საკითხავისასარგებლოუცნაური

ადამიანი-მაიმუნები – საბჭოთა კავშირის უცნაური ექსპერიმენტი

საბჭოთა კავშირში ბევრი საიდუმლო ექსპერიმენტი ტარდებოდა, რომელთა შესახებ ცნობები მხოლოდ არქივების გახსნის შემდეგ გამოჩნდა. ზოგიერთი მათგანი , მართალია მიმართული იყო სახელმწიფოს წინსვლისკენ, მაგრამ სრული ამოვარდნა იყო იმდროინდელი თუ დღევანდელი მორალური ჩარჩოებიდან. ამ პოსტშიც სწორედ ერთ-ერთ მათგანზე მოგითხრობთ. 

თუ დავუჯერებთ რუსულ პრესას, 1925 წელს სტალინმა ასეთი რამ განაცხადა:

– მე მჭირდება ადამიანთა ახალი, დაუმარცხებელი რასა. ისინი უგრძნობნი უნდა იყვნენ ტკივილის მიმართ. დაგვემორჩილონ ბრმად და მათი გამოკვება შესაძლებელი იყოს ნებისმიერი სახის საკვებით.

ომებმა და შიმშილობამ გასული საუკუნის მეორე ათწლეულში ბევრ “წითელ” ჯარისკაცს მოუღო ბოლო. სტალინს კი, რომელსაც ძალაუფლების დაკარგვის ეშინოდა, სურდა საიმედო არმია ჰყოლოდა. ამიტომ მოითხოვდა ისეთი არსებების შექმნას, რომლებიც ამ სისუსტეებისგან დაცულნი იქნებოდნენ. 1926 წელს საბჭოთა პოლიტბიურომ სტალინის ხელმღვანელობით მეცნიერებათა აკადემიის წევრებს უბრძანა, შეექმნათ “ცოცხალი საომარი მანქანები”.

ამავე დროს კრემლში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაეწყოთ 5 წლიანი პროგრამა, რომელიც ეკონომიკის აღორძინებას ისახავდა მიზნად. მოსავლის დიდი ნაწილი ფუჭდებოდა ან ლპებოდა, რაც მასიურ შიმშილობას იწვევდა მოსახლეობაში. შესაბამისად მთავარი საზრუნავი სასოფლო მეურნეობა იყო, ამიტომ მათ დიდი რაოდენობით მუშები სჭირდებოდათ.

იმ დროს რუსეთში მოღვაწეობდა 56 წლის მეცნიერი-ბიოლოგი ილია ივანოვი.

სწორედ მან გახსნა 1901 წელს სადოღე ცხენების ხელოვნური განაყოფიერების მსოფლიოში პირველი ცენტრი და წარმატებულად ხელმძღვანელობდა – ზებრისა და ცხენების შეჯვარებით საუცხოო ჯიშებს იღებდა. მან სტალინს წარუდგინა პროექტი, რომელიც გულისხმობდა შიმპანზეებისა და ადამიანების გენების შეჯვარებას და მათგან ახალი სახეობის მიღებას. ივანოვის მოსაზრებით, ადამიანი-მაიმუნები დიდი ძალის პატრონები იქნებოდნენ, ადამიანებივით განვითარებული ინტელექტი არ ექნებოდათ და ბრძანებებს უყოყმანოდ შეასრულებდნენ, საკვებად კი ნებისმიერ რამეს იკმარებდნენ, როგორც მაიმუნები: ბალახებს, ჭია-მატლებს, დამპალ ნაყოფებს და ა.შ. რა თქმა უნდა , მათგან შესანიშნავი სამუშაო ძალა დადგებოდა, გარკვეული დროის შემდეგ კი დახვეწავდნენ და საომარ ძალასაც შექმნიდნენ.

აღსანიშნავია, რომ ეს იდეები დიდი ხანია აწუხებდა მას. 1910 წელს ავსტრიაში, ზოოლოგთა მსოფლიო კონგრესზე მან შესთავაზა კოლეგებს, ეცადათ ადამიანისა და მაიმუნის ნაჯვარის მიღება. მისი თქმით, რადგანაც დარვინის თეორიის მიხედვით, ადამიანებსა და მაიმუნებს საერთო წინაპარი ჰყავდათ, ამ ორი არსების გაერთიანება ისევ უნდა ყოფილიყო შესაძლებელი. 1924 წელს კი იგივე პროექტი პარიზში გააგზავნა. თანხმობის მიღების შემდეგ 1925 წელს საფრანგეთის გვინეაში გაემგზავრა, სადაც 3 მდედრი შიმპანზე ხელოვნურად გაანაყოფიერა საკუთარი სპერმით, თუმცა ისინი არ დაორსულდნენ. საბჭოთა კავშირში დაბრუნებისას ისევ განაგრძო მუშაობა, მაგრამ წარუმატებლად.

