საკითხავისასარგებლოსაქართველო

”უკვე მოვიდა სიკვდილი”

-რა არის სიცოცხლე?
–სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.
–სიკვდილი?
–სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა…

ალბათ ყველამ იცის და სმენია დიდი ქართველი მწერლის, სცენარისტისა და რეჟისორის – გოდერძი ჩოხელის შესახებ… უდიდესი ადამიანის, რომელიც ვერ დავაფასეთ სიცოცხლის წლებში, არაფერი ვიღონეთ მის გადასარჩენად… ადამიანი, რომელიც სიცოცხლეშივე იქცა მითად, ლეგენდად, მაგრამ ვერ შევამჩნიეთ ჩვენ იგი და დავამსხვრიეთ, თუმცა მითები ხომ უკვდავები არიან…უკვდავები, რომლებიც ახლაც ცოცხლობენ!
ამ პოსტში ჩვენ გავეცნობით მის შემოქმედებას-ჩანაწერებს, ლექსებს..

ძობანა..

თოვს ფშავის მთებში. მთის ფერდობზე, თოვლში გაკვერილ სამარხილე გზაზე მთვრალი ფშაველი ჩამოდის ბარბაცით. უკან ძაღლი მისდევს. ძაღლს ძობანა ჰქვია.
კუდისქნევით მიჰყვება ძობანა პატრონს.
ცივა.
არაყს და სიცივეს ისედაც მწითური ფშაველი უფრო წამოუწითლებია. მობარბაცებს. ხან სად გადავარდება გზის ძირ, ხან სად.
ძობანა უკანა ფეხებზე ჩამოცუცქდება და ელოდება.
ფშაველი გზაზე ამობობღდება, ტანსაცმელს ჩაიბერტყავს და წავა ბარბაცით. ცოტა რომ გაივლის, კიდევ გადავარდება გზის ქვემოთ.
ძობანა ისევ უკანა ფეხებზე ჩამოცუცქდება და ჩაჰყურებს პატრონს. ძაღლს ჭკვიანი, ერთგულებით სავსე თვალები აქვს…
მერე ფშაველი ისევ გზაზე ამოვა.
ძობანა უკან გაჰყვება კუდის ქნევით.
ფშაველი ერთსაც წაიბარბაცებს და გზიდან გადავარდება.
თოვლი დიდია და ქვები არა ჩანს.
გზისაკენ მიბობღავს ფშაველი. ახლა მას სულმთლად წითელი სახე აქვს.
ძობანა უკანა ფეხებზე ჩამომჯდარა და გადმოჰყურებს. თვალებში ირონია უციმციმებს.
ფშაველი თოვლში მობობღავს.
ძობანას თითქოს ეღიმება, ხან იქით გადაიქნევს თავს, ხან აქეთ.
ფშაველი ძაღლს შეხედავს, უყურებს, უყურებს და შეუმღერებს:
“ფრთხილად იარე, ძობანავ, მანდ ცუდ გზებია, ზოგგანა”.
ძობანა ეტყვის:
” ჩონდ არი ცუდ გზები, ამ გზებზე დადის ქოყანა”.
ძაღლს უსაზღვროდ კეთილი და ირონიით სავსე თვალები აქვს.
მერე ფშაველი გზაზე ამოვა და ისევ ბარბაცით წავა. ძობანა უკან მიჰყვება.
ორივენი მთვრალები არიან: ფშაველი – არაყით, ძაღლი კი პატრონის სიყვარულით.
თოვს.
თეთრი ფანტელები მობარბაცებენ ციდან.
თითქოს ისინიც მთვრალები იყვნენ.
თოვს…

