ზღაპრები

Go Go ზღაპრები – თავი 7 (დასასრული)

debdb4031fc2

ყველა სხვადასხვა რამეს ამბობდა, ზოგი ამბობდა, ეშველებაო, ზოგიც _ აზრი არ აქვსო. იმასაც კი ამბობდნენ, დატოვეთ და ორ დღეში მოდითო. ერთხელ გადაწყვიტეს კიდეც, ხომ არ დაგვეტოვებინა, ვაიდა, მართლა გააკეთონო.  პრინციპში, შეცდნენ, რადგან რომ მივიდნენ, არც ის კაცი დახვდათ და არც დანატოვარი. არადა, ზუსტად იცოდნენ, რამ შეაცდინათ, ანუ რამ შეიყვანათ შეცდომაში.

ეს ამ კაცის თეთრი წვერი და სათნო სახე იყო. მაგრამ სათნო სახითაც ხომ ამბობენ ტყუილებს? ჰოდა, ასე იყო თუ ისე, პინოქიოს
გაცოცხლება კი არა, იმდენი მოახერხეს, მისი სხეულიც კი დაკარგეს. ჯერ სანტა უკეთებდა რაღაც
ჯადოს, მაგრამ არც იმან უშველა. ბოლოს, სანტა იმ დასკვნამდე მივიდა, პინოქიო ხის რომ
ყოფილიყო, აქამდე აუცილებლად გააკეთებდა, მაგრამ მიხვდა, რომ ხის არ იყო. უბრალოდ, სხეული
ჰქონდა ხის. სინამდვილეში კი, უკვე ადამიანად ქცეულიყო. ჰოდა, აბა ადამიანების გაცოცხლება
მარტო ერთს შეუძლია, ღმერთს.
მოკლედ, მერე დაკარგეს კიდეც და დარჩნენ საბოლოოდ, ხახამშრალები. მისი სიკვდილი ძალიან
განიცადეს. პიტაჩოკი კარგა ხანს ჩაიკეტა ტუალეტში და არ გამოდიოდა იქიდან. იმდენად შეძრული
იყო მომხდარით, სურათის გადაღებაც კი ვერ მოახერხა. არადა, პინოქიოს ნამდვილად ვიცი, ერჩია,
მისთვის, სიცოცხლეში ეგრძნობინებინა პიტაჩოკს ასეთი სიყვარული და რომ მოკვდებოდა, იმის
მერე, რამდენი სურათიც უნდოდა, იმდენი გადაეღო. ნამდვილად არაფერი ვიცი. შეიძლება ასე
ჯობდა. მოკლედ, ეგ არავინ იცის და მე გავაგრძელებ. სანტამ განიცადა, მაგრამ ყველაზე მეტად,
რა თქმა უნდა, მაინც, ბემბიმ ინერვიულა. სანტამაც და პიტაჩოკმაც თავიდანვე იცოდნენ, რომ ბემბი
და პინოქიო ძმაკაცები იყვნენ, მაგრამ არც ერთს არ ეგონა, თუ ბემბი ასეთ სასოწარკვეთაში
ჩავარდებოდა. ეს ყველაფერი რომ გაიგო, პირველი, რაც მოუნდა, ის იყო, რომ მკვლელებზე შური
ეძია და ეს შურისძიება სიგიჟეს ჰგავდა, რადგან მან არც კი იცოდა, ვისზე უნდა ეძია შური.
