საკითხავისასარგებლო

ლეგენდარული საფოსტო მარკები


ამ პოსტში წაიკითხავთ რამოდენიმე ლეგენდარული საფოსტო მარკის შესახებ…

შავი პენი

შავი პენი მსოფლიოში პირველი საფოსტო მარკაა, რომელიც გამოსცა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ 1840 წლის 1 მაისს. მარკის შავ-თეთრ ნახატზე გამოსახულია დედოფალი ვიქტორია, მისი ღირებულება იყო 1 პენი. სწორედ შავი ნახატისა და ერთი პენის ღირებულების გამო ეწოდა ამ ლეგენდარულ მარკას “შავი პენის” სახელი. მარკა მიმოქცევაში გამოვიდა არაოფიცილაურად 2 მაისს, ლონდონში, ხოლო 6 მაისიდან ცირკულირებდა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიის ტერიტორიაზე. მარკის გამოშვებიდან რამდენიმე დღეში გამოვიდა მეორე მარკაც – ”ლურჯი პენი” ლურჯ ფერში შესრულებული დედოფალ ვიქტორიას პორტრეტით და 2 პენის ღირებულებით. მხატვარი გახლავთ ჰენრი კოული, ხოლო ტირაჟი უცნობია, სავარაუდოდ მცირე.
ბოლოს მსოფლიოს პირველი მარკები 2009 წელის 6 მარტს სოტბის აუქციონზე გამოიტანეს. შავი პენის სუფთა ეგზემპლიარი 20 625 £ , ხოლო ლურჯი პენის წყვილი მარკა – 54 050 £ ფასად გაიყიდა…

ოდრი ჰეპბერნი

ოდრი ჰეპბერნი (საფოსტო მარკა) გამოიცა გერმანიაში 2001 წელს. მარკაზე გამოსახულია ცნობილი მსახიობის პორტრეტი. ეს არის საქველმოქმედო მარკა, რომელიც გაყიდვაში არ გამოსულა. იგი ითვლება ყველაზე ძვირად ღირებულ და იშვიათ თანამედროვე მარკად მსოფლიოში. დღეს-დღეობით ცნობილია მისი მხოლოდ 4 ეგზემპლარი.
მარკაზე ოდრი ჰეპბერნი გამოსახულია ფართო ფარფლებიან ქუდში და სიგარეტით პირში. ესკიზისათვის გამოყენებული იყო კადრი ფილმიდან: «საუზმე ტიფანისთან». ნომინალი შეადგენს 1.10 + 0.50 გერმანულ მარკას (ანუ 0.56 + 0.26 ევრო); ავტორი: მიუნხენელი გრაფიკოსი ანტონია გრაშბერგერი.
მარკა ოდრი ჰეპბერნის გამოსახულებით დაიბეჭდა 14 მილიონიანი ტირაჟით. მაგრამ სანამ მარკა გაყიდვაში გამოვიდოდა გერმანიის ფინანსთა სამინისტრომ გამოსცა ბრძანება, სასწრაფოდ ამოეღოთ ოდრი ჰეპბერნის მარკა, რადგანაც მსახიობის ვაჟმა უკან წაიღო გამოცემისათვის უფლების მიჭებაზე თანხმობა. ჰეპბერნის ვაჟმა დაიწუნა კადრი, რომელშიც ოდრი ჰეპბერნი სიგარეტით პირში იყო გამოსახული. ტირაჟი მთლიანად გაანადგურეს, გამონაკლისი იყო ორი ფურცელი – სულ 30 ცალი მარკა. გადარჩენილი მარკები გადაეცა ბონის ფოსტისა და ტელეკომუნიკაციების მუზეუმის ფილატელისტურ არქივს და გერმანიის ფინანსთა სამინისტროს არქივს.

