საკითხავისასარგებლოსაქართველო

გიორგი სააკაძე – გმირი თუ მოღალატე?!

dcf7211804d2

გიორგი სააკაძე წოდებრივი წარმომავლობით აზნაურთა წრეს ეკუთვნოდა. იგი დაახლოებით 1580 წელს დაბადებულა შიდა ქართლში, ატენის ხეობის სოფელ ფელში; მამა სიაუში, დედა – თამარი (ბარათაშვილის ქალი). გიორგის ჰყავდა სამი ძმა და ერთი და.
სიმონ პირველის მეფობის დროს (1556-1600 წ.წ.) სააკაძეებს დიდი თავადობის პრეტენზიები გაუჩნდათ. სიმონ მეფისა და გიორგი X-ის (1600-1606 წ.წ.) მიერ დაწინაურებული სააკაძე კი უკვე ნამდვილად დიდ ფეოდალად იქცა. იგი თეძმის ხეობაში ჩასახლდა, თავის რეზიდენციად აქცია სოფელი ნოსტე, სადაც სასახლე, ციხესიმაგრე და ეკლესია ააშენა. სოფელ ერთაწმინდაში კი საგვარეულო ეკლესია და ძვალშესალაგი გამართა.

„გათავადებულმა აზნაურმა“ გიორგი სააკაძემ ცოლად შეირთო ნუგზარ არაგვის ერისთავის ასული მარეხი, რომლისგანაც შეეძინა რვა შვილი – ხუთი ვაჟი და სამი ასული.

ტფილისისა და ქართლის მოურავს გიორგი სააკაძეს ეკუთვნოდა დიდი რაოდენობით სოფლები თეძმის, მანგლისის, ატენის, ალის (ნაბახტევი, კლდისწყარო) ხეობებში, ტფილისთან და ქვემო ქართლში.

ამის გამო, ამბიციურ მოურავს ბევრი მოშურნე და მტერი გაუჩნდა დიდგვაროვან თავადებს შორის. განსაკუთრებით მტრობდნენ მას შადიმან ბარათაშვილი, ფარსადან ციციშვილი და ქაიხოსრო ჯავახიშეილი. ისინი სააკაძეს მედროვედ მიიჩნევდნენ.

გიორგი სააკაძის სახელმა ძლიერად პირველად ტაშისკართან (ხაშურის რაიონში) გაიელვა. იდგა 1609 წლის თიბათვე (ივნისი). სამცხეში შემოიჭრნენ თურქები და ყირიმელი თათრები. ახალციხის აღების და გაძარცვის შემდეგ თრიალეთის გზით მტერი ქართლში შეიჭრა. მეფე ლუარსაბ მეორე (1606-1614 წ.წ.) მცირე ამალით ცხირეთის საზაფხულო რეზიდენციაში იდგა და მოურავ გიორგი სააკაძესთან და სარდალ ზაზა ციციშვილთან თათბირობდა.

თურქებს ლუარსაბის შეპყრობა და ქართლის მოოხრება სურდათ, მაგრამ თევდორე ბერის გმირობის წყალობით, ეს გეგმა ჩაეშალათ. როცა სააკაძემ და ციციშვილმა შეიტყვეს მტრის შემოსევის ამბავი, სასწრაფოდ შეკრიბეს ჯარი, მტერს სხერტის ჭალასთან შეებნენ და დაამარცხეს. ამის შემდეგ, თურქებმა გეზი გორისა და ხაშურისაკენ აიღეს. ტაშისკართან, ქვიშხეთის ახლოს, ნახვეტას მინდორზე მათ გზა გადაუკეტეს ქართველებმა. 27 ივნისს 50 ათასზე მეტ თურქს 10 ათასი ქართველი დაუპირისპირდა. ლუარსაბ მეფემ სარდლობა მიანდო გიორგი სააკაძეს და მანაც მარტივი, მაგრამ თამამი ტაქტიკით სასტიკად დაამარცხა თურქთა მრავალრიცხოვანი ჯარი.