სასტუმროში უთხრეს, რომელიღაც პორტიემ თქვენი გასაღები ყაჩაღებს მისცაო. მერე ბემბიმ
ჰკითხა კიდეც, სახელი მითხარითო, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ
გეტყვითო, უპასუხეს და დარჩა ასე. მაგრამ იმასაც ვერ იტყოდა კაცი, რომ ეს სასოწარკვეთა მას
იმიტომ ეწვია, რომ შური ვერ იძია წესიერად და ძმაკაცის სიკვდილის გამო, სისხლი ვერ აიღო…
არა, უფრო იმის თქმა შეიძლება, რომ შურისძიების სურვილიც, თავიდანვე სასოწარკვეთით იყო
გამოწვეული. მერე კი, როცა შური ვერ იძია, ისედაც იმედდაკარგული, საერთოდ უიმედობის
მორევში გადაეშვა. არადა, როგორ უშველიდა ახლა მას, მორწმუნე რომ ყოფილიყო. მაგრამ ამაზე
არც კი უფიქრია. ის ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, თუ რატომ პინოქიო და რატომ მაინცდამაინც
მისი სიცოცხლის იმ დღეებში, როდესაც მან ყველაზე კარგად იგრძნო თავი…. უამრავი კითხვა ტანჯავდა. მაგალითად, ვინ იყო ის ქალი და რა უნდოდა მას პინოქიოს
ლოგინში?! გასაგებია, რატომ მოკლეს პინოქიო, მაგრამ სრულიად გაუგებარი იყო ის, თუ როგორ
გაიგეს ყაჩაღებმა ფულის არსებობის შესახებ და, საერთოდ, ვინ იყო ეს პორტიე, რომელმაც ამდენი
უბედურება მოუტანა ოთხ მეგობარს?! ანდა, იყვნენ თუ არა ისინი მეგობრები. სწორედ ეს კითხვა
ტანჯავდა ბემბის ყველაზე მეტად. შეიძლება ითქვას, სამივე მათგანს, ყველაზე მეტად ის
აღელვებდა, რომ ვერ მოახერხეს პინოქიოსთვის ეგრძნობინებინათ, რომ ისინი მას ნამდვილ
მეგობრად თვლიდნენ. უფრო მეტიც, ცუდადაც კი ექცეოდნენ. მხოლოდ ბოლო ერთი დღის
განმავლობაში შეიცვალა რაღაც და მორჩა…. სანტას მიაჩნდა, რომ ეს ერთი დღე საკმარისი იყო.
ბემბის საერთოდ არაფერი მიაჩნდა და თვლიდა, რომ მათი ურთიერთობა, პინოქიოსთან
მიმართებაში, საშინელი იყო და ამ საშინელების მსხვერპლი ხის კაცუნა გახდა. პიტაჩოკის აზრით
კი, მას შესაძლებლობა არ მიეცა, რომ პინოქიოსთვის მისი არცთუ ისე ცუდი, და ბოლოს, უკვე
მეგობრული დამოკიდებულება დაენახებინა. თუმცა ბემბი ყველაზე კარგად გრძნობდა იმას, რომ
მისი მეგობარი ბოლოს ხის კაცუნა აღარ იყო და მას ადამიანურობა ‘შეეყარა~. თუმცა ირემს კიდევ
უამრავი პრობლემა ჰქონდა მოსაგვარებელი – თავისი მეგობრები უნდა დაეტოვებინა და თან
სწორედ, მათთვის, ყველაზე გადამწყვეტ მომენტში.
ქალაქიდან გასულები იყვნენ. ის ადგილი, სადაც ახლა მიაბიჯებდნენ, სოფლის შარაგზას ჰგავდა,
მაგრამ, სიმართლე ითქვას, არც ერთ მათგანს არ შეუმჩნევია ის გარემო. ყველაზე ცუდი ის
გახლდათ, რომ მათ გარშემო, ბუნების სილამაზის აღქმის უნარიც კი ჰქონდათ დაკარგული.
ერთიმეორეს მიჰყვებოდნენ, როგორც პატიმრები, რომლებიც სასეირნოდ გაჰყავთ ხოლმე ციხეში
_ ერთმანეთის ზურგს უკან რომ დგანან და წრეზე დადიან. ზუსტად ასე მიუყვებოდნენ გზას – წინ
ბემბი მიდიოდა, უკან სანტა და სულ ბოლოში – პიტაჩოკი.
სამნი იყვნენ, სამნი და სამივეს თავები დაბლა ჰქონდათ დახრილი. საოცარი რამ არის სინდისი…
ბუნება კი მართლაც მშვენიერი გახლდათ. ირგვლივ სიმწვანე იყო, ცას ძალიან ლურჯი ფერი
ჰქონდა, ღრუბლები თითქმის არ ჩანდა ცაზე და, მიუხედავად ამისა, მზე საერთოდ არ იყო მწველი.
ჩიტები საამურად ჭიკჭიკებდნენ და, ამ გულისგამაწვრილებელი ჭიკჭიკის მიუხედავად, ვერც ერთი
ვერ გრძნობდა თავს ბუნებაში; ვერც ერთი ვერ გრძნობდა სიმშვიდეს და თბილ მზეს… საბოლოოდ
კი ისე გამოვიდა, რომ ყველანაირი შეგრძნება დაკარგეს და მხოლოდ მზერით იფარგლებოდნენ.
