უცნაური

პატიმრის შვილის წერილი!

7be2b45dd4f1

მე პატიმრის შვილი ვარ. ამაში საამაყო არაფერია და არც ვამაყობ. ეს ყველაფერი ერთი დიდი გაუგებრობისა და არაკაცობის შედეგია.

არ ვაპირებ დაგარწმუნოთ იმაში, რომ მამაჩემი უდანაშაულოა. არც იმას ვაპირებ ამ წერილით მკითხველს თავი შევაცოდო. ამ წერილით მე სოლიდარობას ვუცხადებ იმ ხალხს ვინც ჩემს მდგომარეობაშია.

უკვე ერთი წელია რაც ეს სიტუაციაა.. ზუსტად ერთი წლის თავზე კი ეს “სიტუაცია” დასრულდება. რამდენიმე დღეში მე მამაჩემს ვნახავ.

17 წლის მანძილზე პირველად გავატარე მამას გარეშე დაბადების დღე, ახალი წელი, შობა, ძველით ახალი წელი აღდგომა და სკოლის ბოლო დღე. დაბადების დღის წვეულების (პანაშვიდზე გაშლილ სუფრას უფრო გავდა) ბოლოს არავის უთქვამს “მა, ხო კარგად გაერთე?”, ახალ წელს არავის უთქვამს “მა. საჩუქარი ხო მოგეწონა?”. შობას არავის დაუკლავს ცხვარი და არ მომისმენია ისედაც 16-ჯერ მოსმენილი ფიცი, რომ აღარ დალევს და აღარ მოწევს.

სკოლის ბოლო დღეს დიდად არ მინერვიულია.. მამას ხათრით ყელში ამოსული წიგნები და მასწავლებლები ავიტანე და ჩემს მდგომარეობასთან შედარებით გადასარევი ნიშნები გამომყვა.

მამას გარეშე დავიწყე ჩემთვის ჩუმად სხვადასხვა თემაზე სტატიებისა და ჩანახატების წერა. ჯერ არ განვითარებულვარ, რადგან ჩანაწერები არავისთვის მიჩვენებია და შენიშვნებიც არ მიმიღია.

ხშირად გამიგია ეზოში, როდესაც მეზობლების ჯგუფს მივესალმები ჩუმად ერთმანეთს გადაუჩურჩულებენ როგორი საცოდავი ვარ და საწყალი ჩემი ოჯახი. შეცხადებას დიდი ამოხვნეშება მოჰყვება. უფრო ახლო მეზობლები შეხვედრისას გეკითხებიან სიახლეებს და გამხნევებენ.

ცხოვრებაში პირველად ვინანე, რომ სოფელი მაქვს. ბიძაჩემის მონაყოლიდან ვიცი, რომ ათასნაირი სისაძაგლე გაავრცელეს მთელს სოფელში. ამის გახსენებაც არ მინდა, დაწერა მითუმეტეს. ამ საიტზე ბევრი ბავშვი შემოდის..

მე მამაჩემი ერთი წელია არ მინახავს.. მხოლოდ კვირაში ერთხელ ტელეფონზე ველაპარაკები, ისიც 1 წუთი.. ვიცი, რომ ჩემზე უარეს დღეშია ბევრი და მათ მინდა მოუწოდო: გამაგრდით! არ აქვს მნიშვნელობა რისთვის დაისაჯნენ თქვენი ოჯახის წევრები თუ ნათესავები. არიან ისინი დამნაშავეები თუ არა.. მთავარია დაუდგეთ გვერდში თქვენს მეგობარს და რთული პერიოდი შედარებით ადვილად გადაატანინოთ. ეს ძალიან რთულია, მაგრამ თქვენ ხართ თავისუფლები და შეგიძლიან რამეს მაინც გადააყოლოთ გული.

ეს კი მათ, ვინც ყოფილ პატიმრებს ალმაცერად უყურებენ – მათ გარე სამყაროსთან მისაჩვევად დღეები სჭირდებათ, საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის კი თვეები. არ ჰკრათ ხელი ყოფილ პატიმრებს და დაეხმარეთ მათ ახალი ცხოვრების დაწყებაში.. ამას ყველა იმსახურებს..

მსგავსი ამბები

Back to top button