არქივი

მარჯორი და ოლივერ უორდროპები – საქ-ო-ს მეგობრები

305ce4e0ee3c70c478afa6ff

მარჯორი და ოლივერ უორდროპები ინგლისური არისტოკრატიული გვარის წარმომადგენლები იყვნენ. უორდროპთა მამული და საძვალე ლონდონთან ახლოს, სევენოუქში (ქართულად „შვიდმუხას“ ნიშნავს) მდებარეობს.

ჯონ ოლივერ უორდროპმა განათლება ოქსფორდში მიიღო. იგი ჭაბუკობიდანვე მოგზაურობით ყოფილა გატაცებული. მოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და ერთ-ერთი მოგზაურობის დროს, 1887 წლის აპრილში, პირველად დადგა ფეხი საქართველოს მიწაზე და თითქმის ყველა კუთხეს ეწვია. ინგლისელ სტუმარს მასპინძლობას უწევდნენ ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი.

წარუშლელი შთაბეჭდილებებით აღსავსე ოლივერ უორდროპს ინგლისში დაბრუნებისთანავე დაუწერია წიგნი „საქართველოს სამეფო“, რომელიც 1888 წლის შემოდგომაზე დაიბეჭდა ლონდონში.

წიგნი შეიცავდა საქართველოს მოკლე ისტორიას, ქართული ენისა და მწერლობის მიმოხილვას და იმდროინდელი ჩვენი სოციალ-პოლიტიკური მდგომარეობის აღწერილობას. წიგნში უხვად იყო სხვადასხვა ილუსტრაციები: თბილისის, ანანურის, სიღნაღისა და სხვა ადგილების ხედები, ნახატები, რომლზეც ასახული იყო ქართული ურემი, მოჭიდავე, ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცი, აქვე იყო წმინდა ნინოს, თამარ მეფის, შოთა რუსთაველისა და ერეკლე მეორის პორტრეტები, თანამედროვეთაგან კი – გაბრიელ ეპისკოპოსის, ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის ფოტოები. წიგნს ერთვოდა საქართველოს ფერადი რუკა და მოგზაურობის მარშრუტი. ავტორმა ლონდონში საგანგებოდ ჩამოასხმევინა ქართული მხედრული შრიფტი, რომელიც 137-ე გვერდზეა წარმოდგენილი.

ოლივერ უორდროპის „საქართველოს სამეფომ“ ინგლისელი მკითხველის ცხოველი ინტერესი გამოიწვია. მოწონება და აღტაცება იმდენად დიდი ყოფილა, რომ ეს წიგნი იშვიათობად ქცეულა, ამიტომ 1977 წელს ის ხელახლა დაიბეჭდა ოლივერის ვაჟის – ანდრო უორდროპის წინასიტყვაობით.

ქართველმა მკითხველმა ოლივერ უორდროპის „საქართველოს სამეფო“ გაიცნო გაზეთ „ივერიის“ ფურცლებიდან, სადაც ვრცლად იყო გადმოცემული ამ წიგნის შინაარსი.

„საქართველოს სამეფოს“ გაცნობის შემდეგ საქართველოთი ძლიერ დაინტერესდა ოლივერის უმცროსი და მარჯორიც. ყმაწვილ ქალს მოსვენება დაეკარგა. მან მიზნად დაისახა, ესწავლა და საკუთარი ხელით გამოეყვანა ლამაზი ქართული ასოები, ენა გაეტეხა და ესაუბრა მისთვის უცნობი ხალხის ენაზე, საკუთარი თვალით ენახა ეს ზღაპრული ქვეყანა და სტუმართმოყვარე, გულღია ქართველი ხალხი. ამასთან, დიდი სურვილი გაუჩნდა, რომ მის მშობელ ინგლისელ ხალხს, მის სამშობლო ქვეყანას უფრო მეტი სცოდნოდა საქართველოზე, მის ისტორიასა და მწერლობაზე.

მარჯორი უორდროპი ქართული ენის შესწავლას 1880-იან წლებში დამოუკიდებლად შესდგომია მარი ბროსეს „ქართული ენის თვითმასწავლებლისა“ (პარიზი, 1834 წ.) და სახარების ქართული თარგმანის მეშვეობით. იყენებდა ასევე დავით ჩუბინაშვილის ლექსიკონებსა და ქართული ენის სახელმძღვანელოებს.

