საკითხავისაქართველო

მარტყოფის სამონასტრო კომპლექსი

1e2cc6596e95
მარტყოფი – ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი სოფელია საქართველოში, დასახლებულია I-II საუკუნეებიდან, მდებარეობს თბილისის აღმოსავლეთით, 25 კმ-ზე. როგორც ზეპირი გადმოცემა და საისტორიო წყაროები გვამცნობენ, მარტყოფს ადრე (მეექვსე საუკუნემდე) აკრიანი, ანუ ქვიანი ადგილი ერქვა.

მარტყოფს აქვს მდიდარი ქრისტიანულ-მართმადიდებლური ისტორიამარტყოფის ღვთაების სავანე_ჩვენი სიამაყეა, სიწმიდისა და დიდების ადგილია, საიდანაც უშრეტად მოედინებოდა და დღესაც მოედინება ღვთის მადლი და ძალა.

მარტყოფის ღვთაების სავანე მრავალჯერ აკლებული არაბებისაგან, მონღოლებისაგან, სპარსელებისაგან, ოსმალებისაგან, ლეკებისაგან, კომუნისტებისაგან, მაგრამ მაინც აღდგენილი და გამშვენიერებული, სადაც V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა ეკლესია ააგო, ხოლო VI საუკუნეში დამკვიდრდა ერთ ერთი 13 ასურელი მამათაგან – წმ. ანტონ მარტყოფელი.
სტეფანე II რუსთაველი (ჯორჯაძე) არის უკანასკნელი ეპისკოპოსი რომლის ხელმძღვანელობით აშენდა სოფლის ცენტრში ტაძარი ეგვიპტის მართველის აბრამ შინჯიკაშვილის (იბრაჰიმ_ბეგის )გამოგზავნილი 200 ოქროთი. იგი დაკრძალულია ტაძრის ჩრდილო –აღმოსავლეთის კუთხეში. ამ ტაძარში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ სასულიერო პირები: ეგნატე მარტყოფელი,ქრისტესია ბეჟანიშვილი, პეტრე ეპიტაშვილი,ივანე ბერიტაშვილის მამა სოლომონ ბერიტაშვილი და სხვები.1991 წლიდან ამ ტაძარში მოღვაწეობდნენ:მამა ზაქარია(ზინზიბაძე), მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ძმები ანტონ და ზაზა ბეჟანიშვილები;

მარტყოფში მოქმედი ეკლესიებია:მთავარანგელოზის სამების, აპარანის, მამათა და დედათა მოინასტრები. XVI_XVII საუკუნეებში სოფელში აშენდა სამი ციხე-კოშკი:თუშმალიშვილების, შინჯიკაშვილების,ძამაშვილების.ისინი სამხედრო-თავდაცვით საშუალებად გამოიყენებოდა.ამ კოშკებიდან ხუროთმოძღვრული მნიშვნელობით, როგორც პარმენ ზაქარია ამბობს,გამოირჩევა თუშმალიშვილების ციხე,რომელიც, ახლა ნახევრად დანგრეულია
წმიდა მამა ანტონ მარტყოფელი
როდესაც წმიდა იოანე ზედაზნელმა თავისი მოწაფეები გაგზავნა საქადაგებლად, მამა ანტონი კახეთში წავიდა. აქ მან მოვლო მრავალი ადგილი და უქადაგებდა ხალხს. მამა ანტონს თან ჰქონდა გულზე დაკიდებული ერთი აგური, რომელზედაც გამოხატული იყო ხელთუქმნელი სახე იესო ქრისტესი. ამ ხატის ძალით ის მრავალ სასწაულს ახდენდა.

შემდეგ წმიდა ანტონი დაბინავდა ლონოატის ხეობაში და იქ იწყო მოღვაწეობა. საზოგადოდ მამა ანტონს ძლიერ უყვარდა მარტოდ ყოფნა და ღვთის ვედრება. ამიტომაც მას „მარტომყოფელი“, ანუ, მოკლედ, „მარტყოფელი“ უწოდეს. მაგრამ იგი ისე ბევრ ხალხს იხილავდა თავისი წმიდა ცხოვრებითა და სასწაულებით, რომ ხალხი არსად მოსვენებას არ აძლევდა. ზოგი მათგანი სრულებით არ შორდებოდა და მის მახლობლად დგებოდნენ. როცა ასეთ მსურველთა რიცხვმა ძალიან იმატა, მამა ანტონმა აღაშენა მათთვის მონასტერი ალაზნის გაღმით, თვითონ კი მოშორდა მათ, აირჩია ერთი მივარდნილი ადგილი იქ, სადაც ახლა ახმეტა არის და იწყო მოღვაწეობა.