ახლა, რომლისთვისაც არ უნდა მოგეხვედრებინათ ტყვია, მაინც ვერაფერს იგრძნობდნენ.
_ სწორი გზაა ნეტავი? _ შეეკითხა სანტა, უფრო სწორად, კითხვა დასვა.
_ არ ვიცი. _ მოკლედ უპასუხა ბემბიმ.
_ არასწორი თუა, მაშინ სხვა გზა უნდა ავირჩიოთ. _ ისევ სანტა იყო, თან ოფლს იწმენდდა
შუბლიდან. _ არ ვიცი. _ ისევ ისე უპასუხა ბემბიმ და ახლა მზეს შეხედა. _ მზე რომ ზენიტში იქნება… _
ზუსტად ასე უთხრა და ახლა გულში იმეორებდა ამ სიტყვებს, მზე კი თითქმის შუაში იყო.
_ ვიაროთ და მივალთ ოდესმე. _ პიტაჩოკს საერთოდ არ ანაღვლებდა, მივიდოდნენ თუ არა.
_ კი, მაგრამ იქნებ ასე ერთი წელი მოგვიწიოს სიარულმა. არ უნდა ვიცოდეთ, სად მივდივართ?
_ სანტა იყო.
_ რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ ცოცხლები ვართ. _ ბემბიმ მზეს გახედა. ის ზენიტში
იყო და, როგორც წესი, ასეთი სიტყვები არასდროს იგვიანებენ ახდენას. მაგრამ მოვლენების ასე
განვითარებას, თავად ბემბიც არ ელოდა – უეცრად მიწა იძრა. ის ადგილი, სადაც სამივენი იდგნენ,
მიწის დანარჩენ ნაწილს გამოეყო; უფრო სწორად, მიწა ოთხ ნაწილად გაიხლიჩა. საოცარი კი ის იყო,
რომ ოთხივე ნაწილი სხვადასხვა მხარეს გაიშალა და მათ შორის დიდი წყალი გაჩნდა, რაღაც
უზარმაზარი და უსასრულო ოკეანის მსგავსი. სამნი კი, მრგვალ წყალში, ბოძივით ამოშვერილ პატარა
მატერიკზე იდგნენ გაოგნებულები. ორმა მათგანმა არ იცოდა, რა ხდებოდა. სწორედ ამიტომ,
ერთმანეთს დაუწყეს ყურება. საბოლოოდ კი შენიშნეს, რომ ბემბი არც ერთ მათგანს არ უყურებდა
და მიხვდნენ, მან რაღაც იცოდა. არც ბემბის უცდია რაიმეს დამალვა, რადგან უკვე ამის დრო არ იყო
და ამიტომ ხმადაბლა უთხრა, რომ ახლა რაც მოხდება, ჩემი ბრალიაო. ჰოდა, უეცრად, ოკეანის
შუაგულიდან, უშველებელი ოქროს ტახტი ამოიზარდა, რომელზეც ულამაზესი არსება იჯდა. ბემბიმ
მაშინვე იცნო. თქვენც მიხვდებით, ეს ის ლურჯთვალა ქალი გახლდათ, ბემბიმ პატარა ჩანჩქერში
ბანაობისას რომ გაიცნო. ტახტის წყლიდან ამოსვლას, დიდი ხმაური მოჰყვა. თუმცა, ამოვიდა თუ
არა, მაშინვე დადუმდა ყველაფერი. თითქოს ყველა ამ ქალის ხმას ელოდაო, რომელსაც საუბარი
აუცილებლად უნდა დაეწყო.
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ მას სახეზე კეთილის მომასწავებელი გამომეტყველება არ
ჰქონია, თუმცა ბემბის გულის სიღრმეში მაინც ჰქონდა რაღაცის იმედი. სანტა და პიტაჩოკი კი
საერთოდ ვერაფერს ხვდებოდნენ.
ქალმა ხმა ამოიღო:
_ გამარჯობა, მოკვდავნო! _ რაღაც ცივი ხმა ჰქონდა, ყურს უსიამოვნოდ ხვდებოდა. მერე ცოტა
ხანს შეჩერდა და სანტას შეხედა. _ გამარჯობა, სანტა კლაუს! _ სანტამ ერთი შეავლო თვალი და
ხმადაბლა ჩაიბურტყუნა:
_ უცნაური ელფი! ფუი, ეშმაკს! ეს სად ნახე, ბემბი, რამე გარიგება ხომ არ დადე ამასთან?! _
ბემბი ნაცემი ძაღლის თვალებით იყურებოდა.