ტრე სკილინგ ყვითელი

ტრე სკილინგ ყვითელი, ან 3 სკილინგ ბანკო (მცდარი ფერით – Gul tre skilling banco) — შვედეთის საფოსტო მარკა, 2004 წლისთვის ყველაზე ძვირფასი საფოსტო მარკა მსოფლიოში. ფასით (აშშ)$71 მილიარდი/კილოგრამზე (1998 წლ. მონაცემებით) ეს ყველაზე ფასიანი ნივთია მსოფლიოში წონითა და მოცულობით.
1855 წელს შვედეთმა გამოუშვა მისი პირველი საფოსტო მარკები – ხუთი ნაირსახეობა შვედეთის გერბის გამოსახულებით 3-დან 24 სკილინგამდე დენომინაციით. 3-სკილინგიანი ჩვეულებრივ ლურჯ-მწვანე ფერით იბეჭდებოდა, ხოლო 8-სკილინგიანი კი ყვითელ-ნარინჯისფერით. გაურკვეველია თუ რა მოხდა, მაგრამ სავარაუდოდ 8-სკილინგიანი ყალიბი საბეჭდ დაზგაზე (რომელიც 100 ყალიბისგან შედგებოდა 10×10-ზე წყობით) გაფუჭდა ან დაიმტვრა და შეცდომით შეცვლილ იქნა 3-სკილინგიანი ყალიბით. მარკების რაოდენობა დაბეჭდილი მცდარი ფერით უცნობია.

ხარის თვალი

ხარის თვალი (პორტუგ. Olho-de-boi)- პირველი ბრაზილიური მარკა გამოიცა 1843 წ. 1 აგვისტოს ბრაზილიაში. მარკა გამოვიდა სამი ნომინალის სახით: 30, 60 და 90 რეის ღირებულების. ბრაზილია იყო მეორე ქვეყანა მსოფლიოში ბრიტანეთის შემდეგ და პირველი ამერიკის კონტინენტზე, რომელმაც გამოუშვა საფოსტო მარკა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოყენებისათვის (სხვა ქვეყნებში გამოცემული პირველი მარკები ლოკალური გამოყენებისა იყო.) პირველი დიდი ბრიტანული მარკის მსგავსად, ხარის თვალზე არ ყოფილა წარწერილი ქვეყნის სახელი.
პირველი ბრაზილიური მარკის ასეთი უჩვეულო სახელი დაკავშირებულია თავად მარკის დიზაინთან: ფურცელზე წყვილად განლაგებული მარკები და ნათელ ფონზე მუქი ფერის ოვალში ორნამენტული ციფრებით გამოსახული ნომინალი ძალიან ჰგავდა ხარის თვალებს.
ბრაზილიური მარკების ასეთი დასახელება შენარჩუნდა შემდგომშიც, როდესაც მოგვიანებით გამოიცა მსგავსი დიზაინის მაგრამ უფრო მცირე ზომის, მართკუთხა ფორმის ახალი მარკები სახელწოდებით «გველის თვალები», «თხის თვალები» (ლურჯი) და «კატის თვალები» (შავი).

გამქრალი ქალწული

გამქრალი ქალწული (ინგლ. Missing Virgin) არის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე 1867 წელს გამოშვებული ლეგენდარული საფოსტო მარკა. საფოსტო მარკა დაიბეჭდა თეთრ ტონირებულ ქაღალდზე ლითოგირაფიული ტექნოლოგიით ლონდონში Waterlow and Sons Ltd. (ვატერლოუ და ძმები შპს) გამომცემლობაში. დიზაინი და ყალიბი მოამზადა Nissen & Parker Ltd (ნისენ ანდ პარკერ შპს). მარკაზე ჭიაფერი და შავი ფერების გამოყენებით გამოსახული წმინდა ურსულას გამოსახულება. მარკის ნომინალი შეადგენდა 1 შილინგს. ერთ ფურცელზე 4 რიგად განლაგებული იყო 5-5 მარკა, სულ 20 მარკა. მარკები დაკბილულია, პერფორირებული.
XIX საუკუნის ბოლოს ცნობილმა ინგლისელმა ფილატელისტმა ედუარდ ბეკონმა ლონდონში დაიქირავა რამდენიმე წიგნი, სადაც მან აღმოაჩინა ვირჯინიის კუნძულების პირველი მარკების საცდელი მატრიცებისა და ესსეები და მანამდე უცნობი ვირჯინიის კუნძულების მეორე გამოშვების 1 შილინგიანი მარკა.
ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების პირველი საფოსტო მარკები გამოვიდა 1866-1867 წლებში. მარკის ნახატზე ცენტრში შავი საღებავით გამოსახული იყო წმინდა ურსულა. განსაკუთრებით საინტერესო იყო, ბეკონისათვის უცნობი მეორე გამოშვების 1 შილინგიანი მარკა, რომელიც უნიკალური იყო თავისი უიშვიათესი ბეჭდვითი ხარვეზის გამო – მარკის შუაგულში წმინდანის ნაცვლად გამოსახული იყო სხივოსანი თეთრი ფიგურა. მიზეზი, თუ რამ გამოიწვია ასეთი შეცდომა, დაუდგენელი რჩება.
1981 წელს ლონდონის ფილატელისტურმა ჟურნალმა გამოაქვეყნა მოსაზრება, რომ ”გამქრალი ქალწულის” ბეჭდვითი ხარვეზ განპირობებულია ორი ფურცლის მიწებებით, რის სედეგადაც საღებავი მიიღო მხოლოდ ზედა ფურცელმა.