1611 წლის შემოდგომაზე ლუარსაბ მეფემ ცოლად შეირთო გიორგი სააკაძის და. მეფესთან დამოყვრებამ ახალი ასპარეზი გადაუშალა მოურავს. სააკაძის მოწინააღმდეგე თავადებმა მწვავედ განიცადეს „უგვარო ქალის“ დედოფლად დასმა და ლუარსაბ მეფესთან სააკაძის ბეზღობა იწყეს. ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში უჩიჩინებდნენ მეფეს თავიდან მოეშორებინა „უჯიშო დედოფალი“ და მოეკლა გიორგი სააკაძე.

მეფემ თავადთა ზეწოლას ვეღარ გაუძლო, ცოლი გაუშვა და სააკაძის მოკვლაზეც დათანხმდა. მაგრამ ფარეშთუხუცესმა ბააკა ხერხეულიძემ სააკაძე გააფრთხილა და მანაც ცოცხალმა გაასწრო – ცოლ-შვილთან ერთად ირანს გაიქცა შაჰ-აბას I (1587-1629 წ.წ.) კარზე.

თავადებმა შადიმან ბარათაშვილის მეთაურობით მიწასთან გაასწორეს სააკაძის კარ-მიდამო. თავისი ნების საწინააღმდეგოდ 1612 წელს ირანს გადახვეწილი გიორგი სააკაძე შაჰის სამსახურში ჩადგა. იგი ირანში თავის შესაფარებლადაც წავიდა და თავგასულ თავადებზე შურის საძიებლადაც. შაჰის კარზე გიორგიმ სარწმუნოება გამოიცვალა – მუსულმანი გახდა და თავის დროს უცდიდა.

ეს დროც დადგა. თურქეთთან დაზავების შემდეგ (1612 წ.)შაჰმა ქართლ-კახეთისათვის მოიცალა. მან მიზნად დაისახა ამ ორი ქართული სამეფოს ცალ-ცალკე განადგურება, გაძარცვა, მოსახლეობის აყრა და ირანში გადასახლება, ხოლო მათ ნაცვლად თურქული ტომების ჩამოსახლება.

1614 წელს შაპ-აბას I კახეთში ლაშქრობა გადაწყვიტა. სომეხი ისტორიკოსის არაქელ თავრიზელის თქმით, შაჰმა ჯარები შეაგროვა და საქართველოსაკენ გამოეშურა. მას თან ახლდა მოურაეი გიორგი სააკაძე, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს უცდიდა თავის მტრებზე შურის საძიებლად. ირანში ბევრი რამ გადააფასა და მიხვდა, რომ შაჰ-აბასი ყველას თავისი მიზნებისათვის იყენებდა. მართალია, გიორგი მაინც წამოყვა მეგზურად და მრჩევლად შაჰს (აქვე უნდა ითქვას, რომ მაშინ საქართველოში ლაშქრობას თავი აარიდეს ასევე გათათრებულმა ქართველებმა – იმამ-ყული-ხანმა და დაუდ-ხან უნდილაძეებმა, რომელთა მამა ალავერდი-ხან-უნდილაძე შაჰის მარჯვენა ხელი იყო და თავადაც აბას I სამსახურში იდგნენ.