„ივერიის“ ლონდონელი კორესპონდენტი ვაზიანი (ვარლამ ჩერქეზიშვილი) მარჯორი უორდროპს ასე გვიხასიათებს: „მისს ვარდროპი ყმაწვილი ქალია, სულ ოცდაოთხის წლისა. ამასთან, დიდად მოხდენილი და თავდაჭერილიც. იგი მეტად წყნარია და ცოტა მორცხვიც კი. მაგრამ ამ ტანადს, ნარნარს, მოხდენილს, წყნარსა და მორცხვს ყმაწვილ ქალს დიდი ცოდნა აქვს, ცოდნა საკუთარის შრომითა, სურვილითა და მოწადინებით შეძენილი“.

მარჯორის ენების ათვისების არაჩვეულებრივი ნიჭი ჰქონია. როგორც გადმოგვცემენ, იგი თავისუფლად ფლობდა ექვს ენას: ფრანგულს, გერმანულს, რუსულს, რუმინულს, იტალიურს, ქართულს.

1892 წელს ოლივერ უორდროპი დაინიშნა ბრიტანეთის ელჩის პირველ მდივნად პეტერბურგში. მიუხედავად სამსახურებრივი დატვირთულობისა, მისი ინტერესი საქართველოსადმი არ შენელებულა. ახლა მას ეხმარებოდა თავისი და მარჯორი, რომელიც თან ახლდა ძმას სხვადასხვა საკონსულო ადგილებში. მალე მარჯორი გაუთანაბრდა, თუ სულაც არ გადაამეტა, ძმას ქართული ენისა და ქართველი ხალხის კულტურისა და ისტორიის ცოდნაში. მათმა ოცწლიანმა ერთობლივმა თანამშრომლობამ დიდი ღვაწლი დასდო ქართული ლიტერატურის შესწავლის საქმეს დასავლეთში.

მარჯორი უორდროპი საქართველოში პირველად ჩამოვიდა 1894 წელს, მას თან ახლდა დედაც. უორდროპები საქართველოში ორ თვეს დარჩნენ. სამი კვირა თბილისში გაატარეს, შემდეგ კი დასავლეთ საქართველოში წავიდნენ და იმერეთი და გურია მოინახულეს. ამ მოგზაურობის შესახებ მარჯორი წერდა: „…ქართველებს უყვართ სტუმარი. სტუმრის პატივისცემა მათი ერთ-ერთი პირველი ღირსებათაგანია. გარდა უცხოელებისადმი მათი ბუნებრივი სიყვარულისა, ისინი განსაკუთრებით დაინტერესდნენ ჩვენით, რადგან ჩვენ ქართული ენა შევისწავლეთ და მათ სანახავად მოვედით. გულითად და აღფრთოვანებულ შეხვედრებს გვიწყობდნენ ყველგან და ეს შეხვედრები გვინაზღაურებდნენ იმ დიდ ცდასა და მძიმე საათებს, რაც მათი ენისა და რთული ქართული ზმნის შესწავლას მოვანდომეთ“.

უორდროპების ოჯახი ძალიან დაუახლოვდა ილია ჭავჭავაძესა და ოლღა გურამიშვილს. ახლო ურთიერთობა ჰქონდათ სხვა გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებთან: ივანე მაჩაბელთან, ანასტასია ერისთავ-ხოშტარიასთან, კორნელი კეკელიძესთან და სხვებთან.

რამოდენიმე წლის დაუღალავმა შრომამ პირველი ნაყოფი უკვე 1894 წელს გამოიღო, როცა ლონდონში ზედიზედ გამოიცა ჯერ „ქართული ხალხური ზღაპრების“ მარჯორისეული, ხოლო შემდეგ სულხან-საბა ორბელიანის „წიგნი სიბრძნე-სიცრუისას“ ოლივერისეული ინგლისური თარგმანები. მოგვიანებით ოლივერმა თარგმნა და გამოსცა „ვისრამიანის“ ინგლისური თარგმანი.

ამავე ხანებში მარჯორი უორდროპი შეუდგა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნას, მაგრამ ამ საქმეს დიდი შრომა და დრო სჭირდებოდა. „ვეფხისტყაოსნის“ პარალელურად მარჯორი ილიას „განდეგილსაც“ თარგმნიდა. აღსანიშნავია, რომ პოემა ლექსადაა ნათარგმნი.

ილიას „განდეგილის“ თარგმნის შემდეგ მარჯორი უორდროპი თავის ძმასთან ერთად ძველი ქართული სასულიერო მწერლობის უბრწყინვალესი ძეგლის „წმინდა ნინოს ცხოვრების“ თარგმნას შეუდგა, რომელიც 1896 წლის ზაფხულისათვის დაასრულა კიდეც.

