საკითხავისასარგებლოსაქართველო

იოანე ზედაზნელის მამათა მონასტერი

6b811139e7b4

ზედაზენი ეს არის მთა საგურამოს ქედზე. სიმაღლე 1178 მ.  აგებულია მეოტურ-პონტური კონტინენტური კონგლომერატებით, ქვიშაქვებისა და თიხების შუაშრეებით. კალთები დამრეცია, მცირედ დანაწევრებული. შემოსილია ტყის ყომრალ ნიადაგებზე გავრცელებული რცხილა-წიფლისა და წიფლის ტყეებით.
ადრეულ ეპოქაში აქ აღმართული ყოფილა ზადენის კერპი, რომლის ადგილას VI საუკუნის 40-იან წლებში ასურელ მამას იოანეს ქართული მონასტერი დაუარსებია.

ზადენის კერპი იყო ქართულ მითოლოგიის ერთ-ერთი ღვთაება, რომელსაც თაყვანს სცემდნენ ქრისტიანობის გავრცელებამდე. ხელნაწერთა ტრადიციის მიხედვით ზადენის კულტი მეფე ფარნაჯომმა შემოიღო ძვ. წ. II ს-ის პირველ ნახევარში. ხელნაწერი ზადენის სახელს მცხეთის ახლოს ზადენის ციხის სახელწოდებასთან აკავშირებს. მეცნიერული ტრადიციის თანახმად, ზადენის სახელი კავშირშია ირანულ yazadan-თან (კეთილი სულების რანგი). ზადენს (არმაზთან ერთად) თაყვანს სცემდნენ, როგორც უხვი მოსავლის მომყვან ღმერთს და სამყაროს ერთმპყრობელს. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ზადენის კულტი გაუქმდა. “ზადენი” სოფლის სახელად გვხვდება სამხრეთ საქართველოშიც (მესხეთში).

ზედაზნის მონასტერი ასურელი მამა იოანე ზედაზნელის მიერ არის დაარსებული, – ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია, მცხეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, არაგვის მარცხენა ნაპირზე, საგურამოს ქედზე.(13 ასურელი მამასთან ერთად )

7ca5d4a28339

XIX საუკუნეში ზედაზნის მონასტერში მოღვაწე ერთ-ერთ ქართველ მწიგნობრის მიქაელ წინამძღვრის ინიციატივით დაიწერა იოანე ზედანელის ცხოვრების მეტაფრასული რედაქცია.

სამონასტრო ნაგებობათაგან დღეისათვის შემორჩენილია ნათლისმცემლის სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც ააშენა კათალიკოსმა VIII საუკუნის დასასრულს (ადრინდელი დარბაზული ეკლესიის ადგილას). გეგმით კვადრატული ბაზილიკის შუა ნავი ვიწრო და მაღალია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდა აქვს. შესასვლელი სამხრეთიდანაა (დასავლეთი შესასვლელი გვიანდელია). სამხრეთისა და ჩრდილოეთის ნავები მთავარ ნავს აგურის თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდება. ჩრდილოეთი ნავის აღმოსავლეთ ნაწილში მოქცეულია VI-VII საუკუნეების მიჯნაზე აგებული დარბაზული ეკლესია, რომლის გეგმით სწორკუთხა აფსიდა გადახურილია კონუსურ ტრომპებზე დაყრდნობილი ნალისებრი კონქრით. საკურთხეველი აქ ოთხი საფეხურითაა ამაღლებული. იოანე ზედაზნელის ქვის კუბო (იგი XVII საუკუნეში უნდა იყოს გაკეთებული), “პატიოსანი ლუსკუმა”, ერთი მესამედით საკურთხეველშია შეჭრილი

ჩრდილოეთ ნავის დასავლეთ ნაწილში წყლის აუზია. სამხრეთ ნავი ორი ნაწილისაგან შედგება, ეკლესიაში შესასვლელი მთავარი ნავიდანაა (ადრე კი დასავლეთიდან იყო). ძეგლი ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, ნაწილობრივ აგურით. გვხვდება შირიმის ქვაც. ფასადები მარტივად და სადად არის გადაწყვეტილი, სარკმლები განლაგებულია ასიმეტრულად. მთავარი ნავის სარკმელი მორთულია “განედლებული” ჯვრის რელიეფით.ფასადზე ჯვრის მარტივი გამოსახულებაა.

ეკლესიას სამხრეთით ეკვრის თლილი ქვით მოპირკეთებული, ცილინდრულ-კამარიანი კვადრატული კარიბჭე, რომლის ორფერდა სახურავზე აგურით ნაგები თაღებით ოთხმხრივ გახსნილი რვაწახნაგა სამრეკლო დგას, მის დასავლეთით გამოყოფილია მცირე სენაკი (ორივე XVIII საუკუნე). ზედაზნის მონასტერი რამდენჯერმე შეკეთდა. 1970-1971 ჩატარდა სარესტავრაციო და კეთილმოწყობის სამუშაოები.

d0593247451f

ed26d5cd527c

51f2980f7f26

მსგავსი ამბები

Back to top button