უცნაური

ადამიანი-ფარვანა

feda4872739f

ადამიანი-ფარვანა ის ფენომენია, რომელმაც მრავალ ადამიანს თავსატეხი გაუჩინა. დღემდე ვერ თანხმდებიან, რა მოვლენასთან აქვთ საქმე – ჭორებთან, მითებთან თუ შემზარავ რეალობასთან?

ადამიანი-ფარვანა მიეკუთვნება კრიპტიდებს, ანუ კრიპტოზოოლოგიის შესწავლის ობიექტებს. კრიპტოზოოლოგია არის მიმდინარეობა, რომელიც იკვლევს ლეგენდარულ, თანამედროვე ბიოლოგიის მიერ არარსებულად მიჩნეულ არსებებს. ეს განმარტება ასევე მოიცავს გადაშენებულ ცხოველებს, მაგალითად, დინოზავრებს. მაგრამ უფრო საინტერესო მხარე არის ის არსებები, რომლებიც მხოლოდ თვითმხილველთა მონათხრობს ეფუძნება. რამდენიმე მათგანი ყველამ იცით: ლოხ-ნესის ურჩხული, იეტი, ჩუპაკაბრა და ა.შ.

ადამიანი-ფარვანა რამდენჯერმე შეამჩნიეს აშშ-ში, ვირჯინიის შტატში 1966 წლის ნოემბრიდან 1967 წლის დეკემბრამდე. მოვლენის ასახსნელად რამდენიმე ვერსია შეითხზა: შეცდომითი აღქმა, პარანორმალური მოვლენა და შეთქმულების თეორია.

მას აღწერენ როგორ ადამიანის მსგავსი აგებულების მქონე არსებას დიდი, ელვარე წითელი თვალებითა და განიერი, ჩრჩილის მაგვარი ფრთებით. სიმაღლეში დაახლოებით 2 მ და 10 სმ. გამოსცემდა გულისგამგმირავ ხმას, რომელიც 1-2 კმ-ის რადიუსში ისმოდა. დაბალი ბეწვის შიგნით მონაცრისფრო, ღია ლურჯი ფერის კანი მოჩანდა. შესამჩნევი იყო მისი არაბუნებრივი ძალაც: რამდენჯერმე მსუბუქი მანქანა აწია და გადაისროლა.

***
***

1966 წლის 15 ნოემბერს ორი ახალგაზრდა წყვილი – როჯერ & ლინდა სკარბერები და სტივ & მერი მალიტები – მათ ნათესავთან ლონი ბატონთან ერთად ღამით მანქანით მიყვებოდნენ დასავლეთ ვირჯინიის გზებს. მალე ისინი მიუახლოვდნენ ერთ-ერთ მიტოვებულ ქარხანას, რომელიც II მსოფლიო ომის დროს ყუმბარებს, ჭურვებს და ასაფეთქებელ მოწყობილობებს აგებდა. ქარხნის შესასვლელთან სიბნელეში მათ ორი წითელი ნათება შენიშნეს. მანქანა გააჩერეს და გადავიდნენ იმის გასარკვევად, რა ხდებოდა. მათდა გასაოცრად, აღმოაჩინეს, რომ ეს ნათება რომელიმე დანადგარიდან კი არ მოდიოდა, არამედ დიდ მხეცს ეკუთვნოდა.

– ადამიანს ჩამოგავდა, მაგრამ გაცილებით დიდი იყო, 6,5 ან 7 ფუტი (2-2,15 მეტრი) სიმაღლის .. ზურგიდან კი უზარმაზარი, დაკეცილი ფრთის ფრაგმენტები მოჩანდა..

როჯერ სკარბერი

შეშინებულები მაშინვე მანქანაში ჩასხდნენ და 62-ე ტრასას გაუყვნენ, მეისონის ფედერალური ოლქის მიმართულებით. მაგრამ მხეცი გამოეკიდა საოცარი სისწრაფით – დაახლოებით 160 კმ/სთ-ში. მათ მოახერხეს თავის დაღწევა და მეისონში მათ ახლობელთან, შერიფ მილარდ ჰოლსტედთან მივიდნენ. მილარდმა მოგვიანებით ასეთი კომენტარი გააკეთა:

– მე მათ ბავშვობიდან ვიცნობ. ვიცი როდის იტყუებიან და როდის სიმართლეს ამბობენ. იმ ღამეს მართლა ძალიან შეშინებულნი იყვნენ და ეტყობოდათ, რომ დიდი განსაცდელი გამოიარეს.

ამის შემდეგ ის ქარხნისკენ გაეშურა, მაგრამ მოკვლევამ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა.

იმ ღამით სკარბერების სახლში პოლტერგეისტის აქტიურობის ნიშნები იყო, ხოლო მეზობლებმა ეზოში ადამიანი-ფარვანას მოჰკრეს თვალი.