მემატიანის თქმით, სააკაძე ურჩევდაო შაჰს, რომ „ზაფხული გასულიყო, ზამთარი დამდგარიყო, ტყეში ხეებს ფოთლები გადასცვენოდა, რომ სპარსთა ჯარს გაადვილებოდა ცხენებით სიარული და შესვლა ქართველთა ქვეყანაში“ (იგივე ცნობა გაიმეორეს ისტორიკოსებმა ბერი ეგნატაშვილმა და ვახუშტი ბაგრატიონმა). შაჰი ზამთარში კი წამოვიდა კახელთა დასასჯელად, მაგრამ ძირითადი ბრძოლები მაინც მარტში გაიმართა (თუმცა ამას არავითარი შეღავათი არ მიუცია კახეთისათვის). შაჰ-აბასმა კახეთი მიწასთან გაასწორა, 80 ათასი კახელი დაატყვევა და ირანს გააგზავნა. შემდეგ იგი ქართლში გადავიდა. კახეთის მეფე თეიმურაზ I და ქართლის მეფე ლუარსაბ II იმერეთს გაიქცნენ იმერთა მეფესთან, გიორგი III-თან თავის შესაფარებლად. შაჰ-აბასი დაჟინებით მოითხოვდა ორივე მეფის მისთვის გადაცემას. ერთხანს მეფეები უარზე იდგნენ, მაგრამ შემდეგ ლუარსაბ მეფე თავისი ნებით წამოვიდა და შაჰს ჩაბარდა. ახალგაზრდა გმირმა ამით ქართლს აარიდა ისეთივე აოხრება, რაც კახეთს ხვდა წილად. შაჰ-აბასმა იგი ტყვედ წაიყვანა ირანში და გამაჰმადიანება მოსთხოვა, რაზედაც ლუარსაბმა კატეგორიული უარი განაცხადა. ჯერ-ჯერობით ის ციხეში გამოჰკეტა ირანის მბრძანებელმა. ლუარსაბ მეფეს მემკვიდრე არ დარჩენია, ამიტომ მის მაგივრად შაჰმა ქართლის დროებით მმართველად ჯერ ფარსადან ციციშვილი, მერე კი ბაგრატ-ხანი (სვიმონ მეფის მოღალატე ძმის დაუდ ხანის ვაჟი) დანიშნა. ამან ძალზე გაანაწყენა გიორგი სააკაძე, რომელსაც შაჰი მანამდე ჰპირდებოდა ქართლის მმართველობას. მეტი გზა არა ჰქონდა სააკაძეს – ჩაყლაპა ეს წყენა. მან ლუარსაბ მეფის ალტერნატივის ძიება და შაჰისთვის შეთავაზება იწყო. 1615 წელს კახელები აუჯანყდნენ შაჰ-აბასს და ალავერდში მდგარი ციხიონი მთლიანად გაჟლიტეს. შაჰმა კახეთის საბოლოოდ მოთხრა გადაწყეიტა 1616-17 წლებში კიდევ სამჯერ დალაშქრა და მართლაც ენით აუწერელი უბედურება დაატრიალა ამ მდიდარ და ლამაზ მხარეში (ყველა ლაშქრობის დროს მას თან ახლდა სააკაძე).

კახეთის მოსახლეობის მესამედი ამ ბრძოლებში გაწყდა, ნახევარი კი ირანში იქნა გადასახლებული – სულ ნახევარ მილიონამდე ადამიანი შეეწირა ამ გამანადგურებელ ლაშქრობებს (მანამდე შაჰმა მოტყუებით მძევლად ხელთ იგდო თეიმურაზ I-ის დედა, ქეთევან დედოფალი და მისი ორი ვაჟი და ტყვედ გაგზავნა ირანში. შაჰ-აბასმა მოოხრებულ კახეთში თურქმანული ტომების ჩამოსახლება დაიწყო (სხვათა შორის, 1605 წელს 350 ათასი სომეხიც გადაასახლა შაჰმა ირანში, ასევე მოექცა აზერბაიჯანელებსაც).

1619 წელს ბაგრატ-ხანი გარდაიცვალა და ქართლის მმართველად შაჰ-აბასმა მისი უნიჭო ძე სიმონ-ხანი დანიშნა, თანაშემწედ კი გიორგი სააკაძე დაუდგინა. რეალურად ქართლს სააკაძე მართავდა, მას ეკითხებოდა ყოველი საქმე. სააკაძე კარგად მიხვდა თავის შეცდომას (ვინც უცხო მეფეთათვის თავს გადადებს, ის ყოველთვის ცუდად დაამთავრებს თავის ცხოვრებას) და თავის ძველ მტრებს – ციციშვილებს, ბარათაშვილებს და ჯავახიშვილებს შეურიგდა, თუმცა ლუარსაბ მეფის მიმართ ბოღმა არ განელებია და გარკვეული წვლილიც შეიტანა მის დაღუპვაში 1622 წელს.