წმინდა ურსულა
ტიპოგრაფიული მონაცემების თანახმად, აღნიშნული მარკის ბეჭდვა ორ ეტაპად მიმდინარეობდა. ჯერ იბეჭდებოდა ვარდისფერ-ჭიაფერის საღებავით და შემდეგ შავი საღებავით. ბოლოს ხდებოდა დაკილვა-პერფორაცია. ბუნებრივია, გაუგებარია სად დაირღვა ტექნოლოგიური პროცესი, როგორ გამორჩა ფურცელს შავი საღებავის დადების ეტაპი ან ასეთი ფურცელი რატომ მოხვდა პერფორაციის ეტაპზე.
რსებობს კიდევ ერთი მოსაზრება, რომ მარკაზე წმ. ურსულა კი არა იტალიელი ფერმწერის გვდო რენის წმ.ქალწული მარიამია გამოსახული , რაც ნაკლებ დამაჯერებელია, რადგან წმ. ურსულა არის ვირჯინიის კუნძულების მფაველი წმინდანი და ამ ტერიტორიის პირველ საფოსტო მარკებზე სწორედ მისი გამოსახულება უნდა ყოფილიყო.
დღეისათვის შემოღჩენილია ”გამქრალი ქალწულის” ოთხი-ხუთი ეგზემპლარი: ერთი მათგანი ბრიტანეთის სამეფო კოლექციის კუთვნილებაშია და ინახება ბუკინგემის სასახლეში, ოთხი მარკა ინახება ბილ ფრეიზერის კოლექციაში. არსებობს კიდევ ერთი ეგზემპლარი უცნობი კერძო კოლექციონერის საკუთრებაში. «გამქრალი ქალწულის» შემონახული ეგზემპლარებიდან ყველაზე კარგ მდგომარეობაში მყოფი მარკის (IV პოზიცია) სააუქციონო ფასი 2005 წლის მდგომარეობით არის 143 000 აშშ $.

ტფილისის უნიკა

ტფილისის უნიკა ეწოდება უიშვიათეს საფოსტო მარკას, რომელიც დაიბეჭდა 1857 წლის 20 ივნისს რუსეთის იმპერიაში შემავალ ტფილისის გუბერნიაში. მარკა მიმოქცევაში იყო მცირე დროის განმავლობაში და გამოიყენებოდა ტფილისის საქალაქო ფოსტაში, ტფილისისა და კოჯრის მასშტაბით საფოსტო მომსახურების საფასურის ნიშნად. ერთი ვერსიით, მარკა გამოიყენებოდა 1857 წლის 20 ივნისიდან თბილისის მასშტაბით და 15 ივლისიდან კოჯორში გასაგზავნი ფოსტისათვის და ხმარებიდან ამოიღეს 1858 წლის 1 მარტს. ხოლო მეორე ვერსიით, მარკა გამოყენებაში იყო 1865-1866 წლებში.
სწორედ ტფილისის უნიკით იწყება საქართველოსთან დაკავშირებული საფოსტო მარკების ისტორია. ამ მარკის ალტერნატიული სახელწოდებებია: „ტფილისის მარკა“ და „კოჯრის მარკა“. ტფილისის უნიკის მხოლოდ სამი ეგზემპლარია შემორჩენილი, სამივე სუფთა ანუ გამოუყენებელი. ამ მარკებმა რამდენიმე კოლექციონერი გამოიცვალა. უკანასკნელად აუქციონზე გატანილი იყო 2000 წელს, საწყისი ფასით $500 000. შესაბამისად, „ტფილისის უნიკა“ მსოფლიოს ყველა ფილატელისტისათვის ცნობილი მარკაა და მოხსენიებულია ყველა ფილატელისტურ კატალოგში, როგორც მსოფლიოში ყველაზე იშვიათი და ძვირად ღირებული საფოსტო მარკა.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close