_ დიახ, დადო! _ გააგრძელა ელფმა, _ თუმცა ამაზე მოგვიანებით. მე, უბრალოდ, მაინტერესებს,
შენ რამ მოგსპო და გაგანადგურა ასე, რომ ამ საშინელ დავალებაში მონაწილეობ. რამდენი შესთავზეს
ფული მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ჯადოქარს, რომ მან ასეთ საქმეში მონაწილეობაზე უარი არ თქვა?! ალბათ, ბევრი… ან, რად გინდა ფული, შენ ხომ ყველაფრის გაჩენა შეგიძლია, რასაც
მოისურვებ. _ სანტა დადუმდა.
მერე გატეხილი ხმით დაიწყო:
_ ჯერ ერთი, მეფემ მთხოვა და მერე მეორეც, მათ… _ და გაჩუმდა. _ მეორეც ის, რომ მათ ჩემი
ფოტოები ჰქონდათ და ისინი იმას წამართმევდნენ, რასაც ვეღარასდროს დავიბრუნებდი, ვერც ერთი
ჯადოქრობით. ისე, ეგ ჩემი საქმეა, მაგრამ ერთი ის მითხარი, შენ რა გინდა ახლა აქ, რისთვის მოხვედი?
_ ელფი ჩუმად იჯდა. მის გარშემო, ოკეანეში უზარმაზარი ურჩხულები დაცურავდნენ:
_ მე ის მინდა, რაც მეკუთვნის. _ განაცხადა.
_ რა გეკუთვნის?! _ ჰკითხა სანტამ.
_ მე ვეკუთვნი! _ და ბემბი წყალში ჩასახტომად მოემზადა, მაგრამ უცბად სანტამ ხელით
დაიჭირა.
_ რატომ ვითომ? _ ელფმა ბემბის შეხედა.
_ შენ ეტყვი, თუ მე ვუთხრა? _ ბემბი ჩუმად იყო, სანტა – დაინტერესებული, პიტაჩოკი კი –
შეშინებული.
_ კარგი, რადგან ენა პირში ჩაგივარდა, მე ვეტყვი. _ თქვა ელფმა და ტახტიდან წამოიწია. _
ამას წინათ, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, თქვენი მეგობარი _ და ხელი ბემბისკენ გაიშვირა. _ ჩემს
ჯადოსნურ ჩანჩქერში საბანაოდ ჩამოვიდა. მე რომ დავინახე, რაღა დაგიმალოთ და მესიმპათიურა.
ჰოდა, სწორედ იმ მიზნით, რომ ახლოს გამეცნო, ჩემს სამეფოში დავპატიჟე. _ აქ მოიტყუა – არ
დაუპატიჟია. _ ისიც მესტუმრა. მე გავუმასპინძლდი, კარგად დავანაყრე. შემდეგ იმის უფლებაც კი
მივეცი, რომ ჩემთან ერთად ლოგინში სიამოვნება მიეღო, ანუ ლოგინში ტელევიზორს ვუყურეთ
ერთად და მხოლოდ ამის მერე ვკითხე, თუ ვინ იყო და სად მიდიოდა. მან დაწვრილებით მიამბო
ყველაფერი. მაშინ ვუთხარი, რომ თქვენს გარდა, ამ საქმეზე კიდევ ერთი სამეფოდან არიან
გამოგზავნილები და ალბათ ისინი თქვენზე მალე მიაღწევენ მიზანს-მეთქი. შევთავაზე… _ გაჩერდა.
_ რა შემოგთავაზე, იტყვი? _ ჰკითხა ბემბის.
_ კი, ვიტყვი. შემომთავაზა, რომ მათ თავის მეგობარს, ვინმე მიუნჰაუზენს, ბარონს გაუგზავნიდა.
ის გზას აურევდა მათ და ისინი ვამპირების სამეფოში მოხვდებოდნენ და იქ დაიხოცებოდნენ. ჩვენ კი
თავის მეგობარ მატორიან თხასთან გაგვიშვებდა, რომელიც უპრობლემოდ ჩაგვიყვანდა დევის
ქვეყნის გვერდით მდებარე ქვეყანაში. რაც მთავარია, ეს ყველაფერი სწრაფად მოხდებაო. _ ბემბი
გაჩუმდა.
_ და შენ რა უნდა გექნა? _ ჰკითხა სანტამ.