ლუარსაბ მეორემ, 24 წლის შემკობილმა და მშვენიერმა ვაჟკაცმა, ბოლომდე უერთგულა თავის ქვეყანას და სარწმუნოებას და „ვითარცა მწყემსმან დადვის სული თვისი ცხოვართა თვისთათვის“. ქართულმა ეკლესიამ ლუარსაბ წამებული წმინდანად შერაცხა და ამით უკვდავყო მისი ხსოვნა.

1623 წელი თითქმის მთლიანად ირანში დაჰყო სააკაძემ: გაზაფხულზე მან აქტიური მონაწილეობა მიიღო ყანდაჰარის (ავღანეთშია) აღებაში, შემოდგომაზე კი ყარჩიხა-ხანთან ერთად ერაყში ილაშქრა და ბაღდადი და ქურთისტანი დაუმორჩილა შაჰს (შაჰმა მთავარსარდლობა და ბაღდადის აღების პატივი მთლიანად ყარჩიხა-ხანს მიაწერა, რითაც ძალზე გააბოროტა სააკაძე).

შაჰ-აბასი ქართლ-კახეთის ერთხელ და სამუდამოდ ამოსაგდებად ემზადებოდა. ლუარსაბ მეორის მოკვლის შემდეგ დღის წესრიგში დადგა ქეთევან დედოფლის საკითხი, რომელიც, უკვე ათი წელი იყო, რაც შირაზში „საპატიო ტყვედ“ ჰყავდა შაჰს. ქეთევანი ვერც მუქარით შეაშინა, ვერც ქრთამით დაიყოლია – ქრისტიანობაზე უარი ვერ ათქმევინა.

გამძვინვარებულმა შაჰმა მისი სასტიკი წამება და სიკვდილი ბრძანა და 1624 წლის სექტემბერში გმირი დედოფალი სასტიკი წამებით მოკლეს. ქართულმა ეკლესიამ ქეთევან წამებულიც წმინდანად შერაცხა.

ლევან სანიკიძე თავის „უქარქაშო ხმლებში“ (ტ.3, გვ. 228) მიუთითებს, რომ ქეთევან დედოფლის წამების დროს სააკაძე ირანში, შაჰის კარზე ყოფილა. არსებობს კათოლიკე მამის ამბროსიო დუშ ანჟუშის ცნობა, რომელიც ეხება ქეთევან დედოფლის წამებას. ამ წყაროს მიხედვით, როცა შაჰ-აბასმა მოისმინა სარწმუნოებისათვის ქეთევან დედოფლის თავდადების ამბავი, მობრუნებია იქვე მდგომ სააკაძეს და უყვირია: „დიახ, ის ქალბატონი დაიღუპა თავისი სარწმუნოებისათვის და არა ისე, როგორც შენ და სილა გაარტყა მოურავს“ (ი. ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში. ტ. II, 1986).

1624 წლის ბოლოს შაჰმა საბოლოოდ გადაწყვიტა ქართლ-კახეთის მიწასთან გასწორება და ამისათვის საგანგებო მზადება დაიწყო. ლაშქრობის ნამდვილი მიზანი რომ შეენიღბა, მან ქართლის მმართველს სიმონ ხანს ცოლად მისცა თავისი შვილიშვილი. ახალშეუღლებულნი უნდა წასულიყვნენ ტფილისში და თან უნდა გაეყოლებინათ სპარსული მხედრობა – ვითარცა მაყრიონი. შაჰი კვლავ არ ენდო სააკაძეს და მთავარსარდლად ისევ ყარჩიხა-ხანი (გათათრებული სომეხი) დანიშნა. მეტიც, მან ირანში მძევლად დაიტოვა სააკაძის შვილი პაატა და სააკაძის სიმამრის ზურაბ არაგვის ერისთავის მეუღლე (შაჰი ალბათ ფიქრობდა, რომ რაკი სააკაძემ გაიმეტა ლუარსაბ მეფე, თავისი მბრძანებელი, შეიძლება იგივე გაეკეთებინა შაჰისთვისაც).