სტალინმა ეს პროექტი გაბადრული სახით მაშინვე დაამტკიცა და შესაბამისი თანხაც გამოყო , დაახლოებით დღევანდელი 2 მილიონი დოლარის ოდენობით, რაც მაშინ ასტრონომიული თანხა იყო.

ივანოვმა საექსპერიმენტო ცენტრი გახსნა საქართველოში, სოხუმის ტერიტორიაზე. ყველანაირი კვლევა და ადამიანი-მაიმუნების გაზრდა იქ უნდა განხორციელებულიყო. შეჯვარება მოხდებოდა მამრ შიმპანზეებსა და მდედრ ადამიანებს შორის: შიმპანზეს სპერმით ქალებს გაანაყოფიერებდნენ და წარმატების შემთხვევაში, დაორსულდებოდნენ.

ამ გიჟურ ექსპერიმენტში მონაწილეობაზე რა თქმა უნდა, საბჭოეთში არავინ დათანხმდებოდა. ამიტომ ივანოვი  თავის ვაჟთან ერთად დასავლეთ აფრიკაში გაემგზავრა სამი მიზეზის გამო: მისი აზრით, აფრიკის ქვეყნების “არაცივილიზებულობა” დაეხმარებოდა მოხალისეების პოვნაში. ასევე ცნობილია, რომ სამხრეთელი ქალები გამოირჩევიან დიდი ტემპერამენტით. და რაც მთავარია, აფრიკელები უძველესი ადამიანები არიან – შესაბამისად პრიმატ-მაიმუნებთან ყველაზე ახლოს მდგომები. მიუხედავად ამისა, მეცნიერის ყოველგვარი ცდა ამაო გამოდგა და ხანგრძლივმა მცდელობამ ის უშედეგოდ დატოვა: ასეთ ამაზრზენ რამეზე არავინ დათანხმდა. ამის შემდეგ სცადა მდედრი გორილების განაყოფიერება ადამიანის სპერმით (ამჯერად არა საკუთარით), მაგრამ ისევ წარუმატებლად. გარდა ამისა, ივანოვს კავშირი ჰქონდა კომუნისტურ კუბასთან, რათა კუბიდან საქართველოში მომხდარიყო შიმპანზეების ტრანსპორტირება. ამ ამბავმა აშშ-ს სპეცსამსახურების ყურამდე მიაღწია და მალევე სენსაციურმა ცნობამ გაზეთი “New York Times” ააჭრელა. ამ ყველაფერს დაემატა 1932 წელს დაწყებული დიდი შიმშილობა საბჭოთა კავშირში, რამაც ექსპერიმენტის საბოლოო დასრულება გამოიწვია.

თუმცა გინდაც მისი მცდელობა წარმატებული ყოფილიყო, ექსპერიმენტი მაინც კრახით დასრულდებოდა. ამის მიზეზი ივანოვის მსჯელობებში იმალება: მისი აზრით ადამიანი ეკუთვნოდა მაიმუნების იგივე კატეგორიას, რომლებსაც ეკუთვნიან ორანგუტანი, გორილა და შიმპანზე. აგებულებისა და გარეგნული მსგავსების მიუხედავად, მეცნიერმა არ დაუშვა ის ვარიანტი, რომ ადამიანის შეჯვარება ნებისმიერ მაიმუნთან შეუძლებელია. ადამიანის მსგავს მაიმუნებს 24 წყვილი ქრომოსომა აქვთ, ადამიანებს კი 23. ეს ფაქტი შეჯვარებას შეუძლებელს ხდის.

ექსპერიმენტის წარუმატებლობის გამო, ივანოვს 1930 წელს 5 წლიანი ციხე მიუსაჯეს, თუმცა მოგვიანებით 5 წლით ყაზახეთში გადასახლებად შეუცვალეს, სადაც ის ყაზახეთის ზოოლოგიურ ინსტიტუტში მუშაობდა. ეს საბედისწერო აღმოჩნდა მეცნიერისთვის – 1932 წლის 20 მარტს რკინიგზის პლატფორმაზე დგომისას გაიყინა და მოკვდა.

ექსპერიმენტის შესახებ დაწვრილებითი ცნობები საბჭოთა არქივების გახსნის შემდეგ გახდა ცნობილი. ევროპაში კი ის გავრცელდა ბრიტანული გაზეთის, “The Scotsman”-ის მეშვეობით.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close