************************************************************************************************
მტირალა კლდე

კლდე ტირის ხალხო,
ტირის,
გესმით,
გინახავთ,
გაგიგონიათ?
ტირის და განა ისე როგორც ჩვენ ვტირით ხოლმე. ერთს წამოვიტირებთ, გულის დარდს გავიქარვებთ, სატკივარს გავინელებთ და შეგვაშრება მერე ცრემლი.
არა, კლდე სხვანაირად ტირის.
სულ კურცხალ-კურცხალი ცრემლები ადგას ხავსიან ღაწვებზე.
არა ჩუმდება, არაფერი არ ახარებს მაგის გულს.
სულ იცრემლება, დღეც, ღამეც.
მერე ეგ ცრემლები ქვემოთ, კლდის გულმკერდიდან ჩამოგლეჯილ ლოდებში ერთდება და მირაკრაკებს პატარა ნაკადული.
ნუთუ დედამიწას ლურჯი თვალები აქვს? ნუთუ ყველა მტირალი კლდე დედამიწის თვალია? მაგრამ სხვა კლდეებიც ხომ არიან, ზვიადნი, მიუკარებელნი. ეგ ამაყი თვალები არ ტირიან, ეგენი მიდამოს ზვერავენ.
მაგრამ რა გატირებს დედამიწავ?
კაცი გაჩუმდება ხოლმე შენ რაღა დაგემართა?
ხომ ბრუნავ, იბრუნე რამდენიც გენებოს, ოღონდ მტირალ თვალს ნუ მანახვებ.
მაინც ტირის, დედამიწა ტირის ხალხო!

***********************************************************************************************

ერთ რამესა გთხოვთ, ყორნებო!

თუ მკვდარი მნახოთ, ყორნებო,
ერთსა გთხოვთ, თქვენი ჭირიმეთ:
როგორც არ უნდა გშიოდეთ,
როგორც არ უნდა გიჭირდეთ,
თვალები არ ამომთხაროთ,
ეს ვაჟკაცობა იტვირთეთ.
რა ვიცი, იქნებ, თვალები
სამარეშიაც დამჭირდეს,
უთვალოდ მნახოს დედამა,
ცხარე ცრემლებით ატირდეს.

***********************************************************************************************

დაბრუნდი, ჩემო იმედო

სად მიხვალ, ჩემო იმედო,
მარტოს რად მტოვებ,
რას ჩქარობ?
ხომ არ გაჩერდა ჩემს წილად
სხვისთვის მბრუნავი სამყარო?
ხომ არ მიგებენ ლოგინად
შავ მიწას, ცივ სამარისას?
დამმარხვენ, არ მაღირსებენ
სხივებს მზისას და მთვარისას.
დაბრუნდი, ჩემო იმედო,
დღე გამითენე ხვალისა,
ჯავრს ნუ გამატან იმქვეყნად
სამშობლოს მომავალისას.

***********************************************************************************************

უფლის გზა

მარადიული რა არის,
მიწა თუ ზეცის თავანი?
ნეტავ იმქვეყნად გრძელდება
კაცის თავგადასავალი?
ბევრი მოსულა ამ სოფლად,
აღზევებულა მრავალი,
მოკლეა წუთისოფელი,
წამით წამამდე სავალი.
სიცოცხლეს გაგვყრის სიკვდილი,
არ იშოვება წამალი,
მხოლოდ ცოცხალთთვის ანათებს
ცაზე მზე ამომავალი.
ვინც რა უნდა თქვას, ქვეყანა
ჩემთვის სამარის კარია,
რაც უნდა ბევრი ვეცადო,
დადგება ჩემი ჟამია,
კაცს თავის ავლადიდება
საიქიოში თან მიაქვს.
მარადიული რა არის,
მიწა თუ ზეცის თავანი?
ბევრი მინახავს მოსული,
წასული _ უფრო მრავალი,
ერთი გზა გვიდევს სიცოცხლით,
საიქიოსკენ სავალი,
ყველა იმ გზაზე მივდივართ,
მათხოვარიც და მთავარიც,
სუყველას ზურგზე ჰკიდია
თავის თავგადასავალი,
მარადიული ამქვეყნად
მარტო უფალის გზა არის.