მაგრამ აქაც მალე მიაგნეს მას და იწყეს მასთან სიარული. ამიტომ მან ამ ადგილსაც დაანება თავი და აკრიანის მთა აირჩია საცხოვრებლად, რომელიც დაბურული იყო ტყით. აქ მან მთის მწვერვალზე თვითონ გამოქვაბა კლდე და დაგა მასში. დღე და ღამე მხურვალედ ლოცულობდა თავისი სასწაულმოქმედი ხატის წინ. პირველად იგი საზრდოობდა მცენარეული საჭმელით, მაგრამ შემდეგ ღვთის განგებამ სხვა საზრდო განუჩინა: მასთან მოდიოდნენ, როგორც მამა დავითთან ირმები და თვისი რძით კვებავდნენ მას.
ერთხელ ამ სოფლის მამასახლისი, რომელსაც ნორიო ერქვა, თავისი მხლებლებით ნადირობდა. ანტონის ირმებმა ამ დღეს ძლიერ დააგვიანეს და ბოლოს მოირბინეს. ძალიერ შეშინებულნი იყვნენ და ერთიც დაჭრილი იყო. მამა ანტონი გაკვირდა, არ იცოდა თუ მახლობლას სოფელი იყო. ადგა, დაიკიდა გულზე თავისი ხატი და უკან გაჰყვა ირმებს, უნდოდა შეეტყო, რამ შეაშინა ისინი. წმიდა ანტონი ერთბაშად შეხვდა მამასახლისს. ეს უკანასკნელი ძლიერ გაკვირდა, როცა დაინახა მოხუცებული ბერი, რომელსაც გულზე ხატი ეკიდრეულ ირემთა შორის, როგორც შინაურ პირუტყვებთან. დაიწყეს ლაპარაკი, მაგრამ, რადგანაც მამა ანტონმა არ იცოდა ქართული ენა, მამასახლისი ვერას მიუხვდა. მას ანტონი საშიში კაცი ეგონა და ამიტომ ანიშნა, მარჯვენა ხელს მოგჭრიო, რომლითაც მამა ანტონი ანიშნებდა იმ მთას, სადაც ის ცხოვრობდა.

და მართლაც, მამასახლისმა უბრძანა მხლებლებს, წაეყვანათ ანტონი სამჭედლოში და იქ მოეჭრათ მისთვის ხელი. მჭედელმა გაახურა რკინა და უნდოდა შანთით მოეცილებია ხელი, მაგრამ ერთბაშად რკინაც გაუვარდა ხელიდან და თან ხელიც გაუშეშდა. მჭედელი შეშინდა და ენა ჩაუვარდა, აღარ იცოდა რა ექნა, მაგრამ წმიდა ანტონმა გადასახა ჯვარი და განკურნა. ამ სასწაულმა ყველა გააკვირვა. ყველაფერი იმ წამსვე მამასახილსს აცნობეს. მან მოიხმო წმიდა ანტონი და უთხრა: „მითხარი, რაც გსურს და აგისრულებო“. მამა ანტონა ანიშნა, მიეცათ მისთვის ქვის მარილის ნატეხი. მათ მაშინვე მოუტანეს. ანტონი დაბრუნდა თავის გამოქვაბულში. მალე მისი ირმებიც დაბრუნდნენ, რომელთაც მისცა მარილი.

წმიდა ანტონის სახელი მოეფინა მახლობელ სოფლებს და მასთან იწყო სიარული აუარებელმა ხალხმა. აქ კიდევ უფრო ბევრი რამ ნახეს საკვირველი. ბევრი გაიტაცა მისი ცხოვრების წესმა, ზოგიერთებმა მისი მიბაძვა მოინდომეს და იწყეს მის მახლობლად ცხოვრება მისი კურთხევით. როცა მათმა რიცხვმა ძლიერ იმატა, მამა ანტონმა საჭიროდ ჩათვალა მათთვის მონასტრის აეშენებინა. მონასტერი ააშენეს ტყიანი მთის მოედანზე, სადაც ახლა მამა ანტონის მონასტერია. თვითონ ანტონმა ააშენა თავისთვის მთის მწვერვალზე ექვსი საჟენი სვეტი ანუ კოშკი, იქ დაეყუდა და მოღვაწეობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში. მხოლოდ ხანდახან ჩამოდიოდა მონასტერში ძმათა სარადიგებლად და ღვთის მსახურების აღსასრულებლად.
ბოლოს, როცა იგრძნო სიკვდილის მოახლოება, მოუწოდა თავის მოწაფეებს, დარიგება მისცა მათ და აკურთხა. გარდაცვალების დროს მამა ანტონი დაჩოქილი იყო მაცხოვრის ხატის წინაშე და ლოცულობდა.
გარდაცვალების შემდეგ მამა ანტონის პატიოსანი გვამი ჩამოასვენეს სვეტიდან მონასტერში და დიდის მოწიწებით დაკრძალეს ღვთისმშობლის ხატის წინაშე ტაძარში.
წყარო: saunje.ge

მსგავსი ამბები

Back to top button