1625 წლის მარტში ტფილისში ნეფე-პატარძალი და ურიცხვი „ლაშქარ-მაყრიონი“ მოვიდა. ქორწილის დამთავრების შემდეგ მარჩიხა-ხანმა ჯარი ჯერ აღაიანის ველზე დააბანაკა, მერე კი მარტყოფის ველზე განალაგა. კახეთში ბრძანება გააგზავნა, რომ კახთა ლაშქარი დაუყოენებლივ გამოცხადებულიყო. როცა კახელები მოვიდოდნენ, ისინი ერთიანად უნდა ამოეწყვიტათ, მერე კი ქართლის აოხრებას შესდგომოდნენ, სააკაძემ იცოდა, რომ ცბიერი შაჰი მას არ ენდობოდა. ეს ეჭვი კიდევ უფრო განუმტკიცა მის მიერ ლოჭინის ხეობაში შაჰის მალემსრბოლის შეპყრობამ, რომელსაც შაჰის წერილი მოჰქონდა ყარჩიხა-ხანთან. შაჰ-აბასი თავის ერთგულ სარდალს ავალებდა, რომ ამოეწყვიტა კახელები, ქართველები კი აეყარა და ირანში გაესახლებინა, სააკაძე მოეკლა და ირანში მისი თავი გაეგზავნა. სააკაძემ სასწრაფოდ შეკრიბა ქართლის თავადები, სასულიერო პირნი და შაჰის მალემსრბოლისთვის წართმეული წერილი წაუკითხა ყარჩიხა-ხანის იდუმალ. ყველა მიხვდა კარს მომდგარ საფრთხეს, გიორგიმ დაიყოლია ზურაბ არაგვის ერისთავიც და ყარჩიხა-ხანის ლაშქრის წინააღმდეგ აჯანყება გადაწყვიტეს. აჯანყების დღედ დათქვეს 1625 წლის 25 მარტი, ხარება დღე.

ამ დღეს ქართველებმა გიორგი სააკაძის ჭკვიანური საომარი ტაქტიკისა და გამბედაობის, აგრეთვე ქართველ მოლაშქრეთა თავდადების წყალობით თითქმის მთლიანად ამოწყეიტეს შაჰის 30 ათასიანი არმია. თავად სააკაძემ საკუთარი ხელით განგმირა ყარჩიხა-ხანი და იუსუფ-ხანი, ხოლო მისმა მხლებლებმა დანარჩენი ირანელი სარდლები. მარტყოფის გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქართლ-კახეთის და მთლიანად საქართველოსათვის. ამ გამარჯვებამ მათ თავიდან ააცილა გათათრების და აყრა-გადასახლების საფრთხე და საკუთარი ძალა არწმუნებინა. მალე ქართველებმა მთელი ქართლ-კახეთი გაწმინდეს ირანელებისაგან სააკაძის მეთაურობით. სააკაძემ გონიოში შეფარებულ კახთა მეფეს თეიმურაზს წერილი გაუგზავნა და ქართლ-კახეთის ტახტზე მეფედ მოიწვია.

სააკაძეზე და ზურაბ ერისთავზე განრისხებულმა შაჰ-აბასმა თავი მოჰკვეთა სააკაძის უმცროს ვაჟს პაატას, რომელიც ტარიგად შეეწირა თავის სამშობლოს.

მარტყოფის გამარჯვებამ და პაატას სიკვდილმა ხალხი საბოლოოდ შემოაბრუნა სააკაძისკენ და აპატია მას რენეგატობა და კონდოტიერობა*.

ასეთი დიდი მარცხი ჯერ არავისთან მოსვლია შაჰ-აბასს. მან გადაწყვიტა ქართველები საბოლოოდ მოესპო. შაჰმა ქართლში დიდი ლაშქრით გამოაგზავნა თავისი სიძე ისა-ხან ყოჩიბაში. ჯარმა 1625 წლის ივნისის ბოლოს სოფელ მარაბდასთან დაიბანაკა.