**********************************************************************************************

ნუთუ დედამიწას ლურჯი თვალები აქვს? ნუთუ ყველა მტირალი კლდე დედამიწის თვალია?
***
ჩვენ, ადამიანებს, ისე გვიყვარს ერთმანეთი , შეიდლება ამ სიყვარულით ყველაფერი მოვიმოქმედოთ. დიდ სიყვარულს კი გაძლება უნდა, გარკვევა და სწორი გზა უნდა, ხოლო თუ ამას ვერ გავუძელით, აი მაშინ შეიძლება დავასრულოთ ყველაფერი…
***
სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდი მერე აბა რისიღა უნდა გეშინოდეს. სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა…
***
დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული. ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!
***
ესაა ჭეშმარიტი სიხარული…ბალახებში ჩაყუჟული ყვავილიების არსებობა რომ გაბედნიერებს…
***
ზოგჯერ ისე ახლოს ვგრძნობ ჩემს მოთხრობებს, მეშინია, მართლა არ გაცოცხლდნენ.
***
ამ ქვეყანაზე მოუსვლელობაა უბედურება, თორემ, რაკიღა მოხვედით, ნუღარაფრისა გეშინიათ. ისეთს რას წაგართმევთ გამჩენი, რაც თვითონ არ მოუცია… ამ საწუთროს, თუნდ ერთი წუთით, თუნდ ერთი წამით მაინც ეყოფა საგზლად თქვენი სუნთქვა. თქვენ ღირსნი ხართ თავისუფლების…
***

მის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭერავს დედას…

დედას

დედი,

რაღაც არ მასვენებს, ალბათ, ღმერთის წამ-წერა,

დედი,

როგორ შემოგკადრო შენზე ლექსის დაწერა?!

დედი,

ღმერთმა იცის, რაც უნდა ვყოფილიყავ,

დედი,

ალბათ, ამიტომაც შენთან ყოფნა დამწერა.

დედი,

როგორ გიღალატო, როგორ დავრჩე ამქვეყნად,

დედი,

ღმერთს რომ შევუყვარდე, აქ რომ მთხოვოს დარჩენა …

უკვდავება რომ დაიწყოს,

ღმერთს მოსურდეს აღწერა,

არ გეწყინოს, ღმერთს ვფიცავარ,

ღმერთს დავტოვებ ნაწყენად.

ღმერთის მჯერა, ღმერთი მიყვარს,

მაგრამ ერთის არ მჯერა:

სადაც შენ არ მეგულები, იქ არ მინდა დარჩენა.

*******

დედავ

რა იყო, რამ დაგაღონა,

ჩემო შავფერო დედაო,

რაც შენ წახვედი მას მერე

სწორ გზას ვეღარა ვხედაო,

მოდიან შავი კაცები

გულს და გონებას მგლეჯავენ,

სული ურწმუნოთ წაიღეს

მამულს ყორნები სწეწავენ,

გვასამარებენ ქართველებს

დღედაღამ გულში გვხვრეტავენ.

ერთს გეხვეწები, მითხარი

მანდედან აქ რას ხედავენ,

ჩვენ მოშველებას მანდედან

ნეტავ რატომ ვერ ბედავენ?

ან ვინც მოვიდა აქედან

იქნება ჩუმად არიან,

რომ არ დაღონდეთ მანდ მაინც

აქ რა ყოფნითაც არიან.

სხვა რა ვთქვა, შენი საფლავი

აღარ მინახავს თვალითა,

სული მიჭირავს კბილითა

დავათრევ ძალის-ძალითა,

ღმერთს შეეხვეწე ერთს მაინც,

ნუ დამწვავს ცოდვა-ბრალითა.
***
მგონის სიტყვებიც ზედმეტია. ნათლად ჩანს რამხელა ადგილი ეკავა გოდერძი ჩოხელის ცხოვრებაში დედას…

სულ ეს იყო.. კიდევ ბევრი დამრჩა დასადები მაგრამ ჯობია დანარჩენი თქვენ თვითონ აიღოთ წიგნები და წაიკითხოთ:-) თუ არ წაიკითხავთ ფილმებს მაინც უყუროთ:-)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close