მეორე დღეს, 16 ნოემბერს, რამდენიმე ადგილობრივი მოსახლე შეიარაღებული გაეშურა ქარხნისკენ. ქალები მანქანაში დატოვეს, კაცებმა კი ტერიტორიას მიაშურეს. ერთსაათიანი უშედეგო ძებნის შემდეგ გამობრუნდნენ და იმ ადგილას, სადაც ავტომობილები გააჩერეს, სწორედ ის დაინახეს, ვისაც ეძებდნენ – მაღალი, ნაცრისფერი, მოელვარე წითელი თვალებით. სანამ რამეს მოიფიქრებდნენ, მხეცმა რამდენიმე ნახტომი გააკეთა და ახლომდებარე შენობაში გაუჩინარდა.

24 ნოემბერს ოთხმა ადამიანმა დაინახა მფრინავი არსება ქარხნის ტერიტორიაზე.
25 ნოემბრის დილას ტომას იური მანქანით მიუყვებოდა 63-ე ტრასას, როცა მინდორში “ის” დაინახა. ჯერ იდგა, შემდეგ კი გაშალა ფრთები და გაფრინდა.
1967 წლის 11 იანვარს ადამიანი-ფარვანა ერთ-ერთ ხიდთან (Silver Bridge) მოფარფატე შენიშნეს. მსგავსი შემთხვევა რამდენჯერმე განმეორდა. წლის ბოლოს, 15 დეკემბერს, ხიდი ჩაინგრა და 42 ადამიანი იმსხვერპლა. ამის შემდეგ ადამიანი-ფარვანა იმ ქალაქში აღარავის უნახავს. მოსახლეობაში ამბობდნენ, რომ ადამიანი-ფარვანა ჩნდებოდა იმ ადგილას, სადაც მოსალოდნელი იყო კატასტროფა და თავისი გამოჩენით აფრთხილებდა მათ.

***
***

მართალია, საერთო დასკვნამდე ვერ მივიდნენ, მაგრამ რამდენიმე ვერსია მაინც წამოაყენეს ამ ფენომენის ახსნის მცდელობისას.

ერთ-ერთი ვერსია, რომელიც ცოტა არ იყოს სასაცილოდ ჟღერს, არის ის, რომ თვითმხილველებმა რეალურად იხილეს ჩრდილო ამერიკული რუხი წერო და რადგანაც ვერ იცნეს, მისტიურ არსებად ჩათვალეს. თუმცა გასამართლებელი მხარეებიც არსებობს: 60-იან წლებში ეს ფრინველები საკმაოდ აქტიურობდნენ მიმდებარე რეგიონებში. მათი გაშლილი ფრთების სიგრძეა 1,5-2 მეტრი. ხმაც საკმაოდ უცნაური აქვთ, სხვა ფრინველებს არ მიუგავთ.

მეორე ვარიანტად დასახელდა თოვლის (არქტიკული) ბუ. წითელი თვალების შემთხვევა კი ახსნეს, როგორც სინათლის არეკვლით გამოწვეული ეფექტი. თუმცა მინიმუმ ერთი რამ არ ესადაგება ამ ფრინველებს: თვითმხილველების აღწერაში ეს არსება გაცილებით მაღალი იყო – 2 მეტრამდე ვერცერთი მათგანი ვერ იზრდება.

ამერიკულ ტელეარხებზე მრავლად განიხილეს ეს შემთხვევა. რამდენიმე მოქალაქემ სხვადასხვა პერიოდში გადაღებული ფოტოებიც წარმოადგინა, რომელზედაც მათი თქმით, ხიდზე ჩამოკიდებული ადამიანი-ფარვანა იყო აღბეჭდილი.

70d67f1cf471

სკეპტიკოსებმა რა თქმა უნდა, სანდოდ არ მიიჩნეს. ძველ ფოტოებზე განაცხადეს, რომ ეს შეიძლება სულაც რაიმე ბარგი, ან ნაგვის გროვა ყოფილიყო, ხოლო შედარებით ახალ ფოტოებს გაყალბება დააბრალეს.

***
***

1975 წელს ამერიკელმა ჟურნალისტმა და პარანორმალური მოვლენების მკვლევარმა ჯონ კილმა გამოუშვა წიგნი “სტუმრები კოსმოსიდან:ადამიანი-ფარვანას რეალური ისტორიები”, რომელშიც მან აკინძა მთლიანი მასალა ამ არსებაზე, თვითმხილველების მონათხრობი და დაურთო საკუთარი თეორიები. წიგნის ყდაზე გამოსახული ადამიანი-ფარვანა კი პოსტის დასაწყისში შეგიძლიათ იხილოთ.

2002 წელს ამ წიგნის მიხედვით გადაიღეს ფილმი “The Mothman Prophecies”, რომელშიც მთავარ როლს რიჩარდ გირი თამაშობს.

ყოველი სექტემბრის მესამე უიკენდზე ვირჯინიის შტატში აღინიშნება ადამიანი-ფარვანას დღესასწაული. იმ ადგილას კი, სადაც პირველად შენიშნეს, მის პატივსაცემად 3,7 მეტრი სიმაღლის ქანდაკება დადგეს.

478c6dcffa36

მსგავსი ამბები

Back to top button