_ აი, ყოჩაღ, სანტა კლაუს. გეტყობა, ნამდვილი ჯადოქარი ხარ. იცი, რომ ისე არაფერი არ ხდება
ამ ქვეყანაზე. ყველაფრიდან, სანაცვლოდ, რაიმე უნდა მიიღო. ჰოდა, მეც ასე მოვიქეცი – ვუთხარი, რომ სანაცვლოდ სწორედ დღეს, როდესაც მზე ზენიტში იქნებოდა, ის თავისი ფეხით მივიდოდა
ნებისმიერ წყლიან ადგილას, თუნდაც გუბე ყოფილიყო და შიგ ფეხებით ჩადგებოდა. ეს იმის ნიშანი
იქნებოდა, რომ მან თავისი პირობა შეასრულა, ანუ ჩემი საყვარელი გახდა. თუმცა ირემმა ჩემი
მოტყუება გადაწყვიტა და ამისთვის დაისჯება. ნუ გეშინია, სიკვდილით არ დავსჯი, რადგან მის
მიმართ ლტოლვას განვიცდი. ამიტომ, მომეცით ბემბი – ის ჩემი საკუთრებაა!
_ რომ არ მოგცეთ? _ ჰკითხა სანტამ.
_ მაშინ ვიბრძოლებთ და იცოდე, რომ შენ ჩემს სამფლობელოში ხარ! _ ხმამაღლა
გადაიხარხარა.
სანტამ ბემბი არ გაუშვა. სამი დღე იბრძოდნენ; უფრო სწორად, სანტა სამი დღის განმავლობაში
იბრძოდა. ჯერ წყლის ურჩხულებს გაუმკლავდა, მერე _ ციდან მომავალ ცეცხლს და მფრინავ
დრაკონებს. ბოლოს, ისევ ელფს მოუხდა წყლიდან ამოსვლა და დასუსტებული სანტა და მისი
მეგობრები დაამარცხა _ სამივენი ძროხებად აქცია და თავები დააყრევინა. ნაცარქექია და სამი მეგობარი უკვე ორი საათი იქნებოდა, რაც დევის სამეფოში დადიოდნენ და
გაკვირვებულები უცქერდნენ ციყვებს, რომლებიც მათ დანახვაზე, ადამიანებივით ცქმუტავდნენ
და ფორიაქობდნენ. შემდეგ კი გამოჩნდა დევი, რომელმაც მათ ხელებით თავები დაუხეთქა. ვერც
პაპამ და ვერც ნაცარამ ვერაფერი მოასწრეს. დევი ძალიან სწრაფად დაესხა თავს, თითქოს ვიღაცამ
შეატყობინაო. ჯერ პაპას დააარტყა ხელი და გასრისა; შემდეგ ნაცარას, მერე _ წითელქუდას.
პუტოს კი შეაფურთხა და გაგუდა.
დევი დაღონებული ჩამოჯდა მოლზე. ეს სარკე მისი წყევლაც იყო და მისი ცხოვრებაც. მისი
ცხოვრება წყველა იყო. იცოდა, რომ… იმის გამო, რომ მან არაფერი არ იცოდა, აიღო სარკე, რომელიც
ამ ხნის განმავლობაში მუდამ დასცინოდა; აიღო თავის საყვარელი ვოლტერი, მკვდარი
შეყვარებულის სურათი; ჰეფიმილის სათამაშოები და ჩიტის დახმარებით, თავისი ერთადერთ
მეგობარს, პარიკმახერს წერილი გაუგზავნა, უთხრა, რომ მთელ ქვეყანას მას უტოვებდა. თვითონ
კი წავიდა იქ, სადაც ყველა უზიარებდა ერთმანეთს გასაჭირს; სადაც ქაოსი იყო, მაგრამ სიმართლე
მაინც ირკვეოდა. (საუბარი ერთი საათით და სადღეგრძელო. ამ დიალოგში პაპა არის 1, ხოლო ალადინი 2)
ოთახი ძალიან მტვრიანი იყო. პაპა არასდროს დაჯდებოდა სხვის ოთახში, ან, თუნდაც, ნებისმიერ
ოთახში, ასეთი მტვერი არათუ მაგიდებზე, არამედ იატაკზეც რომ შეემჩნია, მაგრამ ახლა, ის სხვასთან იყო და თავს კარგად გრძნობდა. მან თავისი, ძალიან ახლო მეგობარი ნახა. ფანჯარა
დახურული იყო და ფარდაც ჩამოფარებული. ფარდაჩამოფარებულ ფანჯარას, მზე ადგა. მტვერი
ჰაერში ტრიალებდა. სიჩუმე იყო და ყველაფერი მზადდებოდა იმისთვის, რომ საუბარი შემდგარიყო.
