვრება, სიყვარული, ოჯახის შექმნა, ქვეყნის დაცვა მტრებისაგან.
ისინი დაავადებულნი არიან. ტელე და კომპიუტერულმა მიჯაჭვულობამ მათში ცხოვრების ინტერესი ჩაკლა. ისინი სამუდამოდ „გადასახლდნენ კომპიუტერული, ვირტუალური სამყაროს სარკის მიღმა“.
უნდა შევიგნოთ, რომ ბავშვებმა არ შეიძლება უყურონ ძალადობას. არ შეიძლება ბავშვები საათობით უსხდნენ კომპიუტერს, ისროდნენ და ხარობდნენ, რომ მოკლეს ფიგურა ეკრანზე.
ეზოებსა და ტყეებში სათამაშო ავტომატებით სირბილი, „ომობანას“ თამაში და მკვლელობა ეკრანზე – ერთი და იგივე არაა. ცოცხალი თამაში განიფანტება. და მიშა, რომელსაც სერიოჟას „ტყვია“ მოხვდა, აგრძელებს სირბილს და მტკიცებას, რომ მას კი არა, თვითონ სერიოჟას მოხვდა მისი ტყვია. და მაშინაც კი, თუ სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ ერთმანეთის წაუთაქებენ, დიდი უბედურება არაა. ეს ცოცხალი ბიჭუნების თამაშია.
ამერიკის ციხეებში გამოკითხულ პატიმართა 63% ამტკიცებს, რომ კანონი სატელევიზიო პერსონაჟების მიბაძვით დაარღვიეს, ხოლო 22%-თვის ტელევიზორი ქურდობისა და ყაჩაღობის ტექნოლოგიის მასწავლებელი აღმოჩნდა…
ეკრანთან უაზრო ჯდომა, როცა ინფორმაციის 90% თვალებით აღიქმება, სხეული კი თითქმის უმოძრაო მდგომარეობაშია, იწვევს ჰიპოდინამიას, თითქმის ყველა ორგანოს დასნეულებას. პირველ რიგში, გულის, სისხლ-ძარღვთა სისტემის, ტვინის, თვალების. მონიტორების ეკრანის მკვეთრი გამოსხივებაც თავისას შვრება. მისი მავნე ზემოქმდება ყველას ეტყობა.
დააკვირდით ბავშვებს, რომლებიც დიდხანს უსხედან კომპიუტერებსა და ტელევიზორებს. როგორები არიან ისინი სპორტულ დარბაზებში ფიზკულტურის გაკვეთილებზე? მოდუნებულები, უხალისოები, დარღვეული აქვთ რეაქცია. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია ფეხბურთის ან კალათბურთის თამაშის დროს. ზოგიერთი, უბრალოდ, მთვარეულივით იქცევა.
და რა ხდება სკოლებში შესვენებებზე?! ზარი დარეკვას ვერ ასწრებს, რომ სკოლის მთელი სივრცე ივსება ყვირილით, წივილით, კივილით. დარბიან, ჯიკაობენ. და არა მარტო პატარები, უფროსკლასელებიც. ბევრ მასწავლებელს უკვე რეაქცია აღარ აქვს. „იყოს, განიმუხტონ… დაიღალდნენ ბავშვები…“
ძალიან მალე უმრავლესობა გახდებიან ადამიანები, რომელთაც არ შეეძლებათ სამყაროს მრავალფეროვნების აღქმა. და ისინი გარდაქმნიან სამყაროს, გადააკეთებენ მას საკუთარი აღქმის მიხედვით: ანუ აქცევენ პრიმიტიულად და სასტიკად. ყველაფერს, რაც ხელს უშლით, გაანადგურებენ… მაგრამ გაანადგურებენ არა იმას, რაც ადამიანის გადაგვარებას იწვევს, არამედ იმას, რაც ხელს უშლის გადაგვარებას.
და ეს ჩვენს თვალწინ ხდება. თუმცა არ გვსურს ან გვეშინია ვაღიაროთ, რომ ასეა.
ჩვენს ქვეყანაში კი ეს პროცესები გაცილებით სწრაფად და დამანგრევლად მიმდინარეობს, ვიდრე ევროპაში, რადგან ჩვენ არ გაგვაჩნია ევროპული იმუნიტეტი. ჩვენი კულტურული ტრადიცია პრინციპულად განსხვავებულია. ჩვენთან არ ყოფილა შუასაუკუნეების რომანი, რომლის ერთ-ერთი მთავარი წევრი დემონი იყო.