1 ივლისს მარაბდის ველზე 50 ათასი ირანელი 20 ათას ქართველს დაუპირისპირდა. დიდებულთა უმრავლესობამ და თავად სარდალმა თეიმურაზ მეფემ არ მიიღეს სააკაძის სწორი საომარი ტაქტიკა და შეტევაზე გადავიდნენ. მართალია, ქართველებმა თავიდან სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს, მაგრამ ირანელებს მიეშველა აზერბაიჯანის ბეგლარბეგი შაჰ ბენდე-ხანი თავისი მხედრობით. ქართველები დამარცხდნენ. 10 ათასი ქართველი და 14 ათასი ირანელი ესვენა მარაბდის ველზე. ბრძოლაში გმირულად დაეცა ცხრა ძმა ხერხეულიძე. გადარჩენილმა ქართველებმა უკან დაიხიეს და გაიფანტნენ.

გიორგი სააკაძემ პატარ-პატარა რაზმები შემოიკრიბა და პარტიზანული ბრძოლა გააჩაღა დამპყრობთა წინააღმდეგ. მან შეძლო ქსანთან ირანელთა 12 ათასიანი ჯარის განადგურება. მალე სააკაძემ თავისი რაზმებით ირანელები სამცხე-ჯავახეთიდანაც გაყარა და ირანის წინააღმდეგ მომხრობის მიზნით იქ თურქთა სულთანი მიიწვია (!). ეს კი არასწორი ნაბიჯი იყო (საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სააკაძე ძლიერი სარდალი იყო, მაგრამ პოლიტიკაში საკმაოდ მოიკოჭლებდა). თურქები სამცხეში კი შემოვიდნენ, მაგრამ სააკაძის დასახმარებლად ხელიც არ გაუნძრევიათ. სააკაძემ კვლავ განაგრძო ბრძოლა ირანის წინააღმდეგ და გორის, ბირთვისის და ლორეს ციხეები გამოსტაცა მათ. ამასობაში შაჰ-აბასმა ტაქტიკა შეცვალა და თეიმურაზ მეფესთან ზავი დადო. ეს აღარ მოეწონა სააკაძეს და იმერეთში გადავიდა, დაუმძახლდა იმერთა მეფეს გიორგი მესამეს და თანაც შეჰპირდა მისი ვაჟის მეფედ დასმას ქართლ-კახეთში თეიმურაზის ნაცვლად. თეიმურაზს ისედაც არ მოსწონდა, რომ რეალური ძალაუფლება სააკაძის ხელში იყო და როცა სააკაძის ახალი გეგმის შესახებ შეიტყო, ფრიად განრისხდა – ფაქტი იყო, რომ სააკაძე ძაღლად აღარ აგდებდა თეიმურაზ მეფეს. ამ უნდობლობამ და დაპირისპირებამ გამოიწვია უდიდესი უბედურება – სამოქალაქო ომი, ანუ ქართველები საჟლეტად დაერივნენ ერთმანეთს. ეს ყველაფერი 1626 წლის შემოდგომაზე ბაზალეთის ტბასთან მოხდა, გაერთიანებული ქართლ-კახეთის მეფის წინააღმდეგ გამოსვლა სააკაძის დიდი შეცდომა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამ დაპირისპირებაში გარკვეულწილად თეიმურაზიც სცოდავდა, სააკაძე მაინც მეფის ქვეშევრდომი იყო და მეტი დათმობა და შეგნების გამოჩენა მართებდა, ეს კი ძალაუფლებით „მთვრალმა“ სააკაძემ არ გაითვალისწინა და თავის მომხრეებთან ერთად დამარცხდა კიდეც. ამ ბრძოლაში დაიღუპა და დაიჭრა ასობით ადამიანი და, რაც ყველაზე დიდი უბედურება იყო, დაიშალა ქართველთა ერთობა.