1 _ რას შვრები, როგორ ხარ?
2 _ ვარ რა, როგორ უნდა ვიყო, ცოტა დავიღალე. სულ ეს ვალები და უბედურება მომბეზრდა.
დასვენება მინდა. _ დაღლილი ხმით თქვა.
1 _ ვერ გადაგაჩვიე რა, ამ ვალებზე თამაშს.
2 _ შენ, კიდე, ამ ბავშვების დევნას ვერ გადაეჩვიე, _ გაეცინა. _ ახლა რა, რატომ გამოყევი,
რაში უნდა დაეხმარო?
1 _ დევს უკვდავების სარკე უნდა წავართვათ. _ სიჩუმე ჩამოწვა.
2 _ ხოოოო, ძნელი საქმე მოგინდომებიათ, _ მერე გაჩუმდა. _ ისე, უკვდავება ვინ მოინდომა?
რომელიმე ამათგანმა?
1 _ არა, ჩვენმა მეფემ თუ იმპერატორმა, რომელიც არის, რა მნიშვნელობა აქვს ახლა.
2 _ ეგრე იციან მაგათ, ნაკლები არ უნდათ, _ რაღაც სასმელი ჰქონდა ჭიქაში და მოსვა. _ ისე,
შენ კარგა ხანია მიცნობ და ხო იცი, სიგარეტი მიყვარს მაგრად. იცი, როგორ არ იცი. შენ არ
მეჩხუბებოდი, დაანებე მაგ სიგარეტს თავი, თორემ მოკვდებიო?! ხომ გახსოვს, არა? _ გაეღიმა.
_ კარგი იყო მაშინ, საქართველოში.
1 _ კი, კარგი იყო, _ ამოიხვნეშა.
2 _ მერე იმასაც მეუბნებოდი, სიცოცხლე არ გიყვარსო. ყველას და შენ როგორ გეშლებოდა
ეგეთი რაღაც?! არა, შენც კარგად იცი, რომ არ გსაყვედურობ, ან საყვედურები რა ჩვენი საქმეა.
მაგრამ მაინც მაინტერესებს, კიდევ ასე ფიქრობ?
1 _ რას?
2 _ იმას, რომ თუ ეწევი, ესე იგი, სიცოცხლე არ გიყვარს?
1 _ კი, მოწევა ცუდია.
2 _ არა, ცუდია თუ არა-მეთქი, ეგ ხომ არ მიკითხავს?
1 _ არ ვიცი ახლა. ალბათ მგონია, რომ თუ სიცოცხლე გიყვარს, არ უნდა მოიკლა თავი.
2 _ განა სიგარეტის მოწევა თავის მოკვლაა?
1 _ აბა, რა არის?
2 _ სიცოცხლის სიყვარულია.
1 _ ანუ?
2 _ პატარა ცოდვებით არ განისაზღვრება ადამიანის სულის სამკვიდრებელი. არც ის არის
მთავარი, რამდენ ხანს იცოცხლებ ამ ქვეყანაზე. საკმარისი არვისთვის არასდროს არ არის. სიცოცხლე ღვინოს ჰგავს – რაც მეტს სვამ, მეტი გინდება, მანამ, სანამ უკან არ ამოგადენინებს
ყველაფერს. მაგრამ მე ღვინის სმაშიც ვერ ვხედავ ვერაფერ ცუდს – ბოლოს და ბოლოს, ეგეც ხომ
ღმერთის მოგონილია და დალევაც მან დაუშვა ამ ქვეყანაზე. _ ჭიქა აიღო ხელში. _ მე მინდა, ერთი
სადღეგრძელო შემოგთავაზო _ აი, ისე, ქართველებმა რომ იცოდნენ. _ წვერიანმაც აიღო ხელში
ჭიქა. _ მოდი, ამ ჭიქით სიცოცხლის სიყვარულს გაუმარჯოს! მაგრამ სიცოცხლის და არა უკვდავების,
რადგან ეს სიცოცხლეც ხომ იმიტომ არის ლამაზი, რომ ოდესმე უნდა მოვკვდეთ?!

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button