ევროპულ და რუსულ მსოფლმხედველობებს შორის განსხვავება კარგად ჩანს ეროვნულ დღესასწაულებში. მაგალითად, შევადაროთ ყველიერი და ჰოლოუინი. ყველიერი ბლინებით, კარუსელებით, სიმღერებით, სიცილითა და მხიარულებით მთავრდება ჩალის ფიტულის დაწვით, რომელიც ოდნავადაც არ წააგავს ხორცშესხმულ ბოროტ სულს… და ჰოლოუინი ვამპირებით, სისხლიანი ღარებით სახეებზე, შემზარავი ჯადოქრებით, მოელვარე თვალებიანი ჩონჩხებით, ნაწლავებგადმოყრილი მომაკვდავებითა და სხვა საშინელებებით…
შესაძლოა ევროპელ ბავშვებს ამ მონსტრების არ ეშინიათ, ან იქნებ ვინმეს ამხირეულებს კიდეც…
თუმცა მარტო ის აზრიც კი, რომ ასეთმა უმსგავსო სანახაობამ შეიძლება გაგამხიარულოს, უკვე საზარელია.
საშიშზე ბუნებრივი რეაქციაა – შიში, საზიზღარზე – ზიზღი.
მაგრამ ჩვენს სკოლებში რატომღაც სახალხო განათლების გამყოფილებები დაჟინებით უწევენ რეკომენდაციას ჰოლოუინის აღნიშვნას. და თანაც არაწმინდა სულის ზეიმს „ყოველთა წმინდანთა დღესასწაულს“ უწოდებენ.
ევროპულ ტრადიციაში გმირი საგმირო საქმეებს ბოროტების სამყაროში ჩადიოდა. იგი სიკეთის ერთადერთი წარმომადგენელი იყო და გარს ბოროტმოქმედთა მთელი ზღვა ეკრა.
ძველ მულტფილმებში სიკეთესთან ბოროტება ყოველთვის მარცხდებოდა. და ეს კანონი იყო, რომელიც ცხოვრებას აადვილებდა. ბავშვები ითვისებდნენ ამ კანონს. ისინი საგმირო და რომანტიკულ მაგალითებზე იზრდებოდნენ.
საბავშვო კინემატოგრაფია აღზრის, განათლებისა და, ამასთანავე, ფსიქოთერაპევტის ფუნქციასაც ასრულებდა. ის ხსნიდა სტრესს. ალერსისანი ინტონაციები ამშვიდებდნენ. ეს ნამდვილი საავადმყოფო იყო…
ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუ ვნახავთ, რას და როგორ ხატავენ თანამედროვე ბავშვები.
პედაგოგ-ფსიქოლოგი ბავშვებს სთავაზობს „ტელეგადაცემობანა“ ითამაშონ: ამისათვის მათ უნდა წარმოიდგინონ, რომ სუფთა ფურცელი ტელევიზორია და ის უნდა შეივსოს სხვადასხვა ნახატებით. ბავშვების 95% ეკრანს ავსებს მორტალური გამოსახულებებით – სიკვდილის გამოსახულებებით: ჩონჩხებით, გვამებით, სკალპებით, ძვლებით, არაპროპორციულ სხეულებიანი არსებებით. საღებავებიდან იყენებენ მხოლოდ შავ, წითელ ან ჭუჭყისფერ ყავისფერ ფერებს.
როდესაც ბავშვს სთხოვ დახატოს იგი არ დახატავს ტანკს ან რაიმე სისასტიკის გამომხატველ ნახატს.
პედაგოგი დიდხანს ცდილობს გაარკვიოს, რატომ დახატა ტანკი. ბავშვი კი პასუხობს, რომ სხვა არაფრის წარმოდგენა არ შეუძლია.
ათი წლის წინ ასეთსავე თხოვნაზე, დაეხატათ ტელევიზორი, ბავშვები, ძირითადად, ხატავდნენ მამას, დედას, ცხოველებს, პეიზაჟებს. ბევრი ბიჭუნა ხატავდა საბრძოლო სცენებს. მაგრამ ამისთვის ყველა ფერი გამოიყენებოდა. თან „ჩვენები“ ყოველთვის გამარჯვებულები იყვნენ. ბიჭები საკუთარ თავებს უძლეველ გმირებად გამოსახავდნენ, გოგონები კი თვალხატულა მზეთუნახავებად, რომელთა კაბებსაც ცისარტყელას ყველა ფერით აჭრელებდნენ.
ახლა ბავშვები საკუთარ თავებს გამოხატავენ ძალიან პატარა არსებებად, თანაც რუხ ფერებში. ეს მეტყველებს, რომ მათი არსება შიშს მოუცავს და არანაირად არ სურთ საკუთარი თავის გამოვლენა.
იაპონიაში მსგავსი ტესტები ორი წლიდან უტარდებათ. თუ ნახატების გამაში რომელიმე ფერი აკლია, ასეთ ბავშვებთან მუშაობას იწყებენ სპეციალისტები.