1896 წელს მარჯორი დედ-მამასთან და ძმებთან ერთად მეორედ ეწვია საქართველოს და კიდევ ერთხელ მოიარა ქართული ქალაქები და სოფლები. ამის შემდეგ იგი ჯერ რუსეთში, შემდეგ რუმინეთში გადავიდა. მას განზრახული ჰქონდა, კვლავ ჩამოსულიყო საქართველოში და უფრო ღრმად შეესწავლა ქართული ენა და ქართველი ხალხის ზნე-ჩვეულებები. მაგრამ აღარ დასცალდა, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა მარჯორი 1909 წელს გარდაიცვალა რუმინეთში. მისი ნეშტი ინგლისში გადაასვენეს და საგვარეულო საძვალეში დაკრძალეს.

მარჯორი უორდროპს სურდა, შეექმნა ქართული წიგნებისა და ხელნაწერების ბიბლიოთეკა, რომელიც დახმარებას გაუწევდა ქართული ენითა და საქართველოს ისტორიით დაინტერესებულ ყველა ადამიანს. მარჯორის გარდაცვალების შემდეგ მისმა დედამ ოქსფორდის უნივერსტეტს შესწირა თანხა, რათა იქ დაარსებულიყო ქართული კათედრა. შეიქმნა მარჯორი უორდროპის სახელობის ქართულ წიგნთა და ხელნაწერთა ფონდიც.

ოქსფორდის უნივერსტეტთან არსებობდა ბოდლეის წიგნთსაცავი, სადაც უამრავი ძვირფასი წიგნი და ხელნაწერი იყო დაცული აღმოსავლეთის ხალხების ენებზე. ამ წიგნთსაცავს მხოლოდ ქართული წიგნები და ხელნაწერები აკლდა. ამ ნაკლის შევსება იკისრა ოლივერ უორდროპმა. მას დაუვლია ევროპის ქალაქების მეწიგნეები, ბუკინისტები, ანტიკვარები და სადაც კი უნახავს ქართული წიგნები და ხელნაწერები, შეუძენია მარჯორი უორდროპის ბიბლიოთეკისათვის. მარჯორის გარდაცვალების შედეგ მისი ბიბლიოთეკა ბოდლეის წიგნთსაცავის ერთ-ერთი განყოფილება გახდა. წიგნთსაცავის შესავსებად ოლივერმა არაერთხელ სთხოვა ქართველებს, გაეგზავნათ ქართული წიგნები, მაგრამ ქართველებმა დაუდევრობა გამოიჩინეს და წიგნები არ გააგზავნეს.

მაშინ ოლივერ უორდროპი თვითონ ჩამოვიდა საქართველოში. დაიარა წიგნების მაღაზიები და შეისყიდა არა მარტო ქართული წიგნები, არამედ უცხო ენაზე დაწერილი წიგნებიც, რომლებიც საქართველოს ეხებოდა და გააგზავნა ოქსფორდში. ოლივერი ქართულ ხელნაწერებს ეძებდა სპარსეთში, სტამბოლში,ეგვიპტეში და სხვაგანაც. მის მიერ შესყიდული ხელნაწერებიდან ზოგიერთი ქართველებისთვისაც კი არ იყო ცნობილი. მაგალითად, დავით ბატონიშვილის მიერ 1800 წელს შედგენილი სამართალი, რომელიც ერთვოდა ვახტანგ მეექვსის სამართლის ხელნაწერს.

აი, ასე შეიყვარეს, შეისწავლეს და ასეთი დიდი ღვაწლი დასდეს შორეული ქვეყნიდან მოსულმა და-ძმამ საქართველოს. მათი როლი ძალიან დიდია დასავლეთ ევროპაში საქართველოს ისტორიის, კულტურის, ქართული ენის წარმოჩინებისა და გაცნობის საქმეში.

საქართველოს არ ივიწყებენ არც უორდროპების შთამომავლები. ოლივერის ქალიშვილს წმინდა ნინოს პატივად ნინო ჰქვია. იგი ინგლისში ცხოვრობს და მამისა და მამიდის მსგავსად ძლიერ უყვარს საქართველო. ნინო უორდროპი დიდი პატივს მიაგებს თავისი მფარველი წმინდანის სავანეს. აღსანიშნავია, რომ ბოდბის დედათა მონასტერს 1919 წელს ეწვია ოლივერ უორდროპიც და აღტაცებული დარჩა. მაშინ ბოდბის წინამძღვარი გახლდათ ნინო ვაჩნაძე, რომელმაც წმინდა ნინოს ხატი უსახსოვრა უორდროპების ოჯახს. ეს ხატი დღესაც ამ ოჯახის რელიკვიაა.

Janikokoko

Im fuckin' noob :*

მსგავსი ამბები

Back to top button