გართობაუცნაური

Bunga Bunga

a9caf5fd0ae1

1910 წელს გადაღებულ ამ ფოტოზე მარჯვნიდან რიგით მეორე ფერადკანიანი მამაკაცი მოგვიანებით ინგლისური ლიტერატურის ერთ–ერთი ყველაზე მქუხარე სახელი გახდა, მიუხედავად მისი სქესისა. ვირჯინია სტივენი ჯერ კიდევ არ იყო გადასული ქმრის ლეონარდ ვულფის გვარზე, ამ ფოტოსთვის კი ალბათ პირველად და უკანასკნელად დათანხმდა მაკიაჟს.

1936 წელს პარიზში სრულ სიღატაკეში გარდაიცვალა შერეკილი ბრიტანელი ჰორას დე ვირ კოული. მან მთელი ცხოვრება და მემკვიდრეობით მიღებული ქონება ოინებს მიუძღვნა, ერთ–ერთ მათგანში კი სიყალბეთა მაესტრომ თვით ვირჯინია ვულფი ათამაშა წვერ–ულვაშა ვეზირის როლში. თავად ჰორას კოულის პიროვნება ცალკე პოსტს ნამდვილად იმსახურებს (მაგალითად მან ერთხელ თეატრში იმგვარად უყიდა ბილეთები თავის მელოტ მეგობრებს, რომ მათი თავებით ლოჟაში მსხდომი მაღალი საზოგადოება უცენზურო სიტყვას ხედავდა).
ერთხელაც კი ჰორას კოულმა გადაწყვიტა საჯაროდ გაემასხარავებინა სიამაყე სრულიად იმპერიისა, რომელშიც მზე ჯერ ზენიტში იყო და ჩასვლას არ აპირებდა. იმდროინდელი სიამაყე კი იყო მეტროპოლიის ფლოტის ფლაგმანი სახაზო გემი “H.M.S Dreadnought” (“მისი უდიდებულესობის დრედნოუტი”), რომელზეც ვიცე–ადმირალის სიტყვებით ბუზიც კი ვერ შეფრინდებოდა ნებართვის გარეშე.

021e0f2647e4
H.M.S Dreadnough

1910 წლის 7 თებერვალს დრედნოუტზე მიიღეს საგარეო საქმეთა მინისტრისგან ხელდართული ტელეგრამა, რომელიც აბისინიის იმპერატორის (ნეგუსის, თანამედროვე ეთიოპია) და მისი დელეგაციის მოულოდნელად დაგეგმილ სტუმრობას იუწყებოდა. დოლბანდებში და ოქროთი მოვარაყებულ სამოსში გამოწყობილ სტუმრებს დახვედრა ნამდვილად მეფური მოუწყვეს _ საპატიო ყარაული, წითელი ხალიჩა, ზარბაზნის ზალპები, ჰიმნი კაპელის შესრულებით. კაპელმეისტერმა სიჩქარეში აბისინიის ჰიმნი ვერ მოძებნა, სამაგიეროდ ზანზიბარის სასულთნოს ისე გამოიყენა, რომ სტუმრებს მცირე იაღლიში არც კი შეუმჩნევიათ. ადმირალმა მეიმ თავმომწონედ გააცნო საზღვაო საბრძოლო ტექნიკის უახლოეს მიღწევები აბისინიელ პრინცებს, რომლებიც გაოცებისგან ერთსა და იმავე სიტყვებს იმეორებდნენ: ბუნგა! ბუნგა!
ბლეფი წარმატებით დასრულდა. ჰორას კოულმა მომდევნო კვირას მოცემული ფოტოები გაუგზავნა “დეილი მირორს” და საამაყო დრედნოუტი საერთო იმპერიული დაცინვის ობიექტად აქცია.

2f862d9978cf

რამდენიმე წელიწადში, ეთიოპიის ნამდვილი იმპერატორი მენელიკ II ეწვია ბრიტანეთს. ნეგუსმა ისურვა ყველასგან ქებული ფლოტილიის ხილვა, თუმცა მისდა გასაკვირად უარი ჰკადრეს. უცნაური ინგლისელები ამასაც არ დასჯერდნენ, იმპერატორის ამალას ვოიაჟის დროს ხშირად ბავშვების გუნდები ეკიდებოდნენ უცნაური შეძახილებით: ბუნგა! ბუნგა!
1915 წელს ხსენებულმა დრედნოუტმა საბრძოლო გამოცდა წარმატებით ჩააბარა და გერმანული წყალქვეშა ხომალდი ჩაძირა. გემზე მოვიდა სხარტი ტელეგრამა უცნობი წყაროდან მოლოცვის სიტყვებით: “ბუნგა ბუნგა”.

4d34daf979cf

მსგავსი ამბები

Back to top button