ჩვენთან ფსიქოლოგებს დახმარებისათვის ძალზე იშვიათად მიმართავენ. როგორც წესი, მშობლები მაშინ ხვდებიან, რომ შვილს უბედურება შეემთხვა, როცა უკვე ფსიქოლოგიც უძლურია, რამე უშველოს.
საბედნიეროდ, ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს ადამიანები, რომლებიც საბავშვო ბაღებსა და სკოლებში საკუთარი ინიციატივით ატარებენ ტესტირებებს. ისინი არ შემოიფარგლებიან მხოლოდ ფსიქიკური გადახრების დიაგნოზირებით, არამედ ცდილობენ, დახმარების ხელი გაუწოდონ უბედურებაში ჩაცვენილ ბავშვებს. ამისთვის გამოიყენება არტეთერაპიის მეთოდი.
ბავშვებს, რომელთაც ეს-ესაა მორტალური ენერგეტიკის მატარებელი სიმახინჯეები დახატეს, უჩვენებენ სლაიდებს ყვავილის, პეპლის, ყვავილზე მჯდარი ფუტკრის, მრავალფერად შეფერილი მუხლუხოს გამოსახულებებით… ისმის წყნარი, ლამაზი მუსიკა. ფსიქოლოგი აფიქსირებს ბავშვების რეაქციას. კოშმარების გამოსახვის შემდეგ ისინი მოდუნებულები არიან. ფაქტობრივად, ემოციური ეპილეფსიის მდგომარეობაში იმყოფებიან. გახშირებულია გულისცემა, შეფერხებულია სუნთქვა, გადატვირთულია ღვიძლი…
როდესაც ვირტუალურ სამყაროში დიდხანს ნამყოფი ბავშვი რეალურ სამყაროში ხვდება, აუცილებლად წარმოიშობა კონფლიქტი. ეს სამყარო არ შეესაბამება იმ მოდელს, რომელიც მის ქვეცნობიერებაში ჩაიბეჭდა. ასეთი სამყარო ან უნდა შეიცვალოს, ან უნდა განადგურდეს. თუ არც ერთი ხერხდება, არც – მეორე, მაშინ თავი უნდა მოიკლა. ასეთი ბავშვებისათვის წარმოქმნილი კონფლიქტის მოგვარების სხვა ვარიანტები არ არსებობს. არის სათადარიგო კარიც – ამ სამყაროდან გასვლა, მაგრამ არა სრულიად. ეს კი ნარკომანიაა. „კაიფი“ ხსნის დაძაბულობას, რასაც მოვალეობისა და არჩევანის არსებობა იწვევს.
მაგრამ საკმარისია შეიცვალოს ატმოსფერო, მოიხსნას შიშის ფაქტორი, იზოლირდეს მორტალური გამოსახულებებისაგან, შევიდეს მშვიდ, ლამაზ და კეთილ სამყაროში, რომ ბავშვი თვალსა და ხელს შუა იცვლება – მშვიდდება, წყნარდება, სუნთქვა თანაბარი უხდება.
ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ სხივურ და ბგერით ატმოსფეროში ცხოვრობს ბავშვი. შეაღეთ ოთახის კარი, სადაც ჩართულ ტელევიზორთან თქვენი ბიჭუნა ან გოგონა ზის ჩამქრალ შუქში. იასამნისფერი სხივები დაცოცავენ კედლებზე. ხმა კვეთრია, უხეში, მექანიკური.
რომ დავრწმუნდეთ, დავესწროთ გამოკვლევას ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტში. კარდიოგრაფი გულის კარდიოგრამას იღებს. ამ დროს პაციენტი უსმენს მუსიკას. კომპიუტერის ეკრანზე ვხედავთ, როგორ იცვლება გულის მუშაობა მელოდიის, ხმის შეცვლასთან ერთად. თუ დასარტყამი ინსტრუმენტები შემოდის, რომელთა დარტყმის სიხშირე ნახევარი წამიდან ნახევარ წუთამდე მერყეობს, დავინახავთ, რომ აკვიატებული რიტმი მომენტალურად იწვევს გულის მუშაობის დესტაბილიზებას, მაღლა სწევს წნევას. ენცეფალოგრამა აფიქსირებს დამთრგუნველ ან მკვეთრად აღმგზნებ მოქმედებას ტვინზე.

P.S. ჩემი აზრით ეს ყველაფერი სინამდვილეა და სრულიად შეესაბამება რეალობას.
ძალიან გთხოვთ გამოხატოთ თქვენი აზრი ამ სტატიასთან დაკავშირებით.

წყარო: www.shemoqmedi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button