თეიმურაზზე შურისძიებით აღვსილი სააკაძე მომხრეებით ჯერ სამცხეში გადავიდა, იქიდან კი თურქეთის სულთანს ეახლა, კვლავ „გათათრდა“ და თავისი სამსახური შესთავაზა ირანის წინააღმდეგ, სამაგიეროდ კი ჯარი სთხოვა საქართველოს „გამოსახსნელად“. ამით მან კვლავ გაიამეორა ძველი შეცდომა. თურქეთის სულთანს სულ სხვა გეგმები ჰქონდა – მას სააკაძე ირანის წინააღმდეგ სარძოლველად სჭირდებოდა და არა საქართველოს საშველად. ამასთან შაჰ-აბასის მაგალითიც წინ ედგა სულთან მურად IV-ს. სააკაძე კარგად მიიღეს, ყარამანიის ვილაიეთიც უბოძეს, დიდვეზირის ხუსრევ-ფაშას მარჯვენა ხელადაც დანიშნეს, მაგრამ ბოლომდე, როგორც ჩანს, არ ენდობოდნენ და თვალს ფხიზლად ადევნებდნენ. სააკაძემ თურქეთშიც დიდი სახელი გაითქვა, მაგრამ მოშურნენიც ბევრი გაიჩინა. როცა მიხვდა, რომ თურქეთის სულთანს მისთვის „არ ეცალა“, მან ქართლში გაქცევა გადაწყვიტა. ის და მისი მხლებლები, ორმოცდაათამდე ქართველი, მათ შორის მისი ვაჟი ავთანდილიც, შეიპყრეს და ყველანი სიკვდილით დასაჯეს. გიორგი სააკაძის კეთილშობილური განზრახვა საქართველოს გაერთიანებისა ნაადრევი აღმოჩნდა და, დაშვებული შეცდომების გამო, მარცხით დამთავრდა. საქართველოს ერთიანი სხეული მაშინ ძლიერ იყო დარღვეული. უცხო, მტრულთ (თუნდაც ერთმორწმუნე) ძალებით მხოლოდ პირადი ძალაუფლების და სიმდიდრის მოპოყება შეიძლება და არა სმშობლოს ჭეშმარიტი გამოხსნა. ამადაც ამბობდა დიდი ბაირონი: „ვაგლახ! მას სჯერა ეს ზღაპარი, რომ მის სამშობლოს გამოიხსნის გადამთიელი“.

სააკაძეზე უამრავი ნაშრომი და ნარკვევია დაწერილი: ზოგი მას ქვეყნის მხსნელად და ეროვნულ გმირად თვლის, ზოგი მოღალატედ და კონდოტიერად, ხოლო ზოგი არც მოღალატედ და არც გმირად, უბრალოდ, ტრაგიკულ პიროვნებად მიიჩნევს მას. ფაქტი ერთია – სააკაძეს დიდი დამსახურებაც მიუძღვის თავის ქვეყნის წინაშე (ტაშისკარის, მარტყოფის, ქსნის ბრძოლების მოგება, შვილის – პაატას გაწირვა სამშობლოსათვის) და დიდი შეცდომებიც აქვს დაშვებული (კახეთში შაჰის მეგზურობა, ლუარსაბის „დაღუპვა“, სამოქალაქო ომის გაჩაღება ბაზალეთთან, სუსტი და მერყევი პოლიტიკა). ამადაც უწოდებდა ილია ჭავჭავაძე მას „ავკარგიან კაცს“ და მიუთითებდა „მის ავად და კარგადაც აღსახსნელ დიდ საქმეებზე“. ეს ყველაფერი იძლევა იმის საფუძველს, რომ ეს „უძღები შვილი“ გმირად თუ არა, მოღალატედ მაინც არ მივიჩნიოთ.
afedd943e8d6

ხალხო, თქვენი აზრი მაინტერესებს: ვინ იყო სააკაძე? გმირი თუ მოღალატე? ველი თქვენს პასუხებს

თეგები

Janikokoko

Im fuckin' noob :*

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close